განათლება,მთავარი,სიახლეები

„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან

21.04.2018 • 5313
„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან

ანა ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დღვანის მე-11 კლასში სწავლობს. ის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ესეების კონკურსში, – „რატომ ნატო“.

„კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის თემა საინტერესოა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ევროინტეგრაციაში არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება.

შესაბამისად, ამ კონკურსმა მომცა შესაძლებლობა წარმომეჩინა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

მე ვიცი, რომ ამ ნატოს მიზანი არის არა თავდასხმა, არამედ თავდაცვა. საქართველოსაც თავისი ისტორიის მანძილზე, მუდმივად უწევდა თავის დაცვა. დღესაც იგივე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რადგან რუსული ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამბობს ანა.

ანა ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა  ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ, საკმაოდ ძლიერია და ამის შედეგებთან ბრძოლა ისევ გვიწევს.

„ჩემი თაობის ადამიანებშიც კი არის ამ პროპაგანდის გავლენა და მათგანაც მსმენია, რომ თუ ნატოში შევა საქართველო, დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დაიბრუნებს.

ან ის, რომ ნატო ჩვენ არ მიგვიღებს და ეს არის უიმედო მოლოდინი და მსგავსი მოსაზრებები. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ასე და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება.

რუსული პროპაგანდის შედეგია, როცა ადამიანების გარკვეული ნაწილი ისევ საუბრობს იმაზე, რომ  ევროკავშირი გვართმევს ეროვნულ ღირებულებებს, რყვნის ახალგაზრდობას და ასე შემდეგ.  მაგრამ რეალობაა, რომ სწორედ ევროკავშირთან ახლოს ყოფნით შეგვიძლია ვიყოთ უფრო ლიბერალური, განვითარებული და ჯანსაღად მოაზროვნე სახელმწიფო“, – ამბობს ანა.

ანას აზრით, მითები საკმაოდ საშიშია და მასთან ბრძოლა ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა როგორც ანა ამბობს, დღეს, ყალბ ინფორმაციასთან ერთად  ხელმისაწვდომია ობიექტური ინფორმაციაც და „თუ ადამიანი მოისურვებს სიმართლის გაგებას, ამასაც შეძლებს“.

„მეც ვყოფილვარ მითების გავლენის ქვეშ, მაგრამ როცა მოვისმინე ალტერნატიული ინფორმაცია, ვკითხულობდი, ვერთვებოდი სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაში, სემინარებში, გავთავისუფლდი ამ მითების გავლენისგან და დღეს უკვე შემიძლია არგუმენტირებულად ვესაუბრო იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ევროპულ ღირებულებებში.

ვიცი, რომ ევროკავშირი და ნატო კი არ არის ქართული ღირებულებების მტერი, არამედ პირიქით, ეს ორგანიზაციები არის საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა“, -გვეუბნება ის.

ესეების კონკურსი სულ 15 საუკეთესო კონკურსანტი შეირჩა. აქედან სამი, საპრიზო ადგილზე გავიდა.

ანა ამბობს, რომ უყვარს წიგნების კითხვა, მომავალში ფსიქოლოგობას აპირებს. „ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა წიგნების ვაუჩერით დამასაჩუქრეს“, – გვეუბნება ის.

ესეების კონკურსი აჭარის განათლების სამინისტროს და საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით მოეწყო, რომელიც ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს თავიანთ ნაშრომებში ეჩვენებინათ, თუ როგორ ესმით მათ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რას უნდა ველოდოთ ნატოსთან ინტეგრირების შედეგად და რას გულისხმობს მის სტანდარტებთან დაახლოება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: