კვირის ამბები

ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

25.04.2014 • 2722
ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

 

 

“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” – ასე ეწოდება გაერთიანებას, რომლის წევრებსაც ძუძუს კიბოს დიაგნოზის წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებთ. კლუბი ექვსი წელია, რაც ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან დაარსდა და მისი მთავარი მიზანი სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა.

ძუძუს სრული ან ნაწილობრივი მოკვეთის შემდეგ ხშირად იზღუდება ხელის მოძრაობა და დისკომფორტის შეგრძნება რჩება პაციენტს. ამ პრობლემების დაძლევაში ნაოპერაციევ ქალებს სპეციალური ვარჯიშები ეხმარება, რომლებსაც ისინი “გამარჯვებულ ქალთა კლუბში” სწავლობენ.

კლუბის ხელმძღვანელის ნარგიზ ლებანიძის თქმით, დროული ოპერაციისა და მედიკამენტოზური მკურნალობის ფაზების შემდეგ, დაავადების სრულად დასამარცხებლად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. “მთელი ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ეს სამი რგოლი მჭიდროდ და ეფექტურად მუშაობს ერთად,” – ამბობს ის.

კლუბის წევრ ქალებს საორგანიზაციო ჯგუფი ინსტრუქტორების დახმარებით ავარჯიშებს, თუმცა ცალკე ფართობის უქონლობის გამო სავარჯიშო დარბაზი მუდამ საძებარი აქვთ. კლუბის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ორგანიზაცია `თანადგომას” ფსიქოლოგები უზრუნველყოფენ – “წელიწადში ორჯერ, საჭიროების მქონე ქალებს, ფსიქოლოგიური კონსულტაცია უტარდებათ. ზოგიერთისთვის ეს აუცილებელია. ისინი შეუჩერებლად ტირიან პირველ მოსვლაზე, თუმცა უკვე რამდენიმე სეანსის შემდეგ, როცა გამოჯანმრთელებულ წევრებთან უწევთ ურთიერთობა, ცრემლები ავიწყდებათ”, – ამბობს ნარგიზ ლებანიძე.

57 წლის ნანა ლაზარიშვილს დიაგნოზი ოთხი წლის წინ დაუსვეს, ის უკვე ორი წელია “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრია და მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლუბის თითოეული წევრისთვის. `კლუბი გვერდში უდგას არა მარტო იმ ქალებს, ვინც პრობლემა გადალახა, არამედ იმათაც, ვინც მკურნალობის პროცესშია ამჟამად. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მკურნალობის პროცესში მყოფი ქალები ხედავენ იმ ქალებს, ვინც ეს ყველაფერი უკვე გადალახა, მხნევდებიან და ამას კარგი შედეგი მოაქვს. ეს ოჯახი იმდენად ახლოა ჩემთვის, რომ ძველი მეგობრები ეჭვიანობენ კიდეც. კარგი იქნება, თუ ამ კლუბის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და დროულად მოვა ჩვენთან”, – ამბობს ის.

51 წლის ლია მიშველიძემ ოთხი წელია, რაც ოპერაცია გაიკეთა და კლუბსაც მალევე შეუერთდა. ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშებია, რომლებიც ოპერაციის შემდგომ ტკივილს ხსნის. “ვარჯიშებს რომ მოვრჩით, დარბაზში შეგვიყვანეს და საჩუქრად სილიკონის პროთეზები გადმოგვცეს, ისეთი ბედნიერები ვიყავით, ზოგი ტიროდა სიხარულისგან, ზოგიც იცინოდა”.

“მე ორი ობოლი ბავშვი მყავს, მათ ჩემ მეტი არავინ ჰყავთ, სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია. ვიცოდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვჯანმრთელებულიყავი”, – ამბობს ლია და გვიამბობს, რომ ხშირად ქალები ტირილით მიდიან კლუბში, ნერვიულობენ, ეშინიათ, ხალხში გამოჩენა რცხვენიათ, რამდენიმე სეანსის შემდეგ კი ბევრად უფრო მხნედ გრძნობენ თავს: “ის, რომ კლუბის წევრები ასე ყოჩაღად ვართ, კლუბის დამსახურებაა. ქალები აღარ გრძნობენ თავს არასრულფასოვნად და გარეგნობაზეც იწყებენ ზრუნვას”.

ის გვერდითი ეფექტები, რაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპს ახლავს, იქნება ეს ქიმიოთერაპიის შედეგად თმების ცვენა თუ ოპერაციის შემდეგ ორგანოს დანაკლისი, დამთრგუნველია ქალისთვის. კლუბში 28-დან 80 წლამდე ასაკის ქალები არიან გაწევრიანებული. მათ უმეტესობას, რადიკალური ოპერაციული ჩარევის შედეგად მთლიანად აქვთ მოკვეთილი ძუძუ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, სხეულის ასეთ დეფორმაციას ქალები მტკივნეულად განიცდიან, – “როცა ლანჩხუთში ჩავიტანეთ რამდენიმე ცალი სილიკონის პროთეზი, მეორე დღესვე ერთ-ერთი ქალბატონის მეუღლემ დაგვირეკა და მადლობა გადაგვიხადა იმისთვის, რომ მან თავისი მეუღლის გაღიმებული სახე ნახა. კარგი იქნებოდა, ჩვენითაც რომ შეგვეძლოს ასეთი პროთეზების შეძენა, უფრო მეტ ქალს გავაბედნიერებდით”.

“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” საერთაშორისო ორგანიზაციების დონაციებით არსებობს. “პოლონეთის საელჩო გვიფინანსებდა ვარჯიშებს, მასაჟებს, ფსიქოლოგიურ ტრენინგებსა და ექსკურსიებს. გერმანიის, ჰოლანდიისა და ჩეხეთის საელჩოებსაც დიდი ამაგი აქვთ ჩვენზე. ახლა ამ მხრივ საქართველოშიც გააქტიურდნენ და დაინტერესდნენ ჩვენით. ჩვენ მიერ გაწეული შრომის შედეგია ის, რომ კიბოსთან ბრძოლის სტრატეგიაში, რომელიც ახლა მუშავდება, უკვე შეიტანეს პუნქტები ოპერაციის შემდეგ ქალთა რეაბილიტაციის შესახებ”, – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.

“გამარჯვებულ ქალთა კლუბმა” ფილიალები სურამსა და ლანჩხუთშიც დააარსა. მომავალში ერთი ფილიალი ბათუმშიც გაიხსნება.

ნარგიზ ლებანიძე: “იმის გამო, რომ სკრინინგ ცენტრის ფოიეში მაქსიმუმ 40 ადამიანი თავსდება, კლუბის წევრები სრული შემადგენლობით შეკრებას ვერ ახერხებენ. ახლა კლუბის ყველაზე დიდი საჭიროება ფართობია – “ერთდროულად 60 ქალი რომ მოვიდეს, ვერ მივიღებთ. ოფისი რომ გვქონდეს, მაშინ სულ ღია იქნებოდა ჩვენი კარი, ყველა მოვიდოდა და დაეტეოდა”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: