მთავარი,სიახლეები

ახალი ცხოვრება და პროფესია 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ

11.09.2018
ახალი ცხოვრება და პროფესია 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ

იშვიათად თუ შეხვდებით ყოფილ პატიმარს, ვინც ცხოვრების ნახევარზე მეტი საპატიმროში გაატარა და მოახერხა ეს მისთვის დაღად არ ქცეულიყო.

ასეთი იშვიათი რესპონდენტია ბორის მაისურაძე. 17 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა, ახლა 37 წლისაა – 15 წელი გაატარა საპატიმროში. ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ციხის გარემო საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა:

„კარგია, როცა ცხოვრება დალაგებულად მიდის და ბავშვი სასწავლებელში სწავლობს იმას, რაც სურს, მაგრამ ცოდნის მიღება ყველგან შეიძლება, ციხეშიც კი. იქ უამრავი მეზღვაური, პროფესორი, გამომგონებელი, დიდი ხნის სამხედრო პირი შემხვედრია, მათთან ურთიერთობით ბევრი ვისწავლე,“ – ამბობს ბორის მაისურაძე.

ბიბლიოთეკა, ადამიანებთან ურთიერთობა, ვარჯიში – ეს ყველაფერი განვითარების საშუალებები იყო ბორისისთვის საპატიმროში. საპატიმროს მძიმე წლები ამ ყველაფრის საშუალებით დაძლია.

ნანობს, რომ ინგლისური არ ისწავლა: „ორი სიტყვა ვიცი ინგლისურად მხოლოდ: დონალდ ტრამპი და მაკდონალდსი“, – ხუმრობს ბორისი, – „ბევრ უცხოელთან მიწევს ურთიერთობა და ხელ-ფეხით ვსაუბრობ მათთან“.

ბორისის ძალისხმევამ და ციხეში წაკითხულმა კინოლოგიურმა ლიტერატურამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმარი რამდენიმე წელიწადში იქცა კინოლოგად. ცხოველები ბავშვობიდან უყვარდა. გათავისუფლების შემდეგ ბათუმის ცხოველთა თავშესაფრის ხშირი სტუმარი იყო, მოხალისედ მუშაობდა, მერე თანდათან ძაღლების გაწვრთნა და მოვლაც ისწავლა – ასეთი იყო მისი გზა საპატიმროდან ინსტრუქტორ – კინოლოგობამდე.

ბორის მაისურაძე ძაღლებთან ერთად

ჰყოლია პიტბული, პუდელი და გერმანული ნაგაზი, ახლა მხოლოდ კატა ჰყავს, მაგრამ სხვების ძაღლებს უვლის და წვრთნის.

„მათთან ერთად ვცურავ ზღვაში, ვყვინთავ და კლდიდან ვხტები, ყველაზე მშვიდად და კარგად თავს ცხოველებთან  ვგრძნობ. 35 წლისამ დავიწყე ამ საქმის სწავლა და უკვე მაქვს წარმატებები. მაქვს ფუფუნება ჩემი საქმით საკუთარი თავისთვის აიფონიც ვიყიდო, ძვირიანი ველოსიპედიც, ჩავიცვა, დავიხურო, ბოტასები ვიცვალო სეზონის მიხედვით. მივაღწიე ყველაფერს, იმიტომ, რომ მოვინდომე. რასაც მოინდომებ, მიაღწევ,“ – ამბობს ბორისი.

ბორის მაისურაძე ძაღლებთან ერთად

ბორისი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვას აპირებს, რისი საშუალებითაც ის კინოლოგისთვის საჭირო ინვენტარს შეიძენს.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის“ პროგრამას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „თანაზიართან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა მოქმედებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

ბორის მაისურაძე ძაღლებთან ერთად

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: