მთავარი,სიახლეები

მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან

22.03.2019 • 2443
მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან

ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე თუნუქის პავილიონებში წერეთლისა და სხვა ქუჩებიდან გადაყვანილი გარემოვაჭრეები უკვე მეოთხე დღეა მუშაობენ. დილის 10 საათზე აქ სიხალვათეა, პავილიონში მხოლოდ გარემოვაჭრეები არიან და ყოველ შემომსვლელს იმედის თვალით უყურებენ, ასეთები კი თითქმის არ არიან.

„იშვიათად თუ შემოვა ვინმე, დიდი იმედებით შემოვედით და იმედია, გამართლდება ჩვენი იმედები. პირობები კი ნორმალურია,“ – გვითხრა ლია აბაშიძემ, იგი შვიდი წელია  წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობდა.

პავილიონში არის განათება, იატაკი მოცემენტებულია, თუმცა გარეთ არ არის რაიმე მინიშნება ან ტრაფარეტი, რაც მიუთითებდა, რომ აქ სხვადასხვა საქონლის შეძენაა შესაძლებელი.

„მყიდველზე მეტი გამყიდველები ვართ, მყიდველი არ არის, ავტოსადგურიდან ხალხი არ შემოდის,“ – წუხს ეთერ ვარშანიძე. იგი 15 წელია წვრილმანებით ვაჭრობს, ახალი საქონელი ჯერ არ შეუძენია, რადგან ძველიც არ აქვს გაყიდული.

მოვაჭრეების პავილიონში ზიბა ბაკიროვას ჯერ ადგილი არ აქვს. იგი ამბობს, რომ ოთხი წელი ვაჭრობდა წერეთლის ქუჩაზე, სკოლასთან, ქმარი ახლახან გარდაეცვალა, ახლა კი სავაჭრო ადგილი არ აქვს. ზიბას მკერდზე გარდაცვლილი ქმრის ფოტო უკეთია, ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.

„ჯერ მომცეს კართან ადგილი, მაგრამ გუშინ რომ მოვედი საქონლის დასადებად, მითხრეს, რომ ამ ადგილზე უკვე სხვა დასვეს და ადგილის გარეშე დავრჩი. ორი პატარა ბავშვი მყავს, ქმარი მომიკვდა, 40 დღე ჯერ არ გასულა, სად წავიდე, როგორ მოვიქცე, რა ვაჭამო ჩემს ბავშვებს?! ერთ-ორ დღეს დამეხმარებიან სხვები, მაგრამ მერე რა მოხდება?!“ – წუხს ზიბა.

ახალ ადგილზე გადმოსვლით ზოგიერთი მოვაჭრე უკმაყოფილოა, ზოგიერთ პირობები მოსწონს, მაგრამ ამბობენ, რომ სჯობდა ჯერ პავილიონები აშენებულიყო და შემდეგ გადმოსულიყვნენ სავაჭროდ, რადგან მოვაჭრეებმა მერიასთან მოლაპარაკებებისას ორი თვე დაკარგეს, ვერც ქუჩაში ივაჭრეს, ვერც პავილიონში, ამასობაში კი ზამთრის სეზონისთვის შეძენილი საქონელი უკვე აღარ იყიდება.

„სიფთა არ გვაქვს, ჯერ არაფერი გაგვიყიდია, ორი ლარის თუ გაყიდა ვიღაცამ. თქვენ როგორ იპოვეთ ეს ადგილი, როგორ მოაგენით?! მარშუტკებიც გვეფარებიან, ტრაფარეტები გვინდა გააკეთონ, რომ ჩვენ აქ ვართ. არ ვიცი რამდენ ხანს გავჩერდებით ასე, მუშაობის გარეშე. ტირილის სულზე ვართ მისული,“ – გვეუბნება ციცო.

ვაჭრები ამბობენ, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, ტრაფარეტები, რომ ბაზრობა გამოჩნდეს და მყიდველმა მათი დანახვა შესძლოს. „ბათუმის მერმა გვითხრა, ხუთი ათასი ადამიანი დადის ყოველდღე ავტოსადგურშიო, სად არიან ეს ადამიანები?! არ ჩანან,“ – ამბობენ ისინი.

„მე ვფიქრობ, კარგი რაღაც გაკეთდა. ხალხი არ შემოდის ჯერ, მაგრამ ერთ-ორ დღეში არაფერი გამოვა, ადამიანი ხომ იწყებს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლა, მერე უმაღლესი… ბაზარი ახლა გაკეთდა და უცებ იყოს 5 000 კაცი, ასე არ ხდება, ხალხი უნდა შეეჩვიოს. მართალია, ჩვენ ყოველდღიური ვაჭრობის ფულით ვარსებობთ, მაგრამ გავა 10 დღე და შემოვა ხალხი, ერთი ხელის მოსმით ეს არ იქნება,“ – იმედიანადაა განწყობილი ქსენია ქელეში.

ციცინო დუმბაძეც ფიქრობს, რომ ახალ ბაზრობას დრო სჭირდება:

„ჯერჯერობით მუშაობა არაა, მაგრამ იმედი გვაქვს, ხალხი შეგვეჩვევა. მთავარია, კლიენტი მოვიდეს. დახლში ფულს არ ვიხდით, ორი თვე არ გადაგახდევინებთო, დაგვპირდნენ. ახლა მთავარია ვივაჭროთ, რომ ოჯახის რჩენა შევძლოთ. ისეთი სეზონია თან, ხალხს ფული არ აქვს, იმედი გვაქვს გაზაფხულის, უფრო შეგვეჩვევიან, ჩვენი კლიენტები გვყავდა, რომლებიც გვიცნობდნენ, მაგრამ ორი თვეა არ გვივაჭრია, არ იციან სად ვართ… ალბათ მოგვაგნებენ,“ –  ამბობს ციცინო.

მზია ჯაშს მეოთხე დღეა მყიდველი არ ჰყოლია. იგი 15 წელია ვაჭრობს და ასეთი დღეები არ ახსენდება. ჯერ უნდა გაეკეთებინათ პავილიონი და ისე უნდა გადმოვეყვანეთო – ისიც ასე ფიქრობს.

მყიდველი არც ეთერ თავართქილაძეს ჰყოლია. სამი დღეა საღამოს ექვს საათამდე დახლთან ზის, მაგრამ კლიენტები არ ჩანან. „ერთი ლარის არ გამიყიდა არაფერი, შემოსასვლელი არ ჩანს, აქ რომ ბაზრობაა, არავინ იცის, ჩვენ გვინდა ყოველდღიური საარსებო, პური ხომ უნდა წავიღო სახლში ჩემი მუშაობით?!“ – ამბობს ეთერი.

ბათუმის ქუჩებზე გარევაჭრობის აღკვეთას ბათუმის მერია წლებია უშედეგოდ ცდილობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მერიამ კონკრეტულ შედეგს მიაღწია, თუმცა გარემოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ მერია ქალაქის იერსახეზე ზრუნავს, თუმცა ადამიანები ავიწყდება.

სავაჭრო პავილიონი ავტოსადგურთან

სავაჭრო პავილიონი ავტოსადგურთან

ამავე თემაზე: 

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: