მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

02.04.2018
გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი.

მოსახლეობის თქმით, სანაპირო ზოლზე ჯებირების მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი აქვთ გაკეთებული, მაშინ როცა  1,8 კმ მონაკვეთი ისევ გაუკეთებელია,“ – გვეუბნება ადგილობრივი გიორგი ანანიძე.

მისი თქმით, თუ სამუშაოები ასეთი ტემპით გაგრძელდა, ქობულეთში დამსვენებლების ნაკლებობა იქნება.

„დღეს მშვენიერი, მზიანი ამინდია და ტექნიკა არ მუშაობს. მუშები გვეუბნებიან, რომ ხან ხელფასს არ უხდიან დროულად, ხან საწვავი არ არისო და ასე იწელება სამუშაო პროცესი. პლაჟზე ჩასვლა შეუძლებელია, რადგან სანაპირო ზოლზე არის ქვიშის მთები და მისასვლელ მწვანე ზოლზე ტექნიკა გადაადგილდება,“ – ამბობს ანანიძე.

ზღვასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოშლილია.

ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე ამბობს, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი და პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„ჩვენც არაერთხელ დავაყენეთ საკრებულოში ეს საკითხი, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ისინი სამუშაოების დაჩქარებაში ვერ ჩაერევიან, რადგან მათი პროექტი არ არის. ფაქტია, რომ სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და მოსახლეობას ამის გამო დისკომფორტი ექმნება,“ – ამბობს ის.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ კომპანიამ დროულად დაასრულოს სარეაბილიტაციო სამუშაოeბი, რადგან ასეთ პირობებში ისინი დამსვენებლებს ვერ მიიღებენ.

როდის დასრულდება სამუშაოები სანაპირო ზოლში, ამის შესახებ „ბათუმელები“ კომენტარს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: