მთავარი,სიახლეები

4 წლით პატიმრობა ბიზნესმენის და ძმის დაჭრისთვის

27.04.2018 • 2509
4 წლით პატიმრობა ბიზნესმენის და ძმის დაჭრისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რამაზ ხიმშიაშვილს. მას ბიზნესმენების, მათ შორის, საკუთარი ძმის დაჭრას ედავებოდა გამოძიება.

ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა.

„საბოლოო სიტყვა რატომაა? საბოლოო სიტყვას ვერ დავარქმევდი ამას,“ – თქვა რამაზ ხიმშიაშვილმა, როცა მას მოსამართლემ პროცედურით გათვალისწინებული „საბოლოო სიტყვის“ თქმისკენ მოუწოდა. განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არაერთხელ მოატყუეს.

„მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაზარალებულს… ვნანობ ჩემს საქციელს. დავამთავრე,“ – დასძინა რამაზ ხიმშიაშვილმა.

დასკვნითი სიტყვის თქმის დროს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ „სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემამსუბუქებელი გარემოებები“. ადვოკატის თქმით, შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ რამაზ ხიმშიაშვილი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, იარაღიც ჩააბარა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ თავად მოუყვა პოლიციელებს.

„მან მანამდე არაერთხელ სცადა ცივილური გზებით პასუხი მიეღო კომპანიის დირექტორისგან, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან დამცირებულად იგრძნო თავი და აღელდა…“ – თქვა ადვოკატმა.

„ძალადობას გამართლება ვერ ექნება“, – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მან ასევე თქვა, რომ რამაზ ხიმშიაშვილს ძმის დაჭრის განზრახვა არ ჰქონია და ის ამაში დარწმუნდა.

რამაზ ხიმშიაშვილს კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი შეუფარდეს. „შეწყალებისთვის შეგიძლიათ პრეზიდენტს მიმართოთ“, – უთხრა მოსამართლემ მსჯავრდებულს, ვიდრე იგი სხდომათა დარბაზს დატოვებდა. სხდომათა დარბაზი რეპლიკების გარეშე დატოვეს მსჯავრდებულის ახლობლებმა, მათ შორის, ალექსანდრე ხიმშიაშვილმა, რომელიც ფეხში დაჭრა ძმამ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/126515/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: