მთავარი,სიახლეები

მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოებაზე: ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული

11.09.2018 • 2468
მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოებაზე: ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული

„სახელმწიფო პოლიტიკა არის ბიზნესის მხარდაჭერა… ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული,”- უთხრა ბიზნესმენებს საქართველის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 11 სექტემბერს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე ესაუბრნენ ბიზნესმენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

თამილა ბარკალაია – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები მარტიდან უკვე შეეხო მძიმე და საშიშპირობებიან ბიზნესს. ამ კომპანიებში შესვლა და ინსპექტირების განხორციელება ნებისმიერ დროს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს. შრომის ინსპექცია კომპანიებს სთხოვს, შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაახვედროს, რომელიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხო შრომის პირობებზე იმუშავებს.

„უკვე 30 კომპანიის ინსპექტირება განვახორციელეთ. პირველ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, როცა უკვე მონაცემები დაზუსტდება, დეტალურ ინფორმაციას გავაცნობთ საზოგადოებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

ბექა ფერაძე – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეგულაციის გარეშე ბაზარმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.  2019 წლის სექტემბრიდან ინსპექტირებას ეკონომიკის სფეროში მომუშავე ყველა კომპანია დაექვემდებარება,“ – თქვა თამილა ბარკალაიამ.

კანონში შესული ცვლილების შემდეგ კომპანიის მენეჯერს თავად შეუძლია შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქცია შეასრულოს, თუკი საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 20-ზე მეტი არ არის. 20-დან 100 დასაქმებულზე კომპანიამ მენეჯერი უნდა აიყვანოს, რომელსაც შრომის უსაფრთხოების კუთხით გააჩნია კვალიფიკაცია და გამოცდილება. საწარმოში 100-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, კომპანიამ უსაფრთხოების სამსახური უნდა შექმნას.

„პროფესიონალი კადრები არ გვყავს, ეს პრობლემაა,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ელგუჯა მელაძემ, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას დროს სჭირდება, რადგან კადრებს გადამზადება დასჭირდებათ.

„ინსპექტორი კი არა, პოლიტიკა უნდა შევიდეს ყველა კომპანიაში,“ – დასძინა დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე მყოფმა ერთმა ბიზნესმენმა იკითხა, შესაძლოა თუ არა უსაფრთხოების ინდივიდუალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს კომპანიამ.

„არა, კანონი მიმართულია კოლექტიური დაცვის საშუალებებისკენ,“ – უპასუხა ბიზნესმენს ბექა ფერაძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

შეკითხვა ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომელმაც დასვა. მან იკითხა, აპირებს თუ არა სახელმწიფო ზიანი აუნაზღაუროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაოს შესრულების დროს პროფესიული ზიანი ადგებათ.

„მე ადრე ნავთობტერმინალში ვმუშაობდი, ეს კანონები კარგად ვიცი… სანდასუფთავებაშიც ადრე იყო წესები, კონკრეტულ თანამშრომლებს რძეს ურიგებდნენ ან დანამატს აძლევდნენ, ახლა არაფერი აღარაა. მერია მსგავსი ხარჯებისგან თავს არ იკავებს, იქნებ ამ კუთხითაც შეიცვალოს რამე,“ – იკითხა მან.

შეხვედრა უნივერსიტეტში

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომელს უთხრეს, რომ კანონმდებლობა ამ კუთხითაც დაიხვეწება.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიზნესმენებთან შეხვედრას ბათუმის მერი, ასევე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ. „თქვენ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მალე მუნიციპალურ შპს-ესაც შეეხება, ამიტომ გვინდა, წინასწარ იყოთ ინფორმირებული,“ – მიმართა მერებს მინისტრის მოადგილემ.

ბიზნესმენებს მინისტრი დავით სერგეენკო უნდა შეხვედროდა, თუმცა იგი შეხვედრაზე არ მოვიდა. სამინისტროს პრესსამსახურმა ჟურნალისტებს ვერ უთხრა, რატომ გადაიფიქრა შეხვედრაზე მოსვლა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეხვედრა უნივერსიტეტში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: