მთავარი,სიახლეები

როცა ორი წლის შვილი და მოხუცი ბებია გყავს, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობ

26.04.2018 • 1936
როცა ორი წლის შვილი და მოხუცი ბებია გყავს, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობ

მარიამ კ. (სახელი შეცვლილია) 34 წლის მარტოხელა დედაა და ორი წლის პატარას მარტო ზრდის. მის მეუღლეს 3 წელი აქვს მისჯილი და მარიამს ყველაფერთან მარტო უწევს გამკლავება. უვლის ქმრის ასაკოვან ბებიას და ბავშვს. მუშაობას ვერსად იწყებს, რადგან ბავშვი ბაღში დაჰყავს, სადაც მას დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე იტოვებენ. დედაც ამ გრაფიკზეა დამოკიდებული და ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ იპოვა სამსახური, სადაც მისთვის მისაღებ გრაფიკს შესთავაზებდნენ.

ქმრის დაპატიმრებამდე 3 წელი საკანცელარიო მაღაზიაში მუშაობდა, სამიც „ბიბლუსის“ მაღაზიაში. პროფესიით პედაგოგია, მაგრამ მასწავლებლად არასდროს უმუშავია.

თვითონ გურიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა, ახლა ქუთაისში, მეუღლის სახლში ცხოვრობს. ქალაქს კარგად არ იცნობს, სამსახურის პოვნას მისთვის ესეც ართულებს.

მარიამი, მისი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი ბებია სოციალურად დაუცველები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახს თვიდან თვემდე უნდა ეყოს 190 ლარი ყველაფრისთვის. კომუნალური გადასახადებისა და პროდუქტებისთვის, წამლებისა და სამოსისთვის, კვებისა თუ მგზავრობისთვის.

„ძალიან ბევრ რამეს ვაკლებ შვილს, უბრალოდ ვარსებობთ. ძალიან მინდა ვიმუშაო, მაგრამ სად? ვინ მიმიღებს სამსახურში 5 საათამდე. სხვაგვარად მე არ შემიძლია, შვილი ბაღიდან ამ დროს გამომყავს, მეტხანს არსად იტოვებენ“.

სახელმწიფოს არ აქვს მექანიზმი, რითაც ასეთ შემთხვევაში პატიმრის ოჯახის წევრსა და მცირეწლოვნის დედას დაეხმარებიან, რომელიმე სამსახურში გამონაკლისის სახით უშუამდგომლებენ მორგებული სამუშაო გრაფიკის შესათავაზებლად. ასევე არ აქვთ პასუხისმგებლობა, არც კეთილი ნება კერძო კომპანიებს, ინდივიდუალური გრაფიკით დაასაქმონ პატიმართა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, მცირეწლოვანთა დედები.

ზამთარი მარიამმა ეზოში ხეების მოჭრით გაიტანა. ქუთაისში კერძო სახლი აქვთ და შეშის ღუმლით თბებიან. 190-ლარიან სოციალურ დახმარებას ზოგავენ, როგორც შეუძლიათ. გაზის გამათბობელი, გემრიელი საკვები, სეზონური ხილი, ტკბილეული და ახალი ტანსაცმელი ოჯახისთვის ფუფუნებაა, რასაც ვერ სწვდებიან.

მარიამი ამბობს, რომ მარტო ძალიან უჭირს ყველა პასუხისმგებლობასთან გამკლავება და ერთადერთ გამოსავლად მეუღლის გათავისუფლება მიაჩნია.

ცოტა ხნის წინ დახმარების თხოვნით „დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა, მეუღლის შეწყალების მოსათხოვნი ოფიციალური დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარნენ, იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს და დააკვალიანეს. მარიამი დიდ იმედებს ამყარებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროგრამაზე“. ფიქრობს, რომ თუკი მეუღლის შეწყალების მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მერე წყვილი მოიფიქრებს, რა საქმე წამოიწყონ ერთად, რისთვისაც შესაძლოა სამომავლოდ პროექტის ფარგლებში დააფინანსონ.

პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასაც გულისხმობს. მარიამი და მისი მცირეწლოვანი შვილი დღის ცენტრის გასართობ ღონისძიებაში ჩაერთნენ. პატიმრის მეუღლე ფიქრობს, რომ ასეთ წამახალისებელ დღეებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის განწყობა და მომავლის იმედი მისცეს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: თანაზიართან, აფხაზინტერკონტთან და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: