მთავარი,სიახლეები

სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

03.08.2017 • 6708
სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

აჭარაში ახალი ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა იწყება. გაზსადენი ბათუმიდან შუახევის სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთში, მაქსიმუმ ორ წელში უნდა აშენდეს. მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიკაცია ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ დაიწყება.

ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე. ერგედან მდინარე ჭოროხის გასწვრივ-მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ-სოფელი აჭარისწყალი-მაღლაკონი.

მაღლაკონიდან გაზსადენი გადავა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ დოლოგანთან. აქედან გაზსადენი მიყვება მდინარე აჭარისწყლის ხეობას [ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს]: ქვედა მახუნცეთი-პირველი მაისი-ცხემნა-დაბა ქედა-ცხმორისი-კოკოტაური-დანდალო.

დანდალოდან გაზსადენი გადავა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხიჭაურში.

გაზსადენი მაგისტრალი იქნება მიწისქვეშა და ის ფაქტობრივად მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე გაივლის.

ბათუმი-ხიჭაურის ახალი გაზსადენი შპს „გაზპროექტი 2009“-ის პროექტით აშენდება. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერით შეისყიდა, რომელშიც მხოლოდ „გაზპროექტი 2009“ მონაწილეობდა. ამ კომპანიასთან მიმდინარე წლის მარტში ხელშეკრულება სამინისტრომ 147 777 ლარზე გააფორმა.

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 26 მილიონ 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 აგვისტოს გამოაცხადა. გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2017 წლის 14 აგვისტოს მთავრდება.

გაზსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს „ახალშენის გზა – ზედა ახალშენი-ჯოჭოს“ მონაკვეთზე და ამ მონაკვეთზე სამუშაოები დაასრულოს არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში. ზოგადად, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადაა – არანაკლებ სამი წელი.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, პრეტენდენტს [ქვეკონტრაქტორების გარეშე] 2014 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების საშუალო ან/და მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები.

სატენდერო პირობის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, ან მისი წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათავო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები და სხვა), ის ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ბოლო სამი წლის შემოწმებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რომელიც უნდა ასახავდეს ინფორმაციას პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობის მდგრადობის, საქმიანობის უწყვეტობის შესახებ და მიუთითებდეს მის პერსპექტიულ გრძელვადიან რენტაბელობაზე. აუდიტორული დასკვნა გაცემული უნდა იყოს მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ: Deloitte, PWC, E&Y, KPMG, BDO, RSM, Grant Thornton, Baker Tilly International, Crowe Horvath International და Nexia“.

ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია [შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობების ჩართულობით] დაიწყებს სოფლების გაზიფიკაციას.

გაგრძელდება თუ არა სოფელ ხიჭაურიდან გაზსადენი შუახევი-ხულოს მიმართულებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ მათი მიზანია აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიკაცია, რისთვისაც განიხილება რამდენიმე ვარიანტი, ან გაგრძელდება ეს მილსადენი, ან ხულოსა და შუახევში გაზსადენი გადმოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან [გოდერძის უღელტეხილის გადმოვლით].

გაზსადენის კონტური ხელვაჩაური

გაზსადენის კონტური – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

გაზსადენის კონტური - ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

გაზსადენის კონტური – ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია

გაზსადენის კონტური - შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია [ხიჭაური]

გაზსადენის კონტური – შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია [ხიჭაური]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: