კვირის ამბები

რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვისთვის

24.11.2014 • 3425
რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვისთვის



 ქალბატონო თეა, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?


 ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან/და ადრე დილით. ანუ ამ დროს, მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სასუნთქ გზებს ახასიათებს ზედმეტად ძლიერი შევიწროება.

რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამოწვევი მიზეზი?


ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარეგამღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები.

რა შეიძლება გახდეს ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზი?


ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სახლშიდა და სახლგარე ალერგენებმა მაგალითად ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ჰაერის მაღალმა ტენიანობამ, თამბაქოს პასიურმა მოწევამ, პარფიუმერიამ და ა.შ. ფიზიკური დატვირთვის სახეობებიდან ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი,შეიძლება იყოს სირბილი, თუმცა შესვენების შემდეგ 20-45 წუთში სიმპტომები თავისით ქრება. შედარებით ნაკლები ცურვა (თუმცა აქ გასათვალისწინებელია ქლორის მავნე ზეგავლენა სასუნთქ გზებზე).

როგორია ბრონქული ასთმის თავისებურებები ბავშვებში?

პათოფიზიოლოგიური მექანიზმების მიხედვით ბავშვთა ასთმა ისევე მიმინარეობს, როგორც მოზრდილთა ასთმა, თუმცა ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ზრდის პროცესი განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების თავისებურებებს მოზრდილებთან შედარებით.

რა სიმპტომებით ვლინდება ბრონქული ასთმა?


შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, თუ ამ ასაკში ქრონიკულ ხველას ხშირად ახლავს ხმაურიანი სუნთქვა ეს ასთმის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, ტუჩების სიმშრალე.

შესაძლოა თუ არა ასთმის დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრება?


ასთმის დიაგნოზი, ნამდვილად არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. სწორად მართული და ნამკურნალევი ასთმის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდეს. გარდა ამისა არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

რა პრაქტკულ რჩევებს აძლევთ პაციენტებს რემისიების გასახანგრძლივებლად?


აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული იმით თუ სად სძინავს ბავშვს. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი და ბალიში უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველებისა და ფრინველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, მღრღნელები თუთიყუში და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივეც – ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სასურველია სახლში ნაკლებად იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც მართალია შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უსაფრთხო. შენობაში სადაც იმყოფება ბავშვიარ შეიძლება თამბაქოს მოწევა ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელია ჰაერის მაღალი ტენიანობა ამიტომ მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში ბავშვის გაყვანა მშრალ ადგილებში (ცემი, სურამი, აბასთუმანი), თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად უნდა ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე – შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ჰიპოალერგიულ დიეტაზე, და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: