კვირის ამბები

უმადობა ბავშვებში

10.10.2014 • 7972
უმადობა ბავშვებში

 

ბავშვის სწორი და კარგი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სწორი კვებაა. ზოგიერთ ბავშვს მშობლების გასახარად ძალიან კარგი მადა აქვს. არიან ბავშვები, რომელთაც პირიქით, ნაკლები მადით გამოირჩევიან. თუმცა ყოველ ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. ნუ დაგანაღვლებთ, თუ თქვენს ბავშვს უფრო ნაკლები ლოყები აქვს, ვიდრე მეზობლისას, მთავარია, ის ასაკობრივი ნორმის ფარგლებში იმატებდეს. უმადობა კი ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ბავშვი ვერ იღებს ვიტამინებს და სხვა მისი “აშენების” სასარგებლო ნივთიერებებს, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და შესაბამისად ბრძოლისუნარიანობაც იკარგება სხვადასხვა ინფექციის დროს.

როგორც ცნობილია, სიჯიუტე ყველა ბავშვის თანდაყოლილი ინსტინქტია, ამიტომ როდესაც ბავშვს ვაძალებთ ჭამას, ეს უკვე იწვევს საკვების მიმართ სიძულვილს და ეს შეიძლება სამუდამოდ გაჰყვეს, თუ მიდის მუდმივი დაძალება. თუ ბავშვს მადა ავადმყოფობის გამო დაეკარგა, ის შესაძლოა ცოტა ხანს კიდევ გაჰყვეს, ამიტომ მოთმინებით დაელოდეთ და მადაც გამოკეთდება.

თუ უმადობა შინაგანი ორგანოების პრობლემებთან არ არის დაკავშირებული, ის არც საშიშია. ყოველი ბავშვის ორგანიზმს აქვს ავტომექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი საკვები სჭირდება მას. მაგრამ თუ უმადობა უკვე სარიოზულ შეშფოთებას იწვევს, მაშინ საქმეში ერთვება ექიმი.
საერთოდ გასათვალისწინებლია რამდენიმე ფაქტორი:

საკვები არ უნდა იწვევდეს არავითარ უსიამოვნო პროცესს;

გაზარდეთ კვებათა შორის ინტერვალი. ამ ინტერვალის დროს ნუ მისცემთ სასუსნავს, ტკბილეულსა და წვენს;

ნუ დააძალებთ იმაზე მეტს, ვიდრე თავად ჭამს;

ბავშვის უმადობის გამო ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას. პირიქით, ჭამის დროს მორთეთ კერძი, მიართვით ლამაზი თეფშით, ბოთლით, ჭიქით, კოვზით;

გარკვეული დროის განმავლობაში ნუ მისცემთ იმ კერძს, რაზედაც უარს ამბობს. ხოლო შემდეგ მიეცით პატარა ულუფებით;

ნუ შეავსებთ თეფშს “ნორმირებული” საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია, ისევე როგორც ძილი.

ბავშვებისთვის აუცილებელი საკვები:

 

რძე – რომელშიც ყველა ბავშვის ოლრგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მიკროელემენტები. ყველაზე მეტად კი საჭიროა კალციუმის მისაღებად, რაც აუცილებელია ბავშვის ძვალსახსროვანი სისტემისთვის;

ხორცი – ცილის მარაგს ავსებს ორგანიზმში. იგი მჭლე და უცხიმო უნდა იყოს;

თევზი – აუცილებლად თეთრი და უცხიმო;

ბოსტნეული – სიცოცხლის პირველ წელს მოხარშული უნდა მიიღოს, ხოლო შემდეგ – სალათების სახით;

ხილი – კარგად გარეცხილი და გაფცქვნილი.

გახსოვდეთ!

პატარასაც ისევე ბეზრდება ერთი და იგივე საჭმელი, როგორც თქვენ, ამიტომ მოთმინებით და ხელის შეწყობით გაატარეთ მისი ის პერიოდი, სანამ ენას ამოიდგამს, ხოლო შემდეგ თავად გეტყვით, რაც უნდა.

 

გადაბეჭდვის წესი