მთავარი,სიახლეები

მილიონიანი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

17.01.2019 • 2734
მილიონიანი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

კომპანია „ამბასადორ-ბათუმი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე გაურიგდა. შეთანხმება 85-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც 2018 წლის ივნისში მოეწერა ხელი, კომპანიამ კურორტზე 2 676 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 42 816 ლარად და ათი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების  პირობით იყიდა. ნაკისრი ვალდებულების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე „ამბასადორ ბათუმმა“ არანაკლებ 85-ნომრიანი სასტუმრო ორ წელსა და ორ თვეში უნდა ააშენოს.

„ამბასადორ ბათუმის“ დამფუძნებელს, ალექსანდრე ფრიდს, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეც არის. ამ დროისთვის კომპანიის დირექტორი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი, ასევე რუსეთის მოქალაქე [ორმაგი მოქალაქეობა] ელგუჯა ქებურიაა.

კურორტზე კიდევ ერთი ასნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს კომპანია „დალ კაპიტალიც“. გასულ წელს მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, კომპანიამ კურორტ „გოდერძიზე“ 2 739 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 27 390 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის გარდა ე.წ. პიაცა უნდა მოაწყოს. სასტუმრო უნდა მოიცავდეს აპარტამენტებს, კაფე-რესტორანსა და სხვა გასართობ სივრცეებს.

კომპანიამ აღებული ვალდებულებები 2023 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს, რაც შენობის ექსპლუატაციაში შეყვანასაც გულისხმობს. ამ ყველაფერში კომპანიამ ჯამში ექვსმილიონიანი  ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი დალი კაიშაურია, დირექტორი კი – გიორგი ვარშანიძე.

კურორტზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე სამი მილიონ 400 000 ლარის ინვესტიციის ფარგლებში სამოცდაათნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს კომპანია „ელტური- 2008“. კომპანიამ 2117 კვადრატული მეტრი ფართობი კურორტზე 33 872 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდა.  სასტუმროს მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა კომპანიამ სამ წელში უნდა დაასრულოს. კომპანიის 20%-ის მფლობელი და დირექტორი ბიზნესმენი ჯუმბერ ზოიძეა, კომპანიის 80 პროცენტს კი მისი ოჯახის წევრი ინგა დავითაძე ფლობს.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად, სამოცნომრიან სასტუმროს ააშენებს კომპანია „პრემიერ ჰოტელ გრუპი“. კომპანიამ 2508 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 40 128 ლარად და ორი მილიონ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლომთაძეა.

სავარაუდოდ ამ კომპანიებიდან არცერთს არ აქვს ვებგვერდი ინტერნეტ სივრცეში სადაც მათი გამოცდილების შსახებ ინფორმაცია იქნებოდა განთავსებული, რადგან ისინი ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება.

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს.

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

გადაბეჭდვის წესი