განათლება,მთავარი,სიახლეები

რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს

21.04.2018 • 3616
რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს

პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს.

სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით,  გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა  198-მდე.

ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პედაგოგებს საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული აქვთ, მაგრამ სკოლაში არ მუშაობენ.

განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ასახავს სინამდვილეს.

„პედაგოგობის 198 მსურველი – ეს ციფრი არ შეიძლება იყოს რეალური, რადგან სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დაახლოებით 2000-მდე ადამიანია, ვისაც დადასტურებული აქვს კომპეტენცია, მაგრამ ვერ საქმდება საჯარო სკოლაში“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ ასევე დაინტერესდა, ფლობს თუ არა განათლების სამინისტრო სრულ მონაცემებს იმის შესახებ,  განათლებით რამდენ პედაგოგს სურს პროფესიაში შესვლა. აღმოჩნდა, რომ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

უნდა ჰქონდეს თუ არა სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია სკოლაში შესვლის მსურველების შესახებ, ვისაც დადასტურებული აქვთ მასწავლებლის კომპეტენცია? – ჯანაშია ამბობს, რომ ასეთი ბაზა უნდა არსებობდეს, მაგრამ ხშირად, რამდენი მასწავლებელი მუშაობს დღეს სკოლაში, ეს მონაცემიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს.

„სამინისტროს მონაცემი არის სხვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის – სხვა. ვერ გეტყვით, რატომ არ მუშაობს სამინისტრო ზუსტი ბაზების შედგენაზე. ალბათ არ უნდა გამოჩნდეს, რამდენი ადამიანია მასწავლებლობით დაინტერესებული“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დღეს სკოლის გარეთ, ვისაც ჩაბარებული აქვს საგნობრივი გამოცდა და დადასტურებული აქვს კომპეტენცია, არც მათ მოეპოვებათ.

„დაახლოებით ათასამდე პირი დარეგისტრირდა წელს საგნობრივ გამოცდაზე, ვისაც სურს სკოლაში შესვლა“, – გვითხრეს ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი გვეუბნებიან, რომ საგნობრივ გამოცდაზე წელს, მთლიანობაში, 21 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა. აქედან რამდენია პრაქტიკოსი პედაგოგი და რამდენი – მასწავლებლობის მსურველი, ცენტრში ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

„პასუხი კითხვაზე, რომ, ვთქვათ, შეგვიძლია თუ არა, არაკვალიფიციურის უფრო კვალიფიციური პედაგოგებით ჩანაცვლება,  ამაზე არის. გარდა ამისა, არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც განათლება აქვს მიღებული და შესაძლებლობის შემთხვევაში შეუძლია სკოლაში დასაქმება, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამისთვის, რადგან იციან, რომ ადგილები არ არის და მაინც ვერ შევლენ სკოლაში“, – გვეუბნება სიმონ ჯანაშია.

განათლების სპეციალისტის თქმით, ჩანაცვლების პრობლემა შეიძლება გაჩნდეს მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში, მაგრამ ქალაქის სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლებით ჩანაცვლების პრობლემა არ უნდა იყოს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: