განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა

27.04.2018
აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის  გადახდა დაუგვიანა

აჭარის განათლების „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სწავლის საფასურის დაფარვაში ეხმარება.

მიმდინარე წელს სამინისტროს 50 ბაკალავრი უნდა დაეფინანსებინა, თუმცა  სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფარავს სწავლის თანხა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზოგიერთმა სტუდენტმა თავად გადაიხადა სწავლის საფასური, რადგან მათ შესაძლოა შეწყვეტოდათ სტუდენტის სტატუსი.

თუ რატომ არ გადარიცხა სამინისტრომ 50 სტუდენტის სწავლის საფასური, ამის გასარკვევად „ბათუმელები“ აჭარის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც  განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ  „ბათუმელებს“ უთხრა,  თანხის ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზი დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაა.

„მცირე დაგვიანება გვაქვს და ეს თანხები უახლოეს მომავალში გადაირიცხება.  რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დაგვიანდა თანხის ჩარიცხვა,  ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 50  ბაკალავრის დაფინანსება, მაგრამ გადაწყდა, დაგვეფინანსებინა  მეტი სტუდენტი და ეს კვოტა 125-მდე გავზარდეთ.  კვოტა რომ გაზრდილიყო, უნდა შეცვლილიყო ასევე პროგრამაში ჩანაწერიც და ველოდებით ამ ცვლილებას,“ – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, სტუდენტები  დაფინანსებას დაახლოებით  15 დღეში მიიღებენ.

„ჩვენ ყველა უნივერსიტეტს შევეხმიანეთ და იციან კონკრეტულად რომელი სტუდენტები მიიღებენ  ან ვის გაუგრძელდება დაფინანსება.

უნივერსიტეტების  უმრავლესობამ ჩვენთან ითანამშრომლა და სტუდენტებს უპრობლემოდ გაუხსნეს ბაზები, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა  სტუდენტებმა თვითონ გადაიხადეს თანხა. მაგრამ ხელშეკრულებაში, რომელსაც უნივერსიტეტებთან ვაფორმებთ  არის ჩანაწერი, რის მიხედვითაც, როგორც კი სამინისტროდან თანხა ჩაირიცხება, სტუდენტს მის მიერ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება ანგარიშზე,“ – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

სტუდენტების დაფინანსების ახალი ბიუჯეტი წელს 56 ათასი ლარი იყო, ცვლილების შემდეგ ბიუჯეტი 84 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს. „მთლიანობაში 140 ათასი ლარი იქნება დაფინანსება,“ – გვითხრა დეპარტამენტის უფროსმა.

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი კი ერთი მილიონი ლარია.

 

 

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: