კვირის ამბები

მარტოხელა დედები სტატუსისა და დაფინანსების გარეშე

24.10.2014 • 2226
მარტოხელა დედები სტატუსისა და დაფინანსების გარეშე

 

შორენა პურიჭამიაშვილი
შორენა პურიჭამიაშვილი

შორენა პურიჭამიაშვილს ცამეტი და სამი წლის შვილები ჰყავს. იგი ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ზაფხულში, ერთი თვით თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. როცა დედა წავიდა, პატარა გოგონაზე უფროსი და ზრუნავდა. თურქეთიდან ჩამოტანილი ფული ერთ თვესაც არ ეყო ოჯახს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირებისთვის განსაზღვრულ შემწეობას – 156 ლარს იღებს, რომელიც ბინის ქირაში ეხარჯება.  

 

 

„სადარბაზოში რომ დამეტოვებინა ახალშობილი, მაშინ ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი? _ ახლა რატომ არ მაქცევს არავინ ყურადღებას. ხან ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ, ხან დამლაგებლად, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ შვილების გამოკვებას. მინდა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გამოიჩინოს და როგორც სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, საცხოვრებლით უზრუნველმყოს“.

 

 

შორენა პურიჭამიაშვილი ბათუმში 2008 წლის შემდეგ ცხოვრობს. ამბობს, რომ დევნილი იყო, მაგრამ სტატუსი გააუქმეს. „აგვისტოს ომის მერე თბილისში გადავედით. იმავე შენობაში შეგვასახლეს, სადაც ჩემი ძმის ოჯახი. ჩემი ძმის ოჯახი როცა დააბრუნეს სოფელში, ჩათვალეს, რომ მეც დამაბრუნეს. ასე აღმოვჩნდი სტატუსის გარეშე“.

 

 

უსტატუსოდ დარჩენილი ქალი ბავშვებთან ერთად ბათუმში წამოვიდა: „საერთოდ არაფერი გაგვაჩნია მე და ჩემს შვილებს. არც საოჯახო ნივთები გვაქვს და ტანსაცმელიც სხვისი ნაჩუქარი გვაცვია“. 

 

 

შორენა პურიჭამიაშვილს სოციალურის გარდა ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს. 2001-2007 წლებში  პენსიას იღებდა ფეხების დამწვრობის გამო. „მერე შემიწყვიტეს პენსია, მითხრეს აღარ გერგებაო, არ ვიცი რატომ. მხედველობის პრობლემაც მაქვს _ უკვე მიჭირს საოჯახო საქმეების გაკეთება. არც სარეცხის გარეცხვა შემიძლია, რადგან ხელებზე კანი მისკდება და ჭრილობებიდან სისხლი მდის. ორივე ფეხი ნაოპერაციები მაქვს, რის გამოც ხშირად მტკივა. ამდენი პრობლემების გადამკიდე ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო“.

 

 

 

შორენამ ამ ზაფხულს კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა _ ნაღვლის ბუშტზე რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც სახელმწიფომ დაუფინანსა. ოპერაციიდან ზუსტად ერთ კვირაში თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

 

ამბობს, რომ თავისი პრობლემების ჩამონათვალით ბათუმის მერიაში არაერთხელ იყო და კიდევ მრავალჯერ აპირებს მისვლას. 

 

 

მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შორენა პურიჭამიაშვილი მარტოხელა დედის სტატუსის ფარგლებში გარკვეულ შეღავათებს იღებს: „კომუნალური შეღავათებით შეუძლია ისარგებლოს და შვილებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სკოლის გარდა დადიან რომელიმე წრეზე, სპორტზე, მუსიკაზე და ა.შ. სემესტრული თანხიდან გავათავისუფლებთ. ერთჯერად დახმარებაზე თუ განცხადება ჰქონდა შემოტანილი, განვიხილავთ და რიგითობის მიხედვით გავცემთ, სხვა ფულადი დახმარება მარტოხელა დედებზე არ გაიცემა“.

 

 

ორგანიზაცია „პროგრესის“ ხელმძღვანელის ნინო გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ მარტოხელა დედის სტატუსი 2008 წლიდან გააუქმა, რაც  არასწორი გადაწყვეტილება იყო: „მხოლოდ ბათუმის მერია იჩენს კეთილ ნებას და ეხმარება იმ პირებს, ვისაც მანამდე მარტოხელა დედის სტატუსი ჰქონდა. ეს დახმარება, ძირითადად, კომუნალურ გადასახადებზე აისახება. დღეს, სახელმწიფო ფულად კომპენსაციას  სოციალურად დაუცველ პირებზე გასცემს, მაგრამ მარტოხელა დედები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, გაცილებით მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც მარჩენალი ჰყავს“.

 

 

ნინო გაბუნიას აზრით, მარტოხელა დედებს სახელმწიფომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: „როცა ამბობ, რომ საქართველოს დემოგრაფიულად უჭირს და ამ ფონზე დედებს არ ეხმარები, ძალიან ცუდია. მართალია, წელიწადში მხოლოდ 200 ლარს იღებდა მარტოხელა დედა, მაგრამ სხვა შემწეობებთან ერთად გარკვეულ შეღავათი იყო“.

 

 

მარტოხელა დედის სტატუსის გაუქმება უარყოფითად შეაფასა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნისეფმაც“, თუმცა სახელმწიფოს ამ შემწეობის აღდგენაზე დღემდე არ უფიქრია. 

 

 

მარტოხელა დედების სტატუსის განსაზღვრის საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მარტოხელა დედის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: