რა შემოუთვალა ლავასოღლიმ მოსამართლეს

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – ეს ფრაზა დღეს სამივე ბრალდებულმა თქვა მოსამართლის ტრადიციული შეკითხვის საპასუხოდ: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავს. ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს დააკავეს.

დღეს, 12 სექტემბერს, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა სამ ნაწილად იმართება.

პირველ სხდომაზე ოთხი ბრალდებულის საქმე განიხილეს, მათ შორის, ერთი – მინდია ლავასოღლი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ის საქართველოში არ იმყოფება.

“სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მას ბრალი განუმარტოს,” – თქვა თუ არა ეს მოსამართლემ, დარბაზში ლავასოღლის დამცველი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე წამოდგა.

“რაც დამაბარა ლავასოღლიმ, ის მინდა გითხრათ…” – დაიწყო ადვოკატმა.

“ბრძანეთ,” – დაინტერესდა მოსამართლე.

“ლავასოღლის უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მას ეუბნებიან, რომ თუ ჩამოვა, დააკავებენ. ეუბნებიან, რომ მას საქართველოში ცხოვრების უფლება არ აქვს. დამიბარა მეთქვა, რომ ეს ბრალდება არის აბსურდი და ბუტაფორია,” – დაასრულა ადვოკატმა.

ბრალის გაცნობის დროს მოსამართლეს ივანე გიგიაძის შეჩერება გაუჭირდა.

“მე ვარ ივანე გიგიაძე, ზედმეტსახელად ბათურას მეძახიან…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

ივანე გიგიაძის თქმით, მას „უშიშროების სამსახურის“ თანამშრომლები უკავშირდებიან ციხეში.

“მეუბნებიან, რომ თითქოს მე ლავასოღლისთან რამე მქონდეს. მინდია ჩემი მეგობარია და მას თუ ტელეფონით დავურეკე, ამით მგონი დანაშაული არ ჩამიდენია…

შევდივარ ციხეში და მეკითხებიან, ვინ ხარ, ქურდი ხარ? ვპასუხობ, რომ მე ვარ ბიზნესმენი.

მე 62 წლის ვარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგ პროცესებს ვეღარ დავესწრები, ბატონო მოსამართლევ,” – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ივანე გიგიაძეს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ მხოლოდ ბრალის არსი გააცნო და კითხვაზე მოკლე პასუხი უნდა გაეცა.

“თქვენ არ ხართ ვალდებული ამტკიცოთ საკუთარი უდანაშაულობა. ეს პროკურატურამ უნდა დაადასტუროს. თან ჯერ საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა… ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – გაიმეორა შეკითხვა მოსამართლემ.

“არა, არ ვაღიარებ არაფერს,” – დასძინა ივანე გიგიაძემ.

მოსამართლის კითხვებს მოკლედ უპასუხეს ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ. ორივე მათგანი ბათუმელია და წარსულში ნასამართლევი.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატებმა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. მათი თქმით, პროკურატურამ კანონის დარღვევით მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერები.

დაცვის მხარე საეჭვოდ ხდის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებსაც, რომლის მიხედვითაც სატელეფონო ჩანაწერები ნამდვილად ბრალდებულებს ეკუთვნით.

“როგორ შეიძლება ექსპერტს სამ საათში მოესმინა და შეესწავლა 40 ჩანაწერი?” – კითხულობს ადვოკატი ირაკლი წაქაძე.

ამ ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ექსპერტმა ხმების შესადარებლად ბრალდებულების სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერი გამოიყენა.

“დარბაზში ადამიანის ხმის ტემბრი იცვლება ჩანაწერში,” – ერთხმად აღნიშნავენ ადვოკატები.

“საუბარია გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა რამაზ შავაძემ. – “სასამართლოში დაიკითხება ექსპერტი და ადვოკატებს ექნებათ საშუალება, ყველა კითხვა დაუსვან მას…”

ივანე გიგიაძის კიდევ ერთი ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დაკავების დროს არ განუმარტეს დაკავების მიზეზი, რაც პროცედურული დარღვევაა.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ადვოკატმა მზია დიასამიძემაც. იგი შოთა კეკელიძის ინტერესებს იცავს.

“მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად უთვალთვალებდნენ. ეს იყო უკანონო თვალთვალი… ამ პირის პატაკის საფუძველზე წაუყენეს ბრალი შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს,” – ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე.

“ეს პირი – ამირან ბერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ახორციელებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს… გამოძიება ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს,” – პროკურორ რამაზ შავაძეს ამ სიტყვების თქმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ შეაწყვეტინა.

“რა ამბავია, კენედი ხომ არ მოგვიკლავს?” – იკითხა მან. მოსამართლემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა.

“რა შუაშია ეს, რა შუაშია,” – ამ სიტყვების მრავალჯერ გამეორებით ბრალდებულმა აგრესიულად შეაწყვეტინა საუბარი საქმის მეორე პროკურორს, ფრიდონ ქარცივაძესაც. მოსამართლემ ივანე გიგიაძეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.

ივანე გიგიაძის ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ბრალდებულისთვის საჭირო მედიკამენტის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს. “მისი მდგომარეობა რთულია. გთხოვთ, ეს სასამართლოს შეურაცხყოფად არ მიიღოთ,” – თქვა მან.

“ვითვალისწინებ მის მდგომარეობას… თუმცა თავშეკავება მართებს,” – აღნიშნა მოსამართლემ.

მტკიცებულებები ამ საქმეზე 4 ტომია. მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ დღევანდელ პროცესზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან მასალებს დეტალურად უნდა გაეცნოს. წინასასამართლო სხდომა რამდენიმე დღის შემდეგ განახლდება, სადაც მოსამართლე გადაწყვეტს, დასაშვებია თუ არა პროკურატურის მიერ ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა ელით 7-დან 10 წლამდე ვადით.

ბრალდებულები  სხვადასხვა ასაკის მამაკაცები არიან: ყველაზე უფროსი – 62 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 26 წლის.

ბრალდებულები არიან:

  • მინდია ლავასოღლი
  • იმედა აბაშიძე
  • ივანე გიგიაძე
  • შოთა კეკელიძე
  • მარად წითელაძე
  • ბეჟან დეკანაძე
  • ბადრი ქობულაძე
  • რამაზ კომახიძე
  • გიორგი შავლიძე
  • ჯამბულ ნაკაშიძე
  • ზაალ ახვლედიანი

 

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

ივანიშვილის გადახაზული სტიკერი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ავტომობილზე

რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთის საკრებულოდან, ბონდო თედორაძემ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა  პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის ავტომობილის ფოტო, რომელზეც გაკრულია ენმ-ის საარჩევნო ნომერი – 5 და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადახაზული სტიკერები.

ბონდო თედორაძე ფოტოებს ასეთი წარწერით აქვეყნებს: „ანზორ ბოლქვაძე მიხვდა დანაშაულს და გადახაზა ბიძინა, გააკრა 5 ნომერი სტიკერი! ძალა ერთობაშია! #თორნიკერიჟვაძე #ირაკლიკობახიძე თქვენ როდის აკრავთ???“

ბონდო თედორაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ფოტო პარტიის აქტივისტებმა მიაწოდეს.

„მე არ გადამიღია ფოტო, ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივისტმა მომაწოდა. შეიძლება ოფიციალურ საუბრებში არ ამბობს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ პირად საუბრებში აცხადებს, რომ უკვე მზადაა დაბრუნებისთვის (ენმ-ში) და ბოდიშებსაც იხდის“, – გვითხრა თედორაძემ.

„ბათუმელები“ ანზორ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ „ბათუმელებისგან“ შეიტყო და უკვე გამოიძახა პოლიცია. ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ აპირებს პოლიციის ჩარევით დაადგინოს, ვინ მიაწება სტიკერები ავტომობილზე: „მე გაჩერებული მყავდა ავტომობილი გამგეობის წინ [ქობულეთი] და ჩემს კოლეგასთან ვიყავი. ახლა გამოვიძახე პოლიცია და „ნაციონალების“ გამოძახებასაც ვაპირებ“, – გვეუბნება ის.

ანზორ ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო პარლამენტში ენმ-ს მმართველობის პერიოდში. ახლა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია. დეპუტატი ამბობს, რომ ის არ აპირებს „ქართული ოცნების“ დატოვებას:

„შეიძლება თვითონ მიაკრეს სპეციალურად. მაგათ სურვილი აქვთ, რომ წამოვიდე „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ვერ დაეწევიან ეგენი მაგ სურვილს“.

სქრინი ბონდო თედორაძის ფეისბუქგვერდიდან

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12-13 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 24  – 29  გრადუსი  
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი 
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, ტალღის სიმაღლე:  7-12 დმ (2-3 ბალი).

ენმ: პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს

„პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს. აჭარის მთავარი პროკურორი მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.

რეზო ხარაზის თქმით, ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას სხვადასხვა საქმის შესახებ დოკუმენტები მიაწოდა, რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

„ეს ეხებოდა, მაგალითად, ქობულეთში სტადიონის მშენებლობას; მაგისტრალზე, გვირაბთან გზის მშენებლობის შეჩერებას; სასაფლაოების მოწყობის პროექტს, ანგისის სტადიონს, რომელიც გახსნიდან ერთ კვირაში დაიხურა… არც ერთ საქმეზე პროკურატურას ინფორმაცია არ მოუწოდებია, დაიწყო თუ არა გამოძიება.

პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გუშინ პირად საუბარში გვითხრა, რომ არც ერთ საქმეზე, რაც ჩამოგითვალეთ, გამოძიება არ დაიწყება,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

პროკურატურას ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ფინანსთა სამინისტრომ კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 21 პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდში, აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებული 21 პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, ხოლო რიგ შემთხვევებში ყალბ სახელფასო ცნობებს წარადგენდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას დააფინანსებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წლიდან სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას – 80 000 ლარით და ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას -150 000 ლარით.

ასევე, სამინისტროს ცნობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება და ნაცვლად 50 000 ლარისა, გახდება 65 000 ლარი.

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ქვეპროგრამის -„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ – ფარგლებში ღვიძლის ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება.

გეგმის თანახმად, 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზრდება – 1 282 515 ლარით და იქნება 18 531 135 ლარი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ჯამში 32 პროგრამას განახორციელებს.

დღეს, 12 სექტემბერს, სამინისტროში 2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართა.

ამავე თემაზე: 

რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება

 

 

რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება

დღეს, 12 სექტემბერს, სამინისტროში 2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართა. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით,  2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში ცვლილებები იგეგმება.

  • სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაცის – 80 000 ლარით და ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას -150 000 ლარით.
  • „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით განხორციელდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება და ნაცვლად 50 000 ლარისა, გახდება 65 000 ლარი.
  • გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი). თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი შეადგენს 25 000 ლარს. შესაბამისად, გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარით და გახდება 1 800 000 ლარი.
  • ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი (დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით) და ნაცვლად 15 000 ლარისა გახდება 25 000 ლარი. შესაბამისად გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარით და გახდება 700 000 ლარი.
  • „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და გახდება 400 000 ლარი.
  • “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი (5000 ლარით) და გახდება 15 000 ლარი.
  • ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 – მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი გახდება 2 000 000 ლარი.
  • სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია 2 ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაცია“.
  • ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატებიან სხვადასხვა პრობლემის მქონე დედები.

სამინისტროს ცნობით, ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

გეგმის თანახმად, 2019 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზრდება 1 282 515 ლარით და იქნება 18 531 135 ლარი.

ბათუმის ვალდორფის ბაღი აღმზრდელს ეძებს

„თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღი“ ბათუმში ეძებს დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც თბილისში საფუძვლიანად გაივლის ვალდორფის პედაგოგიკის თეორიულ სასწავლო კურსს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს – ბათუმისა და გერმანიის ვალდორფის საბავშვო ბაღებში. ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ცოდნა (B1-B2).

როგორც ვალდორფის ბაღის მენეჯერი ანა ბერუჩაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაინტერესებულ პირს აუცილებელია ჰქონდეს უმაღლესი განათლება, თუმცა სპეციალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ იქნება ფსიქოლოგი ან ახლოს იქნება მისი პროფესია განათლების სფეროსთან, ბუნებრივია, სასურველი იქნება, თუმცა არა გადამწყვეტი. მთავარია წარმატებით გაიაროს ის კურსი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ. წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენი ახალი მეგობარი, ბათუმის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღის აღმზრდელი გახდება,“ – გვითხრა მან.

ანა ბერუჩაშვილის თქმით, მთავარია მოტივირება და შრომისმოყვარეობა.

ადმინისტრაციის თქმით, ვალდორფის საბავშვო ბაღის რეგისტრაციის ერთი ნაწილი დასრულებულია და პირველი სექტემბრიდან ის, როგორც საშაბათო ბაღი, დაიწყებს ფუნქციონირებას, ხოლო უკვე ოქტომბრიდან ვალდორფის ბაღი რეგულარული მუშაობის რეჟიმზე გადავა.

ვალდორფის საბავშვო ბაღი, როგორც სკოლამდელი აღზრდის სისტემა, წარმოადგენს ვალდორფის პედაგოგიკის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ავსტრიელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის რუდოლფ შტაინერის ზოგად ადამიანთმცოდნეობას ეფუძნება. პირველი ვალდორფის სკოლა გაიხსნა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში 1919 წელს.  თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღმა  მუშაობა 1990 წელს ერთი ჯგუფით დაიწყო.

ახალი ცხოვრება და პროფესია 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ

იშვიათად თუ შეხვდებით ყოფილ პატიმარს, ვინც ცხოვრების ნახევარზე მეტი საპატიმროში გაატარა და მოახერხა ეს მისთვის დაღად არ ქცეულიყო.

ასეთი იშვიათი რესპონდენტია ბორის მაისურაძე. 17 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა, ახლა 37 წლისაა – 15 წელი გაატარა საპატიმროში. ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ციხის გარემო საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა:

„კარგია, როცა ცხოვრება დალაგებულად მიდის და ბავშვი სასწავლებელში სწავლობს იმას, რაც სურს, მაგრამ ცოდნის მიღება ყველგან შეიძლება, ციხეშიც კი. იქ უამრავი მეზღვაური, პროფესორი, გამომგონებელი, დიდი ხნის სამხედრო პირი შემხვედრია, მათთან ურთიერთობით ბევრი ვისწავლე,“ – ამბობს ბორის მაისურაძე.

ბიბლიოთეკა, ადამიანებთან ურთიერთობა, ვარჯიში – ეს ყველაფერი განვითარების საშუალებები იყო ბორისისთვის საპატიმროში. საპატიმროს მძიმე წლები ამ ყველაფრის საშუალებით დაძლია.

ნანობს, რომ ინგლისური არ ისწავლა: „ორი სიტყვა ვიცი ინგლისურად მხოლოდ: დონალდ ტრამპი და მაკდონალდსი“, – ხუმრობს ბორისი, – „ბევრ უცხოელთან მიწევს ურთიერთობა და ხელ-ფეხით ვსაუბრობ მათთან“.

ბორისის ძალისხმევამ და ციხეში წაკითხულმა კინოლოგიურმა ლიტერატურამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმარი რამდენიმე წელიწადში იქცა კინოლოგად. ცხოველები ბავშვობიდან უყვარდა. გათავისუფლების შემდეგ ბათუმის ცხოველთა თავშესაფრის ხშირი სტუმარი იყო, მოხალისედ მუშაობდა, მერე თანდათან ძაღლების გაწვრთნა და მოვლაც ისწავლა – ასეთი იყო მისი გზა საპატიმროდან ინსტრუქტორ – კინოლოგობამდე.

ბორის მაისურაძე ძაღლებთან ერთად

ჰყოლია პიტბული, პუდელი და გერმანული ნაგაზი, ახლა მხოლოდ კატა ჰყავს, მაგრამ სხვების ძაღლებს უვლის და წვრთნის.

„მათთან ერთად ვცურავ ზღვაში, ვყვინთავ და კლდიდან ვხტები, ყველაზე მშვიდად და კარგად თავს ცხოველებთან  ვგრძნობ. 35 წლისამ დავიწყე ამ საქმის სწავლა და უკვე მაქვს წარმატებები. მაქვს ფუფუნება ჩემი საქმით საკუთარი თავისთვის აიფონიც ვიყიდო, ძვირიანი ველოსიპედიც, ჩავიცვა, დავიხურო, ბოტასები ვიცვალო სეზონის მიხედვით. მივაღწიე ყველაფერს, იმიტომ, რომ მოვინდომე. რასაც მოინდომებ, მიაღწევ,“ – ამბობს ბორისი.

ბორის მაისურაძე ძაღლებთან ერთად

ბორისი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვას აპირებს, რისი საშუალებითაც ის კინოლოგისთვის საჭირო ინვენტარს შეიძენს.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის“ პროგრამას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „თანაზიართან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა მოქმედებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

ბორის მაისურაძე ძაღლებთან ერთად

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

სამი გოგო ერთი სოფლის, ერთი სკოლის, ერთი კლასიდან 100-პროცენტიანი გრანტით

ნია, ნინი და ვიოლეტა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯაროს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. წელს სამივე სტუდენტია და სამივემ ეროვნულ გამოცდებზე 100-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. გოგონები თანასოფლელები,  მეგვარეები და ნათესავები არიან.

ვიოლეტა შაქარიშვილი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს ისწავლის. ამბობს, რომ იურისტობა მისი ბავშვობის ოცნებაა. კითხვაზე – პროფესიის არჩევისას რა იყო მისი ინსპირაციის წყარო, ვიოლეტა ამბობს, რომ ეს ადამიანის უფლებებია. ვიოლეტას იურისტობის გარდა კიდევ ერთი გატაცება აქვს, – აქამდე ფეხბურთს თამაშობდა.

„გამიმართლა, რომ იქ ჩავირიცხე, სადაც მინდოდა. მართალია, ხუთ საგანში ვემზადებოდი, მაგრამ  შედეგით კმაყოფილი ვარ“, – გვეუბნება ის.

ვიოლეტა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა და ვერცხლის მედალოსანიც არის, გრანტის მისაღებად მაინც დასჭირდა რეპეტიტორის დახმარება.

ვიოლეტა შაქარიშვილი

„ქობულეთში დავდიოდი მოსამზადებლად, ეს 4 000 ლარი დამიჯდა. ვფიქრობ, იძულებული ხარ მოემზადო, რადგან ეროვნულზე ითხოვენ უნარების ჩაბარებას. ეს ისეთი საგანია, რომელსაც თავისებური მიდგომა სჭირდება. სკოლაში ყველა ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა ინდივიდუალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, რადგან კლასში ბევრი ბავშვია და მასწავლებელი ვერ ახერხებს იმუშაოს თითოეულ ბავშვთან“.

ვიოლეტამ იცის, რომ იურისტისთვის დასაქმება საკმაოდ რთულია, რადგან მაღალი კონკურენციაა ამ სფეროში. მაგრამ, მისი აზრით, ადამიანის უფლებების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საქართველოში გასაკეთებელი და ის სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას.

„ძალიან მინდა, რომ გაცვლით პროგრამაშიც მოვხვდე და უცხოური გამოცდილებაც მივიღო ჩემს სპეციალობაში. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ვაპირებ, მაგისტრატურა გერმანიაში გავიარო“.

ვიოლეტა ამბობს, რომ ძალიან უყვარს სპორტი და წლების მანძილზე საქართველოს გოგონათა ფეხბურთის ნაკრებში თამაშობდა. „არ ვიცი ამისთვის დამრჩება თუ არა კიდევ დრო, თუმცა მინდა, რომ თამაში გავაგრძელო“.

ნია შაქარიშვილი თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე ისწავლის. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, თუმცა, როგორც ვიოლეტა, ისიც მიიჩნევს, რომ აბიტურიენტს დამატებითი მომზადება მაინც სჭირდება:

ნია შაქარიშვილი

„სკოლა უნდა გაძლევდეს საშუალებას, ეროვნული გამოცდები დამატებითი მომზადების გარეშე ჩააბარო: გჭირდება აღიდგინო 12 წლის განმავლობაში განვლილი მასალა. გარდა ამისა, გვიწევს ზოგადი უნარების სწავლა, უცხო ენის უკეთესად დაუფლება და ა.შ. ჩემი აზრით, ქართული განათლების სისტემა უნდა შეიცვალოს და ბოლო დამამთავრებელ კლასებში მოსწავლემ ის საგნები უნდა ისწავლოს, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს. სხვა შემთხვევაში, რეპეტიტორის ინსტიტუტი ყოველთვის იქნება“.

ნია ამბობს, რომ სამომავლოდ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობაზე ოცნებობს.

„დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ დიპლომატი გამოვიდე. მიყვარს მოგზაურობა და ვფიქრობ, თუკი წარმატებული ელჩი ვიქნები, სხვადასხვა ქვეყანაში მომიწევს ცხოვრება.

პირველ ეტაპზე მინდა ჩინეთში წავიდე ელჩად, რადგან ძალიან მომწონს ჩინური კულტურა. დიდი ხანია მაინტერესებს ეს ქვეყანა. ზოგადად, აღმოსავლეთი მაინტერესებს“, – გვეუბნება ის.

ნიაც, ვიოლეტას მსგავსად, ფეხბურთით არის გატაცებული, ისინი ერთად თამაშობდნენ კიდეც ნაკრებში და 2012 წელს, აშშ-ში დისნეის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზეს.

„ამჟამად მხოლოდ მაყურებლის როლში ვარ და ჩემს სამომავლო კარიერაზე ვფიქრობ“, – გვეუბნება ნია.

ნინი შაქარიშვილი

ნინი შაქარიშვილიც ოქროს მედალოსანია. მან 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ეს ფაკულტეტი ასარჩევ სიაში პირველი მიუთითა.

„მანამდე ექიმობა მინდოდა, თუმცა გაზაფხულზე შევცვალე გადაწყვეტილება და არქიტექტურაზე ჩავაბარე.

თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მქონდა, რადგან სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. ოქროს მედალზე დავამთავრე, მაგრამ მაინც ვემზადებოდი, რადგან მიუხედავად ამდენი სწავლისა და შრომისა, სკოლა ბოლომდე მაინც ვერ გაძლევს იმას, რაც ეროვნული გამოცდებისთვის გჭირდება“.

ნინის თქმით, მოსწავლეს აუცილებლად უწევს ზოგად უნარებში, უცხო ენაში  მომზადება.

„კლასში ბევრი ბავშვია და რთულია მომზადება, ფაქტობრივად, გრამატიკა არ ისწავლება და აქაც მასწავლებლის დახმარება გჭირდება. სკოლას აქვს ერთი პრობლემა – სისტემა არ გაძლევს იმ ცოდნის მიღების საშუალებას, რაც შემდეგ საჭიროა. არის წიგნების პრობლემაც და კიდევ ბევრი რამის“.

ნინი ამბობს, რომ ბავშვობაში ხატავდა და არქიტექტორობა ამიტომ გადაწყვიტა.

„ამ გადმოსახედიდან რთულია ქართული არქიტექტურის შეფასება, რადგან ბევრი რამ უნდა ვისწავლო, მაგრამ მშენებლობებში ფაქტია, რომ ბევრი რამ შესაცვლელია“, – გვეუბნება ის.

ნინი, ვიოლეტას მსგავსად, სწავლის გაგრძელებას გერმანიაში გეგმავს.

ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორებს ეძებს

„პრობლემა არის კადრები, პროფესიონალი კადრები არ გვყავს,“ – აღნიშნა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ელგუჯა მელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნესმენებს შეხვდნენ. კომპანიებს, სადაც უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკი არსებობს, უსაფრთხოების მენეჯერი უნდა ჰყავდეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფოც ეძებს.

„დეფიციტურია, კი. 30 ინსპექტორი უკვე გვყავს და მალე გამოვაცხადებთ კონკურსს კიდევ 10 ინსპექტორის შესარჩევად. როცა კანონი უფრო მეტ კომპანიაზე გავრცელდება, კიდევ დამატებით 40 ინსპექტორი დაგვჭირდება… ჩვენ მივაწოდეთ მოდულები კომპანიებს, კადრები თავად უნდა შეარჩიონ. ამ პროცესში სახელმწიფო არ ერევა,“ – გვითხრა ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

„დაცვის ინსპექცია ამოწმებს, კომპანიას ჰყავს თუ არა კადრი. ინსპექცია ამ კადრის კვალიფიკაციას და გამოცდილებას არ ამოწმებს. კომპანიის რისკია უსაფრთხოების მენეჯერის კვალიფიკაცია. შესაძლოა, მან ფორმალურად დაასაქმოს ვინმე, მაგრამ შემდეგ ინსპექციამ უსაფრთხოების პირობების დარღვევისთვის დააჯარიმოს,“ – განმარტავს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით ჭყონია.

შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადების პროგრამას დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს. დავით ჭყონია ამბობს, რომ კადრები დეფიციტია და ბევრი კომპანია ეძებს.

„ზოგი ისევ ეძებს კადრს, ზოგმაც აქამდე ვინც მუშაობდა ამ პოზიციაზე, ის გადაამზადა,“ – გვითხრა დავით ჭყონიამ.

მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოებაზე: ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული

„სახელმწიფო პოლიტიკა არის ბიზნესის მხარდაჭერა… ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული,”- უთხრა ბიზნესმენებს საქართველის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 11 სექტემბერს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე ესაუბრნენ ბიზნესმენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

თამილა ბარკალაია – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მარტიდან უკვე შეეხო მძიმე და საშიშპირობებიან ბიზნესს. ამ კომპანიებში შესვლა და ინსპექტირების განხორციელება ნებისმიერ დროს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს. შრომის ინსპექცია კომპანიებს სთხოვს, შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაახვედროს, რომელიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხო შრომის პირობებზე იმუშავებს.

„უკვე 30 კომპანიის ინსპექტირება განვახორციელეთ. პირველ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, როცა უკვე მონაცემები დაზუსტდება, დეტალურ ინფორმაციას გავაცნობთ საზოგადოებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

ბექა ფერაძე – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეგულაციის გარეშე ბაზარმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.  2019 წლის სექტემბრიდან ინსპექტირებას ეკონომიკის სფეროში მომუშავე ყველა კომპანია დაექვემდებარება,“ – თქვა თამილა ბარკალაიამ.

კანონში შესული ცვლილების შემდეგ კომპანიის მენეჯერს თავად შეუძლია შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქცია შეასრულოს, თუკი საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 20-ზე მეტი არ არის. 20-დან 100 დასაქმებულზე კომპანიამ მენეჯერი უნდა აიყვანოს, რომელსაც შრომის უსაფრთხოების კუთხით გააჩნია კვალიფიკაცია და გამოცდილება. საწარმოში 100-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, კომპანიამ უსაფრთხოების სამსახური უნდა შექმნას.

„პროფესიონალი კადრები არ გვყავს, ეს პრობლემაა,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ელგუჯა მელაძემ, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას დროს სჭირდება, რადგან კადრებს გადამზადება დასჭირდებათ.

„ინსპექტორი კი არა, პოლიტიკა უნდა შევიდეს ყველა კომპანიაში,“ – დასძინა დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე მყოფმა ერთმა ბიზნესმენმა იკითხა, შესაძლოა თუ არა უსაფრთხოების ინდივიდუალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს კომპანიამ.

„არა, კანონი მიმართულია კოლექტიური დაცვის საშუალებებისკენ,“ – უპასუხა ბიზნესმენს ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

შეკითხვა ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომელმაც დასვა. მან იკითხა, აპირებს თუ არა სახელმწიფო ზიანი აუნაზღაუროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაოს შესრულების დროს პროფესიული ზიანი ადგებათ.

„მე ადრე ნავთობტერმინალში ვმუშაობდი, ეს კანონები კარგად ვიცი… სანდასუფთავებაშიც ადრე იყო წესები, კონკრეტულ თანამშრომლებს რძეს ურიგებდნენ ან დანამატს აძლევდნენ, ახლა არაფერი აღარაა. მერია მსგავსი ხარჯებისგან თავს არ იკავებს, იქნებ ამ კუთხითაც შეიცვალოს რამე,“ – იკითხა მან.

შეხვედრა უნივერსიტეტში

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომელს უთხრეს, რომ კანონმდებლობა ამ კუთხითაც დაიხვეწება.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიზნესმენებთან შეხვედრას ბათუმის მერი, ასევე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ. „თქვენ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მალე მუნიციპალურ შპს-ესაც შეეხება, ამიტომ გვინდა, წინასწარ იყოთ ინფორმირებული,“ – მიმართა მერებს მინისტრის მოადგილემ.

ბიზნესმენებს მინისტრი დავით სერგეენკო უნდა შეხვედროდა, თუმცა იგი შეხვედრაზე არ მოვიდა. სამინისტროს პრესსამსახურმა ჟურნალისტებს ვერ უთხრა, რატომ გადაიფიქრა შეხვედრაზე მოსვლა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეხვედრა უნივერსიტეტში

 

დასაქმების პროგრამა IT სპეციალისტებისთვის ესტონეთში

ესტონეთი ქართველ IT სპეციალისტებს დასაქმების შანსს აძლევს. პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრებით და კარიერის გაგრძელებით, საშუალება ექნებათ საინფორმაციო ვიზიტით  ესტონეთს ეწვიონ.

დასაქმების პროგრამა –  Career Hunt  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან კომპანიებთან ერთად ხორციელდება და მიზნად IT სპეციალისტების მოძიებას ისახავს, რომლებსაც შემდგომ  შანსი ექნებათ ისეთ საერთაშორისო ცნობილ კომპანიებში დასაქმდნენ, როგორებიცაა: Taxify, Twilio, Microsoft-ი, Veriff-ი და Swedbank-ი.

იმისთვის, რომ პროგრამაში მიიღოთ მონაწილეობა, შესაბამისი აპლიკაცია 23 სექტემბრამდე უნდა შეავსოთ. აპლიკაციის ნახვა შესაძლებელია ამ  ბმულზე: https://careerhunt.eu/.

პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.  შერჩეული კანდიდატები 5-დღიანი ვიზიტით გაემგზავრებიან ესტონეთში, სადაც ისინი შეხვდებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გიგანტებს, ეწვევიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრს, დაესწრებიან ყველაზე მასშტაბურ რობოტიკსის ფესტივალს „რობოტექსი“ და მიეცემათ შანსი, მიიღონ მონაწილეობა დასაქმების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ  გასაუბრებებში.

1.3 მილიონი მოსახლეობით ესტონეთს აქვს მზარდი სექტორი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მიმართულებით. როგორც პროგნოზირებენ, 2020 წლისთვის ესტონეთის სამუშაო ბაზარზე 37, 000 ICT სპეციალისტით ნაკლები იქნება, ნაწილი მათგანის დაკომპლექტება კი საქართველოდან იგეგმება.

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 9 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტებში: ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, გ.პ-ს, მ.გ-სა და ვ.მ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 18 000 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა საერთო წონამ 236.54 გრამი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 18,008.5 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

რა დახარჯა მთავრობამ – ამის გაგება მოქალაქეებს მარტივად უნდა შეეძლოთ

„მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას უზამს ინფორმაციას,“ – თქვა დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Transparify“-ს დირექტორმა, ჰანს გუტბროდმა. გამჭვირვალობის გამოწვევებზე სასაუბროდ ის ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია.

ჰანს გუტბროდს „ბათუმელებმა“ შესვენების დროს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ბატონო ჰანს, თქვენი ორგანიზაცია „Transparify“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების გამჭვირვალობას სწავლობს, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან. როგორია მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? 

ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სამაგალითოა მსოფლიოსთვის. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 12 საუკეთესო ორგანიზაციას შორისაა. ჩვენ ვახდენთ რანგირებას ორგანიზაციის გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით, შემდეგ კი ვამყარებთ კომუნიკაციას ორგანიზაციასთან, რომელსაც მონაცემები საჯაროდ არ უდევს, ან რაც გამოქვეყნებული აქვს, დამუშავებული არ არის. სტანდარტი მარტივია: ვინ აფინანსებს, რამდენით და რა მიზნით? – ეს მონაცემი ყველა ორგანიზაციას საჯაროდ უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული. ეს სტანდარტი მუშაობს პატარა ორგანიზაციისთვისაც, მაგალითად, პაკისტანში და დიდისთვის – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აპირებთ თუ არა იმუშაოთ საქართველოში საჯარო ორგანიზაციების შეფასებაზე იგივე გამჭვირვალობის კუთხით?

არა, ამას არ ვაპირებთ, თუმცა არსებობს პრაქტიკა, როცა ჩვენი მეთოდოლოგია გამოუყენებია სხვა ორგანიზაციას სახელმწიფო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესაფასებლად. სახელმწიფო ორგანიზაციას კანონით აქვს გაწერილი ვალდებულება, რომ ინფორმაცია მუდმივად მიაწოდოს მოსახლეობას. სახელმწიფო ორგანიზაციას გამჭვირვალე უნდა ჰქონდეს განახლებადი ინფორმაცია: რას ხარჯავს, სად და როგორ. რაც მთავარია, ეს ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად მოძებნადი და მარტო ექსპერტებს არ უნდა შეეძლოთ მისი მოძიება. რიგით მოქალაქეს მარტივად უნდა ჰქონდეს წვდომა საჯარო დაწესებულების მიმდინარე ხარჯებზე.

შეხვედრაზე თქვენ ისაუბრეთ ადვოკატირების შესახებ. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მედიამ გამჭვირვალობის მისაღწევად? 

ადვოკატირების სხვადასხვა ფორმა არსებობს. იყო აქ მოსაზრება: ჟურნალისტი აქტიურ ადვოკატირებას უნდა უწევდეს კონკრეტულ საკითხებს, თუ, უბრალოდ, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ ეს მედიის არჩევანია. მთავარია, ჟურნალისტებმა კითხვები დასვან. შემდეგ მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით მიაწვდის ის ამ ინფორმაციას საზოგადოებას. მედია უნდა ამოდიოდეს საზოგადოების ინტერესიდან, რომ მოქალაქეს უფლება აქვს იცოდეს, რაში იხარჯება მისი ფული.

რაც შეეხება ადვოკატირებას, გააჩნია რა თემას შეეხება ეს. სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობა ფუნდამენტური უფლებაა. მთავარია, მოსახლეობა იყოს აქტიური. მედია მუდმივად უნდა იყოს დაკავებული მოსახლეობის ინტერესის გაღვივებით. თუკი მოსახლეობა გახდება აქტიური, შემდეგ ის თავად გადაწყვეტს, რას უზამს ინფორმაციას, რომელიც უკვე მის ხელშია.

 

 

ციფრული საბაჟო – რას შეცვლის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება

საბაჟო სისტემაში რეფორმები იგეგმება, რომლებიც საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას (გაციფრულებას) უკავშირდება, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ უკვე დააანონსა და იგი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საბაჟო კოდექსი მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს. სასაზღვრო ფორმალობების გამარტივება კი ​გადამზიდავ კომპანიებს საშუალებას მისცემს, წინასწარ ჩაატარონ ზოგადი დეკლარირება – საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც, თავის მხრივ, საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერის დროს დაზოგავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბაჟო კოდექსით საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა: „ეს სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას. რაც ასევე გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში“.

შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი, “სივრცეში” და “საზღვარზე” არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

 

მერია: 12 სექტემბერს ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა ნიჟარაძის ქუჩაზე შეიზღუდება

ხვალ, 12 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ნიჟარაძის ქუჩაზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგებას მოიცავს.

პირველ ეტაპზე, გადაადგილება შეიზღუდება ნიჟარაძის პირველ ჩიხსა და მაიაკოვსკის ქუჩას შორის არსებულ მონაკვეთზე, შემდეგ კი – მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე.

საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი ბათუმში

დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-3 საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი ტარდება.

,,თემატურად დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხაზს უსვამს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით უნდა განხორციელდეს. ასევე, იმ მაღალტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. შესაბამისად, ის მიმდინარე პროექტები, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები თუ სხვა ტიპის ენერგოობიექტები, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის,“ – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმის მიზანია CAREC-ის ქვეყნებში საჯარო და კერძო სექტორის მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების ხელშეწყობა, არსებული ენერგოშესაძლებლობების ჩვენება, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ასევე მაღალი ტექნოლოგიების მიმართ ცნობადობის ამაღლება.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ CAREC-ის წევრი და სხვა ქვეყნების სამთავრობო ოფიციალური პირები, კერძო სექტორის ინვესტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დეველოპერული პარტნიორები.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 5 ტექნოლოგიური სესია, სადაც ძირითადი აქცენტი იქნება პროექტებზე, მათ დაფინანსებასა და შედეგებზე. ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით იმართება. CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი ხვალ, 12 სექტემბერს, დასრულდება.

რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში

 ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე

რიგ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული, სასოფლო-სამეურნეო კულტურა მავნებლის ზიანს ვერ გრძნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებული მავნებლის ბუნებრივი მტერია.

ბუნებრივი მტრის საკითხი ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ფერმერთა ნაწილს აზიური ფაროსანასგან გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ბრძოლის ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების გარდა, სპეციალისტებმა მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მის ბუნებრივ მტერზე დაიწყეს ფიქრი.

ერთ-ერთ ვარიანტად საქართველოში მავნებლის ბუნებრივი მტრის შემოყვანა განიხილებოდა. დასახელდა ვარიანტიც – სამურაი კრაზანა. ვარაუდი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამაც გაამყარა. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.

მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. მეცნიერები, ბუნებრივი მტრის შემოყვანის საკითხის პარალელურად, საქართველოში უკვე არსებულ მწერებსაც აკვირდებოდნენ, ბუნებრივ მტრად ერთ-ერთი მწერი დასახელდა.

ანასტატუსი – აზიური ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი საქართველოში

ანასტატუსი – ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და შესაძლოა, ის აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად განვიხილოთ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ. მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გასული წლიდან მიმდინარე დაკვირვებების შედეგები აძლევს.

კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

როგორ მოქმედებს პარაზიტი აზიურ ფაროსანაზე?

როგორც წესი, მავნებელი 28 კვერცხს დებს, ანასტატუსის სახეობის მწერს კი შეუძლია კვერცხების ნახევარზე მეტი დააპარაზიტოს, შესაბამისად, აზიური ფაროსანას მატლის ნაცვლად, მისი მტრის ანასტატუსის ნიმფა გამოიჩეკება.

,,თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ”, – ამბობს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ხიდაშელი. მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.
________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

გერმანულენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ილუსტრაციები

„ვეფხისტყაოსნის“ მრალფეროვანი ილუსტრაციების რიცხვს გერმანულად თარგმნილი პროზაული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებიც შეემატა. ილუსტრაციებზე კიტ მენშიკმა იმუშავა. გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, კიტ მენშიკს დასურათებული აქვს ჰარუკი მურაკამის, „კალევალას“ რუნების, ედგარ პოს, შექსპირისა და სხვა ნაწარმოებების გერმანულენოვანი თარგმანები.

ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორი ჟურნალისტი ტილმან შპრეკელსენია, „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა Galiani Berlin-მა გამოსცა.

გერმანიაში წიგნის პრეზენტაცია 6 სექტემბერს გაიმართა.

„ვეფხისტყაოსანი“ 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი, წიგნის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემულ სხვა უცხოენოვან გამოცემებთან ერთად.

 

თენგიზ ქოქოლაძემ დირექტორის თანამდებობა დატოვა – „ბათუმის წყალს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორად მარინე გვიანიძე დაინიშნა. ის ახალ თანამდებობაზე დღეს, 11 სექტემბერს, წარადგინეს. მარინა გვიანიძე მანამდე ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

„ბათუმის წყალს“ აქამდე თენგიზ ქოქოლაძე ხელმძღვანელობდა. როგორც  მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ყოფილმა დირექტორმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თვითონ დაწერა.

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 11 ათას 440 ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, მინისტადიონი, ადაპტირებული ბორდიურები, დამონტაჟდება სკამები, სხვადასხვა ატრაქციონი; დაიგება დეკორატიული ფილები. ამასთან, ამ სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული ხეების ამოძირკვა კონტრაქტორმა აუცილებლად უნდა შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება. ზღვისპირა პარკი კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღეში უნდა მოეწყოს.

სატენდერო პირობის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 2019 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შესაძლებელია შეჩერდეს სამუშაოების მიმდინარეობა [სამუშაოების გარკვეული ეტაპები] და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.

ამასთან, ვინაიდან დაგეგმილია ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში არსებული ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის რეაბილიტაციის [I ეტაპი] სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოების სრული კოორდინირება ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის რეაბილიტაციიის სამუშაოებთან მიმართებაში.

სახელშეკრულებო თანხის გარკვეული ნაწილი [არაუმეტეს 313 870 ლარის ფარგლებში] ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შესაძლოა კონტრაქტორს 2018 წელს გადაუხადოს. დარჩენილი თანხის ანაზღაურება კი განხორციელდება 2019 წელს.

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა / ტოპოგეგმა სატენდერო დოკუმენტებიდან

“ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს

ავტორი: ირმა დიმიტრაძე

რამდენიმე ხნის წინ, მეგობართან ერთად, ძველ ამბებს ვიხსენებდი და არ მახსოვს, რომელმა ჩვენგანმა თქვა პირველად, მაგრამ ვთქვით, რომ „ჩემს კარადაში ყველაზე დიდი ჩონჩხი“ ჩემი ყოფილი ქმარია.

ცოტა ხნის წინ, თინეიჯერმა გოგონამ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ არასწორ ადამიანს ენდო, შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის და შერცხვენის ისე ეშინოდა, სიკვდილს ამჯობინებდა. ვიცი ეს გრძნობა. მეც, როგორც რიგითმა ქართველმა გოგომ, ბავშვობიდან ვიცი, რომ გოგოებს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

ბოლო დროს რამდენჯერმე ფული გავგზავნე ოჯახში. დედას წამოსცდენია, სადღაც და ეჭვის თვალით შეუხედავთ, სად შოულობს სტუდენტი ფულს, აქეთ რომ გიგზავნისო?! დამირეკა და მითხრა. მგონი, ყველაზე მეტად ამან გამაცოფა. როცა ერთდროულად რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ და ამის გამო დამატებით ერთი სემესტრი უნდა ვისწავლო ბაკალავრის ხარისხის მისაღებად, ხოლო ვიღაცას ეს აეჭვებს და ამის დამალვაც არ ეთაკილება, ვხვდები, რომ ისევ მახსენებენ: გოგოს უფლება არ გაქვს შეცდომა დაუშვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ისეთი, რომელსაც მხოლოდ სხვები თვლიან შეცდომად.

ჩემი ყოფილი ქმარი თინეიჯერობისას გავიცანი და მალე გამოვაცხადე, რომ ჩემი საქმრო იქნებოდა. დეტალები მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ჩემი ოჯახისთვის და გარშემომყოფებისთვის ჩემი არჩევანი საკმარისზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა. არ ვიცი, ამან იმოქმედა თუ სხვა რამემ, მაგრამ კიდევ უფრო მტკიცედ დავდექი ამ ბავშვური გადაწყვეტილების დასაცავად.

თავიდან ის იდეალური იყო. ჩემი პრინციპები და მიზნები ხელშეკრულების პირობებივით ჩამოვუყალიბე და ვუთხარი, რომ ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევდა. ისიც დამთანხმდა. შემდეგ, საკმაოდ დიდი პერიოდი, „ჩემი არჩევანის დაცვითა“ და ახლობლებისთვის მიუღებლის მიღებინებით ვიყავი დაკავებული და კარგად არ მახსოვს, რამდენად ასრულებდა „ხელშეკრულების პირობებს“. როდესაც საერთო ოჯახური წინააღმდეგობა დავძლიე და თანხმობა მივიღე ამ ურთიერთობის „ლეგალიზებაზე“, ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ სიტუაციას ვეღარ ვფლობდი.

მაწუხებდა მისი ჩარევა ჩემ პირად გადაწყვეტილებებში, ჩაცმისა და ქცევის სტილში, მეგობრებთან ურთიერთობაში და ა.შ. თუმცა, როცა ძალიან მინდოდა ამაზე ვინმესთვის მეთქვა, მახსენდებოდა, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი, რომელსაც ასე თავგამოდებით ვიცავდი და ხმის ამოღება ნიშნავდა მეღიარებინა, რომ შეცდომა დავუშვი. ამასობაში, ოჯახისა და ნათესავებისთვის ჩვენ დანიშნულები გავხდით, რადგან სხვაგვარ, ღია სასიყვარულო ურთიერთობას მიუღებლად მიიჩნევს  ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი.

ორი წლის შემდეგ ოფიციალურად, ნაჩქარევად დავქორწინდით, რის შესახებაც, მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრმა იცოდა. დანარჩენებისთვის კვლავ დანიშნულებად ვრჩებოდით.

მერე იგი საზღვარგარეთ წავიდა, მე სტუდენტი გავხდი და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ურთიერთობა კიდევ უფრო აუტანელი გახდა. ეჭვიანობა ყველა წვრილმანზე, ისტერიკები, ჩხუბი, მოგონილი ამბები და ა.შ. მემუქრებოდა პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით, შერცხვენით… გამუდმებული შანტაჟის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მიწევდა ისედაც რთული სტუდენტური პირველი წლის გადატანა.

მაშინ უკვე ვაღიარე, რომ შეცდომა შეცდომაზე დავუშვი. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ამ შეცდომის უფლება არ მქონდა – ასე ვფიქრობდი მაშინ. თუ განვქორწინდებოდი და დავშორდებოდი, ამას სხვებიც გაიგებდნენ. ყველა დედაჩემზე ილაპარაკებდა, იტყოდნენ, რომ მარტოხელა დედაა და ვერ გაზარდა უკეთესი შვილი. ბიძაჩემი, რომელიც ამ ურთიერთობის ყველაზე დიდი წინააღმდეგი იყო, უარმყოფდა და დავრჩებოდი მარტო, ოჯახის გარეშე. და ეს არ იქნებოდა მხოლოდ განქორწინების გამო, არამედ იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი, ჩემი ცხოვრების დასანგრევად, ყველაფერს გააკეთებდა ის ადამიანი, ვისშიც ასე შევცდი.

ერთ დღესაც, მორიგი ჩხუბის შემდეგ, მითხრა, რომ არც ჩემი სწავლა და არც ჩემი მუშაობა არ აინტერესებდა და უნდა ჩამელაგებინა ბარგი, ამეღო თვითმფრინავის ბილეთი და მასთან წავსულიყავი. საბოლოოდ მოვიკრიბე ძალა და ვუპასუხე, რომ ეს ბოლო ჩხუბი იქნებოდა და ყველაფერი დასრულდა.

შემდეგ დაიწყო ის, რისიც ამდენი ხანი მეშინოდა. შანტაჟი და მუქარები რეალური აღმოჩნდა – მეგობრებით დაიწყო. სწერდა ჩემზე და ჩვენს ურთიერთობაზე – ზოგს მართალს, ზოგს ტყუილს. მოგონილ და რეალურ დეტალებს, მლანძღავდა. მეშინოდა, რომ გადაწვდებოდა ჩემს ოჯახს, დედაჩემსაც…  ის პერიოდი თითქმის არ მეძინა.

თუმცა დღეს ამ ამბავს ვყვები და ეს იმიტომ, რომ ჩემ გვერდით აღმოჩნდა რამდენიმე მეგობარი, რომელთაც, შეიძლება ითქვას, გადამარჩინეს.

ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. დედისთვის არ ამიხსნია დეტალები. ძლივს დავურეკე და ვუთხარი, რომ დავშორდით, თუმცა ლაპარაკი არ შემეძლო… და შემრცხვა, როდესაც დავინახე, რომ დედაჩემმა, სრულიად მშვიდად და შეკითხვების გარეშე მიიღო ეს ამბავი. თუმცა სხვებთან ასე მარტივად არ იყო საქმე. ვიცი, რომ უამრავ შეკითხვას უსვამდნენ დედაჩემს, ბევრს ლაპარაკობდნენ და დღესაც, სამი წლის შემდეგაც კი, მეკითხებიან ამის შესახებ.

ჩვენ, გოგოებს, პატარაობიდან გვასწავლიან, რომ არ შეიძლება შეცდომა დაუშვა ადამიანის ნდობის დროს, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა სამსახურის არჩევისას, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა სექსუალური პარტნიორის შერჩევისას, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა ოჯახის შექმნისას, არ შეიძლება შეცდომა დაუშვა რაიმეს თქმის ან დაწერისას და თუ შეცდომას დაუშვებ, მაშინ სამუდამოდ მისი ტყვე უნდა იყო. სწორისა და არასწორის განსაზღვრისა და შემდგომ ჩვენივე შეცდომის გამოსწორების არჩევანს გვართმევენ.

რა თქმა უნდა, ჩემს ისტორიაზე ბევრად რთული შემთხვევებიც არსებობს და არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, ვინმეს ვესაუბრო ამ საკითხზე. მით უმეტეს არ ვიცი, შემიძლია თუ არა რჩევის გაცემა. თუმცა ძალიან კარგად ვიცი, რომ საზოგადოების ეს დამოკიდებულება აძლიერებს შანტაჟის გავლენას, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან რთულია. თუმცა ეს მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს და ამისთვის ყველა სიცოცხლის არსებობა აუცილებელია. შეცდომის ან/და „შეცდომის“ შიშის ტყვეობაში ძალიან ბევრი გოგო და ქალი ცხოვრობს, არადა, ჩვენც გვაქვს შეცდომის უფლება.

თუ შენ სადღაც არსებობ, ჩემსავით შეშინებული და შერცხვენილი და ფიქრობ, რომ ყველაფერი შენი ბრალია, რომ გამოსავალი არ არსებობს, – მინდა იცოდე, რომ ასე არ არის. ყველაზე ცუდი შეცდომის დაშვება კი არა, მის ტყვედ ქცევაა. ვიცი, რომ რთულია, ვიცი, რომ შეიძლება შენ არც გამგები ოჯახი გყავდეს და არც ჩემსავით საოცარი მეგობარი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ არის შენი სიცოცხლე, შენი ღირსეული სიცოცხლე. შეიძლება მათ ახლა სულაც არ იცნობ, მაგრამ ხმას თუ მოგვაწვდენ, ხმას თუ მომაწვდენ, ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ჩონჩხებს კარადაში, რომლებიც ძილის საშუალებას არ გაძლევენ. გამოყრისას იხმაურებენ, ყურადღებას მიიქცევენ, მაგრამ გაივლის, გაივლის და შენ მშვიდად გააგრძელებ ცხოვრებას, უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.

და დამიჯერე, როგორც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ არაფერს აქვს აზრი, არაფერი შეიძლება იყოს ღირებული, ამ ყველაფრის შემდეგ აღმოაჩენ, რომ უამრავი რამეა, რისთვისაც ღირს იცხოვრო და იბრძოლო. იბრძოლო, თუნდაც იმისთვის, რომ სხვა გოგოებსაც დაუბრუნდეთ შეცდომისა და არჩევანის უფლება.

სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო

„სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“ მონაწილეობის მისაღებად საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია გამოცხადდა.

„სკოლის მართვისა და ლიდერობის მეორე საერთაშორისო კონფერენცია“ ჩატარდება 2018 წლის 22-23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები.

კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითოეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა.  კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო დღეს,  12 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge და დასრულდება 14 სექტემბერს დღის 12:00 საათზე.

პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).
კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 230 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი;
  2. წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის
    რომელიმე ტრენინგ-მოდული.

პროექტს ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ხულოში, სოფელ ბეღლეთში, მეჩეთი გაქურდეს

ხულოში, სოფელ ბეღლეთში მდებარე მეჩეთში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

„დღეს მეათე დღეა, რაც ეს მოხდა. ღამის ლოცვა 10-ის 15 წუთზე იყო იმ საღამოს. ლოცვის მერე კარი არ იკეტება, იქნებ ვინმე იყოს გამვლელ-გამომვლელი. დილის ლოცვაზე რომ მივედი, კარი ღია იყო, შესასვლელში, სადაც ხალიჩაა, ნაკვალევი იყო, შესაწირ ყუთთან, ჯორკოზე მავთული იდო, კაუჭიანი, ცეცხლს რო ჩხრეკენ, ისეთი და ერთი 20-კაპიკიანი ეგდო იქვე, შესაწირი ყუთის კარი იყო გამოღუნული. არ შევხებივარ არაფერს.

დილის ლოცვის შემდეგ ბევრი ვიფიქრე რა მექნა და ბოლოს მეზობლებთან ერთად, ხუთი-ექვსი ბაბუა მოვიდა, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეტყობინებინა რაიონის პოლიციისთვის, 112-ზე არ დაგვირეკავს, ღმერთია მოწმე. ეს პირადი ქონება არ არის, ხალხის ქონებაა, შესაწირია, ვისაც რა გეემეტება, აგდებს ყუთში. მირჩიეს, წინამძღვარი ხარ და უნდა თქვაო“, – გვითხრა ჯემალ [ახმედ] შავაძემ, რომელიც ბეღლეთის მეჩეთში მსახურობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს – ქურდობა. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მხილებულია დამნაშავე, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

ჯემალ შავაძე ამბობს, რომ ამ ადამიანს არ იცნობს: „მეზობელი სოფლელია, არ ვიცნობ მართალი გითხრათ,  ვერც სახეზე ვიცნობ. არც ის ვიცი, რა თანხაა წაღებული“.

_________________________

მთავარ ფოტოზე: სოფელ ბეღლეთის მეჩეთი. ფოტო: რუსლან ბარამიძე. წყარო: georgianjame.wordpress.com 

ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება

„აჭარის მუზეუმს“ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 185 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე, N3-ში მდებარეობს. სამუშაოებს „აჭარის მუზეუმი“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

პროექტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის რემონტი, ასევე გარკვეული დეტალების დამატება.

როგორც სატენდერო კომისიაში გვითხრეს, შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, მოეწყობა ეზო, გამწვანება, შენობა იქნება ადაპტირებული: „კარგი პროექტია, რომლის განხორციელებით, შენობა არ დაკარგავს თავის ვიზუალს, ღირებულებას და იგი უფრო თანამედროვე გახდება“.

„აჭარის მუზეუმს“ ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ, სატენდერო პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 360 000 ლარის ოდენობით.

მუზეუმის შენობაზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დამთავრდეს.

მუზეუმის შენობის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შეკვეთით მომზადდა.

პროექტს „აჭარის მუზეუმი“ განახორციელებს. ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აჭარის მუზეუმი“ აჭარის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით შეიქმნა.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს დაარსდა. მუზეუმი სწორედ იმ შენობაში მდებარეობს, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის „ბათუმის კანტორა“. მუზეუმში დაცულია ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველი 2000-მდე ექსპონატი.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

ქობულეთში ხის საამქრო დაიწვა

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში, დღეს, 11 სექტემბერს, გამთენიისას, ხის საამქრო დაიწვა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხის ძველი შენობის, რომელშიც ხის საამქრო იყო განთავსებული, გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის მთლიანად დაიწვა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ზარალის ოდენობას და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.

ფოტო: კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

 

 

რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში

ბავშვებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში, ან ბულვარში უწევთ ღამის გათენება, სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს – თავშესაფარი მათთვის არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მოსაწყობად თანხას გამოყოფს, მაგრამ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ჯანდაცვის სამინისტრომ „ინტერესის გამოხატვის“ მოთხოვნა უკვე მეორედ გამოაცხადა – მსურველი არ ჩანს.

სოციალური მუშაკები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ბავშვთა ზრუნვის კუთხით ერთ-ერთი პრობლემა თავშესაფრის არარსებობაა. ამის აუცილებლობა განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი ოჯახში დატოვების ან მინდობით აღზრდაში გაყვანის შესახებ. ამ პროცესს ხანდახან რამდენიმე თვე სჭირდება. ამ დროს ბავშვი ისევ ქუჩაში რჩება, ღია ცის ქვეშ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს „ინტერესის გამოხატვის მოთხოვნის“ მიხედვით, დღის ცენტრში ორჯერადი კვება უნდა იყოს, თავშესაფარში – სამჯერადი. ცენტრში უნდა მუშაობდეს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც. სამინისტროს მოთხოვნაა არასამთავრობო ორგანიზაციას ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. გარდა ამისა, „ორგანიზაცია უნდა ფლობდეს ან მოიპოვოს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.“

„ინტერესის გამოხატვაში“ არ წერია ფასი – რას გადაუხდის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციას თავშესაფრის, ან დღის ცენტრის მოწყობის შემთხვევაში. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული ფასი ტენდერის პირობებში გაიწერება, თუკი დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჩნდება. დღის ცენტრის და თავშესაფრის მომსახურების ფასები მთავრობის განკარგულებით არის განსაზღვრული.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვაუჩერი ამ კუთხით ძალიან  მცირეა და „თავშესაფრის შენახვა გაჭირდება“. სახელმწიფო კი, ანუ ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო თანხის სიმცირეს არ იმჩნევს და არგუმენტად ქუთაისი, რუსთავი და თბილისი მოჰყავს, სადაც ანალოგიური დაფინანსებით დღის ცენტრიც არსებობს და თავშესაფარიც.

„ღამის თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობს… აქ ადგილი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუკი რომელიმე ბავშვი თავშესაფრიდან გაიპარება,“ – გვიყვება თამარ შარაშიძე, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერი. ამ ორგანიზაციას აქვს მოწყობილი დღის ცენტრი და თავშესაფარი თბილისსა და რუსთავში. თამარ შარაშიძის თქმით, თითო ბავშვის თავშესაფრით სარგებლობაზე ორგანიზაციას დღეში 19 ლარი ერიცხება, დღის ცენტრში კი – 9 ლარი.

„თანხა შესაძლოა მცირეა, მაგრამ მუშაობს ამ თანხით ცენტრი თბილისში, რუსთავში… რეალურად რთული თემაა და არავის უნდა შეეჭიდოს,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე.

„ძალიან კარგად იცის სააგენტომ და სამინისტრომაც, რომ ეს ვაუჩერი ხარჯის დაახლოებით 50 პროცენტს ფარავს. ამიტომაც არ ინტერესდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები პროგრამით. ჩვენ ხარჯებს ვფარავთ ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორების მხარდაჭერით,“ – აღნიშნავს ფონდ „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, თამარ შარაშიძე.

ბავშვებისთვის თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ბათუმში განსაკუთრებით ზაფხულში ჩნდება, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვებიც რჩებიან ქუჩაში. გასული წლის ზაფხულის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ დღის ცენტრის და თავშესაფრის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა იგი ჩავარდა. სამინისტრომ ანალოგიური პირობები ჩადო წელსაც, როცა „ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა“  განათავსა Jobs.ge-ზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სიახლე შენობაა, რომელსაც ბათუმის მერია გამოყოფს პროგრამით დაინტერესებული ორგანიზაციისთვის.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბათუმის მერიასთან. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი გამოყოფენ შენობას და გაარემონტებენ კიდეც. ეს შენობა გადაეცემა ორგანიზაციას იმ ვადით, რა ვადითაც ისინი დღის ცენტრს ან თავშესაფარს მოაწყობენ. ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე.

„ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება, კონკრეტული შენობა შერჩეული არ არის,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. აქ ვიკითხეთ, არის თუ არა შერჩეული სადმე შენობა, რომელსაც ბათუმის მერია არასამთავრობო ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადასცემს პროექტის განხორციელების ვადით.

სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ. „ინტერესის გამოხატვის“ ბოლო ვადა 15 სექტემბერია. სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესება ამ დროისთვის ორ ორგანიზაციას უკვე აქვს გამოხატული: „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს“ და „იალქანს“.

„ჩვენ ჯერ ვფიქრობთ, არ მიგვიღია გადაწყვეტილება, განაცხადიც არ შეგვიტანია. შენობის პრობლემა გვაქვს. თუკი მერია ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შენობის გარეშე თავშესაფრის მოწყობა შეუძლებელია. გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს და ჯერ შეჯერებული არ ვართ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მაია ქათამაძემ. ის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელია. ამ ორგანიზაციას წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრი აქვს.

განაცხადით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“. „იალქანს“ განაცხადი მხოლოდ დღის ცენტრის მოწყობაზე აქვს შეტანილი. აქაც ყურადღებას შენობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ თუკი მერია შესაბამის შენობას არ გამოყოფს, პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

„ღამის თავშესაფარი კიდევ უფრო რთული და ძვირადღირებული სერვისია, ჩვენ და არც სახელმწიფო ამისთვის მზად არ ვართ… დღის ცენტრისთვისაც ძალიან მცირეა თანხა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ არ იქნებოდა სწორი, თუკი ამის გამო უარს ვიტყოდით. დონორების მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იქნება,“ – ამბობს თიკო აბაშიძე, ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელი.

თიკო აბაშიძე აცხადებს, რომ შენობასთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა მოლაპარაკება ბათუმის მერიასთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მისთვის უცნობია.

„შემომთავაზეს იმ შენობის ნაწილი ურეხში, სადაც ამჟამად ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები გადიან რეაბილიტაციას. ეს ადგილი რომც გადმოგვეცეს და გაემიჯნოს დღის ცენტრს, იქ მუდმივად ჩხუბია, პოლიციის გამოძახება და ასე შემდეგ… ბავშვების გვერდით ასეთი გარემო მისაღები არ იქნება.

შენობა, რომლის გადმოცემასაც აპირებდა მერია, სარემონტოა. დონორი ორგანიზაცია მეუბნება, რომ ის გაარემონტებს შენობას, თუკი მერია უზუფრუქტით გადმოგვცემს ფართობს, მერია კი გარანტიას მთხოვს დონორისგან, რომ რემონტს აუცილებლად ჩაატარებს. მოკლედ, საბოლოო პოზიცია უცნობია,“- გვითხრა თიკო აბაშიძემ.

შშმ ბავშვების დღის ცენტრი აქვს ორგანიზაციას – „თანა“. მისი დირექტორი, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მოწყობით არ დაინტერესებულა.

„ეს არის ძალიან რთული პროგრამა, მას სჭირდება შესაბამისი გამოცდილება… ამ დროს ანაზღაურება ძალიან ცოტაა. მსგავსი ცენტრი გასაკეთებელია აუცილებლად, მაგრამ ამას სჭირდება დაკვირვებული მიდგომა და ყველაფრის გათვლა. შშმ ბავშვების შემთხვევაში სახელმწიფო იხდის დღეში 11 ლარს, რეალურად საჭიროა 21 ლარი. ჩვენ სხვადასხვა პროგრამას ვახორციელებთ და ამით გავდივართ…

ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მოაწყოს დღის ცენტრი. ასევე თავშესაფარი მიუსაფარი ბავშვებისთვის“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.

„ბათუმელები“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასაც დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ მათ ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვთ და არც სურვილი გასჩენიათ – სახელმწიფო ვაუჩერის სიმცირის გამო.

ამ მიმართულებით გამოცდილი ორგანიზაცია „კარიტასია“, რომელიც ბათუმში თავშესაფრის ან დღის ცენტრის მოწყობას არ აპირებს.

„ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, სხვისთვის დაგვითმია…“ – გვითხრა თამარ შარაშიძემ, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერმა.

 

 

 

 

 

სხალთის ეპარქია: ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს

ხულოში, სხალთის ეპარქიაში, ორი ეკლესია გაქურდეს. სხალთის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის ტაძრებში ქურდი ფანჯრიდან გადავიდა.

ტაძრებიდან შესაწირი ყუთები წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება ტაძრების გაქურდვის შესახებ პოლიციაში დღეს შევიდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

მთავარ ფოტოზე: ხულოს ხარების სახელობის ეკლესია. წყარო: ვიკიპედია 

ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კახაბერ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს. ბათუმის მერიის ცნობით, კახაბერ გუჩმანიძე დღეს, 10 სექტემბერს, ღია კენჭისყრით აირჩიეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დამსწრე წევრებმა. საბჭოს ასევე ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, რომლებსაც მორიგ სხდომაზე აირჩევენ.

კახაბერ გუჩმანიძე  ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორია აჭარის რეგიონში, ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების ექსპერტი, ნარჩენების მართვის კუთხით ეწევა საკონსულტაციო-საექსპერტო საქმიანობას.

მრჩეველთა საბჭო. ფოტო: ბათუმის მერია

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ახალი შემადგენლობით მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამხანაგობები და  ბათუმის მოსახლეობის წარმომადგენლები. საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება და წარდგენის პროცესის ხელშეწყობა.

შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ასევე, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბათუმში ტელეკომპანია „იბერიას“ მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები და ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები შეიკრიბნენ.

„ჩემი აზრით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი კოლეგების მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი მედიაზე ზეწოლის,“ – განაცხადა „იბერიას“ გურია-აჭარის რეგიონალურმა კორესპონდენტმა, მაია შავაძემ.

ჟურნალისტის თქმით, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტელევიზიის ფინანსურ დავალიანებაზე, არამედ საუბარია ტელევიზიის დათმობაზე.

„მე იბერიას“ მაყურებელი ვარ და ჩვენ ვიცავთ მედიის თავისუფლებას, ამიტომ ვართ აქ“, – ამბობს ლალი ზაქარეიშვილი.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ლაურა ტაკიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლა უნდა შეწყდეს  და ტელეკომპანიამ განაგრძოს მუშაობა:

„როგორც ვიცი „ომეგა ჯგუფში“ 1500 ადამიანია დასაქმებული და ამ ადამიანების უკან ამდენივე ოჯახი დგას. ამიტომ ამ ტელეკომპანიის მუშაობა არის მნიშვნელოვანი და წინააღმდეგი ვართ, რომ ტელევიზია დაიხუროს“.

აქცია ევროპის მოედანზე ტელეკომპანია „იბერიას“ მხარდასაჭერად.
ფოტო: „ბათუმელები“

დღეს აქცია ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა თბილისში, კანცელარიის წინაც გამართეს. აქციას წინ უძღოდა ტელეკომპანიის მხრიდან მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ხელისუფლება „იბერიას“ დამფუძნებლებზე ზეწოლას ახორციელებს და ამ ზეწოლის მთავარი მიზანია, ტელეარხმა მაუწყებლობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

TV იბერია ზეწოლასა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წლებია მატერიალურად ეხმარება  მრავალშვილიან ოჯახებს. ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამისთვის – „ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის) ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 000 ლარი გამოიყო.

პროგრამა 2018  წლის დეკემბრის ბოლომდე ხორციელდება. ამ დროისთვის ერთჯერადად 1 000 ლარით 47-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

პროგრამის პარალელურად მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ,,მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ: პირველი და მეორე შვილის შეძენისას ოჯახი ერთი წლის განმავლობაში სუფსიდიის სახით 100 ლარს იღებს, ხოლო მესამე და მომდევნო შვილზე 2 წლის განმავლობაში – 200 ლარს. ამ შეღავათებით, ჯამში, დღეის მდგომარეობით, 277 ოჯახი სარგებლობს.

მოპედს, რომელსაც 12-წლამდე ბიჭი მართავდა, ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპედს ავტომანქანა დაეჯახა. მოპედს მცირეწლოვანი მართავდა. ის დაშავდა.

„დაშავებული დაახლოებით 12 წლამდეა, მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მოსკოვში „პუსი რაიოტის“ წევრები ისევ დააკავეს

რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ აქტივისტები მოსკოვში 9 სექტემბერს პოლიციამ დააკავა. როგორც რამდენიმე საათის წინ ჯგუფის წევრები ტვიტერზე წერდნენ, პოლიციამ უსაფუძვლოდ „პუსი რაიოტის“ ორი წევრი დააკავა. ვერონიკა ნიკულშინა საკუთარ მანქანას მართავდა, როცა პოლიციამ გააჩერა და მანქანის შემოწმება გადაწყვიტა. ვერონიკამ რუს პოლიციელებს ,,ტერორისტები“ უწოდა და მათ საკუთარი მანქანის შემოწმების ნება არ მისცა, რის შემდეგაც ის და ჯგუფის მეორე წევრი, პიტერ ვერზილოვი დააკავეს.

ვერონიკა ნიკულშინა ივლისში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე მოედანზე გასვლისთვის დააპატიმრა რუსულმა პოლიციამ და 15 დღით ჩასვა ციხეში.

როგორც ჯგუფის წევრები ტვიტერზე წერენ, პოლიციელები „პუსი რაიოტის“ წევრების დაკავებების სერიას მსოფლიო ჩემპიონატისას მოწყობილი ანტიპუტინური აქციების გამო აგრძელებენ.

ჯგუფი უკვე დიდი ხანია პუტინის პოლიტიკას აპროტესტებს. მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას პუსი რაიოტის წევრები პოლიციელების ფორმით შეიჭრნენ. ამ ფორმით ისინი რუსეთში პოლიტპატიმრების არსებობას აპროტესტებდნენ, მათ შორის უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის უკანონო პატიმრობას.

პუსი რაიოტის ორივე წევრი, ვერონიკა ნიკულშინა და პიტერ ვერზილოვი ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან.

საქართველოს განათლების მინისტრმა ექვსი თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლა

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი მოადგილეები, ლია გიგაური და თემურ მურღულია, ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მანანა მიქაბერიძეც.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი განათლების სიღრმისეული რეფორმა და განათლების ხარისხის ამაღლებაა. მინისტრის თქმით, საკადრო ცვლილებები კიდევ გაგრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მესამე მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. დეპარტამენტში მისი საქმიანობა საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებასა და სერვისების განვითარებას შეეხება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ქრისტინე ძიძიგური პროფესიით სოციოლოგია და აქვს 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება  გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ქრისტინე ძიძიგური 2016-2017 წლებში იყო ამერიკული დიზაინ ტურისტული კომპანია „ნომად ჰილის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;  2014-2016 წლებში ის კოორდინაციას უწევდა ევროკავშირისა და ნატოს პროექტებს საქართველოში. 2010-2014 წლებში მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით და 2014 წლიდან დღემდე საქველმოქმედო „ქართული ფონდის“ თანადამფუძნებელია.

ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში სწავლობდა რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ქრისტინე ძიძიგურის ქმარი ხუან იოანე ბაგრატიონია. ცოლ-ქმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარემოცვაში პირველად 28 აგვისტოს გამოჩნდა. წყვილი თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მარიამობის წირვას დაესწრო. წყვილი ასევე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესწრებოდა 8 სექტემბერს სარფში გამართულ კოლხობის დღესასწაულს.

ქრისტინე ძიძიგური მეუღლესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მარიამობის წირვაზე
Exit mobile version