მთავარი,სიახლეები

საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს

22.03.2019 • 1067
საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს

დღეს, 22 მარტს, ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაში. კონკრეტულად – დაზუსტდა  ანგარიშგების წესი და პირობები.

შესრულებულ პროექტებს – საერთაშორისო ფესტივალებისა და ტურნირების შესახებ ანგარიშგების, აქამდე არსებული პრაქტიკით, მხოლოდ შესაბამისი სამსახური იბარებდა. ახალი წესის მიხედვით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი.

მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის განცხადებით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც როგორც ფინანსებზე, ასევე განხორცილებული ღონისძიებების მიღება-ჩაბარების აქტებზეც იქნება პასუხისმგებელი.

„გვაქვს შემოთავაზება, რომ ამ ჯგუფში შემოვიდნენ საკრებულოს წევრებიც“, – განაცხადა მერაბ ქიძინიძემ.

მერაბ ქიძინიძის თქმით, მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საჭიროება იმან განაპირობა, რომ სპორტული ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდა და წელს 300 ათასი ლარი იქნება; ასევე გაიზარდა კულტურული პროგრამების დაფინანსება 500 ათას ლარამდე.

„კითხვები ჩნდებოდა საავტორო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებითაც, აუდიტის დასკვნებში იწერებოდა, რომ თითქოს ჩვენ ტექნიკურ დავალებებს ვარგებდით კონკრეტულ ავტორებს. ახლა გამოგვაქვს გარეთ ეს საკითხი და პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. ხელშეკრულებაც გაფორმდება უშუალოდ პროექტის ავტორთან“, – ამბობს ქიძინიძე.

მისი თქმით, დებულებაში ასევე უნდა დაკონკრეტდეს უცხოეთში ვიზიტების დროს საცხოვრებლის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ გვინდა, რომ დოკუმენტში ჩაიწეროს „სასტუმროს ხარჯი“ და არა საცხოვრისი.

„იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული პირი უცხოეთში გაემგზავრა, ღამით დარჩა ახლობელთან, ჩვენ უნდა მივცეთ თუ არა ამ შემთხვევაში ის თანხა, რაც სასტუმროსთვის იყო განკუთვნილი? ამიტომ, ბუნდოვანება რომ არ იყოს, საჭიროა დავაზუსტოთ ტერმინი“.

ცვლილების მიხედვით, უცხოეთში მიწვეულმა პირმა (ხელოვანი/სპორტსმენი) უნდა წარმოადგინოს ინვოისი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ხარჯი, მათ შორის სასტუმროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში აანაზღაურებს ხარჯებს ბათუმის ბიუჯეტი.

წარმოდგენილ ცვლილებას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: