კვირის ამბები

კანონის სახელით

19.11.2013 • 1561
კანონის სახელით

ამ ფონზე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ პარლამენტში მთავრობამ ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე ძალიან ცუდი და მთლიანად კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში საშიში საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მოახდინა. ინიციატივის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, ძეგლის სტატუსი მოხსნასთან დაკავშირებით ისეთი სუბიექტური და წმინდა შეფასებითი ფაქტორები შემოდის, როგორიცაა ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა – „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას~.

 

სინამდვილეში არავინ იცის, თუ რა იგულისხმება „განსაკუთრებულ შემთხვევაში~ და როგორ შეფასდება ესა თუ ის შემთხვევა განსაკუთრებულად. ან კიდევ, რას ნიშნავს „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა~ და რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ იგივე ძეგლების სათანადოდ დაცვა რაიმეთი იმაზე ნაკლები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაა, ვიდრე გაუგებარ „განსაკუთრებულ შემთხვევებში~ ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა.

 

არ ვაპირებ, რომ ჩემი მოსაზრება მთლიანად ამ საკანონმდებლო ინიციატივის სამართლებრივად მიუღებელ და გაუაზრებელ მხარეებს მივუძღვნა. ვფიქრობ, ეს საკითხი ისედაც ნათელია და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, რომლის უმთავრეს მიზანსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს, ამ ტიპის საკონმდებლო ჩანაწერის  ადგილი საერთოდ არ არის.

 

ახლა მე სულ სხვა რამ მაინტერესებს, მაინტერესებს ის, თუ რატომ მოამზადა ეს ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რა ინტერესი აქვს ძეგლებთან მიმართებაში და სინამდვილეში რა დგას კანონპროექტის მიღების მიზნად განმარტებით ბარათში აღნიშნული „გარკვეული შემთხვევების“ არსებობის უკან. პრინციპში, შემიძლია წარმოვიდგინო, ალბათ, ყბადაღებული ინვესტიციებისა და უხილავი ინვესტორების თემა.

 

თუმცა, მთავარი ინტერესის ადრესატი არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, არამედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. შესაბამისად, გულწრფელად მაინტერესებს, რას ფიქრობს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფიქრობს კი არადა, რას აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ცვლილება არ მიიღონ.

 

ერთი რამ ცხადია, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება სამინისტროს დასახელებას როგორც მინიმუმ სიტყვა „დაცვა“ ჩამოვაშოროთ.

 

ახლა პარლამენტის შესახებაც ვთქვათ. საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ მაშინ შეიძენს იურიდიულ ძალას, თუ მას პარლამენტი დაუჭერს მხარს. ნებისმიერ ცოტათი მაინც თავმოყვარე და საკუთარი ფუნქციის მცოდნე პარლამენტისთვის კი ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილების არა თუ მხარდაჭერა, არამედ განხილვაც კი მიუღებელი უნდა იყოს. რადგანაც, ეს საკანონმდებლო ინიციატივა კანონშემოქმედების თვალსაზრისით დამცინავი და დამამცირებელია პარლამენტისთვის. დამცინავი და დამამცირებელი იმიტომ, რომ პარლამენტმა არ იცის „განსაკუთრებული შემთხვევების“ და „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის“ სახელით სინამდვილეში რას უჭერს მხარს.

 

მოკლედ, ეს ტესტია პარლამენტისთვის, თუ რომელ გზას აირჩევს. მშვიდად მისცემს დასტურს მთავრობას, თუ საკუთარ რეალურ ძალას აჩვენებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხარეს დადგება.

 

და ბოლოს, რა ბედი ელის ძეგლის სტატუსის მქონე კულტურულ მემკვიდრეობას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭერს მხარს? ელის ის, რაც მანამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კანონის დარღვევით ხდებოდა. უბრალოდ, ამჯერად ეს კანონის სახელით განხორციელდება და თანაც ბევრად უფრო ფორსირებული ფორმით. რაც მთავარია, ყველაფერი, „განსაკუთრებული შემთხვევების“ და „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობით“ შეინიღბება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: