მთავარი,სიახლეები

არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას

19.02.2019
არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას

„ბათუმელების“ სტატიას: „არქიტექტორები ითხოვენ მერიამ k2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს“, არქიტექტორი ბექა თოიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეხვედრის დროს ის და მის გვერდით მსხდომი არქიტექტორები სულ სხვა გარემოებას გულისხმობდნენ, რაც ამ ცვლილების პროექტის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგება.

არქიტექტორის განმარტებით, საკრებულოს დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, სამშენებლო პროექტის ავტომანქანების ადგილებს, პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილის ჩათვლით, საერთო ფართობის მიხედვით გამოთვლიან.

ბათუმის მერიის 50-ე დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივ საქმიან ზონაში მენაშენეს, K2-ის საანგარიშო ფართობზე, 120 კვ/მეტრზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინება, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 150 კვ/მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილის გათვალისწინება ევალება.

ბექა თოიძის მოსაზრებით, ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი საერთო ფართობიდან არ უნდა გამოითვალონ:

„პირობითად გვაქვს K2 კოეფიციენტის დადგენილი მნიშვნელობა – 3.0.  ამ 3.0-ში შედის მიწის ზემოთ დაპროექტებული ავტოსადგომებიც, რის გამოც ხდება ისეთი ნონსენსი, რომ ავტოსადგომების რაოდენობა ემატება თვითონ ავტოსადგომისთვის გათვალისწინებული ფართობის ჩათვლით გადაანგარიშების შედეგად,“ – განმარტავს არქიტექტორი.

საქართველოში მოქმედი K2-ის გამოთვლის წესებს საქართველოს მთავრობის #57 და #59 დადგენილებები ადგენს. ამ წესების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში K2-ის საანგარიშო ფართობში არ შედის აივანი, ტერასა, კიბის უჯრედი და ასე შემდეგ.

„დავუშვათ, პირველ სართულზე შენობაში მთლიანად პარკინგია მოწყობილი, მის ზემოთ კი – ოთხი სართულია. მათ შორის პირველი სართულიც შედის K2-ში. პირობითად, პარკინგისთვის გათვალისწინებულია 600 კვადრატული მეტრი  ფართობი ავტოსადგომისთვის. დანარჩენი სართულები კიდევ 800 კვადრატული მეტრია. ასეთ დროს მთლიანი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დადგენისას მივიღებთ 3000 კვადრატულ მეტრს, რომელსაც ვყოფთ 150-ზე, რომ გამოვთვალოთ რამდენი  მანქანის გასაჩერებელი ადგილის მოწყობა გვევალება.

შესაბამისად, გამოვიდა, რომ ავტოსადგომების რაოდენობის განსაზღვრისას ვითვლით არამარტო საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ფართობებს, არამედ თვითონ ავტოსადგომის ფართობის ჩათვლით. ვფიქრობ, ლოგიკური და სწორი იქნება მიწის ზემოთ მოწყობილი ავტომანქანების გასაჩერებელი სივრცეებიდან არ მოხდეს დამატებით მათი რაოდენობის გაზრდა“, – განმარტა ბექა თოიძემ.

 

ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: