ლერმონტოვის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში დღისით, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ახალგაზრდა კაცი პირველ სართულზე ნანა ბ.-ს ღიად დატოვებულ ფანჯარაში გადაძვრა და იქედან საფულე წაიღო. საფულეში დაახლოებით 520 ლარი იყო.
“მეზობლებმა დამირეკეს, გადმოხტა შენი ფანჯრიდან ვიღაც და გაიქცაო… ისინი ეზოში ისხდნენ, როცა ქურდი მოვიდა, ჯერ კარი მოსინჯა და დაკეტილი რომ დახვდა, ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა. მეზობლებმა აღნაგობით ეს ბიჭი ჩემს ძმას მიამსგავსეს, რომელიც სხვაგან ცხოვრობს და ჩათვალეს, რომ ალბათ, რაღაც სასწრაფოდ სჭირდებაო. სწრაფად რომ გაიქცა, მერე მიხვდნენ, რომ გამქურდეს. ამ ეზოში წლების წინ კარსაც კი არავინ კეტავდა. ახლა ფანჯარა ღიად დავტოვე, რადგან ნესტის სუნი დგება”, – გვიყვება დაზარალებული ნანა ბ.
გამომძიებლებმა მეზობლებთან ერთად გუშინვე ნახეს რამდენიმე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი და კადრებში ის ბიჭი ამოიცნეს, რომელიც გუშინ ფანჯარაში გადაძვრა და საფულე წაიღო. ეს იტალიური ეზო ვიდეოთვალებით აღჭურვილი სახინკლის უკანაა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი ეზოში მდებარე თითქმის ყველა კარს ჩამოივლის და აკაკუნებს. მეზობლები ყვებიან, რომ მათ ამ კაცმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა: “ხომ არ აქირავებთ ბინას?”
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დღეს საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინართა მსოფლიო ასოციაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს. 2018 წლის გზავნილია – „ვეტერინარის როლი საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ორგანიზაციის რეკომენდაციაა, განსაკუთრებული ზრუნვა ცხოველთა ჯანმრთელობაზე, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან.
ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ვეტერინართა მსოფლიო ასოციაცია (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) აწესებენ ჯილდოს, რომელიც გადაეცემა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ვეტერინარს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დარგის განვითარებაში. გამარჯვებული 15 ივნისს გამოვლინდება.
თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. თუმცა ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით სხვა ტურისტებს დაელოდოთ და როცა გემი შეივსება, ზღვაში შემდეგ გახვიდეთ.
თუ გემზე წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, ერთი საათით დაქირავება 200-დან 300 ლარამდე დაგიჯდებათ. ეს ივლისამდე. ივლისიდან ფასები გაიზრდება და ერთი საათის ღირებულება 500 ლარი იქნება.
სასეირნო გემი
თუ სხვა ტურისტებისთვის ლოდინის დრო არ გაქვთ, მაშინ ორი ვარიანტი გრჩებათ: ან იახტა დაიქირაოთ, ან იალქნიანი ნავი. იახტის დაქირავება ნახევარი საათით, სულ მცირე, 70 ლარი ღირს, ერთი საათით – 140 ლარი. ივნისიდან ფასები იახტებზეც გაიზრდება და ნახევარი საათით დაქირავება 100 ლარი ეღირება. ნახევარი საათით დაქირავების დროს იახტა ბათუმის იახტკლუბიდან სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მიდის და შემდეგ უკან ბრუნდება. ერთი საათით დაქირავების შემთხვევაში კი იახტა მწვანე კონცხის მიმართულებით მიდის.
თუ გადაწყვეტთ, რომ თავი ნამდვილ მეზღვაურად იგრძნოთ, მაშინ სჯობს იალქნიანი ნავი დაიქირაოთ. ნავის დაქირავება ერთი საათით 60 ლარი დაგიჯდებათ.
იალქნიან ნავზე, რომელსაც მოტორიც აქვს, სულ შვიდი ადამიანი ეტევა. მაგრამ თუ სრულად დაიტვირთება, იალქნის გაშლა შეუძლებელი იქნება. როგორც იალქნიანი ნავის მეპატრონემ, რუსლან კარაპეტიანმა გვითხრა, იალქნის გაშლა ორ ადამიანზეა რეკომენდებული. ასე თავგადასავალიც უფრო საინტერესო და დაუვიწყარი გამოდის.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქობულეთში გასამაგრებელი სანაპირო ზოლის სიგრძე 1900 მეტრია. ბულვარის, სულ მცირე, 700- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა კი, 2018 წლის 15 ივნისამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ფონდის ადრინდელი გათვლებით, სანაპიროს სრული რეაბილიტაცია 2 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული.
„ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოსაწყობად საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ფონდის დაკვეთით აწარმოებს ერთობლივი საწარმო შპს „ალიანსი“ და შპს „აგრომშენსერვისი“. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 7 944 250 ლარს და სამუშაოების დასრულების თარიღი 2018 წლის 2 ივნისია. ამჟამად, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს საკმარისი ტემპით.
მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოებისას მოხდა არსებული სანაპირო ზოლის დემონტაჟი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისათვის იგი პრაქტიკულად გამოუყენებელი გახდა. გასამაგრებელი სანაპირო ზოლის მთელი სიგრძე 1900 მეტრს შეადგენს, საიდანაც დღესდღეობით მხოლოდ 250 მეტრის მონაკვეთი არის მოწყობილი“, – აცხადებენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, „მოახლოებული ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარებულ რეჟიმში, 2018 წლის 15 ივნისამდე, დასრულდეს ბულვარის, სულ მცირე, 700-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აგრეთვე დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა და მთლიანი მონაკვეთის გარე განათების ქსელის მონტაჟი.
აღნიშნული გადაუდებელი ღონისძიებების მეშვეობით მოეწყობა ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლი იმ მინიმალურ ფართობზე, რაც ტურისტული სეზონის განმავლობაში ერთობ მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე დამსვენებელთათვის“.
რატომ ვერ ესწრება სამუშაოების შესრულება? – მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, „სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ რეალურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობები მნიშვნელოვნად მეტია. ზემოაღნიშნული ამოცანის დაჩქარებულ ტემპში შესასრულებლად მოქმედ კონტრაქტორს საკმარისი რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამ სამუშაოთა უმოკლეს ვადებში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, განსახორციელებლად მიზანშეწონილია შესაბამისი ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნას აღნიშნული მოცულობის სამუშაოები და მოხდეს მათი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაკონტრაქტება ისეთ კომპანიასთან, რომელსაც მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება გააჩნია“.
ასეთ კომპანიად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია დაასახელა. ამ კომპანიის 100% წილს სახელმწიფო ფლობს.
„სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი პირველი მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას…“ – განაცხადა ქობულეთში ყოფნისას მინისტრმა ცქიტიშვილმა.
2 371 450 ლარის სამუშაოებს ქობულეთში სახელმწიფო კომპანია ტენდერის გარეშე შეასრულებს.
ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოების ტენდერით შესყიდვა არ მოესწრება: „ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება გამოიწვევს ტურისტული სეზონისთვის სანაპირო ზოლის მოუმზადებლობას, ხოლო სანაპირო ზოლის არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს დამსავენებლების უსაფრთხო მიღებას“.
მთავარი ფოტო: ქობულეთის დანგრეული სანაპირო / ფოტო: აჭარის მთავრობა / 22.04.2018
„ამბობენ, რომ ბორდი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის გავლენის ქვეშაა“ – ეს ბრალდება უმაღლეს საბჭოში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების მოსმენისას გარკვეულმა ჯგუფებმა გაახმოვანეს. ამ ჯგუფმა ისაუბრა იმაზეც, რომ ტელევიზიაში ლიბერალური აზრები დომინირებს. ერთ-ერთი პირი იმითაც კი დაინტერესდა, რატომ მუშაობენ ადამიანები საზოგადოებრივ მაუწყებელში კახეთიდან და ჩხოროწყუდან და რატომ არ დაასაქმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადგილობრივები.
ამ გამონათქვამებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები არ გაემიჯნენ. სამაგიეროდ, დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა იმაზე ისაუბრა, რომ „აჭარის მაუწყებელში თანამშრომლები თავს დაუცველად გრძნობენ“ და მიიჩნევენ, რომ „განსხვავებული აზრის გამო შესაძლოა მათზე რეპრესიები განხორციელდეს“.
აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებმა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხეს. რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს და რა უპასუხეს მათ ბორდის წევრებმა, ამაზე „ბათუმელებთან“ ბორდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა ისაუბრა.
ნატა, რა საკითხებით დაინტერესდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, როგორ შეაფასეს ბორდის მუშაობა და როგორი იყო თქვენი მოლოდინები?
ანგარიში წარვადგინეთ 30 მარტს, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული. კანონით არის დაზუსტებული რა საკითხები უნდა იყოს განმარტებული და რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მათ. ეს ყველაფერი გვქონდა დაზუსტებული და გადაცემული, გარე აუდიტის დასკვნა კი მოგვიანებით გავაგზავნეთ უმაღლეს საბჭოს.
რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინები, რომ იმ საკითხებით დაინტერესდებოდნენ, რა კითხვებიც დასვეს: ეს არის რეიტინგი, საკადრო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ეხებოდა გადაცემების დახურვას და ახალი გადაცემების დაწყებას.
შინაარსი ის საკითხია, რაშიც მრჩეველთა საბჭო ვერ ერევა, ისევე როგორც საკადრო პოლიტიკაში. თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის ბოლოდან, როდესაც დოკუმენტური ფილმები დახურა მენეჯმენტმა, მას შემდეგ დღის წესრიგში იყო ეს საკითხი და ეს გასაჯაროვდა, რის შემდეგაც სამუშაო რიტმიდან ამოვარდნას ჰქონდა ადგილი.
რამდენიმე დეპუტატი საუბრობდა იმაზე, რომ ჟურნალისტებს აქვთ დაუცველობის განცდა. თქვენ ხომ არ იცით, რა დაუცველობაზეა საუბარი?
მათ არ დაასახელეს ადამიანების ვინაობა. აღნიშნეს, რომ როდესაც ჩაინიშნა საკომიტეტო მოსმენები გააქტიურდა ხალხი აჭარის ტელევიზიიდან, რომლებიც არიან რაღაცით უკმაყოფილო, ან შესაძლებელია კმაყოფილი. ისინი ითხოვდნენ პასუხს. კონკრეტულად რომელ ჯგუფზე ლაპარაკობდნენ ვერ გეტყვით, რადგან იდენტიფიცირება მათ არ მოუხდენიათ.
თუმცა მე ვიცი, რომ არსებობდა ტელევიზიაში წერილი ჩვენთვის, ბორდისთვის. ადამიანების ჯგუფი აგზავნიდა წერილს, რომელსაც ხელს აწერდა 70 ადამიანი. ეს, ძირითადად, ეხებოდა საკადრო პოლიტიკას და მოითხოვდნენ რაღაც ცვლილებას. თუმცა, ეს წერილი ჩვენთან არ შემოსულა.
ანუ ტელევიზიის ჟურნალისტები წერდნენ დეპუტატებს დახმარების თხოვნით?
რომელი ჟურნალისტი წერდა რომელ დეპუტატს პირადში, ეს მე არ ვიცი. თუმცა, ორმა დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ხშირად არიან სწორედ ამ მიმოწერაში. დეპუტატებმა თქვეს, ჩვენ გვწერენ ჟურნალისტები და გვწერენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებიო. როგორც ჩანს, ისინი ითხოვენ, რომ უფრო მკაცრი იყოს აჭარის უმაღლესი საბჭო, ვინაიდან ისინი ვერ გრძნობენ თავს დაცულად, რადგან შესაძლებელია რაღაცის მოთხოვნა, რაღაცის გაჟღერება უნდათ.
აქცენტი გაკეთდა კიდევ იმაზე, რომ გარკვეული ადამიანებისთვის ტელევიზია არის დაკეტილი, რამდენად რეალურია ეს პრეტენზია?
ეს შენიშვნა არ ყოფილა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წევრი „ახალგაზრდული პლატფორმიდან“ ამბობდა, რომ აჭარის ტელევიზიაში ისმის ულტრალიბერალების ხმა და არ ისმის კონსერვატორების ხმა.
უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ ახალგაზრდების ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება და ჩვენც გვიწერია ეს პრიორიტეტებში. კვლევაც ადასტურებს, რომ აჭარის ტელევიზიის მაყურებელი არის 40 წლის ასაკის და ზევით.
ჩანდა, რომ იქ პირად წყენაზეც საუბრობდნენ. მაგალითად, თქვეს, რომ არ იწვევენ ეთერში ან შეამოკლეს მისი კომენტარი.
ძალიან ბევრი კითხვა იყო, რომელიც საქმიან ვითარებას არ გასცდენია. ჩვენ გაკვეული ხაზგასმა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სარედაქციო პოლიტიკაში და კონტენტის შექმნაში ვერც მრჩეველთა საბჭო და ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩაერევა. მე მგონია, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მიღწევა.
ნატა იმედაიშვილი
დღეს უმაღლეს საბჭოში იმითაც დაინტერესდნენ, რატომ ჩამოჰყავთ ტელევიზიაში თანამშრომლები ჩხოროწყუდან და რატომ არ ასაქმებენ ადგილობრივებს. ეს რას ნიშნავს?
ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, არ ყოფილა საუბარი მათგან. საუბარი იყო იმაზეც, რომ ამ ადამიანებს უხდიან ბინის ქირას, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ასე არ არის. სხვა მხრივ მე მათთან პოლემიკაში არ შევსულვარ, რადგან ეს იყო საქმიანი შეხვედრა. უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უთქვამთ, რომ მათ აკლიათ ეთერი. ერთ-ერთი გარეშე პირი ამბობდა, რომ თვითონაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლია, მაგრამ არ იწვევენ იგივე სიხშირით რა სიხშირითაც სხვებს.
მაგრამ უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უთქვამთ, რომ ემიჯნებიან ამ შინაარსის განცხადებებს…
მე მითხრა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ შემეძლო გამეცა პასუხი. ისინი ჩვენგან ელოდნენ ამაზე პასუხს.
თქვენ მიგითითეს იმაზეც, რომ ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის გავლენის ქვეშ ხართ…
დიახ ითქვა, რომ ჩვენ ვართ დირექტორის გავლენის ქვეშ და ვერ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რომ დავაყენოთ მისი პასუხიმგებლობის საკითხი და აქედან გამომდინარე ჩვენი პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
მე, პირადად, შემიძლია ვთქვა, თუ რამე საკითხი იყო, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა და ნამდვილად იყო ისეთი საკითხები, როცა მე ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი მართალი და მენეჯმენტს ჰქონდა განსხვავებული აზრი… მაგრამ მენეჯმენტს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.
პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა შენობაში რომ იკრძალება, ეს ბათუმში თითქმის ყველა კაფესა თუ რესტორანში იციან. კაფეები, რომელთა ძირითადი კლიენტი ქართველი მომხმარებელია, ამბობენ, რომ აუცილებლად მოაწყობენ კანონით განსაზღვრულ მოსაწევ ადგილს, „რადგან სხვაგვარად გამორიცხულია“. განსხვავებული ვითარებაა იქ, სადაც კლიენტების უმეტესობა უცხოელია. ამ ტიპის კაფეების მენეჯერები მშვიდად გეტყვიან: „კლიენტებს აქამდე ის უკვირდათ, რომ მოწევა დასაშვები იყო.“
პირველი მაისიდან კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ შესული ცვლილებები ძალაში შედის. კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში ეს კანონი თამბაქოს მოწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუკი „სპეციალური მოსაწევი ადგილი“ იქნება გამოყოფილი.
„სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში (დასაშვებია ადგილის მოწყობა მხოლოდ ხელოვნური ვენტილაციით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან,“ – წერია კანონში.
პუშკინის ქუჩაზე არსებულ კაფეებში, სადაც მომხმარებელი ძირითადად ხინკლის მისამართმევად დადის, ელოდებიან, როგორ მოიქცევა კლიენტი პირველი მაისის შემდეგ. სახინკლეებში ნაკლებად სჯერათ, რომ ხინკლის შემდეგ სტუმარს სიგარეტის მოწევა არ მოუნდება. თუმცა „კანონზე დამორჩილება ყველას მოუწევს,“ – ამბობენ ისინი. არც ერთ სახინკლეში, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, სპეციალური მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ არის და არც რაიმე სამზადისი შეინიშნება. ამ კაფეებში არც კომენტარის გაკეთება ისურვეს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ კაფე „შერეკილებში“. აქ სჯერათ, რომ მომხმარებელი გადაეჩვევა მოწევას და სამშაბათიდან ანუ პირველი მაისიდან ყველა მაგიდიდან აიღებენ საფერფლეს.
„მჯერა, რომ კლიენტი, რომელიც არის ჩვენი მომხმარებელი, ამის გამო არ დაგვივიწყებს. თუ ეს პრობლემა შეიქმნა, მოგვიწევს ცალკე მოსაწევი ადგილის მოწყობაც. ვნახოთ, რა იქნება,“ – გვითხრა კაფე „შერეკილების“ ხელმძღვანელმა, მამუკა გოგიტიძემ.
მამუკა გოგიტიძე ყურადღებას ამახვილებს ხარჯზეც, რაც სპეციალური მოსაწევი ადგილის მოწყობას სჭირდება. ამბობს, რომ ხარჯები ჯერ არ დაუთვლია, მაგრამ „კარგი გამწოვი თავისი ფილტრით 3 ათასი ლარი ღირს. თან რამდენიმე თვეში გამოსაცვლელი იქნება“.
შედარებით მშვიდად არიან იმ სახინკლეებში, რომლებსაც ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული კუპეები აქვთ და თითოეულ კუპეში ცალკე გამწოვია დამონტაჟებული. მაგალითად, კაფე „მეფაიტონეში“ განმარტავენ, რომ კუპეების გარკვეულ ნაწილში მოწევა ისევ დასაშვები იქნება, ღია სივრცეში კი, სადაც ბანკეტები იმართება, თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ადგილას გამოაკრავენ.
რესტორანში თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მოლოდინი აქვთ მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე „ქიზიყში“. რესტორნის ადმინისტრატორმა, აზა შავლიძემ გვითხრა, რომ ჯერ დააკვირდება, შემცირდება თუ არა კლიენტის რაოდენობა მას შემდეგ, რაც რესტორანში მოწევა აღარ იქნება შესაძლებელი.
„თუ გამოვა, რომ ამის გამო კლიენტი უარს გვეტყვის, ჩვენც მოგვიწევს ასეთი სივრცის მოწყობა. ჩვენ გვაქვს კუპეები, მაგრამ მკვეთრად გამიჯნული არ არის. აქედან კვამლი მაინც გამოვა. ერთ ნაწილს ავიღებთ ალბათ და კანონის შესაბამისად მოვაწყობთ, მაგრამ ჯერ პირველ მაისს ველოდებით,“ – გვითხრა აზა შავლიძემ.
თამბაქოს მოწევა აიკრძალება და არც სპეციალური მოსაწევი ადგილების შექმნას აპირებენ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორნებში: „გარდენისა“ და „გრილში“.
რესტორანი „გარდენი“
მარი გვარიშვილი, „გარდენის“ მენეჯერი: „ჩვენ გვაქვს ტერასები და მოწევა იქ იქნება მხოლოდ დაშვებული. როცა აცივდება, ტერასაზე ვაპირებთ გათბობის სისტემის დამონტაჟებას, რომ კომფორტული გარემო არსებობდეს მწეველებისთვის. შენობის შიგნით არ ვაპირებთ არაფერს, რადგან არ იქნება ლამაზი. თუ კონკურენციის კუთხით პრობლემა შეიქმნება, ალბათ ღია სივრცის მოცულობას გავზრდით.“
ბესიკ შავიშვილი, „გრილის“ მენეჯერი: „ყველგან აიკრძალება მოწევა, ტერასის გარდა… არ ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება კლიენტი მოგვაკლდეს. ჩემი ჯოკერი ჩემი მენიუა“.
ღია სივრცეში იქნება ისევ მოწევა დაშვებული კაფეშიც „პრივეტ იზ ბატუმა“. აქ გვითხრეს, რომ შემოდგომაზე, როცა აცივდება, გათბობის სისტემას გარეთ მოაწყობენ და შიგნით სპეციალური მოსაწევი ადგილის მოწყობას არ გეგმავენ.
პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში 500 ლარით კაფეს ან რესტორნის მესაკუთრე დაჯარიმდება და არა ფიზიკური პირი, ვინც აკრძალულ სივრცეში თამბაქოს მოწევს.
მთავარ ფოტოზე: კაფე მოსაწევი ადგილით ტოსკანაში, იტალია. მანანა ქველიშვილის ფოტო.
ეს მოკლე ვიდეო ბათუმში, ცენტრალურ პარკშია გადაღებული. ძაღლი კატას მისდევდა. კატამ ხეზე აასწრო. ძაღლი ხის ძირას კარგა ხანს ელოდა. მაგრამ კატა ხიდან ჩამოსვლას არ აპირებდა. ბოლოს ძაღლს მობეზრდა ლოდინი და წავიდა.
სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ხშირად გინატრიათ თქვენ მაგივრად სხვამ გააკეთოს საოჯახო საქმე. განსაკუთრებით რთული, მომაბეზრებელი და უსიამოვნო პროცესია თეთრეულის, მძიმე ტანსაცმლის რეცხვა და გაუთოება. ხოლო ხშირად დალაქავებული ტანსაცმლის ან ნივთის გასუფთავება, მიუხედავად მონდომებისა და სურვილისა, დამოუკიდებლად შეუძლებელია.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილად ჯობს ამ საქმეების შესრულება სხვას გადააბაროთ ისე, რომ არ ინერვიულოთ ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, სახლიდან წაღებასა და უკან დაბრუნებაზე, ქიმწმენდისა და სამრეცხაო მომსახურების კომპანიას „დაიმონ შაინს“ უნდა დაუკავშირდეთ.
რთულად ამოსაყვანი ლაქების დასამუშავებელი აპარატი [მარჯვნივ] და საუთოვებელი ყალიბი.სამრეცხაოში ვრეცხავთ, ვაშრობთ და ვაუთოებთ უახლესი თურქული და გერმანული დანადგარებით. ლაქების დამუშავებისათვის ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქიმიური საშუალებებსა და სპეციალურ აპარატს. სასურველი შედეგის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, ხელით ვამუშავებთ ცალკეულ ლაქას.
რეცხვისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სარეცხ საშუალებებს. საბოლოოდ, პროდუქცია მოწმდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ და საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაღალტექნოლოგიური პრესის აპარატით ან ორთქლის უთოთი უთოვდება.
ქიმწმენდის აპარატი
ადგილზე მოტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში დაკვეთას შეგისრულებთ შეთანხმებულ დროში. ბათუმის მასშტაბით სერვისი უფასოა.
ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ასევე კორპორატიულ დამკვეთებს!
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
ახალი წესით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეუძლია მისი განთავსების ადგილზე და დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ხოლო დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს თამბაქოს მოხმარება შეეძლებათ მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილას.
ამავე წესის მიხედვით, 2018 წლის პირველი მაისიდან „დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განცალკევებით უნდა მოთავსდეს თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან. არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული კი თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ერთად შეიძლება მოთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე არამწეველი ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან გაცემულია წერილობითი თანხმობა“.
ახალი წესით პირველი მაისიდან:
[checklist]
დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მოსაწევი ადგილი, რომელიც გამოიყოფა დაწესებულების სპეციალურად იზოლირებულ ტერიტორიაზე როგორც დაწესებულების შენობის შიგნით, ისე მის გარეთ (ეზო).
დაუშვებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირის მიერ დაწესებულებაში შესვლისას თამბაქოს ნაწარმის შეტანა.
დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან შეხვედრაზე მყოფი პირის მიერ შეხვედრის ადგილზე თამბაქოს მოხმარება, გარდა ხანგრძლივი პაემნის ოთახისა. თუ ხანგრძლივ პაემანზე მყოფი ერთ-ერთი პირი არამწეველია, მეორე პირის მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ არამწეველი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
[/checklist]
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას; ხოლო დაწესებულების მოსამსახურის მიერ მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს, თუ ისინი დადგენილ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, შესაძლოა დაწესებულება ვადამდე დაატოვებინონ.
მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში თამბაქოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიხმარენ, პენიტენციური დაწესებულება კი ვალდებულია ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას აღნიშნული წესი, როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე სპეციალურ ადგილას, საიდანაც ხდება დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლა. პირველი მაისიდან ასეთი წესის განთავსება ნებისმიერ დაწესებულებაში, კანონის მოთხოვნაა.
2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში:
თუ კი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, ბევრი ცნობილი ქართული ფილმი შესაძლოა ცენზურის ქვეშ მოექცეს. ქართულ (და არა მხოლოდ) ფილმებში სასულიერი პირები ხშირად არ იქცევიან შესაფერისად, ზოგი ხარბია, ზოგს ზედმეტად უყვარს ჭამა-სმა, ზოგს არც ღმერთის არსებობის სჯერა. ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება იჩივლოს, იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ ესა თუ ის კადრი ამ ფილმებიდან მის „რელიგიურ გრძნობას“ შეურაცხყოფს.
„ლონდრე“
რეჟისორ თამაზ მელიავას ფილმის ამ ეპიზოდში მსახიობ გივი ბერიკაშვილის პერსონაჟი ჯვარცმაზეა. „ლონდრე“ კომედიაა, თუმცა თუ ადამიანს იუმორის გრძნობა არა აქვს და სამაგიეროდ რელიგიური გრძნობა აქვს გამახვილებული?
„შერეკილები“
„წმინდა პორფილეს“ ხატზე დაფიცება რომ ვინმემ რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად ჩათვალოს?
„ლაზარეს თავგადასავალი“
თუ გახსოვთ, „ლაზერეს თავგადასავალში“ მამა ენუქი პატარა, ობოლ ბიჭს საჭმელს არ აძლევს, დიაკვანი ლავრენტი კი ანარქისტ ანანიას სცემს.
„ნატვრის ხე“
ავხორცი მღვდელი, მამა ოხროხინე ნარგიზას გულის მოგებას ცდილობს.
„უდიპლომო სასიძო“
ხატის უკან იმალებიან, ვარდენს კი სანთლები არ ემეტება.
„არ დაიდარდო“
მთვრალი სასულიერო პირი გიორგი დანელიას ფილმიდან, რომელსაც ღმერთის არსებობისაც არ სჯერა.
აპრილის შუა რიცხვებში ბუკერის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის 2018 წლის მოკლე სია გამოქვეყნდა. სიაში ფრანგი, სამხრეთ კორეელი, ესპანელი, ირანელი, პოლონელი და უნგრელი ავტორების 6 ინგლისურენოვანი წიგნი მოხვდა.
„თეთრი წიგნი“ («The White Book») – ჰან განი (სამხრეთ კორეა)
„ცხოვრება გრძელდება” («The World Goes On») – ლასლო კრასნაჰორკაი (უნგრეთი)
„გაცრეცილი ჩრდილივით“ («Like a Fading Shadow») – ანტონიო მუნიოსი მოლინა (ესპანეთი)
„ფრანკენშტეინი ბაღდადში“ («Frankenstein in Baghdad») – აჰმედ საადავი (ირანი)
„ფრენები“ («Flights») – ოლგა ტოკარჩუკი (პოლონეთი)
ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოა ინგლისურენოვან ლიტერატუტაში.
პრემია 2004 წელს დაარსდა და პირველი ლაურეატი ალბანელი მწერალი, ისმაილ კადარე გახდა. ბუკერის ლიტერატურული პრემიის მფლობელს წელს 60 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა.
2018 წლის კონკურსის საბოლოოდ გამარჯვებულ ავტორსა და წიგნს ჟიური 22 მაისს გამოავლენს.
სხვადასხვა დროს ბუკერის პრემიის ლაურეატები იყვნენ: სალმან რუშდი, იშიგურო კაზუო, ელის მანრო, ფილიპ როთი და სხვები. შარშან, 2017 წლის ბუკერის გამარჯვებული ავტორი დავიდ გროსმანი გახდა, ისრაელიდან, რომანით „ცხენი მიდის ბარში“.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 და 29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ერთი მხარე [ბათუმი-ქობულეთის მიმართულება] ჩაიკეტეაბა. მოძრაობა ორმხრივი იქნება გვირაბის მეორე მხარეს.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გვირაბის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გვირაბის დასუფთავებას უკავშირდება.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 28-29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში შეზღუდული მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
აჭარის განათლების „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სწავლის საფასურის დაფარვაში ეხმარება.
მიმდინარე წელს სამინისტროს 50 ბაკალავრი უნდა დაეფინანსებინა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფარავს სწავლის თანხა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზოგიერთმა სტუდენტმა თავად გადაიხადა სწავლის საფასური, რადგან მათ შესაძლოა შეწყვეტოდათ სტუდენტის სტატუსი.
თუ რატომ არ გადარიცხა სამინისტრომ 50 სტუდენტის სწავლის საფასური, ამის გასარკვევად „ბათუმელები“ აჭარის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თანხის ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზი დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაა.
„მცირე დაგვიანება გვაქვს და ეს თანხები უახლოეს მომავალში გადაირიცხება. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დაგვიანდა თანხის ჩარიცხვა, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 50 ბაკალავრის დაფინანსება, მაგრამ გადაწყდა, დაგვეფინანსებინა მეტი სტუდენტი და ეს კვოტა 125-მდე გავზარდეთ. კვოტა რომ გაზრდილიყო, უნდა შეცვლილიყო ასევე პროგრამაში ჩანაწერიც და ველოდებით ამ ცვლილებას,“ – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.
დეპარტამენტის უფროსის თქმით, სტუდენტები დაფინანსებას დაახლოებით 15 დღეში მიიღებენ.
„ჩვენ ყველა უნივერსიტეტს შევეხმიანეთ და იციან კონკრეტულად რომელი სტუდენტები მიიღებენ ან ვის გაუგრძელდება დაფინანსება.
უნივერსიტეტების უმრავლესობამ ჩვენთან ითანამშრომლა და სტუდენტებს უპრობლემოდ გაუხსნეს ბაზები, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სტუდენტებმა თვითონ გადაიხადეს თანხა. მაგრამ ხელშეკრულებაში, რომელსაც უნივერსიტეტებთან ვაფორმებთ არის ჩანაწერი, რის მიხედვითაც, როგორც კი სამინისტროდან თანხა ჩაირიცხება, სტუდენტს მის მიერ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება ანგარიშზე,“ – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.
სტუდენტების დაფინანსების ახალი ბიუჯეტი წელს 56 ათასი ლარი იყო, ცვლილების შემდეგ ბიუჯეტი 84 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს. „მთლიანობაში 140 ათასი ლარი იქნება დაფინანსება,“ – გვითხრა დეპარტამენტის უფროსმა.
„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი კი ერთი მილიონი ლარია.
პედაგოგმა, რომელმაც მშობელს ბავშვის ტირილის შესახებ ტელეფონით აცნობა, ხოლო შემდეგ გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა თუ დაატოვებინეს. საუბარია ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ერთ-ერთმა მშობელმა, ინგა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ბავშვების პარაზიტებზე ანალიზის პროცესი აღწერა და თქვა: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“
ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. საკითხის შესწავლაში ჩართულია სახალხო დამცველიც.
შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საბავშვო ბაღის პედაგოგმა – ი. ბ.-მ ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა. იგი სამუშაოდ გოროდოკის დასახლებაში მდებარე მე-19 საბავშვო ბაღში გადაიყვანეს. მე-14 საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ეს პედაგოგის სურვილი იყო. ბავშვის მშობელი კი აცხადებს, რომ „პედაგოგი მშობელთან დარეკვის გამო ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ დასაჯა“.
„ჩემი ბავშვი შეჩვეული იყო ამ მასწავლებელს და მას კიდევ ერთი ტკივილი მიაყენეს. ამ ინციდენტის შემდეგ პედაგოგს უსაყვედურეს, რომ მას ჩემთან არ უნდა დაერეკა, როცა ბავშვი ტიროდა და ვერ აჩერებდნენ. უთხრეს, რომ თვითონ უნდა გამკლავებოდა ამას, სუსტი ხარ, ტონს უნდა აუწიო და ბავშვებს შენი უნდა ეშინოდეთო. ეს არ არის ბაღის დირექტორის გადაწყვეტილება. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აიძულა პედაგოგი გადასულიყო სხვა ბაღში, რომელიც მისგან მოშორებით მდებარეობს,“ – ამბობს ინგა დავითაძე, რომლის შვილიც ისევ ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში დადის.
„პედაგოგი გადავიდა მე-19 საბავშვო ბაღში თავისი სურვილით. ეს არ უკავშირდება პარაზიტული ჭიების ანალიზის პროცესს. დიდი ხანია განიხილებოდა ეს თემა. საბოლოოდ იქ გამოჩნდა ადგილი და წავიდა“, – გვითხრა მაია ხუხუნაიშვილმა, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღის დირექტორმა.
რატომ შეიძლებოდა პედაგოგს გასჩენოდა სურვილი გადასულიყო სამუშაოდ იმ საბავშვო ბაღში, რომელიც მისგან ტერიტორიულად შორს არის? – მაია ხუხუნაიშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ „ეს მისი პრობლემაა“. ბაღის დირექტორის თქმით, მან იცის, რა პრობლემა ჰქონდა პედაგოგს, „მაგრამ ამაზე უმჯობესია თავად პედაგოგმა ისაუბროს“.
დირექტორისგან განსხვავებით, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მამუკა შამილიშვილს მიაჩნია, რომ “ეს პედაგოგი იყო გამოუცდელი, რთული ჯგუფი შეხვდა და თავი ვერ გაართვა”. მამუკა შამილიშვილის თქმით, პედაგოგმა პარაზიტებზე ანალიზების დაწყებამდე თავად ითხოვა სხვა ჯგუფში გადაყვანა.
“ბაღის დირექტორისგანაც მქონდა შეტყობინება, ჯგუფს ვერ იმორჩილებს და მშვიდად ვერ ვარო. არ მინდოდა, ერთი ხელის მოსმით სამსახური დაეკარგა… მარტში დამხმარე აღმზრდელი მივამაგრეთ. მოგვარდა სიტუაცია, მაგრამ შემდეგ ის აღმზრდელი სხვა ბაღში დარჩა საჭირო. მე-19 ბაღში დაბალი ასაკის ჯგუფში როგორც კი გამოჩნდა ადგილი, გადავიყვანეთ. თან ვუთხარი, რომ თუ აქაც ვერ გაართმევთ თავს, გამოდის, არაა პედაგოგობა თქვენი მოწოდება-მეთქი. მე-19 ბაღის დირექტორი მეუბნება, რომ ახალ ჯგუფს თავს, ჯერჯერობით, კარგად ართმევს,”- გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.
„ბათუმელები“ მე-14 საბავშვო ბაღის ყოფილ პედაგოგს – ი. ბ.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. მან კატეგორიული უარი განაცხადა ჩვენთან გასაუბრებაზე.
სოფელ ქვედა მახუნცეთში,აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს დასრულდება.
ამ ორსართულიან შენობაში, ქედის მერიის ინფორმაციით, მეორე სართულზე თემის რწმუნებულის ოფისიც განთავსდება.
ადგილი აწჰესის დასახლებაში, სადაც ორსართულიანი შენობა უნდა აშენდესშენობის ესკიზი
ქედის მერიას მახუნცეთის ჩანჩქერთან სხადასხვა პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. ზოგი სამუშაო დაწყებულია.
ქედის მერის მოადგილემ, როლანდ ბერიძემ, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „თამარის ხიდის“ მიმდებარე ადგილების კეთილმოწყობის სამუშაოები ხელშეკრულებით 3 ივნისამდე დასრულდება. რაც შეეხება პარკს – თაღისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად მერია პროექტზე მუშაობს – თამარის ხიდის მიმდებარედ არსებულ კიბეს არემონტებენ, აწყობენ პანდუსსა და გარე განათებას.
სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოება (Sams) სირიელ ბავშვებთან მუშაობს. ისინი უკვე 7 წელია ომში ცხოვრობენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები Sams-ი და Save The children-ი ომგამოვლილი ბავშვების ნახატებს აგროვებენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ბავშვების რეაბილიტაციისას არტთერაპიასაც იყენებენ, რაც უარყოფითი გამოცდილებისგან, ემოციებისგან დაცლას გულისხმობს.
„რომ მოვკვდებით, იქნებ მერე მაინც შევძლოთ თამაში“, – ასე ამბობენ ხშირად ომგამოვლილი ბავშვები, როგორც BBC-თან Sams-ის ექიმი, მოჰამედ ჰალიდ ჰამზა ამბობს.
ქვემოთმოცემული ნახატები 14 წლამდე სირიელი ბავშვების დახატულია, რაზეც კარგად ჩანს, როგორ ხედავენ ბავშვები ომს, სიკვდილსა და სისასტიკეს.
„ლამაზი სირია” წერია ცრემლებზე
ფოტო: SAVE THE CHILDREN
„სასწრაფო დახმარების მანქანა”, „ასადის ავიაცია”, „ბავშვების სისხლი”- წერია ნახატზე
ფოტო: SAMS
ჯარისკაცის თავზე, რომელიც ტყვიამფრქვევს ისვრის, არმიის ლოზუნგი წერია „ეს ჩვენი წინააღმდეგობის არმიაა, სამშობლო! ღირსება და ერთგულება!”
ფოტო: SAMS
„ეს სირიაა” – წერია ნახატზე. სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოების (Sams) ექიმი, დოქტორი ჰამზა ამბობს, რომ ბავშვებს, ვისთანაც ის მუშაობს, ყველა იმედი გადაწურული აქვთ.
ფოტო: Save the children
სირიის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა იძულებით დატოვა ქვეყანა. მიუხედავად დიდი საფრთხისა, ათასობით სირიელმა გადალახა პატარა ნავებით ხმელთაშუა ზღვა და თავშესაფარი ევროპაში ითხოვა
ფოტო: Sams
„ჩემი სამშობლო“. 2011 წლიდან დღემდე 118 ათასზე მეტი სირიელი ჩასვეს ციხეში, ზოგიც უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
ფოტო: SAMS
მაღლა წერია: „დები და ძმები: საფა ზაჰრა ფატიმა ოსამა და ჯუდი დაბლა წერია: „მამაჩემი 2010 წელს“, „მამაჩემი 2011 წელს“, „მამაჩემი 2014 წელს“
ფოტო: SAMS
„ეს მე და ჩემი და ვართ. დავხატე როგორ ვტიროდით, როცა ორი წლის წინ დაიკარგა მამაჩვენი. არ ვიცით, რა დაემართა. ეს ჩემი ყველაზე სევდიანი მოგონებაა“, – ამბობს 14 წლის მიასარი
ფოტო: UNISEF
საათიანი კოშკის ნახატი სირიის ქალაქ ჰომსას ცენტრში. სირიის სიდიდით მესამე ქალაქი „რევოლუციის დედაქალაქის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ჰომსას მცხოვრებლები ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგეები იყვნენ. სამი წლის განმავლობაში ქალაქი სრულად გაანადგურა სირიის სახელისუფლებო ძალებმა.
ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის – არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
26 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: ჯვარიქეთსა და იაკობაძეებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი აჭარაში, ასლან ჭანიძე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და მათგან ის საკითხები მოისმინა, რომელთა გადაჭრაც მოსახლეობას პირველ რიგში სურს.
სოფელ ჯვარიქეთში, სადაც 28 ოჯახი ცხოვრობს, შეხვედრა სოფლის სარიტუალო სახლში შედგა. სოფლის მცხოვრებთათვის პრიორიტეტი სწორედ ამ სახლის გაფართოებაა. სარიტუალო სახლი ერთდროულად ასრულებს როგორც თავშეყრის ადგილის, ისე სოფლის კინოკლუბის ფუნქციას. როცა სოფელში ვინმე გარდაიცვლება, ქელეხის სუფრასაც ამ სახლში შლიან.
ჯვარიქეთელებს სოფლის კინოკლუბისათვის გამოცემა „ბათუმელების“ სახელით DVD ფლეერი გადაეცა.
შეხვედრაზე მცხოვრებლებმა ყველა ის საკითხი ჩამოთვალეს, რისი მოგვარებაც სურდათ. სოფლის მთავარ პრობლემად კი მოუწესრიგებელი გზა დაასახელეს. ჯვარიქეთამდე მისასვლელი სამანქანო გზა ავარიულია. სოფელს აქვს ასევე ერთკილომეტრიანი ე.წ. მოკლე გზა, რომელიც სათემო ცენტრთან, დიოკნისთან აკავშირებს. გზა სოფლიდან ციცაბო დაღმართზე გადის და ავარიულია. მასზე ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელია. ბავშვებს სკოლასა და ბაღში წასვლა ყოველდღე, ამ სახიფათო გზით უწევთ.
ამ გზაზე სკოლის მოსწავლეები და ბაღის ასაკის ბავშვები ყოველდღიურად გადაადგილდებიან
სოფლის სახლში შეკრებილი ჯვარიქეთელები ერთი საათის მანძილზე ბჭობდნენ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის – გზა თუ სოფლის სახლის გაფართოება.
„გზის გაკეთება მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, სოფლის სახლის გაფართოებაზე კი არ აიღებენ ვალდებულებას, ამიტომ სჯობს სარიტუალო სახლი გავაფართოვოთ და გზის შეკეთება მუნიციპალიტეტს მოვთხოვოთ,“ – გადაწყვიტა კრებამ საბოლოოდ.
შეხვედრა სოფელ ჯვარიქეთშიშეხვედრა სოფელ ჯვარიქეთში
შეხვედრა სოფელ იაკობაძეებში
სოფლის საგანმანათლებლო სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა დასახეს პრიორიტეტად სოფელ იაკობაძეებშიც. სოფელმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ რამდენიმე წლის წინ სარიტუალო ინვენტარი შეიძინა, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ შენობა, სადაც ამ ინვენტარს განათავსებენ. სოფელში არ არის ასევე ადგილი, სადაც მოსახლეობა შეიკრიბება.
26 აპრილს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მოსახლეობასთან შეხვედრა საბაზო სკოლის შენობაში გამართა. იაკობაძეების მცხოვრები მზია იაკობაძე სოფელში არსებულ ორ მნიშვნელოვან საკითხს გამოკვეთს. მისი თქმით, სოფელს სჭირდება საბავშვო გასართობი ატრაქციონი და საგანმანათლებლო სახლი, სადაც მოეწყობა ბიბლიოთეკა, დაიდგმება კომპიუტერი, ეს უნდა იყოს თანასოფლელების შეკრების ადგილი, სადაც სხვადასხვა პრობლემატურ საკითხს განიხილავენ.
სოფელ იაკობაძეების მცხოვრებნი იმ პრობლემებს წერენ, რომელთა მოგვარებაც სოფელს სურს
შეხვედრა სოფელ იაკობაძეებში„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ თითოეულ სამიზნე სოფელს პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად 3 000 ლარს გამოუყოფს. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის მოგვარებას მეტი თანხა დასჭირდება, მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან და არსებობს შანსი, დაფინანსების თანხა 8 ათას ლარამდე გაიზარდოს.
ორგანიზაცია პროექტს აჭარის გარდა კიდევ სამ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით. ორგანიზაცია ასევე აპირებს ადგილობრივი ხელისუფლების სამუშაო და სათემო საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგულარული ტრენინგ-სემინარების ორგანიზებას.
პროექტს გერმანული ორგანიზაცია „Bread for the World“-ი აფინანსებს.
როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, საქართველოს პარლამენტმა რომ მიიღოს კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა.
თქვენი აზრით, რა მოცემულობაში მოგვიწევს ცხოვრება, დავუშვათ და პარლამენტმა მიიღოს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე? როგორ შეიძლება ეს აისახოს ხელოვნებაზე, კულტურაზე, რაზე შეიძლება მოგვიხდეს უარის თქმა?
დარწმუნებული ვარ, ეს კანონი არ გავა, მაგრამ რომ გავიდეს და აღსრულება დაიწყოს, ძალიან უცნაურ სამყაროში ვიცხოვრებთ.
ყველა ადამიანს, რომელიც თავს იგრძნობს რელიგიურად შეურაცხყოფილად, ექნება უფლება უჩივლოს ნებისმიერს. ეს ყველაზე მეტად შეიძლება შეეხოს ხელოვნებას, კინოს, მუსიკას, ტექსტების გაფილტრვა მოითხოვონ… ეს ჩვეულებრივი ცენზურაა. ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებდა პოლიტიკური ცენზურა საბჭოთა კავშირში, იგივე იქნება, ოღონდ რელიგიური კუთხით.
აბსურდულ სიტუაციაში ვიქნებით, რადგან, მაგალითად, მე შემიძლია ვუჩივლო მანქანის მძღოლებს, რომლებიც ხატებს აკრავენ ტორპედოზე, რადგან მიმაჩნია, რომ ხატის ადგილი არ არის მანქანაში, ასეთია ჩემი რელიგიური აღქმა და ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად. ვინ აღასრულებს ამას? დაუშვებს თუ არა სასამართლო, რომ ეს არის საკმარისად შეურაცხმყოფელი? არ არსებობს ფორმულა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის, რომელსაც დაეყრდნობა სასამართლო და მოუწევს თვითონ განსაზღვროს, რა შეიძლება ჩავთვალოთ შეურაცხმყოფლად და რა – არა. ეს პრობლემურია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის გრძნობებზე.
უფრო მეტიც, ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეიძლება შეურაცხყოფდეს მდიდარი მღვდელი ან სასულიერო პირი, რომელიც ძვირადღირებული მანქანით დადის, რადგან მე ქრისტიანობაში ვისწავლე, რომ ღვთის მსახურმა უნდა გასცეს ყველაფერი და იყოს ღარიბი. შესაბამისად, ეს ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ვუჩივლებ მღვდლებს.
გარდა ამისა, ასეთი კანონი შეიძლება შეეხოს ლიტერატურას და ნებისმიერ რამეს ჩვენს ყოველდღიურობაში. არარელიგიურ ხალხსაც შეუძლია რელიგიური ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს ეს კანონი და მივიღებთ კარიკატურას.
მაგალითად, რომელ ნაწარმოებებს, ფილმებს შეიძლება შეეხოს მსგავსი კანონი, თქვენი აზრით?
ფილმი „ლაზარე“, სადაც არის მღვდელი და დიაკვანი, „ლონდრე“… მიხეილ ჯავახიშვილს აქვს წერილები, სადაც აკრიტიკებს სასულიერო პირებს. რომ მივსდიოთ, ბევრ ნაწარმოებს ვნახავთ ლიტერატურაში. გალაქტიონის რომელიმე ლექსი შეიძლება მივიჩნიოთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. ნინო ქათამაძის ტექსტშიც ან სიმღერის მანერაშიც მე შეიძლება რაღაც მინიშნება დავინახო ისეთი, რასაც ჩავთვლი რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად.
კადრი თამაზ მელიავას ფილმიდან „ლონდრე“
ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ კანონმდებლობა ამ და სხვა, ნებისმიერი ფორმით გამორიცხულია რომ გავიდეს. თუ დავაკვირდებით სასულიერო პირების რეაქციასაც, ჩანს თვითონაც მიხვდნენ, რომ დადგებიან პრობლემის წინაშე. მაგალითად, მეუფე სპირიდონი, რომელიც გამოირჩევა ძალიან აგრესიული ტექსტებით სხვა რელიგიების მიმართ, პირდაპირ ამბობს, რომ როცა მე გავაკრიტიკებ სხვა რელიგიას, ვიღაცამ შეიძლება ეს ჩათვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, ამიტომ მხოლოდ მართლმადიდებლებზე უნდა ვრცელდებოდეს ეს კანონიო, ეს არის აბსურდი, კონსტიტუციის თავდაყირა დაყენებაა და არა მგონია, რომელიმე მთავრობა წავიდეს ამაზე.
ხშირად მოჰყავთ არგუმენტად, რომ ეს კანონი ევროპაშიც არსებობს. ევროპის ქვეყნებში ეს კანონი არსებობს მკვდარი ფორმით, ან უკვე იღებენ კანონმდებლობიდან, რადგან გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი და იმ მიზეზების გამო, რაზეც ვისაუბრეთ.
ერთადერთი, ვინც ბოლო წლებში ამ კანონს იყენებს, არის რუსეთის ფედერაცია. პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთი სწორედ ამ იდეოლოგიას სთავაზობს, რომ რუსეთში თუ ვიქნებით, ვიქნებით დაცული რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფისგან და გარყვნილებისგან.
რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს ეს კანონი, დასაჯეს „პუსი რაიოტი“, რომელთაც ეკლესიაში იმღერეს, დაიჭირეს რამდენიმე ბლოგერი. თავისი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თავს მართლმადიდებლებად მოიაზრებენ, რუსეთი სთავაზობს ამ მოდელს, რომ ჩვენ დაგიცავთ შეურაცხყოფისაგან.
ჩვენთან ეს ექოა რუსეთიდან.
კანონპროექტი შეიტანა ემზარ კვიციანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინგანაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით რაღაცებს ამბობდა საქართველოს სახელმწიფოზე, რაც ორ აზრს აღარ ტოვებს, თუ ვისი იდეაა ამ კანონპროექტის გააქტიურება ახლა.
ეს კანონი არის თითქოს კანონმდებლობის დონეზე გადადგმული რელიგიური ნაბიჯი. თუ დავაკვირდებით, „ქართულ ოცნებას“ ახლა კრიზისი აქვს, ისეთი სერიოზული, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ამას გარდა, ბოლო განხეთქილება იყო სწორედ რელიგიურ ნიადაგზე, ნინია კაკაბაძე გავიდა[საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად] და „ქართული ოცნება“ მონასტერში გაიხიზნა მოსანანიებლად.
ახლა ეს ჟესტი, კანონპროექტზე საუბარი, შეიძლება ქართველი ამომრჩევლის გრძნობებზე თამაშად მოვიაზროთ, რომ სინამდვილეში ჩვენ რელიგიის და მართლმადიდებელი ხალხის გრძნობების სადარაჯოზე ვდგევართ. ამიტომ მე ამ კანონპროექტს არ ვუყურებ როგორც სინამდვილეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რომელსაც ერთი მხრივ, იყენებს რუსეთი და მეორე მხრივ, იყენებენ პოპულისტი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ რელიგიურ თემებზე ქულების დაწერა არის გამართლებული და მომგებიანი.
________
მთავარ ფოტოზე: ლევან ღამბაშიძე. ფოტო: განათლების ალტერნატიული ცენტრი საზოგადოებისათვის
„დუსონი” ლეიბების პირველი მაღაზიაა, რომელიც ქსელის სახითაა წარმოდგენილი საქართველოში.
რატომ უნდა შეიძინოთ ლეიბი ჩვენთან?
[checklist]
პირველები ვართ, ვინც მიიჩნევს, რომ თქვენთვის ლეიბი გაცილებით მეტია, ვიდრე საწოლისთვის აუცილებელი აქსესუარი.
მაღაზიის შოურუმში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი გარემო და საქართველოში ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი.
მოგემსახურებიან კომპეტენტური, თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი კონსულტანტები, რომლებიც დაწვრილებით აგიხსნიან, თუ რა ხარისხის, როგორი ქსოვილის, რა მასალის, სიმაღლისა და ფასის პროდუქტის შემოთავაზება შეგვიძლია.
რაცყველაზემთავარია, ვიდრეშეძენასგადაწყვეტთ, შეგიძლიათ უშუალოდ დაათვალიეროთ, შეეხოთ ლეიბსდაწამოწვეთკიდეც.
[/checklist]
ჩვენთან წარმოდგენილია 22 სახის ლეიბი, 5 სახის ლეიბის დამცავი, 7-8 სახის საბანი და ბალიში, 3 სახის „ტოპერი“ (10-სანტიმეტრიანი ლეიბი გასაშლელი საწოლებისთვის), 2 სახის სასტუმროს ტიპის საწოლი. თუმცა, თუ თქვენ აქ არსებული ასორტიმენტის გარდა სხვა პროდუქციის შეძენასაც მოისურვებთ, შოურუმში არსებული კატალოგებისა და 3D მოდელების საშუალებით, კიდევ რამდენიმე ათეული სხვა სახის პროდუქციის დაკვეთაც არის შესაძლებელი.
გვეწვიეთ შემდეგ მისამართებზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა, N28; თბილისი, წერეთლის გამზირი, N117 და კანდელაკის ქუჩა, N11.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 160 ოჯახი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს. დღეს, 27 აპრილს, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები, სოფელ წყავროკასთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო, მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.
„ჩვენ ძალიან დაბალი კომპენსაცია გადაგვიხადეს, ერთ კვადრატულ მეტრზე 5,6 ლარი, რაც მიწის ნორმატიულ ფასთან შედარებით ძალიან დაბალია, მაშინ როცა ნორმატიული ფასი 8 ლარია კვადრატულ მეტრზე.
ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ რომ 2,5 ლარი დაგვიმატონ და გადაგვიხადონ ის კომპენსაცია, რაც გვეკუთვნის“-ამბობს სოფელ წყავროკას მცხოვრები მიხეილ ნოღაიდელი.
სოფელ წყავროკის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს ფოტო: ლელა დუმბაძე
„მე 700 კვადრატული საყანე ფართობი დავთმე. ვფიქრობ რომ რაც გადაგვიხადეს, არ არის სამართლიანი კომპენსაცია და ვითხოვთ თანხის დამატებას“-ამბობს ამავე სოფლის მაცხოვრები რეზო ქათამაძე.
მოსახლეობის თქმით, თავის დროზე აუდიტის სამსახურმა მათი მიწა, 3,50 ლარად შეაფასა, რაც სახელმწიფოს მიერ დადაგენილ ფასს არ შეესაბამება.
სოფლის მცხოვრებლებს ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს იძულების გამო გააკეთეს.
„მოსახლეობა დააპირისპირეს ერთმანეთთან, ზოგი თანახმა იყო შემოთავაზებულ კომპენსაციაზე, ზოგი არა. ამიტომ იძულებული ვიყავით ხელი მოგვეწერა, თუმცა იყო დაპირება რომ კომპენსაციას კიდევ გაგვიზრდიდნენ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.
მთავრობის სახლთან შეკრებულ მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნაცვლად, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეტარტამენტის უფროსი, კახა შაშიკაძე შეხვდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ისინი ნაგავსაყრელის აშენების უფლებას მთავრობას არ მისცემენ.
მან განაცხადა რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ სოფლებთან ახლოს საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავს. რაც შეეხება კომპენსაციის დამატებას, შაშიკაძე ამბობს, რომ ამაზე მოსახლეობამ პასუხი პროექტის განმახორციელებელი უწყების, ანუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან უნდა მიიღოს.
„მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. იმ შემთხვევაში თუკი, შეთანხმება არ მოხდება, მაშინ დავა სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს“ – ამბობს შაშიკაძე.
აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს თუ არ დააკმაყოფილებს, ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობას ხელს შეუშლიან.
ქობულეთში ნაგავსაყრელს შპს „ჰიგიენა“ აშენებს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაარსებული კომპანიაა. კომპანიისს დირექტორის მოადგილე ნოდარ კონცელიძე, მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ერთი ჯგუფის და არა მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა.
„ამ ადამიანებმა კომპენასცია მიიღეს სახელმწიფოს კეთილი ნებით და აუდიტის დასკვნის შესაბამისად. თუ ასეთი სტრატეგიული ობიექტის აშენება არ გვინდა, მაშინ ველოდოთ მოსახლეობას – რამდენჯერაც თანხას მოითხოვენ, რამდენჯერაც ფინანსური პრობლემები შეექმნება, იმდენჯერ უნდა გადავუხადოთ?“ – ამბობს ნოდარ კონცელიძე.
მისი თქმით, ნაგავსაყრელი რეგიონის ეკოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და „პროექტის დაწყების წინ, კომპენსაციების მოთხოვნა არა მგონია სწორი იყოს. ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რამაზ ხიმშიაშვილს. მას ბიზნესმენების, მათ შორის, საკუთარი ძმის დაჭრას ედავებოდა გამოძიება.
ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა.
„საბოლოო სიტყვა რატომაა? საბოლოო სიტყვას ვერ დავარქმევდი ამას,“ – თქვა რამაზ ხიმშიაშვილმა, როცა მას მოსამართლემ პროცედურით გათვალისწინებული „საბოლოო სიტყვის“ თქმისკენ მოუწოდა. განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არაერთხელ მოატყუეს.
დასკვნითი სიტყვის თქმის დროს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ „სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემამსუბუქებელი გარემოებები“. ადვოკატის თქმით, შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ რამაზ ხიმშიაშვილი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, იარაღიც ჩააბარა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ თავად მოუყვა პოლიციელებს.
„მან მანამდე არაერთხელ სცადა ცივილური გზებით პასუხი მიეღო კომპანიის დირექტორისგან, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან დამცირებულად იგრძნო თავი და აღელდა…“ – თქვა ადვოკატმა.
„ძალადობას გამართლება ვერ ექნება“, – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მან ასევე თქვა, რომ რამაზ ხიმშიაშვილს ძმის დაჭრის განზრახვა არ ჰქონია და ის ამაში დარწმუნდა.
რამაზ ხიმშიაშვილს კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი შეუფარდეს. „შეწყალებისთვის შეგიძლიათ პრეზიდენტს მიმართოთ“, – უთხრა მოსამართლემ მსჯავრდებულს, ვიდრე იგი სხდომათა დარბაზს დატოვებდა. სხდომათა დარბაზი რეპლიკების გარეშე დატოვეს მსჯავრდებულის ახლობლებმა, მათ შორის, ალექსანდრე ხიმშიაშვილმა, რომელიც ფეხში დაჭრა ძმამ.
ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ახალი მოსაცდელი იმ ადგილზე დაამონტაჟეს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჩერდება. გაჩერება აქ მოსაცდელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითის“ მიმდებარედაა. ახალ ბულვართან უფუნქციო მოსაცდელი უკვე თვეზე მეტია განთავსებულია.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, კერძო კომპანიას იმ ადგილების მისამართები, სადაც ახალი მოსაცდელები უნდა დაემონტაჟებინა, ადრე გადასცა მერიამ, შემდეგ კი კაჩინსკების ქუჩიდან გაჩერება გადაიტანეს სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ: „მოქალაქეებისთვის უფრო ხელსაყრელია გაჩერება იქ, სადაც ახლა არის. რაც შეეხება მოსაცდელს, კომპანიამ იმ ადგილზე დაამონტაჟა, რაც ადრე იყო განსაზღვრული. ჩვენ მივეცით უკვე შენიშვნა კომპანიას და ის ამ მოსაცდელს ქუჩის პირას აიღებს“.
დაიდგმება თუ არა ის მოსაცდელი გაჩერებაზე, რომელსაც ქუჩიდან აიღებენ და, საერთოდ, იქნება თუ არა მოსაცდელი გაჩერებაზე სავაჭრო ცენტრთან? – „კონკრეტულად ეს მოსაცდელი დაიდგმება თუ არა, ვერ გეტყვით. კომპანია „მეტრომ“ გამოთქვა სურვილი, რომ თავად გააკეთებს მოსაცდელს, შესაძლოა სხვამ გააკეთოს, თუმცა მოსაცდელი აუცილებლად იქნება. მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივად, რათა ქალაქში ყველა გაჩერებაზე იყოს მოსაცდელი“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.
ბათუმში გაჩერებებისა და მოსაცდელების საკითხი ქალაქის მერიის გამოწვევად რჩება:
[crosslist]
ვერ ხერხდება დაზიანებული მოსაცდელების დროული შეკეთება
ხშირად ვერ დგინდება დაზიანებების მიზეზი
კომპანიამ, რომელსაც მოსაცდელებისთვის ადგილები მერიამ განუსაზღვრა და იჯარის ფულს ახდევინებს, ქალაქში არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო და მათი გადაკეთების პროცესი ახლა მიმდინარეობს
ახალი მოსაცდელებით გადაიკეტა ტროტუარები ქვეითებისთვის და „შემოვლითი გზები“ ახლა კეთდება
კერძო კომპანიების ინტერესების გამო მოსაცდელები საერთოდ აიღეს რუსთაველისა და ბაგრატიონის ქუჩებზე ისე, რომ ამ დრომდე ახალი მოსაცდელი არ არის დამონტაჟებული
ქალაქში ბევრი გაჩერებაა მოსაცდელის გარეშე
[/crosslist]
მოსაცდელი კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება არ არის. მუნიციპალური ავტობუსები აქ გაჩერების უკანა მხარეს, „მეტრო სითის“ მიმდებარედ მოძრაობენ.მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება „მეტრო სითისთან“. ახალი მოსაცდელი გაჩერებიდან მოშორებით, გზის პირასაა დამონტაჟებული.კაჩინსკების ქუჩის მონაკვეთი და მოსაცდელი, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაივლის ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილებისას / ხედი N10 ავტობუსიდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 29 აპრილს, ღამით და დილით ზოგან ელჭექი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მომდევნო ორ დღეს კი უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ.
ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 12 გრადუსია.
მოქალაქე ანა ფირცხალაიშვილის სარჩელს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 27 აპრილს, განიხილავს. მოქალაქე იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და მათი საფასურის, მოსაკრებლის გადახდა ერთიანი სისტემით ხორციელდება.
ამ სისტემის ფარგლებში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი (ადმინისტრატორი) უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების გაწევა, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ან არასრულად გადაიხდის ერთ-ერთი სხვა მომსახურების საფასურს/მოსაკრებელს. სადავო ნორმა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.
საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, ანა ფირცხალაიაშვილს გასულ წელს წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. სს „თელასი“ დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის გადაწყვეტილებას, აბონენტს ელექტროენერგიის სს „თელასის“ სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის საფასური.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ძალაშია 2010 წლიდან დღემდე და, შესაბამისად, მას სამომავლოდაც ემუქრება ანალოგიური შედეგის დადგომა, თუ მას არ სურს ან არ შეუძლია მიიღოს სამივე მომსახურება ერთდროულად და გადაიხადოს სამივე მომსახურების ღირებულება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილებით დადგენილი ერთიანი ადმინისტრირების წესით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეიძლება შეუწყდეს იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც მას გადახდილი აქვს და აღნიშნული მომსახურება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
რა შეიძლება ვურჩიოთ მწეველებს, რომლებსაც თაბაქოსთვის თავის დანებება აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ფიქრობენ, რომ საამისოდ საკმარისი ნებისყოფა არ აქვთ, შესაძლებელია თუ არა მოწევის შეწყვეტა ნებისმიერ ასაკში, რა რისკებთანაა დაკავშირებული მწეველობა და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვეტთ, რომ თამბაქო დავივიწყოთ? ამ და სხვა კითხვებით საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ივანე ჩხაიძეს მივმართეთ, რომელიც საინტერესო რჩევებს სთავაზობს საკითხით დაინტერესებულ მწეველებს.
ივანე ჩხაიძე
თამბაქოს კვამლში 50-ზე მეტი კანცეროგენული ნივთიერება შედის, რაც ნიშნავს იმას, რომ ადრე თუ გვიან მწეველს ონკოლოგიური პათოლოგია შეეყრება. მწეველი, რომელიც დღეში, საშუალოდ, ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა თვეში 100-დან 300 ლარამდე ხარჯავს და თანხას იხდის იმაში, რომ დაემართოს კიბო, ინსულტი თუ ფილტვის დაავადებები.
პასიური მწეველობა არაფრით ჩამოუვარდება აქტიურ მწეველობას. თუ მამა ან დედა არის თამბაქოს მომხმარებელი მათ შვილებში ლეიკემიისა და ფილტვისა და ტვინის კიბოს რისკი გაცილებით უფრო მაღალია არამწეველებთან შედარებით. ასევე ცოლის ძუძუს კიბოს რისკი ბევრად მაღალია, როცა ქმარია მწეველი. მწეველი პოტენციური მკვლელია ოჯახში. ადამიანი თანხას იხდის იმაში, საკუთარი თავის გარდა მოკლას ოჯახის წევრებიც.
რა უნდა გაითვალისწინოთ თუ უკვე გადაწყვიტეთ მოწევის შეწყვეტა? გაეცანით რჩევებს, გაიგეთ რა უნდა იცოდეთ თუ თამბაქოსთვის თავის დანებებას გეგმავთ.
აუცილებლად უნდა დათქვით დრო, მაგალითად, მომდევნო ორი კვირა და აირჩიეთ ისეთი დღეები, როცა ამისთვის იქნებით მზად. თუ, მაგალითად, 30 დეკემბერს გადაწყვეტთ მომდევნო დღეებიდან მოწევისთვის თავის დანებებას ეს არაეფექტური იქნება: წინ დღესასწაულები, სტუმრიანობა და შესაბამისად მოწევის ცდუნება გელით. აარჩიეთ ამისთვის ნეიტრალური დღეები.
ეს მარტივი არ არის და ფსიქოლოგიურად კარგად უნდა შეამზადოს მწეველმა საკუთარი თავი. ყველზე ეფექტური და სწორი გზაა, რაც უნდა ითქვას, რომ მარტივი არ არის. ეს თავის თავში კარგად დარწმუნებული ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გამოუვა. რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული რა ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას
შემდეგი გზა ორკვირიანი გეგმაა: თუ თქვენ დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევით ყოველდღიურად სამ-სამი ღერით უნდა შეამციროთ ღერების რაოდენობა, შედეგად ორი კვირის ბოლოს თქვენ მოწევთ მხოლოდ ერთ ღერ სიგარეტს და ამ შედეგამდე მიხვალთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
აცნობებთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. თქვენ აუცილებლად დაგჭირდება მათი მხარდაჭერა და წახალისება. მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებმა თავი შეიკავონ შეძლებისდაგვარად თქვენი თანდასწრებით მოწევისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება პირველ დღეებში მაინც.
გახადეთ თქვენი სახლი თამბაქოსთან დაკავშირებული ყველა ნივთისგან თავისუფალი, გადაყარეთ საფერფლეები და სანთებელა, ასანთი. ამით კიდევ ერთ ზედმეტ ცდუნებას ასცდებით, გააუქმეთ მანქანაში ელექტროსანთებელა.
წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა გექნებათ დეპრესია, ხასიათის ცვლილება, შესაძლოა თავის ტკივილებიც, ხველა, უძილობა და ა.შ. მაგრამ შეეჩვიეთ, შეაგუეთ თავი ამ ყველაფერს, მოულოდნელმა თანმდევმა მოვლენებმა არ უნდა გაგტეხოთ.
აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ სიგარეტის მოწევა გარდა ჯანმრთელობისთვის შეგნებულად მიყენებული ზიანისა და მატერიალური ზარალისა არის დიდი დროის კარგვა – 40 ღერის მოწევისას, თუ გავიანგარიშებთ, რომ თითო ღერის მოწევას 10 წუთი სჭირდება, კარგავთ ექვს საათს.
წინასწარ უნდა დაგეგმოთ რისგან შეავსებთ მოწევისგან თავისუფალ დროს. ძალიან ცუდია, თუ ეს დრო მხოლოდ ჭამით შეივსება, რადგან ეს მეორე უკიდურესობაში ჩაგაგდებთ. აირჩიეთ სპეციალური ქმედებები, რითაც თამბაქოს ჩაანაცვლებთ, როცა მოწევა მოგინდებათ დაღეჭეთ კევი, დალიეთ რამდენიმე ყლუპი წყალი, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, თუ ამის დრო გაქვთ მოწევის ნაცვლად ისეირნეთ ფეხით.
არსებობს ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, ეს არის მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ნიკოტინს და უნებისყოფო მწეველებისთვისაა. მწეველი თამბაქოს მოწევის ნაცვლად იღებს მედიკამენტს, ეს არის 3-თვიანი კურსი, ხალხისთვის, ვინც სხვაგვარად ვერ დაანება თავი მოწევას და საკმაოდ ეფექტურია. ამ დროს ადამიანი არ იმატებს წონაში, არ აქვს „ლომკა“. ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული ორსულების, მეძუძური დედების, ინსულტგადატანილებისა და კორონალური დაავადებების შემთხვევაში.
ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შედეგი, რასაც მოწევის შეწყვეტით ვიღებთ, დგება ძალიან სწრაფად და მალევე შესამჩნევია. ქრონიკული ხველა და ქოშინი მწეველებს შეუჩერდებათ რამდენიმე კვირაში, მკურნალობის გარეშე. დიდი ძალა აქვს თავდაჯერებულობას, რომ თქვენ ამას შეძლებთ.
ეს ავტომობილი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2016 წლიდან დღემდე 66-ჯერ დააჯარიმა, თუმცა მძღოლს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი.
„მერსედერსის“ მინივენს ბოლო ორი წელია პარკირების საფასურის გარეშე დგომისა და ტროტუარზე გაჩერებისთვის აჯარიმებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტმა მძღოლს 66-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაუგზავნა საჯარიმო ოქმი, რომელიც მას ასევე არ გადაუხდია.
ბოლოს ამ სანიშნე ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლი ბათუმის ავტოტრანსპორტმა 2018 წლის 11 აპრილს დააჯარიმა.
ბოლო ფოტო კი „ბათუმელებმა“ 23 აპრილს გადაიღო.
23 აპრილი, 2018 წელი. ფოტო: „ბათუმელები“
ეს ფოტო 26 მაისის ქუჩაზეა გადაღებული – ჯარიმა დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
10 მაისი, 2016 წელი. ჯარიმა პარკირების საფასურის გარეშე დგომისთვის
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 356 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 298 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 47 – ნიშანში დგომისთვის, 6 – ტროტუარზე დგომის გამო, 5 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
ემზარ კვიციანის კანონპროექტზე „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან“ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პოზიციები ვერ შეაჯერეს. 25 აპრილი ბოლო დღე იყო, როცა ამ თემაზე წამყვან კომიტეტებს დასკვნები უნდა დაედოთ. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება პარლამენტარებმა ერთი თვით გადადეს. თუკი კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი გახდება. დამნაშავეს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, ან ერთი წლით ციხეში გამოამწყვდევენ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია ევროპული პრაქტიკის კუთხით. „ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა იგივე სახის დანაშაულზე მკაცრად რეაგირებს და მას სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს,“ – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. „ბათუმელები“ თამარ დეკანოსიძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს.
ქალბატონო თამარ, უკვე გავრცელდა საიას და კოალიცია „თანასწორობისთვის“ შეფასება. თქვენ კანონპროექტს „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ უარყოფითად აფასებთ. რა არის თქვენი მთავარი არგუმენტი?
ეს კანონპროექტი არის სერიოზული საფრთხის შემცველი გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისჯებოდეს სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი წესით. ჩვენი ამ დამოკიდებულების მთავარი მიზეზი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული მიდგომა. ეს გულისხმობს იმას, რომ დაცვის ობიექტი არის არა რელიგიური გრძნობა, არამედ ადამიანი, რომელიც დაცული უნდა იყოს რელიგიური სიძულვილისგან. რელიგიური გრძნობა, როგორც ასეთი, არ იმსახურებს დაცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად და საქართველოში არსებული კანონმდებლობაც ეწინააღმდეგება ამას.
ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არსებობს რელიგიური გრძნობა, როგორც სამართლებრივი ტერმინი?
ამ ტერმინს ახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მაგრამ ამასთან ამბობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ევროპული სასამართლო ამბობს იმას, რომ ის, ვინც საკუთარ რელიგიას საჯაროდ გამოხატავს, ვალდებულია მიიღოს სხვების მხრივ მისი რელიგიური რწმენის კრიტიკა, ან შეურაცხყოფა. ანუ ადამიანი, რომელიც გამოხატავს საკუთარ რელიგიას, უნდა მოელოდეს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, შესაძლოა, მისი რელიგიური რწმენა გააკრიტიკონ ადამიანებმა, მათ შორის, მტრულად განწყობილმა ადამიანებმა ამ რელიგიის ან იდეოლოგიის მიმართ.
კანონპროექტის ავტორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე, რომელიც უშვებს შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლებაზე, „როდესაც საქმე ეხება სხვათა უფლებების ან ღირსების დაცვას.“
ეს არის აბსოლუტურად მცდარი განმარტება. როგორც აღვნიშნე, ევროპული სასამართლოსთვის დაცვის ობიექტი არის არა რელიგიური გრძნობები, არამედ ადამიანი რელიგიური სიძულვილისგან. არავინ დავობს იმაზე, რომ რელიგიური ნიშნით სიძულვილი და დისკრიმინაცია არ უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ უშუალოდ რელიგიური გრძნობების დაცვა ძალიან აბსტრაქტული ცნებაა. „რელიგიური გრძნობები“ არ წარმოადგენს ევროპული სტანდარტებით დაცვის ობიექტს. ასევე, ევროპული სასამართლო უარყოფითად აფასებს, როცა სახელმწიფო ცდილობს, მაგალითად, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება აღმოფხვრას პლურალიზმის ზიანის ხარჯზე. სახელმწიფო სხვა გზებით უნდა ეცადოს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობის ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ დაუშვებელია კანონმდებლობა ითვალისწინებდეს რაიმე სახის სასჯელს რელიგიური გრძნობების გამოხატვის და შეურაცხყოფის საფუძველზე.
კანონპროექტის ავტორი რამდენიმე ევროპის ქვეყანას ასახელებს, სადაც, მისი ინფორმაციით, რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება. არსებობენ ასეთი ქვეყნები?
მე შემიძლია გითხრათ ევროპის ქვეყნების მიდგომის შესახებ. შესაძლებელია, ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს მიჩნეული სამართალდარღვევად, თუმცა ევროპის საბჭოს მკაფიო პოზიციაა, რომ ამგვარი მიდგომა არ არის დასაშვები. ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება იმგვარი გამოხატვაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, ან შოკისმომგვრელია. ვენეციის კომისიაც აღნიშნავს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადად იყო გამოცხადებული ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არ იყო სწორი მიდგომა, რადგან იგი გამოხატავდა დომინანტი რელიგიური ჯგუფის პოზიციას. ვენეციის კომისიის შეფასებით, როცა სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია, სახელმწიფო არ უნდა იღებდეს სამართლებრივ აქტებს მხოლოდ დომინანტი რელიგიური ჯგუფის დაკვეთით.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო არსებობს დაპირისპირების საფრთხეები. რა უნდა უპასუხოს სახელმწიფომ ამ რისკს?
რისკები, რაც ჩამოთვლილია განმარტებით ბარათში, ჩვენი კანონმდებლობით უკვე ისედაც მიჩნეულია სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პრიმა ითვალისწინებს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას, მათ შორის, რელიგიური ნიშნით მოწოდებას. ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება არის დასჯადი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ღიად, საჯაროდ, ზეპირი, ან წერილობითი ფორმით, აშკარად უნდა იქმნებოდეს დაპირისპირების საფრთხე. საფრთხე თუ არ არსებობს ძალადობრივი ქმედების, ამგვარი გამოხატვაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე.
კონკრეტულად რა საფრთხეებს ხედავთ, თუკი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს პარლამენტი?
ეს იქნება ძალიან დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიულ საზოგადოებაში. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ეს კანონი იქნება გამოყენებული შერჩევითად კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც დომინანტ რელიგიურ ჯგუფს, სისტემას აკრიტიკებენ. გამოვა, რომ გავლენიანი რელიგიური ჯგუფის კრიტიკა გახდება დასჯადი.
მარიამ კ. (სახელი შეცვლილია) 34 წლის მარტოხელა დედაა და ორი წლის პატარას მარტო ზრდის. მის მეუღლეს 3 წელი აქვს მისჯილი და მარიამს ყველაფერთან მარტო უწევს გამკლავება. უვლის ქმრის ასაკოვან ბებიას და ბავშვს. მუშაობას ვერსად იწყებს, რადგან ბავშვი ბაღში დაჰყავს, სადაც მას დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე იტოვებენ. დედაც ამ გრაფიკზეა დამოკიდებული და ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ იპოვა სამსახური, სადაც მისთვის მისაღებ გრაფიკს შესთავაზებდნენ.
ქმრის დაპატიმრებამდე 3 წელი საკანცელარიო მაღაზიაში მუშაობდა, სამიც „ბიბლუსის“ მაღაზიაში. პროფესიით პედაგოგია, მაგრამ მასწავლებლად არასდროს უმუშავია.
თვითონ გურიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა, ახლა ქუთაისში, მეუღლის სახლში ცხოვრობს. ქალაქს კარგად არ იცნობს, სამსახურის პოვნას მისთვის ესეც ართულებს.
მარიამი, მისი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი ბებია სოციალურად დაუცველები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახს თვიდან თვემდე უნდა ეყოს 190 ლარი ყველაფრისთვის. კომუნალური გადასახადებისა და პროდუქტებისთვის, წამლებისა და სამოსისთვის, კვებისა თუ მგზავრობისთვის.
„ძალიან ბევრ რამეს ვაკლებ შვილს, უბრალოდ ვარსებობთ. ძალიან მინდა ვიმუშაო, მაგრამ სად? ვინ მიმიღებს სამსახურში 5 საათამდე. სხვაგვარად მე არ შემიძლია, შვილი ბაღიდან ამ დროს გამომყავს, მეტხანს არსად იტოვებენ“.
სახელმწიფოს არ აქვს მექანიზმი, რითაც ასეთ შემთხვევაში პატიმრის ოჯახის წევრსა და მცირეწლოვნის დედას დაეხმარებიან, რომელიმე სამსახურში გამონაკლისის სახით უშუამდგომლებენ მორგებული სამუშაო გრაფიკის შესათავაზებლად. ასევე არ აქვთ პასუხისმგებლობა, არც კეთილი ნება კერძო კომპანიებს, ინდივიდუალური გრაფიკით დაასაქმონ პატიმართა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, მცირეწლოვანთა დედები.
ზამთარი მარიამმა ეზოში ხეების მოჭრით გაიტანა. ქუთაისში კერძო სახლი აქვთ და შეშის ღუმლით თბებიან. 190-ლარიან სოციალურ დახმარებას ზოგავენ, როგორც შეუძლიათ. გაზის გამათბობელი, გემრიელი საკვები, სეზონური ხილი, ტკბილეული და ახალი ტანსაცმელი ოჯახისთვის ფუფუნებაა, რასაც ვერ სწვდებიან.
მარიამი ამბობს, რომ მარტო ძალიან უჭირს ყველა პასუხისმგებლობასთან გამკლავება და ერთადერთ გამოსავლად მეუღლის გათავისუფლება მიაჩნია.
ცოტა ხნის წინ დახმარების თხოვნით „დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა, მეუღლის შეწყალების მოსათხოვნი ოფიციალური დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარნენ, იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს და დააკვალიანეს. მარიამი დიდ იმედებს ამყარებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროგრამაზე“. ფიქრობს, რომ თუკი მეუღლის შეწყალების მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მერე წყვილი მოიფიქრებს, რა საქმე წამოიწყონ ერთად, რისთვისაც შესაძლოა სამომავლოდ პროექტის ფარგლებში დააფინანსონ.
პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასაც გულისხმობს. მარიამი და მისი მცირეწლოვანი შვილი დღის ცენტრის გასართობ ღონისძიებაში ჩაერთნენ. პატიმრის მეუღლე ფიქრობს, რომ ასეთ წამახალისებელ დღეებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის განწყობა და მომავლის იმედი მისცეს.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: თანაზიართან, აფხაზინტერკონტთან და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად ახორციელებს.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
11:00-დან 19:00 საათამდე 621 აბონენტს ბათუმში: ჯორჯიაშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დაბა მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებების ნაწილს.
11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 986 აბონენტს ხელვაჩაურში: კახაბრის, მეჯინისწყალის, გონიოსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს, ასევე ახალსოფელს.
10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2637 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აგარაში, ახოში, ცხმორისში, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა ქედის ნაწილს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯაბნიძეებში, დღვანში, გოგნიაურში, ოქროპილაურსა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2165 აბონენტს ქობულეთის სოფლებში: წყავროკაში, ბუკნარში, გორგაძეებსა და მიმდებარე სოფლებში, ქობულეთში აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, რუსთაველის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო 2018-ზე აპლიკაციების გადარჩევა დასრულდა, 104 განაცხადიდან მხოლოდ 82 განაცხადი შეარჩიეს.
აპლიკანტთა შორის 72 ქალია, 10 – კაცი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ყველა რეგიონიდან შევიდა აპლიკანტების განაცხადი, თუმცა რეგიონებს შორის ისევ თბილისი და ქუთაისი ლიდერობს.
თბილისიდან 29 განაცხადია შესული, ქუთაისიდან კი – 12. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე კანდიდატის წარდგენის უფლება სკოლებსაც ჰქონდათ. შეფასების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე თითქმის ყველა საგნის მასწავლებელია წარმოდგენილი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფი საუკეთესო ათეულს 15 ივნისს გამოავლენს. აგვისტოში კი საუკეთესო ხუთეული უნდა შეირჩეს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს პირველად გაიცა. პირველი ჯილდო ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ მიიღო.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
გამარჯვებული საჩუქრად ათი ათას ლარს მიიღებს და იქნება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მონაწილე.
ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილამდე მაგისტრალი აჭარის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მთლიანად ამორტიზებულია. გზის კაპიტალური შეკეთება დაგეგმილია ხულოდან გოდერძიმდე, ხელვაჩაურიდან ხულომდე კი, ძირითადად, ორმული და მოასფალტების სამუშაოები შესრულდება. გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ ცდილობენ დაზიანებული ადგილების შეკეთება ივნისამდე მოასწრონ.
„კონტრაქტორი კომპანია უკვე მუშაობს გზის სხვადასხვა მონაკვეთზე და ზაფხულამდე, ბათუმიდან-ხულომდე მაგისტრალის შეკეთება მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, ვფიქრობთ, დასრულდება.
ხულო-ზარზმის პროექტი კი ხელშეკრულების მომზადების პროცესშია, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდება სამუშაოები ზარზმიდან [ახალციხე] აქეთ, თუ ხულოდან ზარზმის მიმართულებით დაიწყება. ეს პროექტი გზის სრულ, კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე სოფელ ერგეში [ხელვაჩაური] მიმდინარეობს სამუშაოები. კარიერზე მომუშავე მანქანებმა აქ გზა საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან. შესაკეთებლად გვიწევს 1,5 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა, გრუნტის მოჭრა, რათა გზას საფუძველი გავუმაგროთ, რომ ასფალტი დაიჭიროს. თუმცა მაგისტრალის გასწვრივ მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოებიც, მილების ჩაწყობა და ესეც ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია,“ – გვითხრა ირაკლი მაჩალაძემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის პროექტის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმებასა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დამტკიცებას სულ ცოტა ერთი თვე მაინც დასჭირდება.
„გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შემდეგ გვექნება ინფორმაცია, სამუშაოები რომელი მიმართულებიდან დაიწყება. პროექტი ორ ლოტადაა, თუმცა შესაძლოა რამდენიმე კონტრაქტორი იყოს და ერთდროულად დაიწყოს სამუშაოები,“ – განაცხადეს დეპარტამენტში.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, სადაც მეწყერმა მაგისტრალი დააზიანა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღდგენითი სამუშაოებისთვის 3 მილიონ 125 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.
ბათუმი-ახალციხის სახელმწიფო გზა ხელვაჩაურიდან ხულომდე:
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ ერგესთანბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სოფელ ერგესთანბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტიბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტიბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტიბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევის მუნიციპალიტეტიბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / შუახევი-ხულოს მონაკვეთიბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით
შპს „DS Group“-ი ბათუმში, პუშკინის #132-ში, სადაც სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი“ [ყოფილი „უნივერსამი“] და სარიტუალო დარბაზი „ოდიშია“ განთავსებული, ახალი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს.
სავაჭრო ცენტრში დასაქმებულების ინფორმაციით, ისინი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #5ა-ში, ამავე კომპანიის მიერ აშენებულ მრავალფუნქციური სახლის პირველ ორ სართულზე აპირებენ გადასვლას. „იქ გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი, თანაც ბევრად ცენტრალურ ადგილზე ვიქნებით, ვიდრე ახლა ვართ“, – ამბობს მზია ფარტენაძე, რომელიც ამ დრომდე სავაჭრო ცენტრ „მოსკოვში“ წინდების ბიზნესითაა დაკავებული. იგივე მოსაზრება აქვს აქ დასაქმებულების უმეტესობას. ისინი ფიქრობენ, რომ ახალ მისამართზე უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ.
შპს „N+“-ის დირექტორი ნუკრი სალაძე, რომელიც ამ დრომდე შპს „მოსკოვის“ მოიჯარე იყო, ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრისთვის ისევ საიჯარო პირობით ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #5ა-ში გადადის: „ალბათ ორ ან სამ თვეში გადავალთ, შენობა დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.“
შპს „მოსკოვის“ საკუთრებაში არსებული შენობა, რომელიც მესაკუთრეებმა შპს „DS Group“-ს უკვე მიჰყიდეს [4161 კვადრატული მეტრი], ორსართულიანია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია მოქცეული. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნით, ახალი პროექტი სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს, შემდეგ კი, პროექტს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური განიხილავს.
„DS Group“-ის იურისტის, ამირან ცეცხლაძის ინფორმაციით, კომპანიას ადგილი უკვე გამოსყიდული აქვს და ახლა პროექტის ესკიზზე მუშაობს, რომ შემდეგ ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინოს.
სააგენტოში განმარტეს, რომ „DS Group“-მა პუშკინის #132-ში მშენებლობის პროექტით ზონალურ საბჭოს ერთხელ უკვე მიმართა, თუმცა საბჭომ განცხადება არც კი განიხილა, რადგან კომპანიამ პროექტი ისე შეადგინა, რომ მომიჯნავედ გადაფარა არქეოლოგიური მუზეუმის საკუთრებაში არსებული ტერიტორია.
ბათუმიდან 27 კილომეტრში არის ერთი ადგილი. აქ კლდეებიდან წყაროები მოსჩქეფს, ფოთლებით მოფენილ ბილიკებს აღმართ-დაღმართებზე ჩანჩქერისკენ მიჰყავხარ, ჰაერში მწვანე, დაბურული ტყის სუნი ტრიალებს და სუნთქვას გიადვილებს, სადაც ხეების ჩრდილქვეშ ჯერ შეიძლება წვიმა წამოგეწიოს და შუბლი გაგიგრილოს, 15 წუთის შემდეგ კი ფოთლებზე მძივებივით დაკიდულ წვიმის წვეთებს მზის სხივები ააციმციმებს.
ეს მტირალას ეროვნული პარკია, რომლის უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. აქ უნიკალურ, ხელუხლებელ კოლხურ ტყეებსა და გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა ენდემურ სახეობებს ნახავთ: კოლხურ ბზას, პონტოს მუხას, უთხოვარსა და უნგერნის შქერის ყვავილობას – გაზაფხულზე.
მტირალამდე მისვლა ადვილია. თუ უშუალოდ მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრამდე ვერ მიდიხართ მანქანით, მაშინ ბათუმიდან ჩაქვის ცენტრამდე მარტივად, 70 თეთრად წახვალთ #40 ან ნებისმიერი სამარშუტო ტაქსით, რომელიც ჩაქვს გაივლის. დაბა ჩაქვის ცენტრში ჩამოხვალთ და იქვე მყოფ ტაქსის მძღოლებს შეგიძლიათ მოელაპარაკოთ. ვიზიტორთა ცენტრამდე ტაქსი დაახლოებით 25 ლარად მიგიყვანთ.
ეგზოტიკურობის ნიშნით ჩვენ არჩევანი ძველ, საბჭოთა მანქანაზე შევაჩერეთ და მტირალას გზას დავადექით.
მტირალას პარკამდე სოფელ ხალას გაივლით, გზად მთებზე შეფენილი სოფლები: გორგაძეები და ჩაისუბანი მოჩანს. სამანქანე გზა მდინარე ჩაქვისწყალს მიუყვება, კლდეებიდან ანკარა, ცივი წყაროები მოსჩქეფს, მდინარეზე ალაგ-ალაგ „ბეწვის“ ჭრიალა ხიდებია გადებული, ამ ადგილებში შეგიძლიათ მანქანა შეაჩეროთ და რწევა-რწევით გადახვიდეთ-გადმოხვიდეთ ხიდზე.
საცალფეხო ხიდი მტირალას დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ვიზიტორთა ცენტრში ასულებს სხვადასხვა ბილიკის დალაშქვრას შემოგთავაზებენ. ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩაქვისთავში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ნახავთ. ოჯახები, რომლებიც ვნახეთ, ხელუხლებელ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ, ეზოებში ფუტკრების ფერადი სკები უდგათ – იქვე შეგიძლიათ იყიდოთ ეკოლოგიურად სუფთა ცაცხვისა და წაბლის თაფლი.
ცაცხვის თაფლი და თაფლის არაყი. მანანა ქველიაშვილის ფოტოფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
მტირალას პარკში, წყაროებთან ახლოს, სიძველისგან მორებგაცვეთილ, ხის პატარა ნაგებობებს ნახავთ. ეს სოფლის პატარ-პატარა წისქვილებია, სადაც სიმინდის მარცვლებს დღემდე ისე ფქვავენ, როგორც ასზე მეტი წლის წინ: სუფთა, წყლის ენერგიაზე მომუშავე დოლაბების საშუალებით.
როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მტირალას ძველი წისქვილები ასზე მეტი წლისაა. წისქვილების უმეტესობა ბოქლომითაა ჩარაზული, თუმცა ფუნქციონირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარე ტურისტებს ხშირად უნდათ წისქვილში შესვლა, რაც სასურველი არ არის, სიმინდის დაფქვა ძალიან სუფთა პროცესი უნდა იყოს, ამ ფქვილისგან მჭადს ამზადებენ და უგემრიელეს ბორანოსთან ერთად მიირთმევენ.
როცა მოგშივდებათ, საოჯახო რესტორანში სადილ-ვახშმის შეკვეთა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ადგილობრივები შინ მოყვანილი პროდუქტებისგან დამზადებული ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებიან. ხილი, ბოსტნეული, ხორცი და რძის პროდუქტები – აქ ყოველთვის საკუთარი და ახალი აქვთ, ამიტომაც აქვს დაუვიწყარი გემო აქაურ კერძებს: ბორანოს, სინორს, ცხელ ხაჭაპურსა და უამრავ სხვას.
კერძებს აქ მტირალას ტყეების სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე შემოგთავაზებენ, თუმცა ჩვენ საღამოს სიგრილეში ვივახშმეთ და ბუხართან ვარჩიეთ კერძების დაგემოვნება. დიასახლისი გვიხსნის, რომ ბორანო ახალგამომცხვარი, ცხელი მჭადით უნდა მივირთვათ, მჭადმა კარაქში მოხარშული, მდნარი ყველი უნდა შეისრუტოს. ასე მიირთმევენ ამ განთქმულ აჭარულ კერძს.
ვახშამი მტირალაზე: აჭარული ბორანო, კიტრის და პომიდვრის ნიგვზიანი სალათი და მჭადი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
თუ დამწყები მოლაშქრე ხართ და დიდხანს მთებში ფეხით სიარულის გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, თქვენთვის იდეალური მარშრუტი იქნება მტირალას პარკის 7-კილომეტრიანი წაბლნარის ბილიკი, რომელიც მდინარე ჩაქვისწყალს მიუყვება. ამ გზაზე წყავით, კოლხური ბზითა და როდოდენდრონის ბუჩქებით მოფენილ ტყეს გაივლით, რომელსაც 15-მეტრიან ჩანჩქერამდე და ტბამდე მიჰყავხართ.
ცივწყაროს 15-კილომეტრიანი ბილიკი ორდღიანი მარშრუტია. ამ გზის არჩევისას მოლაშქრეები ხელუხლებელ, ველურ ბუნებას ნახავენ, კოლხურ, ფართოფოთლოვან შერეულ ტყეს და წიფლის კორომებს, სადაც ხშირად ეწყობა სამეცნიერო დაკვირვებები ხელუხლებელ ფლორასა და ფაუნაზე. გზად საპიკნიკე, კარვის გასაშლელი და ცეცხლის დასანთები ადგილები გხვდებათ. ბილიკზე მრავლადაა მინიშნებები, რაც ორიენტაციაში გეხმარებათ. როცა 15-კილომეტრიან მანძილს დაძლევთ, ცივწყაროს გზის ბოლოს მიადგებით 1250 მეტრზე მდებარე, ხეებში ჩაფლულ ტურისტულ თავშესაფარს.
ფოტო: Wild horn
ექსტრემალური გართობის მოყვარულებს მტირალას პარკში მაღალ ხეებს შორის გაბმული ზიპლაინით შეუძლიათ ისარგებლონ და 200 მეტრის სიგრძის ბაგირზე ისრიალონ ჰაერში გამოკიდებულებმა. პარკის დალაშქვრისას ამ სიამოვნების მოკლება არ ღირს. ბაგირს საიმედოდ მიბმული თოკებით ეკიდებით, ხელებს შლით და მიფრინავთ.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
მდინარე ჩაქვისწყალზე გადასასვლელად მტირალას პარკში ერთგან, გზის დასაწყისში, უცნაური გამოგონებით შეგიძლიათ ისარგებლოთ: ერთი ნაპირიდან მეორეზე აქვე მცხოვრები ხასან გორჯელაძის მიერ გამოგონილი ხის საბაგიროთი გადახვალთ, საჭეს დაატრიალებთ და მეორე ნაპირზე აღმოჩნდებით.
მანანა ქველიაშვილის ფოტო
თუ უკან დაბრუნებისას პარკში გზად დაგაღამდებათ, ღია ცის ქვეშ მოწყობილ რესტორან „მტირალასთან“ შეგიძლიათ შეისვენოთ, სადაც ყველაფერი განათებულია და ლაშქრობის დასასრულს ზღაპრის შთაბეჭდილებას გიქმნით, ხეებზე დაკიდებული გირლანდებითა და მოციმციმე ხიდით.
მანანა ქველიაშვილის ფოტო
პარკის სახელწოდება – „მტირალა“ გვეუბნება, რომ წვიმა აქაური, ველური ბუნების მთავარი მასპინძელი და ეგზოტიკის ნაწილია. ღამით, ძილის წინ, შეგიძლიათ უსმინოთ, როგორი ხმა აქვს შქერის ტყეში ძლიერ წვიმას. კარავსა თუ სასტუმროში დაბანაკებულებს მტირალას ღამე არასდროს დაგავიწყდებათ, მთავარია სწორად იყოთ აღჭურვილი მსუბუქი საწვიმრითა და ბოტებით.
ტურისტული სეზონი მტირალას პარკში ოფიციალურად მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, მაგრამ ნუ დაელოდებით ოფიციალურ თარიღებს, მტირალაზე აპრილშიც ყვავის გადაშენების პირას მყოფი უნგერნის შქერი და ასეთ დროს ტყეში ხეტიალი ერთი დიდი და დაუვიწყარი სიამოვნებაა.
მანანა ქველიაშვილის ფოტო
სერვისების ფასები მტირალას პარკში:
ზიპლაინი (ბაგირზე დაშვება): 15 ლარი
კარავი: 10 ლარი
ზურგჩანთა: 5 ლარი
საძილე ტომარა: 5 ლარი
საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე): 100 ლარი
ცხენით მომსახურება: 50 ლარი
საპიკნიკე ადგილი 5 ადამიანზე – 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 5 ლარი
საპიკნიკე ადგილი 10 ადამიანზე – 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 10 ლარი