<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >ყველაფერს, რაც მიყვარს, რაც გულგრილს ვერასდროს მტოვებს, ჩემი ბავშვობის სახლთან მივყავარ. ჰო, ხანდახან, იშვიათად, როცა მიზეზებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ჩემი დამოკიდებულებები ყველაფერი ჩემი სოფლიდან და იმ სახლიდან მომაქვს, სადაც გავიზარდე. მას შემდეგ ბევრჯერ შევიცვალე, ცხადია, სხვადასხვა გარემოება გავლენას ახდენდა, ზოგჯერ დადებითს, ზოგჯერ – პირიქით, მაგრამ მთავარი, რამაც მე ისეთად ჩამომაყალიბა, როგორიც ვარ, იქ არის, ბავშვობის სახლში, სახლთან და მის ირგვლივ. ბავშვობის სახლთან არის ჭოროხიც, უფრო სწორად იყო. ეს არის მდინარე, რომელსაც ყოველ დილით, ყოველი გაღვიძებისას, ნებით თუ უნებლიეთ, ფანჯრიდან ვხედავდი.