სიახლეები

ციფრული საბაჟო – რას შეცვლის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება

11.09.2018 • 2120
ციფრული საბაჟო – რას შეცვლის ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება

საბაჟო სისტემაში რეფორმები იგეგმება, რომლებიც საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას (გაციფრულებას) უკავშირდება, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ უკვე დააანონსა და იგი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი საბაჟო კოდექსი მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს. სასაზღვრო ფორმალობების გამარტივება კი ​გადამზიდავ კომპანიებს საშუალებას მისცემს, წინასწარ ჩაატარონ ზოგადი დეკლარირება – საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც, თავის მხრივ, საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერის დროს დაზოგავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბაჟო კოდექსით საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა: „ეს სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას. რაც ასევე გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში“.

შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი, “სივრცეში” და “საზღვარზე” არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: