კვირის ამბები

კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

11.10.2014
კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

წიგნს მეტად საინტერესო სტრუქტურა აქვს. დაწერილია მშრალი, ლაკონური ფრაზებით, საგაზეთო სტილში. მხოლოდ ფაქტები, ფაქტები და არანაირი შეფასება, არც ზედმეტი ემოციები, არც მწერლის პოზიცია. ბიოლი თითქოს ზედსართავებსაც კი ძუნწად იყენებს, ზოგადად, შეფასებებშია ძალიან ძუნწი. ცდილობს, არ გასცდეს საგაზეთო სტატიის ფორმატს.

კატარინა ბლუმის ისტორია სულ ბოლოდან იწყება – უკვე ჩადენილი დანაშაულით. მოკლულია ჟურნალისტი, რომლის მკვლელობაშიც კატარინაა ეჭვმიტანილი. თუმცა, რაღა ეჭვმიტანილი – გოგონამ თავად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მოკლულია ასევე ფოტორეპორტიორი, თუმცა ბლუმს ეს ბრალი არ უმტკიცდება. ამის შემდეგ იგება ფაქტების ლოგიკური ჯაჭვი, ქრონოლოგიურად ლაგდება ამბები – რა მოხდა ჟურნალისტის მკვლელობამდე, რამ აიძულა გოგონა, შემზარავი დანაშაული ჩაედინა სრულიად გააზრებულად და ცივი გონებით…

საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ჟურნალისტმა კატარინას ცხოვრება დაანგრია ტაბლოიდებში გამოჭიმული მყვირალა, შეთხზული სათაურებით. კატარინას ცხოვრება, მხოლოდ იმის გამო, რომ „დამნაშავე” შეუყვარდა, იქცა ჯოჯოხეთად, რეალურ შოუდ, რომელიც არ ასახავს რეალობას. წიგნის სიუჟეტის განვითარებისას ირკვევა, რომ გოგონას გამუდმებით ფეხდაფეხ დასდევდა ჟურნალისტი, რომელიც მისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს დაუნდობლად და თანაც დამახინჯებით ააშკარავებდა. ასე იქცა პატიოსანი, მშრომელი კატარინა ბლუმი ქურდად, მეძავად, რევოლუციონერად, კომუნისტად, ცივსისხლიან, ანგარიშიან, საკუთარი სხეულით მოვაჭრე ქალად. ასეთად წარმოაჩინა ჟურნალისტმა, ასეთად დაინახა საზოგადოებამ. კატარინას აღარ დარჩა არც საშუალება და არც ძალა, წინ აღდგომოდა ბოროტების მანქანას, მის გასასრესად რომ დაიძრა. საფრთხე დაემუქრა არა მხოლოდ გოგონას რეპუტაციას, არამედ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. და კატარინა ბლუმმა ხელში იარაღი აიღო.

წიგნში, გარდა ჟურნალისტური ეთიკის პრობლემებისა, უზარმაზარი მორალური დილემაა წამოჭრილი – გამართლებულია თუ არა ყველა ხერხი, როცა საქმე ღირსების დაცვას ეხება? რა არის უფრო მნიშვნელოვანი – პატივი და ღირსება თუ სიცოცხლე? რასაკვირველია, წიგნის წაკითხვამდე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება – არაფერი შეიძლება იდგეს სიცოცხლის უფლებაზე მაღლა. მაგრამ მაშინ რატომ ხდება, რომ კატარინა ბლუმი პატივისცემას და თანაგრძნობას იწვევს? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კატარინა ბლუმის შელახული ღირსება?

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: