კვირის ამბები,კვირის ამბები

ზღაპრები და სტერეოტიპები

14.05.2014 • 6223
ზღაპრები და სტერეოტიპები

 

 

თამუნა, რაში ეხმარება ზღაპარი ბავშვს და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ზღაპრის გავლენა მასზე?

ზღაპარი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კრიტიკული ანალიზის უნარისა და ფანტაზიის განვითარებისთვის. იგი ეხმარება ბავშვს სამყაროს აღქმაში, არა პირდაპირი ახსნისა და ქადაგების გზით, არამედ მოსმენილი ამბების გაანალიზების  საშუალებით. ზღაპრების მეშვეობით ბავშვები სწავლობენ, რომ სიკეთესთან ერთად არსებობს სევდა და ბოროტებაც, ეცნობიან ადამიანური ბუნების სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებს. ზღაპრებში მოსმენილი ამბების საშუალებით ბავშვები ეცნობიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და სწავლობენ, რომ მათთან გამკლავება შესაძლებელია.

როცა სამი-ოთხი და უფრო მეტი ასაკის ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარს, რომლის ზარმაცი პერსონაჟები მიზანს აღწევენ ძირითადად ტყუილის და არა შრომის ხარჯზე (ნაცარქექია, ხუთკუნჭულა), ვუქმნით თუ არა მას არაჯანსაღ წარმოდგენას წარმატებასა და, ზოგადად, ადამიანის ქცევის მოდელზე?

ზღაპრებში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც არა პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით, არამედ ტყუილითა და ეშმაკობით აღწევენ მიზანს. ასეთი ზღაპრების პირდაპირ, ანალიზის გარეშე მიწოდება ბავშვისთვის ქმნის არასწორი ღირებულებების ჩამოყალიბების საშიშროებას, რადგანაც ზღაპარში მოსმენილი ამბები და გმირის ქცევები ილექება ბავშვის ცნობიერებაში და გარკვეულ სტერეოტიპებსაც უყალიბებს მას, რაც დიდი ალბათობით გამოვლინდება მოგვიანებით მის ქცევაში. ყველა წიგნი, ზღაპარი, რასაც ჩვენ ბავშვებს ვუკითხავთ, მათი პიროვნების ნაწილი ხდება და მათ ხასიათში ჯდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ზღაპრები უფრო ისეთ ასაკში წაუკითხოთ ბავშვებს, როდესაც შესაძლებელი იქნება გმირების ქცევების გაანალიზება და შეკითხვების დასმა, თუ რამდენად სწორად მოიქცა ესა თუ ის გმირი.

 

ზღაპრები, რომლებშიც ქალი მთავარი გმირები მხოლოდ სილამაზითა და სიკეთით ხასიათდებიან (მათი გასაჭირიდან დახსნა მხოლოდ გულად და ღონიერ პრინცს შეუძლია), დედინაცვლები და დედაბრები კი თითქმის ყოველთვის კუდიანები და ბოროტები არიან, ამკვიდრებს თუ არა ქალების მიმართ გარკვეულ სტერეოტიპებს და რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბავშვზე?

ილუსტრაცია ძმები გრიმების ზღაპარზე “ჰენზელი და გრეტელი”

კლასიკური ზღაპრების უმეტესობა ქალების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზღაპრებში გოგონებს სილამაზისა და მაქსიმუმ შრომისმოყვარეობის მეტი თითქმის არაფერი მოეთხოვებათ, ის ქალები კი, ვინც განსაკუთრებული ჭკუითა და ნიჭით გამოირჩევიან, ხშირად ბოროტ გმირებად არიან წარმოდგენილნი. ასევე არიან მოხუცი კუდიანი ქალები, რომლებიც ბავშვებს იტაცებენ შესაჭმელად, მაშინ როცა ასეთი მამაკაცი პერსონაჟები იშვიათად გვხვდება. სამწუხაროდ ზღაპრის გმირი გოგონებისთვის განათლება, სიბრძნე და ბრძოლისუნარიანობა იშვიათად არის მნიშვნელოვანი და როგორც წესი, მათი უმეტესობა ელოდება მხსნელ მზეჭაბუკს ან პრინცს. ეს ზღაპრები არ ასწავლიან გოგონებს, რომ სილამაზის გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თვისება არსებობს ქალისთვის და რომ შესაძლებელია უკეთესი ცხოვრებისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად თვითონვე იბრძოლონ.

 

რა არის გამოსავალი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფროსებმა ზღაპრის შერჩევისა?

მნიშვნელოვანია ზღაპრის შერჩევის დროს ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ასაკზე. ძალადობისა და საშიში ელემენტების შემცველი ზღაპრების შერჩევა არ არის სასურველი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისთვის, რადგანაც იქ გადმოცემული ამბები შესაძლებელია ღამის კოშმარების მიზეზიც კი გახდეს. ზღაპარი „წითელქუდაც” კი, რომელზეც თაობები გაიზარდა, შესაძლებელია მარტივად გახდეს ასეთი კოშმარების მიზეზი, რადგანაც იქ გადმოცემულია საკმაოდ საშიში ამბავი პატარა გოგონაზე, რომელიც ტყეში მიდის სრულიად მარტო, ხოლო მგელი მის ბებიას ჭამს. ამიტომაც უმჯობესია მცირეწლოვან ბავშვებს (3 წლამდე) წაუკითხოთ უწყინარი ზღაპრები ბავშვებზე ან პატარა ცხოველებზე, რომლებიც უფრო მარტივი აღსაქმელია ამ ასაკში და არანაირ ძალადობას არ შეიცავს. ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებს კი კლასიკური ზღაპრების კითხვისას ვასწავლოთ კითხვების დასმა, ანალიზი და დავაფიქროთ იმაზე, თუ რამდენად სწორად იქცევა ესა თუ ის ზღაპრის გმირი. ვკითხოთ, რას გააკეთებდა თვითონ ამ გმირის ადგილას? შეესაბამება თუ არა ამ პერსონაჟის საქციელი დღევანდელ ღირებულებებს და ა.შ. ასეთი ანალიზი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ინფორმაციის გაფილტვრა და სწორი ღირებულებების გათავისება.

რა ხდება თანამედროვე ზღაპრებსა და მულტფილმებში, იცვლება თუ არა ეს ტენდენციები?

განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხზე ძალიან დიდი დისკუსია მიმდინარეობს. როგორც თანამედროვე ზღაპრებში, ასევე „დისნეის“ ახალ მულტფილმებშიც ნელ-ნელა ინგრევა კლასიკური ზღაპრებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპები. ასეთია, მაგალითად, ახალი მულტფილმები „მამაცი” (Brave) და „გაყინული“ (Frozen), სადაც პრინცის ლოდინის ნაცვლად, გოგონები თვითონვე იბრძვიან სირთულეების დასაძლევად, ხოლო პრინცები მხსნელი რაინდების ნაცვლად, ჩვეულებრივი სისუსტეების მქონე ადამიანებად არიან წარმოჩენილი. კლასიკური ზღაპრების უმეტესობისგან განსხვავებით აქ ერთი ნახვით შეყვარებისა და მაშინვე ქორწილის დაგეგმვის ნაცვლად გოგონებს ასწავლიან, რომ არ შეიძლება ერთი ნახვით ქორწინებაზე გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღება. განვითარებულ ქვეყნებში მიდის აქტიური მსჯელობა და მუშაობა იმაზე, რომ თანამედროვე ბავშებისთვის შეიქმნას ახალი ზღაპრები და მულტფილმები, სადაც სწორედ ის ღირებულებები იქნება ჩადებული, რაც თანამედროვე, განვითარებულ სამყაროს სჭირდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: