მთავარი,სიახლეები

მერიამ მოსაცდელი ამჯერად იქ დაამონტაჟა, სადაც ავტობუსი არ ჩერდება

27.04.2018 •
მერიამ მოსაცდელი ამჯერად იქ დაამონტაჟა, სადაც ავტობუსი არ ჩერდება

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ახალი მოსაცდელი იმ ადგილზე დაამონტაჟეს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჩერდება. გაჩერება აქ მოსაცდელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითის“ მიმდებარედაა. ახალ ბულვართან უფუნქციო მოსაცდელი უკვე თვეზე მეტია განთავსებულია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, კერძო კომპანიას იმ ადგილების მისამართები, სადაც ახალი მოსაცდელები უნდა დაემონტაჟებინა, ადრე გადასცა მერიამ, შემდეგ კი კაჩინსკების ქუჩიდან გაჩერება გადაიტანეს სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ: „მოქალაქეებისთვის უფრო ხელსაყრელია გაჩერება იქ, სადაც ახლა არის. რაც შეეხება მოსაცდელს, კომპანიამ იმ ადგილზე დაამონტაჟა, რაც ადრე იყო განსაზღვრული. ჩვენ მივეცით უკვე შენიშვნა კომპანიას და ის ამ მოსაცდელს ქუჩის პირას აიღებს“.

დაიდგმება თუ არა ის მოსაცდელი გაჩერებაზე, რომელსაც ქუჩიდან აიღებენ და, საერთოდ, იქნება თუ არა მოსაცდელი გაჩერებაზე სავაჭრო ცენტრთან? – „კონკრეტულად ეს მოსაცდელი დაიდგმება თუ არა, ვერ გეტყვით. კომპანია „მეტრომ“ გამოთქვა სურვილი, რომ თავად გააკეთებს მოსაცდელს, შესაძლოა სხვამ გააკეთოს, თუმცა მოსაცდელი აუცილებლად იქნება. მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივად, რათა ქალაქში ყველა გაჩერებაზე იყოს მოსაცდელი“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

ბათუმში გაჩერებებისა და მოსაცდელების საკითხი ქალაქის მერიის გამოწვევად რჩება:

[crosslist]

  • ვერ ხერხდება დაზიანებული მოსაცდელების დროული შეკეთება
  • ხშირად ვერ დგინდება დაზიანებების მიზეზი
  • კომპანიამ, რომელსაც მოსაცდელებისთვის ადგილები მერიამ განუსაზღვრა და იჯარის ფულს ახდევინებს, ქალაქში არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო და მათი გადაკეთების პროცესი ახლა მიმდინარეობს
  • ახალი მოსაცდელებით გადაიკეტა ტროტუარები ქვეითებისთვის და „შემოვლითი გზები“ ახლა კეთდება
  • კერძო კომპანიების ინტერესების გამო მოსაცდელები საერთოდ აიღეს რუსთაველისა და ბაგრატიონის ქუჩებზე ისე, რომ ამ დრომდე ახალი მოსაცდელი არ არის დამონტაჟებული
  • ქალაქში ბევრი გაჩერებაა მოსაცდელის გარეშე

[/crosslist]

მოსაცდელი კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება არ არის. მუნიციპალური ავტობუსები აქ გაჩერების უკანა მხარეს, „მეტრო სითის“ მიმდებარედ მოძრაობენ.

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება „მეტრო სითისთან“. ახალი მოსაცდელი გაჩერებიდან მოშორებით, გზის პირასაა დამონტაჟებული.

კაჩინსკების ქუჩის მონაკვეთი და მოსაცდელი, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაივლის ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილებისას / ხედი N10 ავტობუსიდან.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/131962/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/105564/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/125783/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: