კვირის ამბები

როცა ერთი ექსპერტიზის დასკვნით ნარკომანი ხარ, მეორეთი – არა

03.09.2013
როცა ერთი ექსპერტიზის დასკვნით ნარკომანი ხარ, მეორეთი – არა

 

ლევან ლორთქიფანიძე შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საპატრულო კატარღა „ივერიის“ ბორტის წამყვან სპეციალისტად (უფროსი მექანიკოსი) 2009 წელს დაინიშნა. ის ამბობს, რომ ამ სამსახურში 15 წელი აქვს გატარებული და არავისთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია: „პირველ ივლისს მთლიანი სამსახური შემოწმდა მინისტრის ბრძანებით. ჩემთან დაფიქსირდა ნარკოტიკი, სხვებთან რა ხდება არ ვიცი, არ მიკითხავს“. 

 

ლევან ლორთქიფანიძე დასძენს, რომ არ ეწევა, იშვიათად იღებს ალკოჰოლს და ნარკოტიკთან შეხებაც კი არ ჰქონია.

 

 

2 ივლისს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე არ დაინტერესებულა, ჰქონდა შეხება თუ არა ნარკოტიკთან ლევან ლორთქიფანიძეს, როდესაც მისი საქმე განიხილა. როგორც ლევან ლორთქიფანიძის ადვოკატი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის იურისტი, ჟანა ჩიქოვანი ამბობს, „მოსამართლემ ყოველგვარი დამატებითი შესწავლის გარეშე დააკისრა ლევან ლორთქიფანიძეს 500-ლარიანი ჯარიმა. ლორთქიფანიძემ გადაიხადა ჯარიმა, რადგან ეს კანონით იყო სავალდებულო“. 

 

 

ვიოლეტა ფორჩხიძის დადგენილების საფუძველზე ლევან ლორთქიფანიძე 5 ივლისს სამსახურიდან დაითხოვეს.

 

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის გაცნობის შემდეგ, ლევან ლორთქიფანიძე სწორად მოიქცა –  ბიომასალის დალუქვა მოითხოვა. შემდეგში კი იგივე საექსპერტიზო მასალა თბილისში გადააგზავნეს.

 

 

ჟანა ჩიქოვანი: „იმდენად იყო ბატონი ლევანი თავის თავში დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვითხოვეთ დალუქული ბიომასალა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის გადაეგზავნათ. იქედან მივიღეთ პასუხი, რომ `აღნიშნული ბიომასალა არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება სინთეზური კანაბინოიდს~, ანუ სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, განსხვავებით აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურისგან, სრულიად საპირისპირო რამ წერია“.

 

ლევან ლორთქიფანიძე თავისი უფლებებისთვის დავას სასამართლოში აგრძელებს. ერთ-ერთი ეპიზოდი – ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა ქუთაისის სააპალაციო სასამართლო უკვე გააუქმა.

 

 

ლევან ლორთქიფანიძემ კიდევ ერთი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა –  ის სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.

რითი აიხსნება, რომ ერთი და იგივე ბიომასალაზე ორი ექსპერტი ორ განსხვავებულ დასკვნას გასცემს?  –  ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის იმ თანამშრომელს მიმართა, რომელმაც ლევან ლორთქიფანიძის ბიომასალის მიხედვით მოამზადა დასკვნა. ასმათ თავართქილაძე: „არ ვიცი იქ (სამხარაულის ბიუროში) რა მეთოდით ტარდება ექსპერტიზა. ჩვენთან ტესტები ჩვეულებრივ შემოწმდა და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. გამოსაკვლევი პირიც იქ იყო. ყველაფერი ნორმალურადაა ჩვენს სამსახურში, აღჭურვილობის თვალსაზრისით. ყველა შემთხვევაში ჩვენს მიმართ პრეტენზია არავის აქვს, ყველას ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი“.  

 

 

შეკითხვაზე, 2013 წლის განმავლობაში რამდენი პირის ნარკომანობაზე გასცა დასკვნა აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა, ასმათ თავართქილაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მის უშუალო ხელმძღვანელს, როლანდ გაბაიძეს უნდა ვკითხოთ.

 

როლანდ გაბაიძე თავის მხრივ უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე. „შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს მიმართეთ“, –  ეს როლანდ გაბაიძის პასუხია ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: