მთავარი,სიახლეები

რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა

23.03.2019
რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა

25 მარტიდან სოცმუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან. ისინი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს აპირებენ პროცესში ჩართვას. მანამდე კი, სამუშაო კაბინეტებში სოცმუშაკებმა განცხადება დატოვეს: „ძვირფასო მოქალაქეები, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც…“

კანონმდებლობით გაწერილია კონკრეტული შემთხვევები, სადაც სოცმუშაკის ჩართვა სავალდებულოა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა.

ბათუმში მომუშავე სოცმუშაკების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთევან ხუციშვილის განმარტებით, სოცმუშაკები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუკი არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება და როცა „რეფერირების დოკუმენტით“ არის განსაზღვრული სოცმუშაკის ჩართვა, ანუ მოზარდზე ძალადობის დროს.

სოცმუშაკების განმარტებით, გაფიცვა რამდენიმე მიმართულებით შექმნის პრობლემას, მათ შორის:

  • არასრულწლოვანს უნდა ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი. მისი მოწმედ დაკითხვის დროს, ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის დროს. თუკი არასრულწლოვანს არ ჰყავს, ან ადგილზე არ იმყოფება მშობელი, ამ დროს სავალდებულოა სოცმუშაკის პროცესში ჩართვა. სოცმუშაკები ასევე მიუთითებენ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, როცა მშობელიც ერთ-ერთი მოწმეა, ან დაზარალებული. ამ დროს მშობელი ვერ იქნება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი და სავალდებულოა ისევ სოცმუშაკის ყოფნა.
  • არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების დროს სავალდებულოა სოცმუშაკის ჩართვა საგამოძიებო პროცესში, ასევე სასამართლო განხილვის დროს
  • არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება სასამართლოს მიერ, განრიდების პროცედურა ვერ ამოქმედდება სოცმუშაკის დასკვნის და შემდგომში მისი დაკვირვების გარეშე. განრიდების პროცედურა ამოქმედდება, თუ არასრულწლოვანს მშობელი ჰყავს, როგორც კანონიერი წარმომადგენელი.
  • სოცმუშაკის ჩართვა სავალდებულოა სრულწლოვანი პირების შემთხვევებშიც, როცა მათ მხარდამჭერი პირის, ანუ იგივე მეურვის დანიშვნა სჭირდებათ. სასამართლო მხარდამჭერ პირს, ან დროებით მხარდამჭერს ადამიანს სოცმუშაკის შესაბამისი დასკვნის გარეშე ვერ დაუნიშნავს. მხარდამჭერი პირის დანიშვნის შემდეგაც სოცმუშაკი 6 თვეში ერთხელ მონიტორინგს ახორციელებს, ხომ არ იყენებს ბოროტად თავის უფლებამოსილებას მხარდამჭერი პირი.
  • სოცმუშაკის დასკვნა ასევე გადამწყვეტია ოჯახური დავების დროს, მაგალითად, განქორწინების დროს შვილი დედასთან უნდა დარჩეს, თუ მამასთან, ან ბავშვის ნახვის საათების განსაზღვრის დროს.

სოცმუშაკები გაიფიცნენ ბათუმშიც. ორშაბათს, 25 მარტს, დილის 10 საათზე ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან. სოცმუშაკები ჩანაწერთა წიგნში მხარდაჭერის დასტურად მოქალაქეების ხელმოწერას შეაგროვებენ.

https://netgazeti.ge/news/349231/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: