Batumelebi | ქობულეთის სანაპიროს ზღვის სეზონისთვის სანახევროდაც ვერ აღადგენენ ქობულეთის სანაპიროს ზღვის სეზონისთვის სანახევროდაც ვერ აღადგენენ – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთის სანაპიროს ზღვის სეზონისთვის სანახევროდაც ვერ აღადგენენ

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქობულეთში გასამაგრებელი სანაპირო ზოლის სიგრძე 1900 მეტრია. ბულვარის, სულ მცირე, 700- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა კი, 2018 წლის 15 ივნისამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ფონდის ადრინდელი გათვლებით, სანაპიროს სრული რეაბილიტაცია 2 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული.

„ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოსაწყობად საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ფონდის დაკვეთით აწარმოებს ერთობლივი საწარმო შპს „ალიანსი“ და შპს „აგრომშენსერვისი“. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 7 944 250 ლარს და სამუშაოების დასრულების თარიღი  2018 წლის 2 ივნისია. ამჟამად, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს საკმარისი ტემპით.

მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოებისას მოხდა არსებული სანაპირო ზოლის დემონტაჟი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისათვის იგი პრაქტიკულად გამოუყენებელი გახდა. გასამაგრებელი სანაპირო ზოლის მთელი სიგრძე 1900 მეტრს შეადგენს, საიდანაც დღესდღეობით მხოლოდ 250 მეტრის მონაკვეთი არის მოწყობილი“, – აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, „მოახლოებული ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარებულ რეჟიმში, 2018 წლის 15 ივნისამდე, დასრულდეს ბულვარის, სულ მცირე, 700-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აგრეთვე დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა და მთლიანი მონაკვეთის გარე განათების ქსელის მონტაჟი.

აღნიშნული გადაუდებელი ღონისძიებების მეშვეობით მოეწყობა ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლი იმ მინიმალურ ფართობზე, რაც ტურისტული სეზონის განმავლობაში ერთობ მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე დამსვენებელთათვის“.

რატომ ვერ ესწრება სამუშაოების შესრულება? – მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, „სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ რეალურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობები მნიშვნელოვნად მეტია. ზემოაღნიშნული ამოცანის დაჩქარებულ ტემპში შესასრულებლად მოქმედ კონტრაქტორს საკმარისი რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამ სამუშაოთა უმოკლეს ვადებში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, განსახორციელებლად მიზანშეწონილია შესაბამისი ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნას აღნიშნული მოცულობის სამუშაოები და მოხდეს მათი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაკონტრაქტება ისეთ კომპანიასთან, რომელსაც მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება გააჩნია“.

ასეთ კომპანიად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია დაასახელა. ამ კომპანიის 100% წილს სახელმწიფო ფლობს.

„სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი პირველი მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას…“ – განაცხადა ქობულეთში ყოფნისას მინისტრმა ცქიტიშვილმა.

2 371 450 ლარის სამუშაოებს ქობულეთში სახელმწიფო კომპანია ტენდერის გარეშე შეასრულებს.

ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოების ტენდერით შესყიდვა არ მოესწრება: „ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება გამოიწვევს ტურისტული სეზონისთვის სანაპირო ზოლის მოუმზადებლობას, ხოლო სანაპირო ზოლის არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს დამსავენებლების უსაფრთხო მიღებას“.

მთავარი ფოტო: ქობულეთის დანგრეული სანაპირო / ფოტო: აჭარის მთავრობა / 22.04.2018

ამავე თემაზე:

ინფრასტრუქტურის მინისტრი ქობულეთის სანაპიროზე: ძალიან სავალალო მდგომარეობაა

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com