კვირის ამბები

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ახალი მედიკამენტი

10.10.2014 • 4176
C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ახალი მედიკამენტი

 

 

 

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაერთო პროგრამაში პაციენტების ასეთი მცირე რაოდენობა მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 6%-ზე მეტია ინფიცირებული, მედიკამენტის სიძვირეა. პროგრამის ფარგლებში ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის (შვეიცარიული კომპანია F. Hoffmann -La Roche-ს წარმოების 1 ამპულა პეგილირებული ინტერფერონისა და 1 კოლოფი რიბავირინის) ღირებულება 92,88 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, რაც საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. ეს ყოველკვირეული დოზაა პაციენტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ერთი თვე დაახლოებით 400 დოლარი ღირს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. “ჩვენი დაწესებულებიდან თებერვალში მხოლოდ 50 პაციენტი წავიდა თბილისში გამოკვლევაზე. შეიძლება მსურველი უფრო ბევრი იყოს, მაგრამ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათისა, ყველას არ აქვს შემდეგ მკურნალობის გაგრძელების საშუალება” –  განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯემალ დუმბაძემ “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში. 


C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი 24 ან 48 კვირას მოიცავს. მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირაში ყველა პაციენტისთვის ხდება ვირუსული დატვირთვის გადამოწმება, რის შემდეგაც მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შუალედური კვლევის შედეგების სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტროში არ აწარმოებენ, თუმცა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ეკა ადამიას თქმით, ექიმებისგან მიღებული პირველადი შედეგებით უკვე ბევრ პაციენტს აქვს დამაიმედებელი პასუხი.

 

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარი პროგრამით სარგებლობს მანამ, სანამ მას ექიმი მკურნალობს. ეკა ადამიას თქმით, თუ ექიმი გადაწყვეტს პაციენტს დაუნიშნოს განმეორებითი თერაპია, ის ისევ შეძლებს მედიკამენტის ფასდაკლებით შეძენას.

 

ჰეპატოლოგ კახა ჩომახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პირველი კურსი (24 ან 48კვირა) პაციენტისთვის უშედეგო გამოდგა, პაციენტმა სასურველია მკურნალობა ახალი მედიკამენტით გააგრძელოს, რომელიც მალე საქართველოშიც შემოვა. `ამ პრეპარატს ძალიან მაღალი ეფექტი აქვს, ოღონდ მას ინდივიდუალურად არ იღებენ, ისიც რიბავირინთან ერთად ინიშნება. ადრე, როცა არ არსებობდა სხვა მედიკამენტი, განმეორებით თერაპიას ისევ ინტერფერონით გადიოდნენ პაციენტები, მაგრამ ამას ძალიან დაბალი შედეგი აქვს და ნაკლებად გამოიყენება. განმეორებითი თერაპია შესაძლებელია დაიწყოს ექვსი თვის შემდეგ, როცა პაციენტისათვის მკურნალობის შედეგი იქნება ცნობილი, გარდა ამისა, ინტერვალი საჭიროა ორგანიზმის გვერდითი ეფექტებისგან გასათავისუფლებლად” – ამბობს ის.

 

C ჰეპატიტის სამკურნალო, ახალი მედიკამენტი გენერიული სახელწოდებით სოფოსბუვირი (Sofosbuvir) რიბავირინთან ან პეგინტერფერონ ალფასა და რიბავირინთან ერთად, ტაბლეტირებული ფორმით ინიშნება.

 

ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატით მკურნალობის ვადა აქამდე არსებული მედიკამენტებით მკურნალობის ვადის ნახევარია და მიღება შესაძლებელი იქნება C ჰეპატიტის პირველი გენოტიპით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ინტერფერონით ვერ იმკურნალებენ.

 

სოფოსბუვირი დღემდე განსჯის საგანია უცხოურ მედიაში მისი მაღალი ფასის გამო – ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა განვითარებადი ქვეყნებისთვის. `”დეილი მეილის“, “ფორბსისა” და “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით სოფოსბუვირით მკურნალობის 12-კვირიანი კურსის ღირებულება აშშ-ში 84,000 დოლარი, 24-კვირიანი კურსი კი, 168 000 დოლარი ჯდება, 12-კვირიანი კურსის ფასი ინგლისში 35 000 ფუნტი სტერლინგია, გერმანიაში კი – 60 000 ევრო.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მედიკამენტის საქართველოში შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: “ეს მესამე თაობის მედიკამენტია, მოლაპარაკებები სწორედ მის შემოტანაზე წარმოებს. პირველადი შეხვედრები ჩატარებულია, თუმცა პროცესი როდის დასრულდება, ჯერ უცნობია”.

 

რა ეღირება ახალი მედიკამენტი საქართველოში უცნობია, თუმცა მწარმოებელი კომპანიის (Gilead Sciences Inc) ინფორმაციით ისეთი ქვეყნების ბაზარზე, სადაც C ჰეპატიტით დაავადებული ყველაზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს (როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ეგვიპტე და ჩინეთი), მედიკამენტის ფასი “მაღალი ასეულებიდან, დაბალ ათასეულებამდე იქნება”.


ამ ეტაპზე საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, პეგილირებული ინტერფერონის ფასი მეორეა სიიაფით ეგვიპტის შემდეგ, სადაც პეგილირებული ინტერფერონის ერთი ამპულა 41 დოლარი ღირს.

გადაბეჭდვის წესი