კვირის ამბები

გამარჯვებული გოგონები ცეკვის კონკურსიდან

06.08.2013 •
გამარჯვებული გოგონები ცეკვის კონკურსიდან

 კონკურსში მონაწილეობის მიღება ლოლიტასა და ანას „ირაკლი მასწავლებელმა” ურჩია. ორივე ფიქრობს, რომ გაუმართლათ, ირაკლი სურმანიძეს რომ შეხვდნენ და ამბობენ, რომ მასწავლებლის დამსახურებაა, ლათინური ცეკვები მათი ცხოვრების ნაწილად რომ იქცა.

 

ლოლიტამ და ანამ ცეკვა ოთხი-ხუთი წლის ასაკში დაიწყეს. ინიციატივა ორივეს შემთხვევაში მშობლებისგან მოდიოდა, დღეს ცეკვის გარეშე ცხოვრება უკვე ვერც ერთს ვერ წარმოუდგენია. უყვართ ცეკვა და ცეკვავენ, ერთადერთი ის ადარდებთ, რომ მეწყვილეები აღარ ჰყავთ, როგორც ჩანს, ბათუმში ლათინური ცეკვები ბიჭებისთვის ჯერ ისევ არ არის სათანადოდ პოპულარული: „მეწყვილეს ვეძებთ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მომავალი გეგმები, სოლო მოცეკვავისთვის ძნელია დიდ მასშტაბებზე ფიქრი, იმედია გამოჩნდება ვინმე, მთავარია არ იყოს ზარმაცი, ოდნავ ნიჭიერსაც მალე მოვიყვანთ აზრზე.” – სიცილით ამბობს ანა კვაჭაძე.

 

ლოლიტა ცინცაძე
ლოლიტა ცინცაძე

„კონკურსმა ბევრი რამ მასწავლა, მითუმეტეს, ორგზის გამარჯვებული გავხდი. მომავალში ალბათ აღარ ვიქნები კონკურსანტი, კონკურსანტებმა ამიკრძალეს მონაწილეობა, დაყოლიება კი იმით შეძლეს ჩემი, რომ კონკურსის წამყვანობა შემომთავაზეს.” – ღიმილით გვიამბობს ლოლიტა ცინცაძე. იგი გამარჯვების ემოციებს “ენით აღუწერელს” უწოდებს: „სიხარულისგან ვტიროდი, ნამდვილად არ ველოდი, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა, მეწყვილეში გამიმართლა, დეფენსი ნიჭიერია, წელს საქართველოში პირველადაა, სიხარულისგან ისიც ვერ ლაპარაკობდა.” ლოლიტა რამდენიმე სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიცაა, 2012 წელს აჭარაში გამართულ სილამაზის კონკურსში მან პირველი ადგილი დაიჭირა.

 

გამარჯვებები ანასაც ბევრი აქვს, მისთვის ყველაზე დიდი საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვება იყო. ანას კონკურსში – „მე მიყვარს ცეკვა” პირველი ადგილის მოპოვების იმედი ჰქონდა, თუმცა არც მეორე ადგილს იწუნებს. 


რომელი ცეკვისთვის განკუთვნილი კოსტიუმი მოგწონთ განსაკუთრებით? – ამ კითხვაზე ლოლიტა ასე პასუხობს: „არც ერთი არ მომწონს, ჯერ არ შეკერილა ფორმა, რომელიც მომეწონებოდა”. ანა კი პირიქით, სიამოვნებით იხსენებს საყვარელ ფორმებს: „ძალიან მომწონს ლათინური ცეკვების ფორმა, ლამაზია, ბრჭყვიალა და მხიარული.”

 

ანა კვაჭაძე
ანა კვაჭაძე

ლოლიტა მომავალ გეგმებს მხოლოდ ცეკვას არ უკავშირებს, ამბობს, რომ მუსიკაც მნიშვნელოვანია მისთვის: „ლევან ლაღიძის სასწავლებელში ვსწავლობ ვოკალს, ბავშვობიდან მქონდა მუსიკისადმი ინტერესი, თუმცა სერიოზულად არასოდეს მოვკიდებივარ, სამი წელი ვისწავლი ამ სკოლაში, შემდეგ კონკურსებში ვცდი ბედს.” მისი გარეგნობა დიზაინერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ლოლიტამ სამოდელო სცენაც მოირგო, თუმცა ამ მხრივ დიდი გეგმები არ აქვს. იგი მეთორმეტე კლასშია, ეკონომიკურზე აპირებს ჩაბარებას. ლოლიტა ფიქრობს, რომ შეიძლება ბანკშიც დასაქმდეს და მერე იქნება “პირველი მოცეკვავე, მომღერალი და მოდელი რომელიც მხიარულად მიუდგება საბანკო საქმიანობას.”

 

ანა კვაჭაძე 18 წლისაა და ორი წელია თავად ასწავლის სხვებს ცეკვას. ანა ამბობს, რომ მკაცრი არ არის, თუმცა მომთხოვნია. მან კოლეჯი დაამთავრა, სასტუმროს მართვასა და ტურიზმს სწავლობდა, სექტემბრიდან სასტუმროს ადმინისტრაციაში იწყებს მუშაობას, ფიქრობს, რომ ყველაფერს თავისუფლად შეათავსებს.

 

მომავალ გეგმებს გოგონები კვლავაც ცეკვას უკავშირებენ, ორივე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს, წელს პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ლოლიტას წარმატების მოპოვების იმედი აქვს, კონკურსანტია.

 

„კონკურსმა კარგად ჩაიარა, სასიხარულოა ჩემთვის ის, რომ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე ჩემი მოსწავლეები გავიდნენ, მომავალში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ვგეგმავთ კონკურსის ჩატარებას, განათლების სამინისტრო იქნება ჩვენი მხარდამჭერი, მონაწილეობის სურვილი კი ბევრს აქვს, უკვე გვიგზავნიან თავიანთ ვიდეოებს, მათ შორის უცხოეთიდანაც. უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს” – ამბობს ირაკლი სურმანიძე, კონკურსის ორგანიზატორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: