მთავარი,სიახლეები

შენი ისტორია „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” გამოფენაზე ბათუმში

18.02.2019 • 1894
შენი ისტორია „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” გამოფენაზე ბათუმში

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ რეალური და ვირტუალური სივრცეა, რომელიც ერთადერთი მიზნით შეიქმნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შეძლებოდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი წარუმატებელი და დამსხვრეული ურთიერთობების ისტორიები ამბებისა და სიმბოლური ნივთების საშუალებით.

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა მუდმივად იმატებს. ყოველი ნივთი ადამიანთა პირად, წარსულ ურთიერთობებზე ჰყვება, მუზეუმი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, უნივერსალური, მხატვრული დანიშნულება შესძინონ ისტორიებსა და ნივთებს, რისგანაც ემოციურად ვერ თავისუფლდებიან.

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი 2006 წელს დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ დააარსეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. მოძრავი მუზეუმი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ათასობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. 2010 წელს მუზეუმმა EMYA Kenneth Hudson Award-ის პრიზი მიიღო, როგორც ევროპის ყველაზე ინოვაციურმა მუზეუმმა.

დრაჟენ გრუბიშიკი და ოლინკა ვესტიკა – „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” დამაარსებლები

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ ექსპონატები ბათუმსა და თბილისშიც გამოიფინება.

თბილისში: 2019  წლის 11 აპრილიდან 13 ივნისამდე ბეთლემის #10-ში, ბათუმში კი 2019 წლის 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის მიმდებარედ.

გამოფენისთვის საკუთარი ისტორიებისა და ნივთების ფოტოების გაგზავნა ელექტრონულად ყველა მსურველს შეუძლია. საუკეთესო „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიები ბათუმსა და თბილისში გამოიფინება და საბოლოოდ ზაგრების მუზეუმის მუდმივ ექსპონატად იქცევა. შემდეგ კი ამ ისტორიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე გაეცნობა დამთვალიერებელი.

ისტორიები და ნივთები საქართველოდან 2019 წლის 14 თებერვლიდან 20 მარტამდე მიიღება. ონლაინფორმის შევსება კი ამ ლინკზეა შესაძლებელი. უნდა მიუთითოთ ამბის განვითარების პერიოდი წლების მიხედვით, ასევე, მოქმედების ადგილი: ქვეყანა და ქალაქი. ჰყვებით ამბავს და გზავნით ამ ამბავთან დაკავშირებული ნივთის ფოტოს.

ექსპონატებად „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმს“ ნივთებისა და ამბების გარდა შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფოტოები, წერილები, მესიჯები, სურათები, დოკუმენტები, გზავნილები და ხმოვანი ჩანაწერებიც.

საუკეთესო ისტორიებს მუზეუმის დამაარსებლები აარჩევენ, რის შესახებაც ავტორები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ დამადასტურებელ წერილს. ამის შემდეგ ავტორებმა ფოტოზე მითითებული რეალური ნივთი ელექტრონულ ფოსტაზე მითითებულ მისამართზე უნდა მიიტანონ თბილისსა და ბათუმში.

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ გამოფენაზე ბათუმში საუკეთესო ისტორიები გამოიფინება მთელი მსოფლიოდან, ასევე, ის  ქართული ისტორიები, რასაც 14 თებერვლიდან 20 მარტამდე გაუგზავნიან მუზეუმს.

ისტორიები ნივთთან ერთად ანონიმურად გამოიფინება და  მფლობელს უკან აღარ დაუბრუნდება.

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ გამოფენის ინიციატორი თბილისსა და ბათუმში საგამოფენო სივრცე  ჯგუფი „ბეთლემის 10″ – ია. ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი, ნატალია ანანიაშვილი ამბობს, რომ ბათუმის გამოფენის მოსაწყობად ჯგუფი სიამოვნებით მიიღებს ისტორიებსა და მათთან დაკავშირებულ სიმბოლურ ნივთებს აჭარიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: