მთავარი,სიახლეები

როგორ ემზადებიან კაფეები და რესტორნები მოწევის აკრძალვისთვის – დარჩენილია სამი დღე

27.04.2018 • 2950
როგორ ემზადებიან კაფეები და რესტორნები მოწევის აკრძალვისთვის – დარჩენილია სამი დღე

პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა შენობაში რომ იკრძალება, ეს ბათუმში თითქმის ყველა კაფესა თუ რესტორანში იციან. კაფეები, რომელთა ძირითადი კლიენტი ქართველი მომხმარებელია, ამბობენ, რომ აუცილებლად მოაწყობენ კანონით განსაზღვრულ მოსაწევ ადგილს, „რადგან სხვაგვარად გამორიცხულია“. განსხვავებული ვითარებაა იქ, სადაც კლიენტების უმეტესობა უცხოელია. ამ ტიპის კაფეების მენეჯერები მშვიდად გეტყვიან: „კლიენტებს აქამდე ის უკვირდათ, რომ მოწევა დასაშვები იყო.“

პირველი მაისიდან კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ შესული ცვლილებები ძალაში შედის. კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში ეს კანონი თამბაქოს მოწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუკი „სპეციალური მოსაწევი ადგილი“ იქნება გამოყოფილი.

„სპეციალური მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისაგან, მოწყობილობისა და ნივთიერებისაგან, უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი ან ღია ფანჯრით, რომელიც გადის ღია სივრცეში (დასაშვებია ადგილის მოწყობა მხოლოდ ხელოვნური ვენტილაციით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი თამბაქოს კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან,“ – წერია კანონში.

პუშკინის ქუჩაზე არსებულ კაფეებში, სადაც მომხმარებელი ძირითადად ხინკლის მისამართმევად დადის, ელოდებიან, როგორ მოიქცევა კლიენტი პირველი მაისის შემდეგ. სახინკლეებში ნაკლებად სჯერათ, რომ ხინკლის შემდეგ სტუმარს სიგარეტის მოწევა არ მოუნდება. თუმცა „კანონზე დამორჩილება ყველას მოუწევს,“ – ამბობენ ისინი. არც ერთ სახინკლეში, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, სპეციალური მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ არის და არც რაიმე სამზადისი შეინიშნება. ამ კაფეებში არც კომენტარის გაკეთება ისურვეს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ კაფე „შერეკილებში“. აქ სჯერათ, რომ მომხმარებელი გადაეჩვევა მოწევას და სამშაბათიდან ანუ პირველი მაისიდან ყველა მაგიდიდან აიღებენ საფერფლეს.

„მჯერა, რომ კლიენტი, რომელიც არის ჩვენი მომხმარებელი, ამის გამო არ დაგვივიწყებს. თუ ეს პრობლემა შეიქმნა, მოგვიწევს ცალკე მოსაწევი ადგილის მოწყობაც. ვნახოთ, რა იქნება,“ – გვითხრა კაფე „შერეკილების“ ხელმძღვანელმა, მამუკა გოგიტიძემ.

მამუკა გოგიტიძე ყურადღებას ამახვილებს ხარჯზეც, რაც სპეციალური მოსაწევი ადგილის მოწყობას სჭირდება. ამბობს, რომ ხარჯები ჯერ არ დაუთვლია, მაგრამ „კარგი გამწოვი თავისი ფილტრით 3 ათასი ლარი ღირს. თან რამდენიმე თვეში გამოსაცვლელი იქნება“.

შედარებით მშვიდად არიან იმ სახინკლეებში, რომლებსაც ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული კუპეები აქვთ და თითოეულ კუპეში ცალკე გამწოვია დამონტაჟებული. მაგალითად, კაფე „მეფაიტონეში“ განმარტავენ, რომ კუპეების გარკვეულ ნაწილში მოწევა ისევ დასაშვები იქნება, ღია სივრცეში კი, სადაც ბანკეტები იმართება, თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ადგილას გამოაკრავენ.

რესტორანში თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის მოლოდინი აქვთ მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე „ქიზიყში“. რესტორნის ადმინისტრატორმა, აზა შავლიძემ გვითხრა, რომ ჯერ დააკვირდება, შემცირდება თუ არა კლიენტის რაოდენობა მას შემდეგ, რაც რესტორანში მოწევა აღარ იქნება შესაძლებელი.

„თუ გამოვა, რომ ამის გამო კლიენტი უარს გვეტყვის, ჩვენც მოგვიწევს ასეთი სივრცის მოწყობა. ჩვენ გვაქვს კუპეები, მაგრამ მკვეთრად გამიჯნული არ არის. აქედან კვამლი მაინც გამოვა. ერთ ნაწილს ავიღებთ ალბათ და კანონის შესაბამისად მოვაწყობთ, მაგრამ ჯერ პირველ მაისს ველოდებით,“ – გვითხრა აზა შავლიძემ.

თამბაქოს მოწევა აიკრძალება და არც სპეციალური მოსაწევი ადგილების შექმნას აპირებენ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორნებში: „გარდენისა“ და „გრილში“.

რესტორანი „გარდენი“

მარი გვარიშვილი, „გარდენის“ მენეჯერი: „ჩვენ გვაქვს ტერასები და მოწევა იქ იქნება მხოლოდ დაშვებული. როცა აცივდება, ტერასაზე ვაპირებთ გათბობის სისტემის დამონტაჟებას, რომ კომფორტული გარემო არსებობდეს მწეველებისთვის. შენობის შიგნით არ ვაპირებთ არაფერს, რადგან არ იქნება ლამაზი. თუ კონკურენციის კუთხით პრობლემა შეიქმნება, ალბათ ღია სივრცის მოცულობას გავზრდით.“

ბესიკ შავიშვილი, „გრილის“ მენეჯერი: „ყველგან აიკრძალება მოწევა, ტერასის გარდა… არ ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება კლიენტი მოგვაკლდეს. ჩემი ჯოკერი ჩემი მენიუა“.

ღია სივრცეში იქნება ისევ მოწევა დაშვებული კაფეშიც „პრივეტ იზ ბატუმა“. აქ გვითხრეს, რომ შემოდგომაზე, როცა აცივდება, გათბობის სისტემას გარეთ მოაწყობენ და შიგნით სპეციალური მოსაწევი ადგილის მოწყობას არ გეგმავენ.

პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში 500 ლარით კაფეს ან რესტორნის მესაკუთრე დაჯარიმდება და არა ფიზიკური პირი, ვინც აკრძალულ სივრცეში თამბაქოს მოწევს.

მთავარ ფოტოზე: კაფე მოსაწევი ადგილით ტოსკანაში, იტალია. მანანა ქველიშვილის ფოტო. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: