კვირის ამბები

ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს

20.03.2014 • 1850
ცხელი წყალი კვირაში ორ დღეს

 

 

 

ამჟამად საერთო საცხოვრებელში 48 სტუდენტი ცხოვრობს. მათ უნივერსიტეტის ავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე მიდის უნივერსიტეტში, უკან კი საღამოს ექვს საათზე ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სტუდენტს ლექციები ბევრად უფრო ადრე უმთავრდება. საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ღირებულება თვეში 15 ლარია, აქ ცხოვრება რეგიონებიდან ჩამოსულ ან უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ.


შენობაში არ არის გაზის გაყვანილობა, ამიტომაც აქ ელექტროგამათბობლებით ამზადებენ სადილს და ათბობენ ოთახებს. სამზარეულოს “ავეჯს” წარმოადგენს მხოლოდ ერთი მაგიდა, სტუდენტებს სადილი თავიანთ ოთახებში მიაქვთ და იქ მიირთმევენ. ის ოთახები, რომლებშიც სტუდენტები ცხოვრობენ კეთილმოწყობილია.

 

სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის, რევაზ ოკუჯავას თქმით, საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წყალია _ “იქ წყალი მოსახლეობასაც არ აქვს ნორმალურად. თავიდან საერთო საცხოვრებელი და მოსახლეობა ერთ მილზე იჯდა. ცალკე მილი საერთო საცხოვრებლისთვის შარშან გამოვიყვანეთ”.

ცხელი წყალი შენობას მხოლოდ ოთხშაბათსა და კვირას, რამდენიმე საათით მიეწოდება: “ზოგჯერ წყალი ორჯერ ცხელდება, დილით ვინც ვერ მოასწრებს, საღამოს შეუძლია ისარგებლოს”, _ ამბობს უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებლის ხელმძღვანელი თემურ გოგიტიძე. “ჭურჭელს ცივ წყალში ვრეცხავთ, სარეცხს კი მხოლოდ იმ დღეებში, როცა აბანოა/ცხელი წყალია. აქ ზოგიერთს თავისი ელექტრომადუღარა აქვს და როცა ძალიან გვჭირდება, ვთხოულობთ ხოლმე”, _ ამბობს საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მკვიდრი ნათია ზარანდია.

 

 

ხუთსართულიანი შენობის ბოლო, მეხუთე სართული, სადაც ათი ოთახია განთავსებული, მოწვეული მასწავლებლებისთვისაა; მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებული ოთახები კი, 160 სტუდენტისთვის არის განკუთვნილი. შენობის პირველი სართული გასარემონტებელია და სრულად აუთვისებელია. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ყოველდღიურად რეცხავენ და წმენდენ, ნესტი და გამწოვების არარსებობა მაინც მოქმედებს და ოთახებში, რომლებშიც მზე არ ანათებს, სპეციფიკური სუნი დგას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შრსუ-ს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის გენო აბულაძის თქმით, ტენდერი ავეჯისა და დიდი სარეცხი მანქანის შესაძენად მარტის შემდეგ, ამ წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება, დაზიანებული ოთახების გარემონტება კი საერთო საცხოვრებლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზაფხულისთვის იგეგმება. იმის გამო, რომ მწვანე კონცხზე ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის გაყვანილი, შენობის გაზიფიცირება ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული და გენო აბულაძის თქმით, მათ მიერ ამ პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას: _ “იმ უბანს საერთოდ არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც კი ცენტრალურ ხაზს გაიყვანენ, ჩვენს შენობაშიც შევიყვანთ გაზს, იქამდე კი ელექტროენერგიაზე ვამუშავებთ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: