მთავარი,სიახლეები

ადვოკატი პროკურორს: იმ დღეში ჩაგვაგდეთ უკვე, რომ პატიმრები აქეთ გვიცავენ

19.02.2019 • 1567
ადვოკატი პროკურორს: იმ დღეში ჩაგვაგდეთ უკვე, რომ პატიმრები აქეთ გვიცავენ

პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” ადვოკატების მონაწილეობის გარეშე შედგა – პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ ადვოკატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა.

“გაიგეთ, რაც წავიკითხე, ესაა,” – რამდენჯერმე მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატებს, როცა მათ სხვადასხვა შეკითხვა გაუჩნდათ.

ოქმების წაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პროტესტი ბრალდებულებმა – ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ გამოხატეს.

“აგდებული დამოკიდებულებაა, ბატონო მოსამართლევ. აბა, ადვოკატები რისთვის გვყავს? შენიშვნა მაინც მიეცით…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ზაალ ახვლედიანმა.

“ხომ ხედავთ, რა დღეში ჩაგვაგდეთ, ბრალდებულები აქეთ გვიცავენ უკვე,” – იქვე თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

“პოეზიის საღამოზე ხომ არ ვართ? მტკიცებულების გამოკვლევა არ ნიშნავს მხოლოდ მის წაკითხვას,” – დაამატა კიდევ ერთმა ადვოკატმა.

ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, პროკურორმა მიმართა მოსამართლეს:

“გთხოვთ, შენიშვნა მისცეთ დაცვის მხარეს”.

მოსამართლე ლევან გელოვანს შენიშვნა არც ერთი მხარისთვის მიუცია. მან განმარტა, რომ პროკურორმა, დაცვის მხარის მიმართვის შემთხვევაში, საკითხი უნდა დააზუსტოს.

საქმის განხილვა გრძელდება. მოწმეების დაკითხვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“.

 

ამ თემაზე:

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: