მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

40 ათასი კილომეტრი 26 ქვეყანაში – ქედელი ველოსიპედისტის მოგზაურობა

20.04.2018 •
40 ათასი კილომეტრი 26 ქვეყანაში – ქედელი ველოსიპედისტის მოგზაურობა

ქედელი ველოსიპედისტის, ნოდარ ბერიძის ველომოგზაურობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინაში მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენის, ცნობილი ველომოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას თხოვნით ველოტური მოაწყო. ამბობს, რომ დღეს მისი დევიზი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად, მსოფლიო ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის  პროპაგანდაა და ამ მისიით 2014 წლიდან დღემდე 26 ქვეყანაში 40 000 კილომეტრი  ველოსიპედით გაიარა.

„2014 წელს ჯუმბერ ლეჟავას უკრაინაში ველოტური ჰქონდა დაგეგმილი, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მისი თხოვნით, პროექტი უკრაინაში მე განვახორციელე. ორ თვე-ნახევარში „უკრაინის ველოტურში“ 5 000 კილომეტრზე მეტი გავიარე და როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მითხრეს, თუ შეგიძლია, ნუ გაჩერდებიო და მეც აღარ გავჩერებულვარ.

უკრაინის ტურს რამდენიმე ტური მოჰყვა. ბოლო, მეშვიდე ველოტურის -„საქართველო მშვიდობისათვის“  ფარგლებში 2016 წლის 22 იანვარს თბილისიდან ავიღე სტარტი, გავიარე რამდენიმე ქვეყანა: აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, პორტუგალია, საფრანგეთი….“ – ჰყვება ნოდარი.

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

ამბობს, რომ პროფესიონალი ველოსიპედისტი არ არის, პროფესიონალი ველოსიპედისტები დღეში 250-400 კილომეტრს გადიან, ჩემი მაჩვენებელი 150 კილომეტრია, ეს ჩემთვის ნორმაა და არც ვცდილობ მაჩვენებელი გავზარდო, ჩემი მთავარი მიზანი მაინც ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებააო – აღნიშნავს.

47 წლის ქედელი ველომოგზაური პროფესიით მშენებელია.  მას სპონსორი არ ჰყავს, ამბობს, რომ ბანკიდან აღებული სესხით მოგზაურობს.

„რომელ ქვეყანაშიც შევდივარ, წინასწარ მოგვარებული მაქვს საკითხები. ვმოგზაურობ ველოსიპედით, რომელიც დღემდე არც კი გამომიცვლია. რა თქმა უნდა, მოგზაურობა და თან ევროპაში,  ძვირი სიამოვნებაა, მინიმუმ ერთი დღე 30 ევრო მიჯდებოდა, თუმცა ეს საკითხებიც მოგვარებადია“.

ამსტერდამში. ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

მოგზაურობის რამდენიმეწლიან ისტორიაში პირადი რეკორდი საფრანგეთში, 36 საათში გავლილი 310 კილომეტრია. ამბობს, რომ ჩვეულებრივ, კვირაში ექვს დღეს მოგზაურობს, დღეში კი 150 კილომეტრს გადის. გვიყვება, რომ არც კარავი აქვს, თუმცა არ გვეუბნება, ღამეს სად ათევს:

„მე არ მაქვს ის დრო, კერძები მოვამზადო, არ მაქვს კარავი, არც ქუჩასა და მინდორში ვიძინებ…  ჩემი მისიაა ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე ჯანსაღ ცხოვრებაზე, მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის პროპაგანდაზე ვისაუბრო. ენის პრობლემა არ მქონია, ვსაუბრობ რუსულად, მეტ-ნაკლებად – თურქულად, სამწუხაროდ არ ვიცი ინგლისური, თუმცა სიტყვის მარაგი მაქვს და იმედი მაქვს, ამ ენასაც მალე ვისწავლი, ესპანური ენის შესწავლაც მინდა…ჯერ ყველაფერი წინ არის…“ – ამბობს ნოდარი.

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

მისი სამომავლო გეგმები ისევ მოგზაურობას უკავშირდება. გეგმავს საერთაშორისო პროექტი  – „მშვიდობის გზა“ განახორციელოს, სტარტი 21 სექტემბერს აიღოს და მინიმუმ ორ წელიწადში 50 ქვეყანაში 50 000 კილომეტრი დაფაროს.

ეს იქნება მუდმივი ტურისტული ველომარშრუტი, შემეცნებითი, გამაჯანსაღებელი. ნებისმიერი მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ ტურში. ჩვენი საშუალო სიჩქარე 10-20 კილომეტრი იქნება საათში, მაგრამ სიჩქარე მაინც ადგილსა და გზის რელიეფზეა დამოკიდებული.“ – ამბობს ნოდარი.

ფოტო: ნოდარ ბერიძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: