საქსტატის ცნობით საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა.

შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389.3 ლარია.

ამის შესახებ საქსტატის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა- მთიანეთი. რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა. 

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით)

ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“ – წერს საქსტატი.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის
სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და
პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

 

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების (СБС) მეთაურმა, რობერტ (მადიარ) ბროვდიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, რომელმაც კონსტანტინოვკა „აიღო“, 12 სექტემბერს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის უპილოტო დანაყოფის „ჩიტებმა“ გაანადგურეს.

მადიარი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

გენერალთა დაკავშირებული ბიოგრაფიული წყაროების თანახმად, ანტონ გრუნისი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში – ჩეჩნეთში, სამხრეთ ოსეთში, სირიასა და დონბასში. 

რამდენიმე დღის წინ გენერალ-მაიორ გრუნისს ვლადიმერ პუტინმა გმირის წოდება მიანიჭა და „ოქროს ვარსკვლავით“ დააჯილდოვა. ეს ჯილდო გრუნისს 27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა გადასცა.

გმირის წოდება გრუნისს „კონსტანტინოვკას გათავისუფლებისთვის“ მიანიჭეს – რუსული წყაროების თანახმად, სწორედ მან მოახსენა პუტინს, რომ „კონსტანტინოვკა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა“.

თუმცა, ეს ინფორმაცია უკრაინამ უარყო.

გენერლის დაღუპვის შესახებ წერს რუსული პროპაგანდისტული მედიაც, მაგრამ ოფიციალურ წყაროებს ჯერ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

5 მილიონი ლარი ქედაში ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობად

ქედაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 5 მილიონამდე ლარის გამოყოფილი. აქედან 949 ათასი ლარი ქედის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო 4 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ქედის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოებიც მიმდინარეობს მდინარე აკავრეთას კალაპოტში, ქედის ცენტრალური პარკის მიმდებარედ. 

ნაპირსამაგრი სამუშაოები ქედის ცენტრალურ პარკთან, მდინარე აკავრეთას კალაპოტში. / 14.09.2026

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი, აჭარისწყლის კალაპოტში, სოფელ ზენდიდთან ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი ახლახან გამოაცხადა.

ეს ადგილები ერთმანეთისგან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული.

1. ადგილი დაბა ქედაში [ცენტრალურ პარკთან] სადაც ნაპირსამაგრი კედელი შენდება. 2. ადგილი სოფელ ზენდიდთან, სადაც ნაპირსამაგრი კედლის აშენებაზე ტენდერია გამოცხადებული.
ქედის მუნიციპალიტეტს დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ხელშეკრულება შპს „ხელვაჩაურის საგზაოსთან“ აქვს გაფორმებული 949 899 ლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულდეს 2026 წლის 3 დეკემბრამდე.

საჯარო რეესტრის მიხედვით, „ხელვაჩაურის საგზაოს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „გზამშენი“, „გზამშენის“ მესაკუთრე კი ერთპიროვნულად რამაზ შარაშიძეა.

ქედაში, სოფელ ზენდიდთან, მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტს 4 016 403 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოების დასრულება უნდა უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“.

პროექტის მიხედვით „ნაპირსამაგრი კედლის საჭიროება გამოწვეულია მდინარე აჭარისწყლის ეროზიულ ზემოქმედებით… საპროექტო რკინაბეტონის კედლის სიგრძეა 335 მეტრი, სიმაღლე 7,75 მეტრი“.

აღნიშნულ არეალში [აკავრეთასა და აჭარისწყლის შესართავთან] სადაც მდინარეები ნაპირს რეცხავს, ინერტული მასალის მოპოვებაც ხდება.

მიმდინარე წელს, ქედის სოფელ არსენაულთან ჭარისწყლის კალაპოტიდან 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება „ანაგს“ მისცეს, ხოლო მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან 19 500 კუბური მეტრი ინერტული მასალის ამოღების უფლება – შპს „გზას“.

აღსანიშნავია, რომ ქედის ცენტრალურ პარკთან დამცავი ნაგებობის მშენებლობა ხელახლა მიმდინარეობს, ვინაიდან ადრე არსებული ნაგებობა მისი აშენებიდან მალევე დაანგრია მდინარე აკავრეთამ.

ამ თემაზე:

ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება

სამედიცინო ბიზნესმა აჭარიდან „ოცნებას“ 415 ათასი ლარი შესწირა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI ] დღეს, 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში – „შესწირე პარტიას და ააშენე სადაც გინდა: „ოცნების“ დონორების სქემა აჭარაში“ – აჯამებს „ოცნების“ შემწირველებმა აჭარიდან ბოლო წლებში რა ღირებულების სარგებელი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან.

კვლევაში ცალკეა მოცემული, აჭარაში მოქმედი სამედიცინო ბიზნესიდან ვინ რამდენი შესწირა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“.

კერძოდ, „გამჭვირვალობა“ უთითებს, რომ შპს „ხოზრევანიძეების კლინიკის“ მეწილეებმა ირაკლი და ელდარ ხოზრევანიძეებმა 105,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” მფლობელმა, მუხამედ ართმელაძემ, შპს „მედდას“ 70% მფლობელმა, მანანა ტუნაძემ და შპს „ქელს ქეარ გრუპის” 50% მფლობელმა, ეკა ზოიძემ – 125,000 ლარი შესწირეს.

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებების მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ 2021-2026 წლებში 415,000 ლარი გადაურიცხეს.

„ამ დაწესებულებებმა სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური შესყიდვებიდან 7,000,000-ზე მეტი ლარი მიიღეს, მათ შორის 3 მილიონამდე ლარი პირდაპირი კონტრაქტებით“ – წერს „გამჭვირვალობა“.

რა თანხას სწირავს ბიზნესი აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ და რას იღებს სანაცვლოდ – ამის შესახებ „ბათუმელები“ წლებია წერს.

„ბათუმელების“ ბოლო მოკვლევის თანახმად, „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელს ისევ აჭარიდან შესწირეს.

ამავე თემაზე: 

მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.

„ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

__________________

ფოტოზე კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

8 თვეში „ოცნებამ“ ბიზნესისგან 5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების“ პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5 812 000 ლარიდან 2 403 000 ლარი (41%) აჭარის წილია.

„ბოლო პერიოდის არასაარჩევნო წლებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოწირულებების ჯამი 2 მილიონ ლარამდე იყო, 2024 წელს – 2,1 მილიონი, 2025 წელს კი – 4,000,000 ლარამდე. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საკვლევ პერიოდში „ქართული ოცნების“ 63 შემწირველიდან 55 ფიზიკური პირი ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ამ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღეს 870 მილიონი ლარი, შემწირველ კომპანიებზე კი 3 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა, ძირითადად, ბათუმსა და ქობულეთში.

„2026 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებული შემოწირულებების შესწავლისას გამოიკვეთა კოორდინირებული დონაციის  ტენდენცია.

ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2026 წლის 26 მარტის შემთხვევა, როდესაც 8 ფიზიკურმა პირმა „ქართული ოცნების” ანგარიშზე დიდი თანხები გადარიცხა.

23-24 აპრილს შპს „ნოვას“ მეწილეებმა 278,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“. იგივე მოხდა 23 მარტს, 13 და 25 მაისსაც, როცა 4-4-მა ფიზიკურმა პირმა ივანიშვილის პარტიისთვის ასეულობით ათასი ლარი გაიღო“.

ჯამში ამგვარი სინქრონული გადარიცხვების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” 1,278,064 ლარი მიიღო.

„წელსაც თვალშისაცემია მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო, სავაჭრო და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეების შემოწირულებების ტენდენცია:

შპს „ნოვას” მეწილეებმა: ზვიად აბულაძემ, ჯემალ ბოლქვაძემ, ემზარ ირემაძემ, ჯემალ ანთაძე და რამაზ ირემაძემ საკვლევ პერიოდში „ქართულ ოცნებას” 278,000 ათასი ლარი გადაურიცხეს.  მათ ჯამში მმართველ პარტიას 1,120,000 ლარი შესწირეს.

კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 15 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, საიდანაც 5 მილიონ ლარზე მეტი – გამარტივებული წესით გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებებით.

„ალიანს ჯგუფში” შემავალი კომპანიების („ალიანსი”, „ალიანს ფრივილიჯი” „ალიანსი ქობულეთი”, „ალიანს ლისი” მფლობელებმა და დირექტორებმა ბესიკ ჟღენტმა, დავით ბალაძემ, თემურ და ლანა ბიწაძეებმა და ნიკოლოზ თევზაძემ 2026 წლის 23-დან 30 მარტამდე პერიოდში პარტიას 225,000 ლარი შესწირეს, სულ კი მათ „ქართული ოცნებისთვის” 1,350,000 ლარი გაიღეს.

სანაცვლოდ კი ამ სამშენებლო ჯგუფმა ბათუმში, თბილისში, ქობულეთში, კურორტ გოდერძზე 2,000,000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის ნებართვა მიიღო.“-წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

შემოწირულობები სამედიცინო ბიზნესიდან

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ხოზრევანიძეების კლინიკის” მეწილეებმა ირაკლი და ელდარ ხოზრევანიძეებმა 105,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. ასევე, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ მფლობელმა, მუხამედ ართმელაძემ, „მედდას” 70% მფლობელმა, მანანა ტუნაძემ და შპს „ქელს ქეარ გრუპის” 50% მფლობელმა. ეკა ზოიძემ – 125,000 ლარი შესწირეს.

„ჯამში, სამედიცინო დაწესებულებების მფლობელებმა  „ქართულ ოცნებას“ 2021-2026 წლებში 415,000 ლარი გადაურიცხეს“-წერია კვლევაში.

„ამ დაწესებულებებმა სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური შესყიდვებიდან 7 000 000-ზე მეტი ლარი მიიღეს, მათ შორის 3 მილიონამდე ლარი პირდაპირი კონტრაქტებით.

საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში ქობულეთის დელეგატად არჩეულმა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ჯემალ ჭყონიამ, მალხაზ დუმბაძემ და არჩილ ბასილაძემ პარტიის სალაროში 120,000 ლარი გადარიცხეს.

ჯამში, ჭყონიას ჯგუფს „ქართული ოცნებისთვის“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადარიცხული, ბოლო 14 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავალი კი 500,000,000 ლარზე მეტია.

ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის ბიზნესმენი შვილის, კობა ფუტკარაძის ბიზნესპარტნიორებმა, ჯუმბერ და ჯიმშერ ზოიძეებმა 75,000 ლარი გაიღეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ჯამში, სამივე პირს ივანიშვილის პარტიისთვის 430,000 ლარი აქვს გადარიცხული.

მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა  ბათუმში 130,000 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი და მრავალფუნქციური მაღალსართულიანი სახლების მშენებლობის ნებართვები მიიღეს“- წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

ამავე წყაროს ცნობით, საკვლევ პერიოდში სამშენებლო ჯგუფ „ნექსთის” მეწილეებმა კობა დევაძემ და ვახტანგ გედენიძემ „ქართულ ოცნებას“  70 000 ლარი შესწირეს.

სულ, 360 000 ლარი გაიღეს ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის.

ჯგუფში შედის შპს „ნექსთ აპარტამენტები”, სს „ნექსთ ჰოლდინგი”, შპს „ნექსთ გრინი”, შპს „ნექსთ ენდერს”, შპს „ნექსთ თაუნი” და კიდევ რამდენიმე სხვა კომპანია. მათ ასეულობით ათასი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობების ნებართვები მიიღეს.

ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დოლიძემ მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა. ლევან დოლიძის მამასთან, ნუკრი დოლიძესთან და ბიძასთან, მერაბ დოლიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „ბონდი 2009”-მა და „მონოლითი 2005“-მა მმართველმა პარტიას ჯამში 600,000 ლარზე მეტი მისცა. ორივე კომპანია ლიდერობს ბათუმის ყველაზე მსხვილი მხარჯავი მუნიციპალური ორგანიზაციის – „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“, ასევე, აჭარის გზების დეპარტამენტის შესყიდვებში:

ორივეს მიერ მიღებული შემოსავალი 2013-2026 წლებში, ჯამურად, 336,000,000 ლარს აჭარბებს. დოლიძეების საკუთრებაშია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე სამშენებლო პროექტიც. სულ დოლიძეების საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა 65,000 კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ნებართვა მიიღეს.

შემომწირველთა შორისაა ლაშა ბალაძე, მსხვილი სამშენებლო ჯგუფ „გუმბათის” მფლობელი. საკვლევ პერიოდში მან „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი გადაურიცხა, სულ კი 2023-2026 წლებში – 290,000 ლარი გაიღო. ბალაძის ბიზნესპარტნიორი კომპანიებში „მონოპოლი გრუფი”, „გუმბათი რეზიდენსი“, „ბულვარ ფოინთი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, არჩილ ხაბაძეა.  იგი შპს „ბულვარ ფოინთის“ დირექტორიცაა.

„გუმბათი ჯგუფმა”, 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, საიდანაც 9 მილიონი ლარი პირდაპირი შესყიდვის წილია“-წერს გამჭვირვალობა-საქართველო.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს კვლევა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” მსხვილ ბიზნესმენებთან ჩართულია სახელმწიფოს მიტაცების იმგვარ მოდელში, სადაც მოქმედებს პრინციპი Quid pro Quo – „მომეცი, რომ მოგცე“.

„შემომწირველებს შორის არიან როგორც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელი თანამდებობის პირები, ასევე, მსხვილი სამშენებლო კომპანიების მეწილეები, რომელთაც ათეულობით ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა აქვთ აღებული ბათუმის ტერიტორიაზე.

შემომწირველებს შორის არიან ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები და ხელმძღვანელები“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ირანის ელჩი წერს, რომ მინისტრს საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ესაუბრა

ირანის ისლამური რესპუბილიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი ფესბუქში ვრცელ კომენტარს აქვეყნებს, სადაც იმაზე საუბრობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ხანგრძლივად ესაუბრა.

ელჩის თქმით, „მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ“.

„ბოლო თვეების მოვლენებმა აჩვენა, რომ გლობალური სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო მეტად მიდის დივერსიფიკაციის, მრავალმარშრუტიანობისა და სხვადასხვა სატრანზიტო დერეფნის ერთმანეთთან დაკავშირებისკენ. ინდოეთის ოკეანის სანაპიროებიდან და ირანის სამხრეთ პორტებიდან შავი ზღვის სანაპიროებამდე, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან ევროპის, რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე, ახალი მარშრუტები ყალიბდება და არსებული მარშრუტები ხელახლა განისაზღვრება. ამ ქსელში ირანი შეიძლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაკვეთის წერტილად იქცეს.

ასეთ გარემოში არც ერთი მარშრუტი და არც ერთი წერტილი ცალკე აღებული არ არის „სრული მარშრუტი“; თუმცა თითოეულ პორტს, რკინიგზას, საზღვარსა და ლოჯისტიკურ კვანძს შეუძლია თავისი მნიშვნელობა და როლი უფრო ფართო ქსელში იპოვოს.

კავკასიასაც სწორედ ამ თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა ირანისთვის. დღეს საღამოსაც მქონდა ხანგრძლივი საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი სამსახურებრივი მიმართულების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და მის გარშემო არსებული გარემოს განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესწავლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი სანაპირო ქვეყანა, თავისი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურითა და ბაზრებთან არსებული კავშირებით, შეიძლება იყოს ირანისა და მისი გარემომცველი სივრცის დამაკავშირებელი ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი.

თუმცა მთავარი საკითხი არ არის კონკურენცია იმაზე, თუ რომელი მარშრუტი ჩაანაცვლებს მეორეს; მთავარი არის ისეთი პირობების შექმნა, რომ მარშრუტებმა ერთმანეთი შეავსონ და ეკონომიკებს მეტი და უფრო საიმედო არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

იმ ეკონომიკებისთვის, რომლებიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში მდებარეობენ, ისევე როგორც ირანისთვის, რომელიც ინდოეთის ოკეანის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სხვა მეზობელი ბაზრების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მდებარეობს, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არსებობდეს, – „რომელი მარშრუტით გავიაროთ?“ – არამედ ის, თუ როგორ გავზარდოთ საიმედო და ხელმისაწვდომი მარშრუტების რაოდენობა.

თეირანში ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ცვლილებებს და მუდმივად ვსწავლობთ და განვიხილავთ ჩვენს გარემომცველ სივრცესთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოსთან, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გზებს.

მსოფლიოში, სადაც მარშრუტები სულ უფრო მეტად ქსელური ხდება, ერთი ახალი შესაძლებლობის დამატება უფრო ღირებულია, ვიდრე რომელიმე შესაძლებლობის გაუქმება; ხოლო მარშრუტების ერთმანეთთან დაკავშირება უფრო მდგრადია, ვიდრე მათი ერთმანეთისგან გამიჯვნისთვის კონკურენცია.
თუ იმ საუბრისა და იმ ანგარიშის შედეგს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე, ერთ წინადადებაში შევაჯამებ: მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ“, – წერს ირანის ელჩი საქართველოში.

__

ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 13 სექტემბერს გააკრიტიკა ქართული მხარე აშშ-ის მიერ ირანული ავიაციისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებას გამო.

„თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელ ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით“ – თქვა ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადების შესახებ.

ირანის ელჩი „ამერიკის დიდებისთვის“ საქართველოში ტურიზმის შეზღუდვაზე საუბრობს

დაპირისპირება ბათუმში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

15 სექტემბერს, გვიან ღამით, ხმაური და დაპირისპირება იყო ხოფის ბაზრობის მიმდებარედ. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია.

პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

12 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამდღიანმა ფესტივალმა შემოქმედებითი ინდუსტრიის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრია.

AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი ინდუსტრიის საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებასთან დასაკავშირებლად.

AD BLACK SEA 2026 კონკურსში თიბისის კამპანიებმა ჯამში 9 ჯილდო მიიღო:

სანტა ემიგრანტია:

  • Advertising Campaigns | PR Campaigns – ვერცხლი
  • Film | TV & Cinema – ბრინჯაო
  • Film Craft | Script – ბრინჯაო

დაარქვი შენს მიზანს სახელი:

  • Creative Strategy | Audience Insight – ვერცხლი
  • Creative Strategy | Products / Services – ბრინჯაო

ვინ არის სანტა?

  • Visual Craft | Photography – ვერცხლი
  • Design & Branding | Posters – ბრინჯაო

100 დამალული ჩანაწერი | ინოლა გურგულია

  • Design & Branding | Packaging – ბრინჯაო

ფესტივალის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ. კონკურსის 13 ძირითად კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.

თიბისის მხარდაჭერის ნაწილია Young Creative-ის ნომინაციაც, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა და ახალგაზრდა ქართველ შემოქმედებს პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. წელს ამ კატეგორიაში გამარჯვება ანასტასია ბეჟიტაძემ კამპანიისთვის „Flags of Victory“ მოიპოვა.

ფესტივალის წლევანდელი კონცეფციის მთავარი თემა იყო „ON THE EDGE– იქ სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა და სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა. ფესტივალის მთავარ სცენაზე მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, იოჰანა იასკოვსკა  და სხვა პროფესიონალები წარდგნენ.

მე-10 საიუბილეო გამოშვებამ AD BLACK SEA-ის ათწლიანი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა თიბისის გრძელვადიანი მხარდაჭერის როლი საქართველოს კრეატიული ეკოსისტემის განვითარებაში.

მოძრაობა „ხმა“ უფასო სასკოლო კვების შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერს ითხოვს

მოძრაობა „ხმა“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერს ითხოვს.

განცხადებაში, რომელიც „ხმამ“ ფეისბუქით გაავრცელა, ნათქვამია, რომ 2026 წლის ზაფხულში, ორი თვის განმავლობაში, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში თანამოაზრე მოხალისეებთან ერთად, 35 928 ხელმოწერა შეაგროვეს საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით.

„ეს არის რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც ჩვენ ქუჩაში პირისპირ შევხვდით და მათ ფიზიკური ხელმოწერით გამოხატეს უფასო სასკოლო კვების მხარდაჭერა. თუმცა რეალურად ამ იდეის მხარდამჭერი ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია:

კანონპროექტის ხელმომწერების ოჯახის წევრები, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები უამრავი ადამიანი, რომლებიც გვწერდნენ, რომ სურდათ ხელმოწერა, მაგრამ დროის და ადამიანური რესურსის შეზღუდულობის გამო, ყველა მხარდამჭერთან ფიზიკურად შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.

კერძო ტელევიზიების მხრიდან არაერთი შემოთავაზება გვქონია, მათ ეთერებში გვესაუბრა უფასო სასკოლო კვების მოთხოვნის საზოგადოებრივ კამპანიაზე, მის აუცილებლობაზე, ხელმოწერების შეგროვების პროცესსა და მის შედეგებზე, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასკოლო კვების საკითხზე მსჯელობის მთავარი სივრცე საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ეროვნული მაუწყებლობაა, რომლის ფუნქცია, არსებობის იდეა და დანიშნულებაც საჯარო ინტერესების მიხედვით მუშაობაა.

ამასთანავე, უფასო სასკოლო კვების პროგრამა პოლიტიკური შინაარსის და ამ მოთხოვნის გარშემო მასშტაბური სახალხო მობილიზაციის გამოც, არის საკითხი, რომელზეც მსჯელობა სამართლიანი იქნება პოლიტიკური ფორმატის სატელევიზიო გადაცემებში“- აცხადებს „ხმა“.

„ხმა“ ასევე ხაზს უსვამს, რომ უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და მალე დაიწყება საპარლამენტო განხილვები.

„მოგმართავთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს: იმისთვის, რომ  უფასო სასკოლო კვების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია მივაწვდინოთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, პირველ რიგში ხელმომწერებს და ასევე უფასო სასკოლო კვების ასიათასობით პოტენციურ ადრესატს, დაუთმეთ პირდაპირი ეთერი უფასო სასკოლო კვების საკითხს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მთელ საქართველოში ხალხი გამოხატავს მხარდაჭერას კანონპროექტის მიმართ, რომ მოსთხოვონ საქართველოს პარლამენტს საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების ამოქმედება. ამ კანონპროექტის დამტკიცება იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რესურსების სამართლიანი გადანაწილების ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გადადგმული მასშტაბური ნაბიჯი.

ხოლო ის ფაქტი, რომ ეს იდეა სახალხო ინიციატივაა, ამ მოვლენის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

მიიღეთ საქართველოს 35 ათასზე მეტი  მოქალაქის ხელმოწერა უფასო სასკოლო კვების მოთხოვნაზე, როგორც სანდო, აქტუალური და მნიშვნელოვანი ამბავი და დაუთმეთ პირდაპირი ეთერი ინიციატივაზე საუბარს“- წერს „ხმა“.

_______________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან/სასკოლო კვება ესტონეთის სკოლებში.

„ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში 106 ათას კუბ/მ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს

„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამუშაოების გამო კომპანია „ანაგი“ ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ულიცენზიოდ 106 ათას კუბურ მეტრ ხრეშს მოიპოვებს.

„ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე „ოცნების“ მთავრობამ მორიგი განკარგულება გამოსცა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 8 სექტემბერს მოაწერა.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელების მიზნით, შპს „ანაგი“ 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 106 431 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, წონიარესის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“ – წერია კობახიძის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებით, „ანაგს“ ხრეშის მოპოვების უფლება 77 590 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მიეცა.

„ანაგმა“ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული მხოლოდ „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე მშენებლობისთვის უნდა გამოიყენოს. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტში 138 823 ლარი უნდა გადაიხადოს – ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

„შპს „ანაგის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა“ – წერია განკარგულებაში.

„ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ლიცენზიისგან 3 თვის ვადით მიმდინარე წლის თებერვალშიც გაათავისუფლეს. მაშინ დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე კომპანიას 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცეს.

ამ თემაზე: „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

„ოცნების ქალაქში“ „მეორე ფაზის“ მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 110 057 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულად გამოავლინეს „ანაგი“, რომელთანაც ხელშეკრულება 129 346 880 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გათვალისწინებით [ხოლო 109 616 000 ლარი დღგს გარეშე].

ტენდერის ფარგლებში „ანაგმა“ 9 კორპუსი უნდა ააშენოს არაუგვიანეს 2028 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ / სექტემბერი, 2026 წელი.
  • აჭარისწყლიდან და განსაკუთრებით ჭოროხიდან ქვიშა-ხრეშის ამოღება პირდაპირ კავშირშია ზღვის მიერ სანაპირო ზოლის წარეცხვასთან.

ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა.

თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში და ასევე, ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა.

შეწყდა პლაჟის ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება;

ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

რუსეთი კიევი-ნიკოლაევის სამგზავრო მატარებელს დაესხა თავს

დღეს, 16 სექტემბერს, რუსული ძალები კიევი-ნიკოლაევის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს დაესხნენ თავს.

მოხდა მატარებლის მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის.

ასევე, დღეს დილით, რუსეთმა სუმის რეგიონში კიევი-სუმის მატარებელს შეუტია, რის შედეგადაც 90 ადამიანი იქნა ევაკუირებული.

უკრაინული მედიის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში ეს უკრაინის რკინიგზაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

„13 სექტემბერს, რუსულმა ძალებმა ვოლინში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი დაბომბეს; 12 სექტემბერს, რუსულმა დრონებმა ვოლინში, ლუცკსა და კიევის ოლქში, ფასტივში, რკინიგზის ობიექტებს შეუტიეს; 9 სექტემბერს, რუსებმა ხარკოვის ოლქში, რკინიგზის სადგური და ხარკოვი-იზიუმში მიმავალ მატარებელი „შაჰედის“ რაკეტით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა; 8 სექტემბერს, რუსებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რამდენჯერმე შეუტიეს მატარებლებს – კერძოდ, სუმის ოლქში რუსული დრონის მიერ სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა“ – წერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო“ – ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათთვის ცნობილი იყო „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა“:

„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“.

ანდრია ჯაღმაიძე იქვე აზიარებს ირაკლი კობახიძის ვიდეოს, სადაც ის ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი და აქედან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.

„ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 511 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 345 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 339 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 49 820 ერთეული [+27]
  • MLRS – 2 132 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 642 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 519 069 ერთეული [+789]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 630 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 149 557 ერთეული [+374]
  • სპეცტექნიკა – 4 692 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ანკორიჯის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაში ლავროვი ევროკავშირს ადანაშაულებს

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„გახარიას პარტიის დამატება სრულიად ცვლის იმ ლოგიკას, რასაც ავითარებდა ოცნება“ – ინტერვიუ

„ოცნების“ უმრავლესობა ასაკრძალი პარტიების სიას გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ამატებს.  ასაკრძალების სიაში პარტიის დამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სარჩელის განსახილველად ვადა კიდევ გაუხანგრძლივდა თითქმის ერთი წლით.

„ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში  სარჩელი გასული წლის ოქტომბერში შეიტანა, რომლითაც  „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“  და „ლელოს“ აკრძალვა მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის რეგისტრაციის დღიდან. იმავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს. საქმის განხილვის ვადას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი [ან შესაბამისი კოლეგია] არაუმეტეს 2 თვით ახანგრძლივებს.

მიმდინარე წლის აპრილში „ოცნებამ“ სიას „ფედერალისტები“ დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად მიიჩნევა და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება. ასეა ახლაც, გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. „ოცნება“ სწორედ ამ ფაქტორებით ხსნიდა, თუ რატომ არ ჩაწერეს ეს პარტია თავდაპირველ სიაში, თუმცა ახლა მაინც მოითხოვეს მისი აკრძალვა.

„მიუხედავად მათი წარსულისა, ჩვენ მათ საპარლამენტო ცხოვრებაში რეალურად ჩართვის შანსი მივეცით. თუმცა, პირველი და უმთავრესი, რაც ვნახეთ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების უხეში და თავხედური არაღიარებაა. ამას ემატება მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება თუ კომენტარი, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. საზოგადოებისთვის ნათელია, რეალურად ვის და რას წარმოადგენენ ისინი”, – ასე დაასაბუთა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის აკრძალვის აუცილებლობა.

  • ხომ არ ნიშნავს ეს, რომ „ოცნებამ“ დრო გაწელა და შესაძლოა გადაწყვეტილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღონ, ანუ საპარლამენტო არჩევნების წინ გააუქმონ ოპოზიციური პარტიები? – ვკითხეთ ბორის ჩელე ყურუას. მან გასულ წელს  პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ დატოვა.

„როგორც შეკითხვას სვამთ, იქიდანაც ნათელია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება უპყრია ხელთ მხოლოდ ერთ პარტიას, ერთი ადამიანების ჯგუფს და მათ ლიდერს. შესაბამისად, აქ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა, სამართლებრივი არგუმენტები და ასე შემდეგ, არაფერ შუაშია. მათ კეთილ და ხშირ შემთხვევაში, ბოროტ ნებაზეა დამოკიდებული ის, აკრძალავენ თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს.

გახარიას დამატება სრულიად ცვლის მოცემულობას და იმ ლოგიკას, რასაც ავითარებდა „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მგონი ცოტა კურსის ცვლილება მოგვცეს და თან რთულია, ერთი ხელით ამტკიცო, რომ ამ ქვეყანაში გასაოცარ დემოკრატიას აშენებ და მეორე ხელით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საკმაოდ დიდი ნაწილი აკრძალო და ველი მოასუფთაო.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ვადა გადაწიონ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული „ქართულ ოცნებაში“ მართლა უნდათ აკრძალონ, თუ არ უნდათ და როდის უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი.

აკვირდებიან, კვლევებს ატარებენ, მათ შორის შეხვედრები აქვთ და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა მთავარი ფაქტი ისაა, რომ აქ ერთ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, დანარჩენები აკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად საშინელებაა და გამორიცხავს ყოველგვარი დემოკრატიის მარცვლის არსებობას ამ ქვეყანაში.

  •  ჩავთვალოთ, იმის გამო დაიხიეს უკან, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ ჯერ, არის ეს უკან დახევა მათი მხრიდან?

ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, უკან დახევა არის თუ არა. პირველ რიგში, ჩამოყალიბებული რომ იყვნენ, ორი კვირის, ერთი თვის წინ შეეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება. მოცემულ ეტაპზე, მათ ხელს არაფერი არ უშლით სამართლებრივად ამის გასაკეთებლად. შეიძლება არსებობდეს სხვა ფაქტორები და მე დარწმუნებული ვარ, არსებობს ფაქტორები, რომლებიც მათ აჩერებს, თუმცა რამდენადაა ეს ფაქტორი შიდა ოპოზიციური წინააღმდეგობა, ეგ კიდევ მეორე საკითხია.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ იდება სასწორზე, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ აქვს დადებული იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ.

  • შესაძლებელია, რომ  შემდეგ რაღაც მოიფიქრონ, კიდევ გაწელონ დრო და არჩევნების წინ მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება?

ნაკლებ სავარაუდო სცენარი მგონია არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა – კიდევ უფრო საშინელი სურათია ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში, თუ ეს კიდევ არის ფაქტორი მათთვის დარჩენილი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის. თუ ჩამოყალიბდებიან იმაზე, რომ პარტიები უნდა აიკრძალოს, ამას გააკეთებენ მომავალი წლის დასაწყისში.

  •  ცოტა ხნის წინ გავაგეთ, რომ გახარიას პარტიის წარდგენილ ინიციატივას „ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმაც დაუჭირა მხარი. მართალია, ჩავარდა მაინც ეს ინიციატივა, მაგრამ როცა ამბობ, რომ ეს პარტია უნდა გავაუქმო, გაურკვევლობას არ გამოიწვევს ეს ამომრჩეველში?

გაურკვევლობა და ორმაგი სტანდარტები მუდმივად თან სდევს „ქართული ოცნების“ მმართველობას. შესაბამისად, არ გვაკვირვებს ის, რომ ასე იქცევიან. ზოგადად, პარლამენტში მყოფი ადამიანები „ქართული ოცნებიდან“ დიდად არ აკვირდებიან ხოლმე იმ კანონებს და იმ კანონპროექტებს, რომლებზეც მუშაობა უწევთ.

თუ არის მათი პარტიის ინიციატივა, იციან, რომ მხარი უნდა დაუჭირონ. შეიძლება, ზოგმა იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება, ვისი პარტიის ინიცირებული კანონპროექტი იყო და ამიტომაც დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება გაურკვევლობას, ამომრჩეველში გაურკვევლობა, ბუნდოვანება, ზოგადად, ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხელს და ეს არის „ქართული ოცნება“.

ბათუმში ინასარიძე-კაჩინსკების დამაკავშირებელი ახალი გზა გახსნეს – სამუშაოები 9 თვის წინ უნდა დასრულებულიყო

ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი დღეს, 15 სექტემბერს გახსნეს. გზის ეს მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა მერიამ სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია, მიზეზად კი კერძო მესაკუთრეებთან ქონების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებების გახანგრძლივება დაასახელა.

ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 376 815 ლარი იყო გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და კერძო კომპანია „ბონდი-2009“-ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით კი, მშენებლობაში სულ 2 114 112 ლარი დაიხარჯა. მიღება-ჩაბარების აქტი 2026 წლის 7 სექტემბერსაა გაფორმებული.

„პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და გარეგანათების სისტემა. ასევე, შესრულდა შესაბამისი საგზაო მონიშვნები.

ახალი გზის მოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას. პროექტი გააუმჯობესებს როგორც საავტომობილო საშუალებების, ისე ქვეითთა გადაადგილების პირობებს,“ – წერს ბათუმის მერია.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ავტომანქანებისთვის 15 სექტემბრის დილიდან გახსნილია.

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2025 წლის 5 თებერვალს გააფორმეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-სთან. ამ ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადად მითითებული იყო 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

„აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის სამმართველოში 2025 წლის ნოემბერში.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს

ამავე კომპანიამ [„ბონდი-2009“] უნდა შეასრულოს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოებიც, რომელიც, იმავე ტენდერის ფარგლებში, ასევე 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო.

დღევანდელი მდგომარეობით არც ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი მონაკვეთის მშენებლობაა დაწყებული.

__________________

ფოტო: ბათუმის მერია

ამ თემაზე:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

ქონების გადასახადს ის ოჯახები გადაიხდიან, ვისი შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადს მხოლოდ ისინი გადაიხდიან, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 ათას ლარს გადააჭარბებს. ამ დრომდე ეს ზღვარი 40 ათასი ლარი იყო.

აღნიშნული ცვლილება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება და 2025 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და დასაბეგრ ქონებას შეეხება, რომლის დეკლარირებაც მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა განხორციელდეს – წერს შემოსავლების სამსახური.

„მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 80 ათასზე მეტი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამ ოჯახებს ჯამურად დაახლოებით 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ მათ ეს ვალდებულება აღარ ექნებათ.

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

 

„ექიმი დაისაჯა იმის გამო, რომ აირჩია ადამიანი“ – მაია ცირამუა

„ფაქტობრივად, ექიმი დაისაჯა იმის გამო, რომ მან აირჩია ადამიანი და არ აირჩია წესი, რომელიც თავიდანვე პრობლემურია“- ამბობს ფსიქოლოგი, მწერალი მაია ცირამუა.

„ბათუმელებმა“ მაია ცირამუას ახმეტაში მომხდარი ფაქტის შეფასება სთხოვა, სადაც ექიმი მაია კოხტაშვილი ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს.

ამ დღეებში არაერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ ექიმი სამაგალითოდ ისჯება სწორედ თავის ოჯახში არსებული განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. აქტივისტების თანახმად, მაია კოხტაშვილის ერთ-ერთი შვილი უწყვეტი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა.

რა ტიპის პრობლემა აჩვენა ამ შემთხვევამ? – ამ საკითხზე ვესაუბრეთ მაია ცირამუას.

  • ქალბატონო მაია, ახმეტაში დაფიქსირებულმა ფაქტმა რა ტიპის სისტემური პრობლემა დაგვანახა, თქვენი აზრით?

ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ამ საკითხის განხილვა, რადგან ამ კონკრეტულმა შემთხვევამ აჩვენა, როგორი ტიპის სისტემური პრობლემაა ქვეყანაში. განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის არის ეს პრობლემური, ვისაც ნევროლოგიური ან სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები აქვთ და სწორი, დროული სერვისის მიწოდება სჭირდებათ.

ასევე გავიგეთ ის, რომ საქმე გვაქვს ექიმთან, რომელიც მწირი შემოსავლით, მწირი ხელფასით ემსახურება 120 სოფელს, სადაც ძირითადად არიან ხანდაზმულები, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და ზრუნვას ან პალიატიურ ზრუნვას საჭიროებენ.

მოგეხსენებათ, ამ ასაკში, განსაკუთრებით როცა პალიატიური ზრუნვაა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის მედიკამენტები, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ და თუ ადამიანი ვერ იღებს ამ მედიკამენტებს, შეიძლება ეს სახელმწიფოს მხრიდან წამებას გაუტოლდეს.

იმიტომ, რომ სახელმწიფო არ აძლევს საშუალებას ადამიანს, რომელიც ლოგინსაა მიჯაჭვული, მიიღოს დახმარება.

გამოდის, რომ ექიმი, რომელიც ამ 120 სოფელს ემსახურება, რაიონულ ცენტრში ცხოვრობს და მუშაობს და რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი ლოგინად ჩავარდნილი პაციენტი ჰყავს და დიდი რიგი უდგას პაციენტების, უნდა ადგეს და იქეთ მივიდეს პაციენტთან და გამოუწეროს წამალი?

ან კიდევ საჭირო ხდება სხვადასხვა ტიპის საბუთების, მინდობილობის გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი არის ძალიან გართულებული და ეს სრულიად გაუგებარია იმ ქვეყანაში, სადაც ლამის ყოველ მეორე დღეს ჩვენ გვყავს ადამიანები, ახალგაზრდები, დაზარალებული ან გარდაცვლილი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებით, იმიტომ, რომ ვერ მართავს სათანადოდ, როგორც ვხედავთ, ამ პროცესს სახელმწიფო და ახლა უნდა, რომ აქაც შექმნას გარკვეული პრობლემები.

ამ დროს პაციენტს, რომელსაც სჭირდება აუცილებელი, სიცოცხლისთვის საჭირო გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სახელმწიფო ავალდებულებს 14 დღეში ერთხელ ჩამოვიდეს შორეული სოფლიდან რაიონის ცენტრში და ჩადგეს ექიმთან რიგში, მაშინ როცა შეიძლება ესეც კი ვერ შეძლოს პაციენტმა, რადგან შეიძლება ტრანსპორტის ან ფულის პრობლემა იყოს.

ეს არის აბსოლუტურად არაპროფესიული მიდგომა და რაც მთავარია, აქ არსად არ ჩანს ადამიანი, არ ჩანს ადამიანის ჯანმრთელობის პრიორიტეტულობა და ადამიანისადმი ჰუმანური დამოკიდებულება.

  • გამოდის, ტკივილის მქონე ადამიანს მარტოდ ტოვებს სახელმწიფო ასეთი მიდგომით?

დიახ, პირდაპირ ამას გავუსვი ხაზი – როცა სახელმწიფო გარკვეულ ბარიერებს ქმნის იმისათვის, რომ კი არ შეუმსუბუქოს ადამიანს მდგომარეობა, ან გაუხანგრძლივოს თუნდაც სიცოცხლის დღეები, უფრო ართულებს ამ პროცესს.

ამიტომ საინტერესოა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რატომ დაგეგმა ვინც დაგეგმა და რატომ ექიმი, ხომ?!

  • რა მიზანი ამოძრავებდა სახელმწიფოს, როცა გეგმავდა ფარული ჩანაწერის გაკეთებას და ექიმის დადანაშაულებას რეცეპტის გაცემის გამო, რა იყო, თქვენი დაკვირვებით, მიზანი?

ერთადერთი, თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივით, რადგან ამ ქვეყანაში ნამდვილად ხდება ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით, თუ ადამიანი ღიად გამოხატავს თავის აზრს და მხარს არ უჭერს იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება.

თუ ვინმეს რაიმე პირადი ინტერესი ჰქონდა და ასეთი ფორმით გამოიყენა თავისი პროფესიული ძალაუფლება – მანიპულაციური, ამორალური მეთოდით, ეს ცალკე თემაა.

არსებობს მორალური დილემაც. მაგალითად, ცნობილმა მეცნიერმა ლოურენს კოლბერგმა, რომელმაც შეისწავლა ადამიანის მორალური განვითარება, გამოყო გარკვეული საფეხურები და დღემდე მეცნიერება, ასე ვთქვათ, ამ პრინციპების მიხედვით მოქმედებს.

მას ჰქონდა სხვადასხვა ტიპის მორალური დილემები, რასაც ის სთავაზობდა ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს, როდესაც კვლევას ატარებდა მორალურ აზროვნებაზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ და არკვევდა, როგორ წყვეტდნენ ამ დილემას ადამიანები.

ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მორალური დილემა არის ასეთი: არის ვინმე ბატონი ჰაინცი, რომელსაც მეუღლე ჰყავს მძიმედ დაავადებული და იმ პატარა ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს, აფთიაქარი ამზადებს წამალს, რომელსაც შეუძლია მისი მეუღლის სიცოცხლე იხსნას.

მიდის აფთიაქართან და ეუბნება, რომ წამალი ძალიან ძვირადღირებულია, ამიტომ ვერ შეძლო სრული თანხის მოგროვება და სთხოვს, რომ მისცეს საშუალება ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს.

აფთიაქარი უარს ეუბნება. აქ იყო სხვადასხვა მოსაზრება, რომ აი, მე თუ დავუშვებ, რომ იაფად მივცე ვინმეს ჩემი წამალი, მაშინ არ მექნება საშუალება, რომ ეს წამალი დავამზადო და გადავარჩინო ადამიანები.

ჰაინცი საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ იპარავს ამ წამალს. უნდა მოეპარა თუ არა მას ეს წამალი? მან ცხადია დაარღვია კანონი, მაგრამ რომელი პრინციპით იმოქმედა?

ამ კანონის საპირწონე იყო ადამიანის სიცოცხლე. ზუსტად ასეთი კანონების საპირწონე ხდება ისეთი, უფრო დიდი ღირებულება, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე.

ასე არ იქცევიან ადამიანები, ვისაც დაბალი მორალური განვითარება აქვთ. ამიტომ ჩვენს აზროვნებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეფასებებში შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან ორი ტიპის ქმედება. მაგალითად, თუკი შენ შეამტვრევ ვიღაცის სახლის კარს, რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ თუ შენ იმიტომ ამტვრევ კარს, რომ გინდა იხსნა ადამიანის სიცოცხლე, მაშინ ამას საერთოდ აღარ ეხება კანონი.

და ეს იცის ყველა მოსამართლემ, ყველა პროკურორმა, ყველა ადამიანმა, ვისაც თუნდაც საქართველოში მიუღია იურიდიული განათლება.

ამ შემთხვევით ექიმმა აჩვენა ძალიან მაღალი მორალური და პროფესიული სტანდარტი.

ჰუმანურობა, რაც უმთავრესი უნდა იყოს ექიმისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ისჯება.

ეს ხომ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სტანდარტი ეცემა ძალიან დაბლა.

  • სახელმწიფოფაქტობრივად უთვალთვალა ექიმს ხომ? ეს მორალის და ემპათიის წინააღმდეგაც არის ალბათ, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ერთმანეთის ნდობა არც ერთ სფეროში. ეს გამოჩნდა ამით?

ფაქტობრივად ექიმი დაისაჯა იმის გამო, რომ მან აირჩია ადამიანი და არ აირჩია წესი, რომელიც თავიდანვე პრობლემურია.

ამ წესს არ აინტერესებს ადამიანი, ამიტომ არ ვიცი, რატომ უნდა დავიცვათ, თუკი ეს ადამიანებს ამხელა პრობლემებს უქმნის, – ფინანსურს, ჯანმრთელობის და თუნდაც ისეთს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

  • ამის გამო ექიმებს შეიძლება გაუჩნდეთ შიში და უარი თქვან პაციენტების დახმარებაზე?

დიახ. როდესაც ეს ცვლილებები იგეგმებოდა კანონში, ჩვენ, ვინც გამოვხატავდით განსხვავებულ მოსაზრებებს და ვაპროტესტებდით პროცესს, ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ეს კანონები და წესები ექიმებს გაუჩენდა სერიოზულ პროფესიულ და მორალურ დილემას.

მაშინ არ მოუსმინეს პროფესიულ საზოგადოებას.

მოდით, დავფიქრდეთ, რა მოხდება, თუკი ყველა ექიმი იმის შიშით, რომ ციხეში არ აღმოჩნდეს, დაივიწყებს ადამიანს?

ეს ხომ ნეგატიურად აისახება ექიმის საქმიანობაზეც და სერვისის ხარისხზეც.

რაც მთავარია, აისახება ნდობაზე. ნდობის ფაქტორი ხომ მთავარი საყრდენია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში. ამ ნდობას დაარღვევს.

სხვა საკითხია ის, რომ ადამიანების სისტემისადმი ნდობაც ძალიან დაზარალდება. ამიტომ არავინ იცის, რატომ შეჰყავს სისტემას ასეთ ჩიხში პაციენტიც და ექიმიც, რატომ ქმნის ამ გარემოებას, ვის სჭირდება ეს ყველაფერი?!

  • თქვენ ახსენეთ პოლიტიკური მოტივები. იქნებ ესეც არის მიზეზი, რადგან ხელისუფლება ფინანსურადაც ასუსტებს მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რადგან 50 000 ლარის გირაო შეუფარდეს ექიმს და მეორე მხრივ, ცდილობს კონტროლის ქვეშ ჰყავდეს ასეთი მოქალაქეები. ეს შეიძლება იყოს მიზეზი?

რა თქმა უნდა. ყველა ასეთი ტიპის ქმედებას აქვს მსუსხავი ეფექტი. არიან ადამიანები, რომლებიც სამაგალითოდ ისჯებიან იმისათვის, რომ მერე სხვამ ვეღარ გაბედოს, რომ იყოს ადამიანი.

როცა ასეთი სისტემა იქმნება ქვეყანაში, მას არ სჭირდება ჰუმანური და ემპათიური მოქალაქეები.

ამიტომ ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

ხომ იყო დიუშენის სინდრომით, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხი და ვნახეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ამ ჯგუფის ტკივილი?! მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ თითოეული ჩვენგანი ვქმნით იმ გარემოს, რაც ამ ქვეყანაშია.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ რაღაც პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფის პრობლემა, ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერს ხვალ, რადგან ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე დგანან ონკოპაციენტები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები ამ ქვეყანაში, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ადამიანის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უნდა გააპროტესტოს ყველამ.

_______________

  • რა მოხდა?

11 სექტემბერს ახმეტაში ექიმი-ნევროლოგი მაია კოხტაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მან ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტი პაციენტის ოჯახის წევრს მისცა.

ექიმის დაკავებას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მთის ამბების“ რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმთან აგენტ-პროვოკატორი მიაგზავნეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც ექიმს უთხრა, რომ ბებია ჰყავდა სამწვერა ნერვის ანთებით ავად ახმეტიდან შორს მდებარე სოფელში, ექიმს რეცეპტი სთხოვა წამლისთვის და გადაიღო რეცეპტის მიღების პროცესი, როგორც კანონდარღვევა და კომპრომატი.

„მომიწია, დავარღვიე კანონი და დავწერე რეცეპტი, იმიტომ რომ მოვიდა პირი, რომელმაც მითხრა, ბებია მყავს ავად, სამწვერა ნერვის ანთება აქვს და ჩამომითვალა მედიკამენტები. 1 წამალი მიღებული ჰქონდა, მითხრა, ამან კარგად გაუყუჩაო. ეს ქალი იყო ჩაწოლილი, ცხოვრობდნენ ახმეტიდან შორს მდებარე სოფელში. გამაპენტიუმი უხსნის ტკივილებსო და მეც დავუწერე რეცეპტი, თანხა ჰქონდა გადახდილი რეგისტრაციის და უხერხულად ვიგრძენი თავი, რომ დახმარება არ გამეწია… მესამედ რომ მოვიდა, მითხრა, ბებო კარგადაა, უშველა წამალმაო და კიდევ დავუწერე წამალი, ვუთხარი, როდესაც დაბრუნდები, თანხა აღარ გადაიხადო, პირდაპირ დაგიწერ-თქო“ – თქვა სასამართლო პროცესზე ექიმმა.

ექიმი მაია კოხტაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა, 50 000 ლარი. ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.

სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღო

ბათუმში ქაოსური მშენებლობებით გამოწვეული უკმაყოფილების პარალელურად იზრდება ნებართვების სტატისტიკაც, 2026 წლის ორ კვარტალში ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით 11 მილიონ 612 400 ლარი ამოიღო.

წლის ბოლომდე სერიოზულ მატებას ისევ უნდა ველოდოთ, რადგან მერიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი ფასიანი სერვისი შექმნა, ამ სერვისის და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გასაწევად კი ახალი სიპის დაფუძნებას დაეთანხმა ბათუმის საკრებულო.

მომართვიანობა გაიზარდა – ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალ სსიპ-ს ქმნის

სსიპის დაფუძნების აუცილებლობას მერია ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში შესული განაცხადების სიმრავლით ხსნიდა და აცხადებდა, რომ მათ შესწავლას ვერ აუდიან. გარდა ამისა, „გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრის დასაქმებას შევძლებთ და საქმესაც გადავანაწილებთო“, – წერდა პროექტის განმარტებით ბარათში მერიის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე.

მერიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, უკვე შექმნილია სსიპი, რომელსაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური დაარქვეს. მისი დირექტორია არჩილ გირკელიძე, რომელიც მანამდე მერიაში ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სსიპის შექმნასთან დაკავშირებული პროექტის განმარტებით ბარათში მერია სპეციალისტებისთვის ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზეც საუბროდა.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი საკრებულოს წერდა, რომ მერია არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოზიდვას ვერ ახერხებს დაბალი ანაზღაურების გამო. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ამ სფეროში დასაქმებულებს კერძო სექტორში გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.

ახალი სსიპის დასაკომპლექტებლად მერიას ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს 16 პოზიციაზე. აპლიკანტებისგან მერია არქიტექტურის, მშენებლობისა და დიზაინის სფეროში მინიმუმ ერთწლიან გამოცდილებას ითხოვს.

კონკურსის პირობების მიხედვით, პირველი კატეგორიის სპეციალისტს მერია ხელფასის სახით 4480 ლარს, ხოლო მეორე კატეგორიის სპეციალისტებს 3520 ლარს შესთავაზებს; მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი კი 2880 ლარი იქნება. განყოფილების უფროსის ხელფასი 6400 ლარი იქნება. 

განაცხადების მიღება 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს, კონკურსი სამეტაპიანია, რაც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებას და გასაუბრებას მოიცავს.

„ოაზისი“ ჩაქვში 401,5 ათასი კუბ.მ მტკნარი წყლის მოსაპოვებლად ლიცენზიას ითხოვს

კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, საკუთარ ტერიტორიაზე, წელიწადში 401 500 კუბური მეტრი მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიას ითხოვს. წყალს კომპანია სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ 2 ჭაბურღილიდან მოიპოვებს. შესაბამისი ლიცენზია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.

ლიცენზიის გაცემამდე კანონი ითვალისწინებს სკრინინგის პროცედურას იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს] და შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი გადაწყვეტილება კი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიიღოს.

დოკუმენტების მიხედვით, ჭაბურღილები ზღვიდან დაახლოებით 240 მეტრით არის დაშორებული.

1 და 2 წერტილებით აღნიშნულია ჭაბურღილების ადგილები სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ

„დრიმლენდ ოაზისის“ სკრინინგის განცხადება სააგენტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა.

სამინისტრო სააგენტოს წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ბათუმის ქ. N16-ში მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულით ლიცენზიის გაცემის მიზნით სამინისტროში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მომზადებულია შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტი.

ამ პაკეტის მიხედვით:

  • „ლიცენზია გაიცემა მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე [სამეწარმეო დანიშნულებით] ორ ჭაბურღილზე, 401 500 კუბ/მ წელიწადში, შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე.
  • აღნიშნული ობიექტი დაშორებულია დაბა ჩაქვის ცენტრიდან 0,750 კმ-ით. ტერიტორია არ წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიას.
  • წიაღით სარგებლობა დასაშვებია, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა არ გამოიწვევს გეოდინამიკური სიტუაციის გაუარესებას.
  • აღნიშნული მიზნით გაცემული ლიცენზია არ გამოიწვევს წყლის, ნიადაგის, მიწის დაბინძურებას, ნარჩენების წარმოქმნას, გარემოს დაბინძურებას და ხმაურს.“

სააგენტომ თავის მხრივ გამოაქვეყნა განცხადება, რომ „ოაზისის“ მიერ მტკნარი წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შენიშვნებსა და წინადადებებს 23 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს. ასეთ პროცედურასაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112; eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ლიცენზიის ფასთან და ვადებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

„2026 წლის 31 აგვისტოს დასრულდა კომპანიის ლიცენზიის ვადა. ახალ ლიცენზიაზე კომპანიამ განცხადება უკვე წარმოადგინა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით დადგენილი პროცედურები“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

რაც შეეხება ფასს, სამინისტროში გვითხრეს, რომ „ლიცენზიის მოპოვება საბოლოოდ აუქციონის გზით ხდება“.

 

 

ბათუმში სომხეთის შს მინისტრი იმყოფება

დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში იმყოფება სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას ესწრება.

ბათუმშია „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილიც.

სამაშველო წვრთნები ბათუმში.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს.

სამაშველო წვრთნებს ბათუმში სომხეთის შსს მინისტრი ესწრება /15 სექტემბერი.

„საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“- წერს შსს.

გაძვირდა მგზავრობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით – ახალი ფასი 4 ლარია

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მოძრაობის ღირებულება გაძვირდა და 4 ლარი გახდა.

ამ დრომდე ბათუმიდან ქობულეთამდე მგზავრობის ფასი 3 ლარი იყო.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება და მათ არ აქვთ უფლება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ.

„საქალაქთაშორისო მოძრაობის საკითხს და შესაბამისად ტარიფის დადგენას მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს, ჩვენს მიერ დადგენილია მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი, რომელიც ქობულეთი – ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ტარიფი 80 თეთრია და არ შეცვლილა“ – განმარტეს ქობულეთის მერიაში.

საქალაქთაშორისო ხაზზე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის მფლობელმა სატელეფონო საუბარში მგზავრობის ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებით ახსნა.

„საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, არავისთან შეგვითანხმებია, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებთ, ყველაფერი ძვირია“ – გვითხრა ავთანდილ ხინიკაძემ.

 

რუსეთში ისტორიკოსს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინაში ომის შესახებ პოსტისთვის

რუსული კულინარიის ისტორიკოსს, პაველ სიუტკინს რუსეთში 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯეს უკრაინაში ომის შესახებ პოსტისთვის.

61 წლის ისტორიკოსი 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს და „ომის ფეიკზე“ ბრალდება წაუყენეს ტელეგრამზე 2022 წელის აპრილში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც კიევზე საჰაერო დარტყმები და ბუჩაში მომხდარი მკვლელობები იყო განხილული.

„კიევი დაბომბეს – პუტინის ომს პირდაპირი ანალოგიები ჰქონდა ჰიტლერის ომთან. ახლა მას საკუთარი ბაბი იარი აქვს. ბუჩა – ორასზე მეტი სიკვდილით დასჯილი მშვიდობიანი მოქალაქე – ქალები, მოხუცები, ბავშვები“ – წერდა სიუტკინი ტელეგრამზე 2022 წელს. 

სიუტკინი დანაშაულს უარყოფს.

გამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ მან საგამოძიებო კომიტეტის წინაშე განაცხადა:

„უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთში ნებისმიერი პატიოსანი მწერალი, ჟურნალისტი ან ისტორიკოსი ციხისთვის ყოველთვის უნდა იყოს მზად. დღეს ეს როლი მე მეკისრება. მაგრამ ნუ იდარდებთ: დადგება დღე, როდესაც რუსეთში ეს წყვდიადი გაიფანტება. შეხვედრამდე, მეგობრებო“.

„მედიაზონა“ წერს, რომ სიუტკინის მეუღლემ, ოლგამ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ წყვილს ემიგრაციაზე არ უფიქრია:

„არა, ჩვენ არ წავალთ. რადგან მოხდა ისე, რომ ამ ყველაფერში ჩავერთეთ, ვერ ვუღალატებთ საკუთარ თავს ან ჩვენს მკითხველს“.

მეუღლის თქმით, სიუტკინი ციხეში ახალ წიგნზე მუშაობს და პატიმრებს ინგლისურს ასწავლის.

„ჩემი საქმე, უდავოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია. ასეთ შემთხვევებში დასამტკიცებელი ბევრი არაფერია. ისინი ხალხს სიტყვებისა და ღია ანტისაომარი პოზიციისთვის სჯიან. და მე ამას არც კი ვმალავ. უფრო მეტიც, ციხეში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ბევრი რუსი იზიარებს ამას“, – ციტირებს „მედიაზონა“ ნაწყვეტს ისტორიკოსის ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც მან წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნა.

სიუტკინი რუსი მწერალი, ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი, რუსული სამზარეულოს ისტორიკოსი და ისტორიის დოქტორია. ის არის რუსული სამზარეულოსა და გასტრონომიის ისტორიის შესახებ რვა წიგნის ავტორი, მათ შორისაა: „საბჭოთა სამზარეულოს ნამდვილი ისტორია“ და „CCCP CookBook: საბჭოთა სამზარეულოს ნამდვილი ისტორიები“.

______________

ფოტო: „მედიაზონა“

ანკორიჯის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაში ლავროვი ევროკავშირს ადანაშაულებს

„ჩვენ შეგვეძლო უკვე ერთი წელი გვეცხოვრა ომის გარეშე“, განაცხადა სერგეი ლავროვმა, რომელმაც ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ აშშ-მ ანკორიჯის შეთანხმებიდან უკან დაიხია.

„ამერიკელებს ანკორიჯის შეთანხმებებიდან უკან რომ არ დაეხიათ“ და ევროპას რომ არ „ჩამოეშორებინა“ აშშ, ომი ერთი წელიც კი აღარ გაგრძელდებოდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ მრგვალ მაგიდაზე. – „ჩვენ უკვე ერთი წელი ვიცხოვრებდით ომის გარეშე“, – რია ნოვოსტის თანახმად თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

ლავროვის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების „განახლება სავსებით შესაძლებელია“.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე და ყველა ის მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობდა, ჩვენი ინიციატივით არ შეწყვეტილა. ამიტომ, თუ ჩვენი კოლეგები მზად იქნებიან, ვფიქრობ, ამის განახლება სავსებით შესაძლებელია. არის რაღაც, რისი თქმაც ჩვენ გვსურს“.

ამასთან, რუსეთი მზად არის, ეძებოს „გონივრული კომპრომისები“, თუმცა საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის. როგორც მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, მოსკოვში არ გადაუხედავთ თავიანთი ამოცანისთვის – „უზრუნველყონ უსაფრთხოება და არ დაუშვან ნატოს გამოჩენა“ რუსეთის საზღვრებთან.

მოლაპარაკებების პერიოდში რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ აპირებს.

__

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია ნიუ-იორკში 8 სექტემბერს გაიხსნა. დებატები, რომლებშიც სახელმწიფოების ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, 22-28 სექტემბრამდე გაიმართება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამის და დილის საათებში უმეტეს რაიონში იწვიმებს, 16 სექტემბერს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17– 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი წერს, რომ კონტრშეტევის ფარგლებში მესამე არმიის კორპუსმა 75 კვადრატული კილომეტრი გაწმინდა და კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა რუსული ძალებისგან.

ბილეცკის განცხადებით, მიმდინარე ოპერაციას ეწოდება „ვივალდი“, ვენეციელი კომპოზიტორის სახელი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ნაწარმოებით – „წელიწადის დროები“.

„ღია წყაროებში ამჟამად ბევრი ინფორმაციაა, რომ ჩვენი შეტევის საბოლოო მიზანი მდინარე ჩერნი ჟერებეცის ნაპირებამდე მიღწევაა. მაგრამ ჩვენს ოპერაციას „ვივალდი“ ჰქვია. ხოლო „ვივალდის“, როგორც ვიცით, ოთხი სეზონი აქვს. და ეს მხოლოდ პირველია. ასე რომ, თვალყური ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებებს და ნუ იჩქარებთ სპოილერების გავრცელებას. კარგი ამბები იქნება“ – აცხადებს ბილეცკი.

განცხადებას აქვეყნებს უკრაინის არმიის მესამე კორპუსიც.

„ვადასტურებთ ინფორმაციას დონეცკის რეგიონში უკრაინის არმიის შეტევის შესახებ. საინფორმაციო დუმილის რეჟიმში, რაზმებმა მტრის ინფილტრაციის ცენტრების ლიკვიდაცია მოახდინეს და გაწმინდეს 75 კმ². კიდევ 10 კმ² არის დეოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის მე-20 და მე-25 არმიების წინააღმდეგ გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა.

მტრის დანაკარგები ამ ეტაპზე: დაახლოებით 1500 ჯარისკაცი, 12 000-ზე მეტი დრონი და ასობით ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემა და სატრანსპორტო საშუალება.

ერთდროულად, უპილოტო სისტემების დანაყოფებმა გადაკეტეს მტრის ლოგისტიკური მარშრუტები. კორპუსის დარტყმების შედეგად, რუსეთის ჯარებმა საწვავისა და საპოხი მასალების მარაგი უკრაინის გარეთ – ვორონეჟის რეგიონში გადაიტანეს: მილსადენი დაიხურა და საწყობები განადგურდა“ – წერს მე-3 არმიის კორპუსი.

26 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინის პოზიციები გაძლიერდებოდა ორი განახლებული სამხედრო ჯგუფით, „აზოვის“ ძალების მეთაურის, გენერალ დენის პროკოპენკოსა და ანდრეი ბილეცკის ხელმძღვანელობით.

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი – არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება – ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა.

განახლებული ავტო კომფორტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯარიმები პირდაპირ მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს, მათი სტატუსი და დეტალები მარტივად ნახოს, ხოლო ახალი ჯარიმის დარიცხვისთანავე შეტყობინება მიიღოს. აპლიკაციაში ჯარიმის მიზეზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი.

საქმე კიდევ უფრო მარტივდება პარკირების ბალანსის მობაილბანკიდან შევსებითაც – აღარ არის საჭირო სხვადასხვა პლატფორმაზე გადასვლა ან დამატებითი ნაბიჯების გავლა. ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მარტივი ნავიგაციითა და მაქსიმალურად გამარტივებული პროცესებით.

ავტო კომფორტი მხოლოდ ყოველდღიური საქმეების გამარტივებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებულ პარტნიორ კომპანიებთან სპეციალური შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობაც შეუძლიათ – მათ შორის საწვავის, დაზღვევისა და ტექ-მომსახურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი სივრცე მომხმარებელს არა მხოლოდ დროსა და ენერგიას უზოგავს, არამედ დამატებით სარგებელსაც აძლევს.

განახლებული ავტო კომფორტი განსაკუთრებით მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს, ავტომობილთან დაკავშირებული რუტინა ნაკლები ძალისხმევით მართოს – შეტყობინებიდან გადახდამდე, პარკირების ბალანსიდანსპეციალურ შეთავაზებებამდე და ეს ყველაფერიმობაილბანკში.

ავტო კომფორტით სარგებლობის პირველი 3 თვე უფასოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფუნქციონალს 31 ოქტომბრამდე გაიაქტიურებენ.

თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განვითარებას, რომ გაგიმარტივოს ცხოვრება და ყოველდღიური რუტინული საქმეები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ბათუმში კაფეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – „დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე-ბარი -„ქენთ სთოფი“ და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ობიექტი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო.

საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინეს

დღეს, 15 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინა.

კობახიძე ამბობს, რომ ის, რის გამოც მაია ბითაძე ამ პოსტზე წარადგინეს, არის „კეთილსინდისიერება“.

„იმედი მაქვს, ღირსეულად გავართმევ თავს ამ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც მე გუნდმა დამაკისრა. ამ სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილებით და ასევე ძალიან დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას“.

მაია ბითაძე ამ პოსტზე დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი იყო, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და მუშაობს თსუ-შიც.

მაია ბითაძემ 2024 წელს მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.

საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საჯარო სკოლებში წელს 5 658 პირველკლასელი შევიდა. ქვეყნის მასშტაბით კი 45 000 პირველკლასელი მიიღეს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. როგორც გვითხრეს, სამინისტროს ეს მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს, რადგან, მათი თქმით, „სკოლებში მობილობის პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე მიმდინარეობს“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყველა პირველკლასელი ვალდებულია სასკოლო ფორმა ატაროს. ფორმების შეკერვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი გამოიყო. სასკოლო ფორმები ჩინურმა კომპანიამ შეკერა. ფორმა მშობლისთვის 95 ლარი ღირს.

სასკოლო ფორმების ხარისხსა და სავალდებულოობას ბევრი კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში. მშობლების ნაწილი ფორმებს აპროტესტებდა ქსოვილის არაბუნებრივი შემადგენლობის გამო, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფორმამდე, ჯერ ბევრი სხვა პრობლემაა საჯარო სკოლებში მოსაგვარებელი, მათ შორის სკოლის ინფრასტრუქტურა, კვების საკითხი, საგანმანათლებლო რესურსები და ასე შემდეგ.

როგორც მშობლები ფეისბუქში წერდნენ, ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო სასკოლო ფორმის სრულად შეძენა, რადგან ზომები არ დაემთხვა ბავშვების ზომებს. ზოგმა კი მხოლოდ შარვალი ან პიჯაკი აიღო.

განათლების სამინისტროს ვკითხეთ, რამდენმა მშობელმა ვერ მოახერხა სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის შეძენა, რამდენი ვერ გასწვდა ფინანსურად. სამინისტროში გვითხრეს, რომ „ფორმების აბსოლუტური უმრავლესობა 95%-ზე მეტი მშობლებს უკვე შეძენილი აქვთ, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინფორმატში.

დარჩენილია მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, როდესაც ბავშვის აღნაგობიდან გამომდინარე, საჭიროა ინდივიდუალური ზომის ფორმა. ასეთ შემთხვევაში ფორმის დამზადება და მიწოდება მოგვიანებით, ინდივიდუალური ზომის შესაბამისად განხორციელდება“-გვწერს სამინისტრო.

2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 55 ათასზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას არ აპირებს“ და ეს სიცრუეა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ Truth Social-ზე დაწერა.

 „მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს, არის სიცრუე, ისევე როგორც გლობალური „დათბობა“, რომლის დროსაც ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო; „რუსეთი-რუსეთი-რუსეთი“, „უკრაინა-უკრაინა-უკრაინა“, ან იმპიჩმენტთან დაკავშირებული #1 სიცრუე, თუ იმპიჩმენტთან დაკავშირებული #2 სიცრუე“, – დაწერა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ეს ყველაფერი არის „რადიკალი მემარცხენე დემოკრატების“ საქმიანობის გამოვლინება, რომლებიც, მისი აზრით, „არასდროს ნებდებიან, მაგრამ იშვიათად იმარჯვებენ“.

ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების მოწოდებები, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელების შესახებ, რაც ტრამპმა უარყო.

„მისმინეთ, ჩვენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს ვუსწრებთ… გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ასე დარჩეს, რადგან ის, ვინც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების რბოლაში გაიმარჯვებს, საბოლოოდ ყველაფერში გაიმარჯვებს“, – თქვა მან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 510 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 345 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 334 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 49 793 ერთეული [+41]
  • MLRS – 2 131 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 638 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 518 280 ერთეული [+1 839]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 626 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 149 183 ერთეული [+376]
  • სპეცტექნიკა – 4 690 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

„არ გამოვრიცხავთ, რომ ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხება“ – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

დენის პროკოპენკო განახლებულ „აზოვის“ ჯგუფს უხელმძღვანელებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ისეა დაწერილი, რუსეთი რომ მტერი არ გამოჩნდეს“ – ისტორიის მასწავლებელი ახალ სახელმძღვანელოზე

„რუსეთი რომ არ გამოჩნდეს როგორც მტერი, ამ ნარატივით არის დაწერილი მე-10 კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო“ – ამბობს ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე.

საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მიიღეს ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც განათლების სამინისტრომ ჯაბა სამუშიას, გიორგი კალანდიას და ალექსანდრე ბოშიშვილს შეადგენინა.

ახალი სახელმძღვანელოს შეფასება „ბათუმელებმა“ ისტორიის მასწავლებელს, შალვა მინდაძეს სთხოვა.

  • ბატონო შალვა, როგორც ვიცით, მასწავლებლებმა უკვე მიიღეთ ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები. ისიც ვიცით, რომ სახელმძღვანელოების დაწერის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ბოლო წუთებამდე არავინ იცოდა ვინ მუშაობდა მათზე. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ წიგნმა?

პრინციპში, რაც შემიძლია მკაფიოდ გამოვკვეთო, არის ის, რომ ეს წიგნები იმ მეთოდოლოგიით არ არის დაწერილი, როგორიც სჭირდება თანამედროვე სკოლას.

ეს არ არის სასწავლო სახელმძღვანელო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მიზნისთვის შექმნეს და ამას საჯაროდ არ ამბობენ.

ამ წიგნებს შეიძლება დავარქვათ ის, რაზეც საუბრობს ხელისუფლება. კერძოდ, რუსეთთან შერიგება, რუსეთთან დამეგობრება, დაძმობილება, წარსულის გადახალისება და ასე შემდეგ, მაშინ როცა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ შეწყვეტილა.

  • რუსეთი, როგორც ოკუპანტი, დამპყრობელი, ეს ნარატივი გამქრალია სახელმძღვანელოდან?

კი, ნამდვილად ასეა. ჩემს სუბიექტურ შეფასებასაც უკვე აღარ ვეყრდნობი, რადგან ძალიან ბევრმა, მათ შორის პროფესიონალმა ისტორიკოსებმა, დიდი რეცენზიები დაწერეს და ამათაც გავეცანი. თუ აქამდე არსებულ სახელმძღვანელოებში უფრო ღიად და მკაფიოდ ეწერა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ დაგვიხვრიტეს მწერლები, გამოჩენილი განმანათლებლები და ასე შემდეგ, ეს ხაზი აქ გამქრალია.

რაღაც „ჰუმანური“ იდეით არის გადაფუთული ეს ყველაფერი, გამოყენებულია რაღაც თეოლოგიური, ფსიქოლოგიური თეზისები, რამაც შეიძლება იმოქმედოს ადამიანებზე.

  • შეიძლება კონკრეტული მაგალითი რომ მოიყვანოთ?

ერთი რაც ახლა მახსენდება, გარსევან ჭავჭავაძის მიმართვაა მოტანილი გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით, სადაც წერია, საით წავსულიყავით, სხვა გზა გვქონდაო?! ანუ შერბილებული კონტექსტია გამოკვეთილი, მაშინ როცა ძველ სახელმძღვანელოში მოყვანილი იყო ივანე ჯავახიშვილის კომენტარი, სადაც ის პირდაპირ წერს, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატმა ყველაზე დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას“. ახალში ეს კომენტარი ამოღებულია.

გატარებულია ისეთი ხაზი, რომ რუსები წარმოაჩინონ არა როგორც აგრესიული დამპყრობლები, არამედ როგორც „რბილი ძალა“, რომლის მიზანი იყო ჩვენი გადარჩენა.

ეს არის ერთი ნარატივი და ერთი ხაზი, რაც მკაფიოდ ჩანს ამ წიგნში.

ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია გამოქვეყნებული და აქედანაც ჩანს, რომ ქრონოლოგია სრულიად დაჩეხილია, სავსეა ანაქრონიზმებით და რა რასთან არის მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული, უბრალოდ ვერ გაიგებთ ამ წიგნიდან.

არ ვაჭარბებ, არც ვუტრირებ. აი, მაგალითად, ზღაპარ „კომბლეს“ რომ ვკითხულობთ, შევდივართ თხრობით კონტექსტში, სადაც არ არსებობს გარემოება, არ არსებობს წელი, არ არსებობს საუკუნე. ანუ სადღაც ვირტუალურ, წარმოსახვით სივრცეში, ზღაპრის ტყეში მივდივართ. რაღაც ასეთი კონტექსტია.

წერია – „ომი მიმდინარეობდა“. სად მიმდინარეობდა, რატომ მიმდინარეობდა, რატომ ეკავა მაგალითად ვახტანგ გორგასალს პრო-ბიზანტიური მხარე, ეს კონტექსტურად არ არის გამოყვანილი და განმარტებული.

  • გამოდის, თუ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი მასწავლებელი არ შეხვდა მოსწავლეს, შესაძლოა ვერ გაიგოს კონტექსტი?

გაუჭირდება კი არა, ბავშვი ამას მიიღებს მოცემულობად.

PISA-ს კვლევების მიხედვით 64-ე ადგილზე რომ ვართ გააზრების კონტექსტში, ამის იმედი გვაქვს, თუ ყველაფერზე გაჩუმებული მასწავლებლების. ვის გვაქვს იმედი, რომ ზუსტად ისე არ ასწავლიან, რაც იქ წერია?!

მე შემიძლია ვუთხრა მოსწავლეებს – „ბავშვებო, ეს წიგნი არის სრული ნაგავი“. ჩემს კოლეგებსაც ვურჩევ, რომ გამოიყენონ ძველი გრიფირებული სახელმძღვანელოები დამხმარე რესურსად და ამაში ვერ შეგვზღუდავენ ჯერჯერობით, გვაქვს ამის კანონიერი უფლება.

მინისტრის მოადგილე მახარაშვილი სულ იმას იმეორებდა, რომ ჩვენ გვქონდა სახელმძღვანელოები, რომლითაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ისწავლიდა გაკვეთილს, ცოდნას ვერ მისცემდაო და აქედან რა ცოდნას მიიღებს, ზღაპრების და მითების წიგნიდან?

ჯერ ერთი, ისტორია როდის გახდა მზა, მიღებული ფაქტების მეცნიერება? ყველაზე არაზუსტი მეცნიერებაა ისტორია, რომელმაც ზუსტ პასუხებამდე ფაქტების და მოვლენების კრიტიკული ანალიზით უნდა მიგვიყვანოს.

ჩვენ უნდა ვიკვლევდეთ, კითხვებს უნდა ვსვამდეთ. ილია ჭავჭავაძე რომ ილია ჭავჭავაძეა, ისიც უნდა გააკრიტიკო, თუ არ მოგვეწონა რაიმე საკითხზე მისი შეხედულება.

ჯერ ერთი, წიგნს ნამდვილად ეტყობა, რომ Gemini-ს მიერ დაწერილი ტექსტია, რადგან ნებისმიერ კონტენტ კრეატორს რომ აჩვენოთ, გეტყვით, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ალბათ 80%-იანი ნაშრომი, რომელსაც ძალიან კარგი ბრძანებები აქვს მიცემული.

„ისე დამიწერე, რუსებს არ ეწყინოთ“ – როგორც ჩანს, ეს ნარატივი აქვთ მიცემული.

  • რომელი პერიოდია შესული ამ სახელმძღვანელოში? მაგალითად აგვისტოს ომი, ანწუხელიძის ამბავი თუ არის და როგორ არის დაწერილი?

ამ ნაწილში არ არის შესული. კონკრეტულ ეპოქაში არსებულ კონტექსტებია ამოგლეჯილი. მაგალითად, საქართველოს ისტორია იწყება ფარნავაზით და დიაოხი და კოლხა, როგორც უძველესი სახელმწიფოები, არსად არ არის ნახსენები.

საერთოდ გამქრალია ქვის ხანა. ფარნავაზით იწყებენ საქართველოს ისტორიას და თან საქართველოს თანამედროვე რუკა აქვს დატანილი. იმდენად აცდენილია ყველაფერი ერთმანეთს, იმდენად ხდება პათეტიკური სისულელეების გამოკვეთა, რომ სრული სიგიჟეა.

  • რა ფაქტებია, მაგალითად, აცდენილი?

ერთ მაგალითად მოვიყვან. კონკრეტულ გვერდზე, სადაც ქართველი მეფეების საერთო მიზნებია გამოკვეთილი, საუბარია მე-16 საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფე ლუარსაბ პირველის, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამისა და კახეთის მეფე ლევანის შესახებ. ნათქვამია, რომ ლუარსაბი მუდმივად გარე მტრების წინააღმდეგ იბრძოდა, ბაგრატი ოსმალებს უპირისპირდებოდა, მაგრამ ლევანი სპარსელებთან და ოსმალებთანაც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდაო.

ეს სიმართლეა, მაგრამ მომდევნო აბზაცში წერია: ლოგიკურად ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ ქართველ მეფეებს შორის დაპირისპირების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობსო.

მოვლენების თანმიმდევრობის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ სამივე მათგანს საერთო ინტერესი ამოძრავებდა და მათი განსხვავებული პოზიციები ერთმანეთთან ბრძოლის საბაბი არ გამხდარა. ამ ქვეთავის შემდეგ მოცემულია ორი წყარო.

ერთი მათგანი ეკუთვნის ქართველ ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძეს და ამ ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბატონი ლევანი და იმერეთის მეფე ბაგრატი ძღვენითა და კარგი ფეშქაშით ყაენთან მოვიდნენ, მათ ლაშქრობას ერთგულად იმსახურეს. ჰოდა, არ გაინტერესებთ ეს ლაშქრობა ვის წინააღმდეგ იყო მიმართული სადაც კახეთისა და იმერეთის მეფეებმა ერთგულად იმსახურეს?

გორგიჯანიძის უცაბედად შეწყვეტილ ცნობას თუ გავაგრძელებთ, ასეთი რამ წერია: „თოვლს საქართველო ასრე გაეხადა, რომ მთა და ბარი გასწორებული ჩნდა. იმ დროს ჯავახეთს თავს დაესხნენ, მრავალი სული დაატყვევეს, იქიდან ქართლზედ ჩაიარეს, საბარათიანოს გზითა, იქიც თარეშში გაუშვეს, ალაგ-ალაგ სახიზრობი გატეხეს და ბევრი ტყვე აასხეს, მაგრამ მრავალნი ყიზილბაშნი ამოწყვიტეს“.

ფაქტობრივად, ეს ლაშქრობა, ქართლის მეფე ლუარსაბის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ვერც იმას ვიტყვით, რომ ავტორი უბრალოდ უცოდინარია და ამიტომ დაწერა,რომ თითქოს ქართველ მეფეებს შორის დაპირისპირების დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.

კიდევ ერთი მაგალითი ავიღოთ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ გაკვეთილში წერია, რომ პირველი არალეგალური ორგანიზაცია იყო „გორგასლიანი“, რომელიც 1956 წელს შექმნეს სკოლის მოსწავლეებმა და ფიცი ზვიად გამსახურდიას ოთახში დადეს. ორგანიზაციამ პროკლამაციები გამოაკრა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მოწოდებით. ამავე გაკვეთილში წერია, რომ „გორგასლიანის“ მიერ გავრცელებულ პროკლამაციაზე ეწერა, რომ ისინი გმობდნენ საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში განხორციელებულ ძალადობას.

წიგნის ავტორებმა საერთოდ არ ახსენეს ამ პროკლამაციების უმთავრესი მოტივები და მიზნები, სადაც შემდეგი სიტყვები იყო მოცემული: „ქართველებო, ხომ არ დაგავიწყდათ 9 მარტის სისხლიანი ღამე, ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი 24 და 37, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები?

როდემდის უნდა გქონდეთ ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილ ქვეშ? დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად! ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელგასვრილი ოკუპანტები და მათ მათის სამხედრო ხროვა!“.

  • ეს ტექსტია გამქრალი?

დიახ, ეს ტექსტი გამქრალია. ამიტომ ვამბობ, რომ ფაქტი გვაქვს მოცემული, რომელსაც ნულოვანი საფუძველი აქვს, არანაირი შინაარსი აღარ ჩანს.

  • ეს შინაარსი გამოაცალა იმის მცდელობამ, რომ რუსეთი არ გამოჩნდეს მტერი?

დიახ. რუსეთი რომ არ გამოჩნდეს როგორც მტერი. სწორედ ასეთი შინაარსგამოცლილი წიგნების დამსახურებაა ის უშინაარსო სადღეგრძელოები, რომელსაც არანაირი ლოგიკა არ აქვს. ამ იდეოლოგიის გავრცელება სურთ, რომელიც რუსეთს კარგად წარმოაჩენს და მასზე ცუდ ფაქტებს ვერ მოგაძებნინებს სახელმძღვანელოში.

ვფიქრობ, სპეციალურად არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წყაროები შემოტანილი და ამით იმ ისტორიკოსებსაც შეურაცხყოფენ, რომლებიც კრიტიკულად წერდნენ რუსეთზე კონკრეტულ შემთხვევებში. ეს ხალხი ალბათ საფლავში გადატრიალდება, რომ გაიგონ, რა იწერება მათი სახელით.

ერთი მაგალითი მინდა კიდევ მოვიყვანო. გორბაჩოვის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ეწერა ასეთი რაღაც, რომ ამ პროექტის მიხედვით, კონსტიტუციიდან ქრებოდა მუხლი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებს სსრკ-დან გასვლის უფლება ეძლეოდათო.  სინამდვილეში, ეს მუხლი კი არ ქრებოდა, მისი ცვლილება იგეგმებოდა იმგვარად, რომ გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა.

  • პირიქით დაწერეს?

კი, პირიქით წერია. ამიტომ არ გაასაჯაროვეს ეს ყველაფერი, რადგან თუ გასაჯაროვდებოდა, ამას ეყოლებოდა ძალიან ბევრი კრიტიკოსი. ამიტომ გამოვიდა ასე, – „წიგნი ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ“.

რეალურად, შექმნეს „კომბლე 2“, რომელსაც ჰქვია „ზღაპრების წიგნი ძილად მისვლის დროს“, უნდა წააკითხო ბავშვებს და ეფექტი ნამდვილად ექნება ის, რომ ბავშვები ამ ზღაპრებს ისე მოგვიყვებიან როგორც კომბლეს ზღაპარს. ეს არის ამათი მიზანი და იდეა.

  • კიდევ თუ არის რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დამახინჯებული ან შინაარსგამოცლილი?

მაგალითად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მიმდინარე მოვლენები შეფასებულია როგორც „თბილისის ომი“ და სიტყვა „გადატრიალება“, რომელიც პირდაპირ რუსეთის ჩარევით მოხდა, საერთოდ არ არის ნახსენები.

საიდან იმართებოდა, რა მიზნით და რა კონტექსტი ჰქონდა, საერთოდ არ არის ნახსენები. მაშინ როცა ეს საკითხი სახელმწიფო დონეზეა შეფასებული, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. ამ უდიდესი დანაშაულის შესახებ თვალებს რომ დახუჭავ, არაფერს ჩაწერ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, [ამ ასაკში, 16 წლის ასაკში დავითი ტახტზე ავიდა] და ზღაპრებს ასაღებ, ეს არის პრობლემა.

ქუჯის შესახებ ლეგენდა წარმოჩენილია, როგორც რეალური ისტორია. ასევე, თეოდოსიუს I რომის უკანასკნელ იმპერატორად არის წარმოჩენილი, რაც უხეში ისტორიული შეცდომაა.

ერთმანეთშია არეული ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა და ზოროასტრიზმი, რაც ასევე ფაქტობრივი შეცდომაა.

დავით აღმაშენებლის ეპოქაში უწერიათ ისეთი დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული და მტკიცებულებებისგან დაცლილი ინტერპრეტაციები, თუნდაც ჯარის რაოდენობაზე, რაც არანაირ კონტექსტში არ ჯდება.

შეცდომით წერია თამარის გარდაცვალების თარიღიც, რადგან უახლესი წყაროები ვარაუდობენ, რომ თამარი 1207-1209 წლებში უკვე გარდაცვლილია, ამათ დაწერეს, რომ 1213 წელს გარდაიცვალა. არსად არ აქვთ თამარის ეპოქაში ტრაპიზონის იმპერიის დაარსების მიზეზობრივი ახსნა და ასე შემდეგ.

  • თქვეს, რომ QR კოდებია სახელმძღვანელოში დატანილიო, ეს კოდები თუ გახსენით და სად გადადის, რა ინფორმაციას აწვდის მოსწავლეს?

მართალი გითხრათ, მე არ გამიხსნია, რადგან მაგისთვის არც მეცალა, ისეთი სიგიჟე დამხვდა წიგნში. ან რად მინდა ისეთი QR კოდი, რომელსაც არანაირი საფუძველი აღარ ექნება იმ წიგნთან, რომელიც თავად დაწერეს.

ერთადერთი, რაც ნამდვილად კარგია ამ წიგნებში, არის ნახატები. ეროვნული მუზეუმის არტეფაქტები გამოფინეს უფასოდ. მართლაც ძალიან კარგად არის ილუსტრირებული და ამ გარჯას ვუფასებ სამინისტროს, რომ იწვალეს და გამოაქვეყნეს. მაგრამ რად გინდა?!

ერთი სიტყვით, კარგი ნახატების წიგნია, ილუსტრაციების კრებული, რომელშიც იმდენად საინტერესო ვიზუალი და მაღალი პოლიგრაფიული ნაშრომებია შეტანილი, რომ მუზეუმში წასვლა შეიძლება აღარ მოუნდეს ბავშვს.

რუკებიც შედგენილია მაღალპოლიგრაფიულად, თუმცა, აქაც არის უხეში შეცდომები დაშვებული ზოგიერთ შემთხვევაში წლებთან მიმართებით, სახელების ცვალებადობასთან მიმართებით, სახელის ეტიმოლოგიური წარმოშობებიც კი შეცვლილია. აღარაფერს ვამბობ გრამატიკულ ფორმებზე და იმაზე, რომ ძველი და ახალი ქართული ისე გადადის და გადმოდის ერთმანეთში, ვერც ბრჭყალებს ნახავ, ვერც იმას გაიგებ რომელია ძველი ქართული, რომელი ახალი და რომელი მხედრული.

რად უნდოდა ამ სახელმძღვანელოს 10 თვე წერა, ამას ჩემი 60-ლარიანი ChatGPT უფრო კარგად დაწერდა.

მთლიანობაში, ეს სახელმძღვანელო არის რუსოფილური, არა მებრძოლი სულის, თავისუფლებადაკარგული, დაჩაჩანაკებული ადამიანის სტატუსის და თუ ამით ვასწავლით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ნამდვილად გვექნება კატასტროფული შედეგები.

ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა. ვარშავაში, BNI Poland-ის სათავო ოფისში დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ და BNI Poland-ის გენერალურმა დირექტორმა არკადიუშ შტუკამ.

BNI გლობალური ბიზნესქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 355 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორის 2 500-მდე წევრს პოლონეთში. ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლებს თანამშრომლობის, პროფესიული კავშირებისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების პლატფორმას სთავაზობს.

BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ პოლონეთის ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის. შეთანხმების ფარგლებში BNI Poland-ის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ამბასადორი აილენდზე განახორციელონ ინვესტიციები, მშენებლობის, უძრავი ქონების განვითარების, არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, პროფესიული მომსახურებისა და სხვა საინვესტიციო მიმართულებებით.

თანამშრომლობის მიზანია, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის წევრი კომპანიებისთვის ჩამოყალიბდეს ახალ ბიზნესმისამართად და საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციების მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ხელს შეუწყობს პოლონურ ბიზნესსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი კავშირების გაძლიერებას.

„პოლონეთი ჩვენი საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქ უკვე ერთ წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ, გვყავს ადგილობრივი პარტნიორები და არაერთი ერთობლივი ინიციატივა განვახორციელეთ. BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება ამ თანამშრომლობის ახალ ეტაპს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, პოლონურ კომპანიებთან კიდევ უფრო პირდაპირი, პრაქტიკული და გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ. ჩვენი მიზანია, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ მათთვის გახდეს ახალი ბიზნესმისამართი საქართველოში,“ – განაცხადა გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავი ზღვის აკვატორიაში პირველი ხელოვნური კუნძულია, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, ბიზნეს, კომერციულ, გასართობ, საზღვაო და საავიაციო ინფრასტრუქტურას და „ამბასადორი ჯგუფის“ მიერ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის Arup-თან, Yüksel Proje-სა და SHoP Architects-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

მერიაში ირწმუნებიან, რომ საბავშვო ბაღებში ყველა ბავშვი მიიღეს – ბათუმში 9 ბაღი არ მუშაობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა, აღსაზრდელების რაოდენობა კი 7 760-ია.

მერია ასევე აცხადებს, რომ წელს ბათუმში საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა. როგორ მოახერხეს ეს, მაშინ, როცა ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა?

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ბავშვები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს, რაც სტანდარტის დარღვევას ავტომატურად გამოიწვევდა, რადგან ჯგუფებში ბავშვების რაოდენობას გაზრდიდა. მერია ამას უარყოფს.

მერიაში აცხადებენ, რომ ბავშვები მხოლოდ იმ ბაღებში გადაანაწილეს, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ:

„რაც შეეხება ბავშვების გადანაწილებას, ეს პროცესი განხორციელდა მოქმედ საბავშვო ბაღებში, სადაც ჯგუფებში არსებული ბავშვების რაოდენობა არ იყო მაღალი. შესაბამისად, ბავშვების გადანაწილებისას გათვალისწინებული იყო ჯგუფებში არსებული ადგილები და შესაბამისი პირობები, რათა აღსაზრდელებისთვის სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო“.

მერიის ინფორმაციით, წლევანდელ სააღმზრდელო პროცესს 3 რეაბილიტირებული ბაღი შეემატა – #3, #12 და #26, უახლოეს პერიოდში კი უნდა დასრულდეს კიდევ 6 ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროცესი.

ასევე, ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ #21 ბაღში მუშაობა განახლებულია, #11 ბაღის  რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით კი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 4 სექტემბერს გამოაცხადა.

მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ში დაწყებულია ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ, რაც სამშენებლო ადგილზე „ბარაკებში“ მცხოვრები ოჯახების სხვა საცხოვრებელში გადაყვანას უკავშირდებოდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსოლ კონსტრაქშენი“ ასრულებს.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი გონიოში ახალი, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს.

მერიაში გვითხრეს, რომ ისევ ეძებენ ადგილებს საბავშვო ბაღების ასაშენებლად. „პარალელურად მიმდინარეობს ახალი ლოკაციების მოძიება საბავშვო ბაღების მშენებლობის მიზნით“.

ამავე თემაზე: 

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

Exit mobile version