მთავარი,სიახლეები

საია: სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს რელიგიური სიძულვილისგან და არა „რელიგიურ გრძნობებს“

26.04.2018 • 3411
საია: სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს რელიგიური სიძულვილისგან და არა „რელიგიურ გრძნობებს“

ემზარ კვიციანის კანონპროექტზე „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან“ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პოზიციები ვერ შეაჯერეს. 25 აპრილი ბოლო დღე იყო, როცა ამ თემაზე წამყვან კომიტეტებს დასკვნები უნდა დაედოთ. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება პარლამენტარებმა ერთი თვით გადადეს. თუკი კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი გახდება. დამნაშავეს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, ან ერთი წლით ციხეში გამოამწყვდევენ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია ევროპული პრაქტიკის კუთხით. „ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა იგივე სახის დანაშაულზე მკაცრად რეაგირებს და მას სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს,“ – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. „ბათუმელები“ თამარ დეკანოსიძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს.

ქალბატონო თამარ, უკვე გავრცელდა საიას და კოალიცია „თანასწორობისთვის“ შეფასება. თქვენ კანონპროექტს „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ უარყოფითად აფასებთ. რა არის თქვენი მთავარი არგუმენტი? 

ეს კანონპროექტი არის სერიოზული საფრთხის შემცველი გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისჯებოდეს სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი წესით. ჩვენი ამ დამოკიდებულების მთავარი მიზეზი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული მიდგომა. ეს გულისხმობს იმას, რომ დაცვის ობიექტი არის არა რელიგიური გრძნობა, არამედ ადამიანი, რომელიც დაცული უნდა იყოს რელიგიური სიძულვილისგან. რელიგიური გრძნობა, როგორც ასეთი, არ იმსახურებს დაცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად და საქართველოში არსებული კანონმდებლობაც ეწინააღმდეგება ამას.

ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არსებობს რელიგიური გრძნობა, როგორც სამართლებრივი ტერმინი? 

ამ ტერმინს ახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მაგრამ ამასთან ამბობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ევროპული სასამართლო ამბობს იმას, რომ ის, ვინც საკუთარ რელიგიას საჯაროდ გამოხატავს, ვალდებულია მიიღოს სხვების მხრივ მისი რელიგიური რწმენის კრიტიკა, ან შეურაცხყოფა. ანუ ადამიანი, რომელიც გამოხატავს საკუთარ რელიგიას, უნდა მოელოდეს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, შესაძლოა, მისი რელიგიური რწმენა გააკრიტიკონ ადამიანებმა, მათ შორის, მტრულად განწყობილმა ადამიანებმა ამ რელიგიის ან იდეოლოგიის მიმართ.

კანონპროექტის ავტორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე, რომელიც უშვებს შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლებაზე, „როდესაც საქმე ეხება სხვათა უფლებების ან ღირსების დაცვას.“ 

ეს არის აბსოლუტურად მცდარი განმარტება. როგორც აღვნიშნე, ევროპული სასამართლოსთვის დაცვის ობიექტი არის არა რელიგიური გრძნობები, არამედ ადამიანი რელიგიური სიძულვილისგან. არავინ დავობს იმაზე, რომ რელიგიური ნიშნით სიძულვილი და დისკრიმინაცია არ უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ უშუალოდ რელიგიური გრძნობების დაცვა ძალიან აბსტრაქტული ცნებაა. „რელიგიური გრძნობები“ არ წარმოადგენს ევროპული სტანდარტებით დაცვის ობიექტს. ასევე, ევროპული სასამართლო უარყოფითად აფასებს, როცა სახელმწიფო ცდილობს, მაგალითად, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება აღმოფხვრას პლურალიზმის ზიანის ხარჯზე. სახელმწიფო სხვა გზებით უნდა ეცადოს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობის ჩამოყალიბებას.

მნიშვნელოვანია ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ დაუშვებელია კანონმდებლობა ითვალისწინებდეს რაიმე სახის სასჯელს რელიგიური გრძნობების გამოხატვის და შეურაცხყოფის საფუძველზე.

კანონპროექტის ავტორი რამდენიმე ევროპის ქვეყანას ასახელებს, სადაც, მისი ინფორმაციით, რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება. არსებობენ ასეთი ქვეყნები? 

მე შემიძლია გითხრათ ევროპის ქვეყნების მიდგომის შესახებ. შესაძლებელია, ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს მიჩნეული სამართალდარღვევად, თუმცა ევროპის საბჭოს მკაფიო პოზიციაა, რომ ამგვარი მიდგომა არ არის დასაშვები. ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება იმგვარი გამოხატვაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, ან შოკისმომგვრელია. ვენეციის კომისიაც აღნიშნავს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადად იყო გამოცხადებული ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არ იყო სწორი მიდგომა, რადგან იგი გამოხატავდა დომინანტი რელიგიური ჯგუფის პოზიციას. ვენეციის კომისიის შეფასებით, როცა სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია, სახელმწიფო არ უნდა იღებდეს სამართლებრივ აქტებს მხოლოდ დომინანტი რელიგიური ჯგუფის დაკვეთით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო არსებობს დაპირისპირების საფრთხეები. რა უნდა უპასუხოს სახელმწიფომ ამ რისკს?

რისკები, რაც ჩამოთვლილია განმარტებით ბარათში, ჩვენი კანონმდებლობით უკვე ისედაც მიჩნეულია სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პრიმა ითვალისწინებს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას, მათ შორის, რელიგიური ნიშნით მოწოდებას. ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება არის დასჯადი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ღიად, საჯაროდ, ზეპირი, ან წერილობითი ფორმით, აშკარად უნდა იქმნებოდეს დაპირისპირების საფრთხე. საფრთხე თუ არ არსებობს ძალადობრივი ქმედების, ამგვარი გამოხატვაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე.

კონკრეტულად რა საფრთხეებს ხედავთ, თუკი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს პარლამენტი? 

ეს იქნება ძალიან დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიულ საზოგადოებაში. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ეს კანონი იქნება გამოყენებული შერჩევითად კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც დომინანტ რელიგიურ ჯგუფს, სისტემას აკრიტიკებენ. გამოვა, რომ გავლენიანი რელიგიური ჯგუფის კრიტიკა გახდება დასჯადი.

მთავარ ფოტოზე: ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: