Batumelebi | გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ – Batumelebi
RU | GE  

გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ

21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მომუშავე გიდები მასშტაბურ აპოლიტიკურ აქციას აანონსებენ. ამ დღეს ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გიდები უფასო „ქალაქის ტურებს“ ჩაატარებენ და აქცია-პერფორმანსს მოაწყობენ სახელწოდებით „ეს საქართველოა“. გიდები ამ ფორმით აპროტესტებენ სახელმწიფო სიმბოლიკის – საქართველოს რუკის დამახინჯებას.

„საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა! #ესსაქართველოა #ძალაერთობაშია“, – ასეთია აქციის მთავარი მესიჯი.

უფასო ტურზე მისვლა  ყველა მსურველს შეეძლება.

„ვიწვევთ ყველა ახლობელს, შინაურს, ქალაქის სტუმარს, მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სკოლებს და უნივერსიტეტებს, მეზობლებს და მეგობრებს,” – ნათქვამია ოფიციალური მიმართვის ტექსტში, რომელსაც გიდები ავრცელებენ.

„რუკების დამახინჯება არ დაწყებულა დღეს და გუშინ. შარშანაც იყო იგივე პრობლემა. გადავწყვიტეთ, რადგან გიდების საერთაშორისო დღე მოდის 21 თებერვალს, ამ დღეს რაღაც ფორმით გაგვეპროტესტებინა ეს პრობლემა, რომელზეც რატომღაც ყველა თვალს ხუჭავს ან, უბრალოდ, ვერ ხედავენ ამაში პრობლემას. ბათუმში უფასო ექსკურსიას ჩაატარებს 15-მდე გიდი. 12 საათზე შევიკრიბებით ევროპის მოედანზე და ტურიც აქედან დაიწყება. გიდების გარდა, ასევე, მონაწილეობენ ტურისტულ სფეროში მომუშავე მოხალისეები, რომლებიც ავტომანქანითაც მოემსახურებიან ტურისტებს და გაიყვანენ მთიან აჭარაში,“ – ამბობს გიდი სალომე გორგილაძე. ის აქციაში სხვა გიდებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღდეგ 13 თებერვალს უკვე გაიმართა ონლაინ-ფლეშმობი. ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა იმ რუსული კომპანიების ქმედება გააპროტესტეს, რომლებმაც  საქართველოს რუკა დამახინჯებულად [აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე] განათავსეს თავიანთ ვებგვერდებზე.

21 თებერვალს დაგეგმილი აქცია-პერფორმანსში მონაწილე გიდებმა თავიანთი მოთხოვნა გაავრცელეს. მათი მოთხოვნები ასეთია:

„ყველამ, უცხოურმა კომპანიებმა, ტურ-ოპერატორებმა, პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პატივი ეცეს ქვეყნის რუკას, დროშას, ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს. შეწყდეს უკანონო ტურისტული საქმიანობა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. დაცული იქნას სახელმწიფო თუ  საერთაშორისო სამართლის ნორმები და კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”.

ფეისბუქზე შექმნილია დაგეგმილი საპროტესტო აქციის ივენთი.

გიდების განმარტებით, აქციის მთავარი მიზანია, სრულიად აპოლიტიკურმა პროფესიონალი გიდების გაერთიანებულმა ჯგუფმა, გამოაფხიზლოს მთავრობა, დაიცვას ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, კანონმდებლობა, სხვა ქვეყნებსაც აიძულოს პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, შეწყვიტონ სეპარატისტული რეგიონების ტურისტულ ზონებად გამოყენება და დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

უფასო „ქალაქის ტურები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღის 12 საათზე დაიწყება. ბათუმში უფასო ტურში მონაწილეობის მისაღებად მსურველები ევროპის მოედანზე უნდა მივიდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი