მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის გადახაზული სტიკერი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ავტომობილზე

12.09.2018 • 4556
ივანიშვილის გადახაზული სტიკერი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ავტომობილზე

რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთის საკრებულოდან, ბონდო თედორაძემ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა  პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის ავტომობილის ფოტო, რომელზეც გაკრულია ენმ-ის საარჩევნო ნომერი – 5 და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადახაზული სტიკერები.

ბონდო თედორაძე ფოტოებს ასეთი წარწერით აქვეყნებს: „ანზორ ბოლქვაძე მიხვდა დანაშაულს და გადახაზა ბიძინა, გააკრა 5 ნომერი სტიკერი! ძალა ერთობაშია! #თორნიკერიჟვაძე #ირაკლიკობახიძე თქვენ როდის აკრავთ???“

ბონდო თედორაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ფოტო პარტიის აქტივისტებმა მიაწოდეს.

„მე არ გადამიღია ფოტო, ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივისტმა მომაწოდა. შეიძლება ოფიციალურ საუბრებში არ ამბობს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ პირად საუბრებში აცხადებს, რომ უკვე მზადაა დაბრუნებისთვის (ენმ-ში) და ბოდიშებსაც იხდის“, – გვითხრა თედორაძემ.

„ბათუმელები“ ანზორ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ „ბათუმელებისგან“ შეიტყო და უკვე გამოიძახა პოლიცია. ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ აპირებს პოლიციის ჩარევით დაადგინოს, ვინ მიაწება სტიკერები ავტომობილზე: „მე გაჩერებული მყავდა ავტომობილი გამგეობის წინ [ქობულეთი] და ჩემს კოლეგასთან ვიყავი. ახლა გამოვიძახე პოლიცია და „ნაციონალების“ გამოძახებასაც ვაპირებ“, – გვეუბნება ის.

ანზორ ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო პარლამენტში ენმ-ს მმართველობის პერიოდში. ახლა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია. დეპუტატი ამბობს, რომ ის არ აპირებს „ქართული ოცნების“ დატოვებას:

„შეიძლება თვითონ მიაკრეს სპეციალურად. მაგათ სურვილი აქვთ, რომ წამოვიდე „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ვერ დაეწევიან ეგენი მაგ სურვილს“.

სქრინი ბონდო თედორაძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: