მთავარი,სიახლეები

რა დაწერა მოქალაქემ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში

16.01.2019
რა დაწერა მოქალაქემ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში

„სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დაცული სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის შემთხევაში,“ – მიიჩნევს ედუარდ მარიკაშვილი. იგი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი პენსიის ახალ წესს ასაჩივრებს. ედუარდ მარიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თანამშრომელია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტი გიორგი მშვენიერაძე დაიცავს.

დავის საგანი 2018 წლის 21 ივლისს მიღებული კანონია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც 40 წლამდე ადამიანი ვალდებულია საპენსიო შენატანი გადაიხადოს საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ამ ფორმით ჩაერიოს ადამიანების საკუთრების უფლებაში.

მოსარჩელე ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საპენსიო შენატანის სავალდებულოობაზე აკეთებს. „კანონმდებელს არც კი უნდა დაუშვას, რომ მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულება საკუთრების მისი ნების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მიერ იძულებითი წესით განკარგვასთან დაკავშირებით, შესაძლოა ლეგიტიმური იყოს და რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, გადაწყვიტონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

საკონსტიტუციო სარჩელში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაც, სადაც საპენსიო ფონდის მოცულობის ნაწილი დაიკარგა.

„საპენსიო ფონდების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეირყა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ საპენსიო სისტემა შემოსავლების გარანტირებას ვერ ახდენს. ირლანდიამ 2008 წელს საპენსიო ფონდის მოცულობის 40% დაკარგა. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ფინანსური ვარდნები უფრო რადიკალურია…“ – ვკითხულობთ სარჩელში. 

სარჩელში განხილულია ისიც, რომ ლარის დანაზოგის გაზრდით ეკონომიკის დედოლარიზაციას შეეწყობა ხელი, თუმცა ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. „სახელმწიფოს მხრიდან ამ მიზნების მისაღწევად თანხის იძულებითი წესით შეგროვება არაკონსტიტუციურია,“ – დასძენს ედუარდ მარიკაშვილი.

მოსარჩელე ეხება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხსაც, სხვადასხვა ქვეყნის მოდელს, სადაც პენსიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირებაა და არა მხოლოდ დანაზოგის გაკეთება.

„როგორც საპენსიო სისტემების ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, მის მთავარ მიზანს ეფექტური სოციალური დაცვის არსებობა და სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, შემოთავაზებული საპენსიო დაგროვებითი სისტემა არ მოიცავს სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტს და არ ანაწილებს ფინანსურ რესურსს შედარებით მდიდარსა და ღარიბს შორის. როგორც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ განმარტებით ბარათშია მითითებული, ინდივიდუალური საპენსიო დანამატის დაგროვების მიზანია შესაძლებლობა მისცეს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი,“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 11 იანვარს დარეგისტრირდა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სარჩელის განხილვა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ.

ამ თემაზე:

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: