10 ადგილი აჭარაში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს [სატელიტის ფოტოები]


ბათუმი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი – ეს ის ადგილებია, სადაც ათეულობით მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს და ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადაიტანეს. შეკვეთილში ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. კომპანია „ურეკი რეზიდენსი“ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ბერა ივანიშვილი დღეს „ურეკი რეზიდენსის“ ერთადერთი მფლობელია.

აჭარაში ხეების ამოთხრა და გადატანა 2016 წლიდან დღემდე გრძელდება. ამ დროისთვის გადასატანადაა გამზადებული ხეები ხობულეთის სოფელ ზენითში, ბათუმში კი ორ მრავალწლოვან ხეს ახლა თხრიან.

ათი ადგილის ფოტო, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს, სატელიტიდან სხვადსხვა დროსაა გადაღებული – ხეების ამოთრხრამდე და ხეების ამოთხრის შემდეგ:

ბათუმში, თამარ მეფის გამზირთან ახლოს, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს დღესაც თხრიან. ხეებს ჯერ რკინიგზაზე გადაიტანენ, შემდეგ თამარ მეფის გამზირიდან პლაჟზე და ზღვით წაიღებენ. ამ ტერიტორიაზე ხეები ადრეც ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

 

ადგილი ბათუმის შემოსასვლელში მახინჯაურის დასახლებაში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები ამოთხარეს. აქ დღეს ახალგაზრდა ნერგებია დარგული.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგი კი ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. ხეები ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოთხარეს, ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებდნენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს.

 

ეს მწვანე კონცხზე ის ადგილია, სადაც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა იდგა. შენობის ადგილზე სასტუმრო „მაგნოლია“ უნდა აშენდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეებიც ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

 

ამ ადგილზე, ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხე მოჭრეს. პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვანი ხეებიც ამოთხარეს.

 

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. [მესაკუთრე შპს „სისაიდია“ , რომლის 100% წილის მფლობელიშპს „ოლდ სითი დიველოპმენტია“. „ოლდ სითი დიველოპმენტ“-ის დირექტორი არის ირაკლი ქარსელაძე, ხოლო ამ შპს-ს 100% წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. თანაინვესტირების ფონდი კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში.] ამ ადგილიდან, სადაც რკინიგზაზე სპეციალური გადასასვლელი და დროებითი პირსია მოწყობილი, არაერთი ხე გადაიტანეს შეკვეთილში.

ეს სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, ის ტერიტორიებია, საიდანაც არაერთი ხე გადაიტანეს შეკვეთილში. აქ ზღვასთან ახლოს ამოთხარეს ტიტას ხე, ეს იყო პირველი ხე, რომელიც ზღვით გადაიტანეს შეკვეთილში.  გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში 2017 წელს „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ციხისძირში პლაჟთან ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი ნერგებიც დარგეს და სკვერი მოაწყვეს, თუმცა არა იმ ადგილზე, სადაც ტიტა და სხვა ხეები ამოთხარეს.

 

ციხისძირში ამ ტერიტორიაზე ორი, გვერდი-გვერდ მდგარი მრავალწლოვანი ხეები – სექვოია და გინკგო (გინკგო ბილობა) ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს. ხეები სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე ამოიღეს, თუმცა რა ფორმით გასხვისდა ისინი, ვერ დავადგინეთ.

 

ესეც ციხისძირია. აქ მაგიტრალის გასწვრივ ფერდობზე მრავალწლოვანი ევკალიპტები ამოთხარეს და შეკვეთილში გადაიტანეს.

 

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, ციხისძირში, ამ ადგილზე ორი მრავალწლოვანი მაგნოლია ამოთხარეს და გადაიტანეს. აქ უზარმაზარი ევკალიპტის ხე მოჭრეს, ვინაიდან ამოთხრილი ხეების გადატანას ხელს უშლიდა.

ამ თემაზე ნახეთ სტატია, რომელიც 2017 წლის აპრილში, ჟურნალ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა:

ივანიშვილის დანატოვარი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com