მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

04.08.2017 • 3761
პრობლემური საფრის ხიდი ხულო-გოდერძის გზაზე – როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციის დასრულება ოქტომბრამდე გადაიწევს. ე.წ. საფრის ხიდთან, რომელიც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე [რიყეთის თემში] მდებარეობს, იყო სხვადასხვა დაზიანებები – მორღვეული მოაჯირები, გამორეცხილი მისასვლელი ყრილები, დაზიანებული რკინაბეტონის ღარი და სხვა, რაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქმნიდა მოძრაობის ჩაკეტვის საშიშროებას.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად დეპარტამენტმა პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია „იბერია-ჯ“-სთან ხელშეკრულება 667 405 ლარზე 2016 წლის ოქტომბერში გააფორმა. პროექტირებასთან ერთად კომპანიას ასევე ევალებოდა ხიდდთან რამდენიმე კილომეტრში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაც. გზის ამ მონაკვეთში „აღინიშნება გზის ქვედა და ზედა ფერდობების დამეწყვრა, რაც იწვევს გზის საფარის დაზიანებას, იქმნება მოძრაობის ჩაკეტვის საშიშროება“.

სამუშაოები 2017 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შპს „იბერია-ჯ“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს ცვლილება და სამუშაოების შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

„არსებული სახიდე გადასასვლელი მდებარეობს რთულ რელიეფურ და კლიმატურ ზონაში, ზღვის დონიდან 1 400 მეტრის სიმაღლეზე. ზამთარში თოვლის საფარმა გადააჭარბა 3 მეტრს, ხოლო გაზაფხულზე ინტენსიური თოვლის დნობისას ადიდებული მდინარე არ იძლეოდა სამუშაოების შესრულების საშუალებას. არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და მაღალმთიანი რეგიონისათვის დამახასიათებელი რელიეფური მდგომარეობის გამო შეფერხდა სამუშაოების წარმოება.
შესაბამისად შეუძლებელი იყო წინასწარ ყოფილიყო განსზღვრული შემაფერხებელი გარე ფაქტორები“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ მიიჩნია, რომ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები შეწყდეს, რადგან ამ მონაკვეთზე სამუშაოები ჩატარდება ხულო-ზარზმის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

რაც შეეხება სახიდე გადასასვლელს, სამუშაოები უნდა შესრულდეს „იბერია-ჯ“-ს მიერ, ისე, როგორც იყო დაგეგმილი. დეპარტამენტი თანახმაა კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუგრძელოს, თუმცა შესაძლოა გამოიყენოს საჯარიმო სანქციებსაც, ვინაიდან კომპანიამ „არ გამოიყენა ყველა რესურსი და დაარღვია საკონტრაქტო ვალდებულება“.

დეპარტამენტში გვითხრეს, რომ კომპანიას გარკვეული სამუშაოები შესრულებული აქვს და სამუშაოები სახიდე გადასასვლელზე ამჟამადაც მიმდინარეობს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, ახალი გზის მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერის თვეში დაიწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47-კილომეტრია და პირველ ეტაპზე გზის 29 კილომეტრი [დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე] უნდა აშენდეს.

მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. დეპარტამენტის ინფორმაციით პროექტის განხორციელებას დაახლოებით 100 მილიონი ლარი დასჭირდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კომპანია, რომელიც ახალ გზას ააშენებს, ამ დროისთვის შერჩეული არ არის.

xidii

„საფრის ხიდი“, ხულო, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი / ფოტო შესყიდვების დოკუმენტაციიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: