0.5-კრედიტქულიანი ტრენინგი პედაგოგებისთვის

საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook-ი, Microsoft Forms-ი. ასევე კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში.

„ტრენინგი მოიცავს 12 საკონტაქტო და 0.5 არასაკონტაქტო საათს (ტრენინგი ტარდება სამი დღე, დღეში 4 საათი). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებლებს მიენიჭებათ 0.5 კრედიტქულა“.

ტრენინგში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს Windows ოპერაციულ სისტემაში მუშაობა, ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა, დაფორმატება; ელექტრონული ფოსტის გამოყენება.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://tr.tpdc.ge/direction/3/23/89

ხულოს მერობის კანდიდატი: შსს ყოველთვის იყო ადეკვატური

„კანონის დარღვევა არ მომხდარა ერთი წამითაც პოლიციის მხრიდან“, – ასე აფასებს ვახტანგ ბერიძე ხულოში, სოფელ ღურტაში 5 წლის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო, ახლა კი, ხულოს მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. მან ვერ გვითხრა, რა კანონი დაარღვიეს მოქალაქეებმა, თუკი თვითონ, როგორც პოლიციელი, კანონიერად მოქმედებდა. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი ხულოს მოსახლეობას მერად არჩევის შემთხვევაში?

ბატონო ვახტანგ, რა არის თქვენი წინასაარჩევნო გზავნილი? 

მე ვპირდები ხულოს მოსახლეობას ყველა იმ პრობლემის დროულად მოგვარებას, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ და თუნდაც შემდეგ შეექმნებათ. მე მათ ვპირდები, რომ ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიქნები მათ გვერდით ზუსტად იმ დროს, როცა დასჭირდებათ. მე არ მექნება მხოლოდ სამუშაო დღეები და სამუშაო საათები. მზად ვიქნები, რომ ჩემს ხულოს ვემსახურო პირნათლად…

ვინ გააკეთა თქვენზე არჩევანი „ქართულ ოცნებაში“ და რატომ? თქვენ მანამდე ხულოს პოლიციის უფროსად მუშაობდით. 

მე ხალხმა შემარჩია. წლების განმავლობაში ყველამ დაინახა, როგორ პატივს მცემდნენ ისინი და მე არც კი დავფიქრებულვარ, როცა კანდიდატობა შემომთავაზეს, ისე დავთანხმდი ჩემი ხალხის სიყვარულით. წლების განმავლობაში მე მათთან ვმუშაობდი, მათ იცოდნენ ჩემი მიდგომა სამსახურის და ხალხისადმი… ეს საკითხი გადაწყდა „ქართული ოცნების“ მთლიანად გუნდის მიერ. ერთი ადამიანი არ მოსულა და ვახო, თუ წახვალო, არ უკითხია ჩემთვის. მმართველმა გუნდმა დაინახა, რომ ვახტანგ ბერიძე იქნებოდა უალტერნატივო კანდიდატურა, რომელიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიტანდა.

მანამდე დამაჯერებელი იყო წინა მერის – გოჩა მელაძის მოულოდნელად და  დაუსაბუთებლად თანამდებობიდან წასვლა? 

ყოველი გულანთებული ქართველი მასე ფიქრობს: სადაც დასჭირდება ქვეყანას, იქ უნდა იყოს, იქედან უნდა ემსახუროს და იცავდეს თავის ქვეყანას… იმ დროისთვის ბატონმა გოჩა მელაძემ დაწერა განცხადება და წავიდა. მან ჩათვალა საჭიროდ, რომ ასე იყო საჭირო.

ფიქრობთ, რომ დამაჯერებელია თქვენი ვერსია, თითქოს არჩეულმა [გოჩა მელაძემ] მერმა ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვა თანამდებობა, მანამდე კი მაინც და მაინც თქვენ დაგტოვათ თავის თანამდებობაზე, ასევე თავისი სურვილით?  

ჩემს ქვეყანას სადაც დასჭირდება, მე იქ ვიქნები. ბატონმა გოჩა მელაძემაც სადაც ჩათვალა საჭიროდ, იქ წავიდა სამუშაოდ… მე მეამაყება ის წლები, როცა ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. როცა შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ წამით.

რატომ გახდა საჭირო, რომ თქვენ, ძალოვანი უწყების თანამშრომელი, წასულიყავით მერიაში? 

ყველა ადამიანი, პირველ რიგში, არის ადამიანი ამ ცხოვრებაში, მას პასუხისმგებლობა გააჩნია. შენი მოქმედება უნდა ემსახურებოდეს ხალხის კეთილდღეობას… მე ყოველთვის მოსახლეობის გვერდში ვიდექი. დამიფასდა კიდეც ჩემი შრომა.

მიიჩნევთ, რომ ღურტას აქციის დროსაც მოსახლეობის გვერდით იდექით? 2014 წელს თქვენ ხულოს პოლიციის უფროსი იყავით, როცა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დაშალეთ… 

მაშინაც და ახლაც ჩემი გადაწყვეტილება იყო კანონით დაცული. ამ ქვეყანაში ყოველთვის არის კანონი უმთავრესი. კანონის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ ყველა, მოქალაქე იქნება ეს თუ თანამდებობის პირი. რაც არის კანონის შესაბამისი, ის უნდა გაკეთდეს.

რომელი კანონი დაარღვიეს მაშინ ღურტელებმა, როცა მათ სცემეთ

მაგაზე შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიიღებთ პასუხს.

თქვენ პოლიციის უფროსი იყავით… რატომ არ მიიჩნევთ საჭიროდ, რომ მოსახლეობას განუმარტოთ ამ აქციის შესახებ. 

განვმარტე მე იმ ჭრილში, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც იმ დროისთვის პოლიციას უნდა ემოქმედა. კანონის დარღვევა არ მომხდარა ერთი წამითაც პოლიციის მხრიდან. მოსახლეობა გადაწყვეტს, როგორ ვემსახურებოდი მათ და როგორ სამართლიანად ვიქცეოდი.

მაშინ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ უკანონოდ შეაფასა ამ აქციის დაშლა, რადგან მოსახლეობა მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდა. 

თუ არასამთავრობო აპროტესტებდა, ჩემგან არ ესწავლებათ. შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის, თუკი პოლიციამ რამე დაარღვია. მე არავის არაფერზე არ ვუთითებ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იყო ადეკვატური.

თქვენი აზრით, ადეკვატურია ჰესის ან მეწყრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის 25 ათასი ლარის შეთავაზება ახალი საცხოვრებლის შესაძენად?  

ყველა გადაწყვეტილება არის ადეკვატური გამოწვევასთან მიმართებაში. თუკი ვინმე თვლის, რომ არასაკმარისია, ინდივიდუალურად შეუძლია მოქალაქეს ისაუბროს ამის შესახებ. მთავრობა ზრუნავს ამ ადამიანებზე, შეთანხმება მიღებულია ზარალის ადეკვატურად. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ შევთანხმდით. მჯერა, რომ ყველა საკითხი იქნება გადაწყვეტილი სამართლიანად.

თქვენი ოპონენტი სხვადასხვა სოფელში მოუწესრიგებელ გზებზე საუბრობს. ირაკლი ჯორბენაძე ასევე ამბობს, რომ გასულ წელს ბიუჯეტში ნაშთი მოგრჩათ 4 მილიონი, რომლითაც ამ პრობლემის მოგვარება იყო შესაძლებელი. 

მე არ ვიცი ირაკლი ჯორბენაძე რომელ 4 მილიონზე საუბრობს. მე უფრო სხვა პრობლემები და მდგომარეობა მაწუხებს. მართლაც არის ზოგიერთი მიმართულებით გზა გასაკეთებელი, მაგრამ წელს ახალი 50 კილომეტრი შიდა სასოფლო გზის გაკეთებაა დაგეგმილი. ხულოში სულ 83 სოფელია და დიდი ძებნა არ უნდა სოფელს, სადაც გზა დაზიანებულია. ამას მოსახლეობაც კარგად ხედავს… ვერ ნახავთ თქვენ ხულოში მოსახლეობას, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას აპროტესტებდეს, ასე არ უნდა ყოფილიყოო.

რა შეგიძლიათ გამოყოთ თქვენი, როგორც ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის გაკეთებული საქმეებიდან? 

ბევრი რამ კეთდება, შენდება, დამთავრდა თითქმის ყველა პროექტი. დაბაში შენდება ვეტერანთა კლუბი…

ეს გოჩა მელაძის მერობის დროსაც კეთდებოდა. თქვენი მისვლით რა შეიცვალა? აღნიშნეთ, რომ აუცილებელი გახდა ჩემი იქ მისვლაო.  

მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი კითხვაა. მე ვიყავი ამ დროს მოვალეობის შემსრულებელი და გოჩა მელაძის დაწყებული პროექტები უნდა დამესრულებინა. გოჩა რას ვერ აკეთებდა, ამაზე მე ინტერვიუს არ ვიძლევი. თუკი ამირჩიეს მერად, წლის ბოლოს, დეკემბერში ვუპასუხებ თქვენს კითხვას, როცა ყველა პროექტი უნდა შესრულდეს.

არ ვიცით, რა პროექტები გაქვთ. 2019 წლის ბიუჯეტი არ გიდევთ ინტერნეტგვერდზე. ესეც ხომ არ აჩვენებს იმას, რომ თქვენ 18 წელი პოლიციის სისტემაში იყავით და რეალურად ღიაობას ვერ ეჩვევით? 

არა, 23 წელი ვიყავი პოლიციის სისტემაში. წარმატებულად და კარგად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. არც ერთი ნაბიჯი არასდროს უკან არ გადამიდგამს… რაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ყველაფერი დევს. თუ რამე ვერ იპოვეთ, მოგვმართეთ და გადმოგიგზავნით.

რატომ ფიქრობთ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა გამოსავალი? დემოკრატიული მართვა გულისხმობს იმას, რომ საჯარო ინფორმაცია, მით უმეტეს, ბიუჯეტი, მარტივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

გამოსავალი რა არის და რა არა, მე კარგად ვიცი. თქვენ რას ვერ ნახულობთ, არ ვიცი. მე გეუბნებით, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იქ უნდა იყოს, დევს, როგორც ვიცი. სატელეფონო ინტერვიუში ამას ახლა ვერ დავამტკიცებთ.

შენიშვნა: შუალედური არჩევნები ხულოსა და კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში 19 მაისს ჩატარდება. ამ მუნიციპალიტეტებში 2017 წელს არჩეული მერები ან გადადგნენ, ან დააკავეს.

როგორ აპირებენ ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანებას

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანების პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, მასშტაბურად უნდა გამწვანდეს ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩები.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ოქროსფერ ტუიასა და ფოტინიას დარგავენ, მაზნიაშვილის ქუჩაზე კი – კალისტემონსა და მწვანე ტუიას.

სულ 216 ძირი ხე-მცენარე უნდა დაირგოს. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე-მცენარებიის შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135 000 ლარია.

ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანება პროექტის მიხედვით

 

რატომ უჩივიან პაციენტები სამედიცინო მომსახურებას – დისკუსია

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის, უფლებადამცველი ორგანიზაციების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები დღეს ბათუმში იმაზე იმსჯელებენ, თუ როგორია სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში. დისკუსიის ორგანიზატორია კომპანია GGM-ი.

ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ სამედიცინო დაწესებულებების მატებასთან ერთად ამ სფეროში იმატებს პრობლემებიც.

ორგანიზატორს დღევანდელი დისკუსიისთვის გამოყოფილი აქვს პრობლემების შემდეგი ჩამონათვალი:

  • პაციენტები უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს
  • ერთსა და იმავე პაციენტს ერთ კონკრეტულ პერიოდში განსხვავებულ კვლევებს სთავაზობენ და სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ
  • სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები ხშირად სხვა, კონკურენტი დაწესებულების ხარისხს და ექიმების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებენ
  • ერთგვარი პრაქტიკაა სამკურნალოდ თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა
  • საშუალო და რთული მდგომარეობის დროს პაციენტების უმრავლესობა დიაგნოზს “ამოწმებს” სხვა ქალაქებისა და ქვეყნების კლინიკებში.

დისკუსია  სასტუმრო „რედისონში“ დღეს 16:00 საათზე დაიწყება. დისკუსიაში მონაწილე პირები წინასწარ არის განსაზღვრული.

საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 600 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის

ნარჩენების მართვა გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალურ და ეკონომიკური პრობლემაა. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის დიდ ფართობებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მცირემიწიანი ქვეყნებისათვის.

ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს, აბინძურებს საკვებს, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გარემოსდაცვითი საკითხები პრიორიტეტულ საკითხებად გამოიკვეთა ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას გარემოს დაბინძურებაა.

ნარჩენების მართვის კოდექსი საქართველოში 2015 წელს მიიღეს. ნარჩენების მართვის სრულყოფაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება.

საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია სწორედ ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად არის შემუშავებული და 15-წლიან პერიოდს მოიცავს.

საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურება ჯერ კიდევ არ მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას.

მცირე ზომის ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში ნარჩენების შეგროვების  საშუალებები უმეტესწილად მოძველებული და არასტანდარტულია,  შეგროვების სისტემა კი – არაეფექტური. საქართველოში კვლავ საწყის ეტაპზეა მუნიციპალური ნარჩენების სეპარირება და შესაბამისი შეგროვება.

 

 

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ავტომანქანები გადასცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო ავტიომანქანა გადასცეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. „უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც“.

ფრანგი სტუდენტი ბათუმში, რომელიც მსურველებს ფრანგულს ასწავლის

მაისან ელ აზუი 23 წლის ფრანგი სტუდენტია, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა ერაზმუს + ის ფარგლებში ჩამოვიდა. ის მონპელიეს უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის ,,ფრანგული, როგორც უცხო ენა“ მეორე კურსზე სწავლობს. წელს მისთვის უცხოეთში სავალდებულო სტაჟირების წელია. მაისანმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად საქართველო აირჩია და უკვე რამდენიმე თვეა ბათუმში მსურველებს ფრანგულ ენას ასწავლის. თავიდან სტაჟირებას თბილისში გეგმავდა, თუმცა შემდეგ ზღვისპირეთისკენ გამომგზავრება არჩია.

„როცა სტაჟირების დაწყებისას სასურველი ქვეყნის არჩევა დავიწყეთ, მე რატომღაც საქართველოში მომინდა წამოსვლა – სრულიად უცხო გარემოში, რაზეც თითქმის არაფერი მსმენოდა. ჩემს კურსელებს ერჩიათ დიდ ქვეყნებში: ამერიკაში, ავსტრალიაში და ა.შ. წასვლა. არ მინდა მუდმივად საფრანგეთში ვიცხოვრო. მოგზაურობა მინდა, ისე, რომ ეს ჩემს პროფესიას შევუთავსო. უცხოელებს ფრანგული ენა უნდა ვასწავლო, ეს არის ჩემი  პროფესია, რაც ბევრგან წასვლის შესაძლებლობას მაძლევს. საქართველო პირველი ქვეყანაა, ბათუმი პირველი ქალაქი, სადაც მარტო მოგზაურობა გავრისკე“, – ამბობს მაისანი.

მაისანს ბათუმში 30-მდე სტუდენტი ჰყავს. მასთან ფრანგული ენის გაკვეთილებზე დასწრება, გარდა სტუდენტებისა, სხვა მსურველებსაც შეუძლიათ.

გაკვეთილზე ცდილობს მხოლოდ ფრანგულად ისაუბროს, თუ მსმენელები რაიმეს ვერ იგებენ, ჟესტებზეც გადადიან, მედიუმ ენად მაისანი ქართველ სტუდენტებთან ფრანგულის გაკვეთილებზე ძალიან იშვიათად ინგლისურსაც იყენებს. მაისანი ამბობს, რომ ინგლისური სავალდებულო ენაა, რასაც ჩვენს ეპოქაში ადამიანები მექანიკურად სწავლობენ, ფრანგული ენა კი პრაქტიკულად ბევრგან გამოსადეგი არ არის, ამიტომ, ძირითადად, სიამოვნებისთვის სწავლობენ. „ამას ერთი დადებითი მხარე აქვს“, – ამბობს მაისანი, – „ვისაც ვასწავლი, ვიცი, რომ ყველას მართლა ძალიან უნდა და მოსწონს ჩემი ენა“.

მაისანის ენის სწავლების მეთოდი, როგორც ამბობს, მარტივი და ეფექტურია, პრაქტიკული მეცადინეობები, თამაში და თეატრალური წარმოდგენები, იმიტაცია – აღწერითი, თეორიული გაკვეთილების ნაცვლად მაისანი ენის შესწავლის მსურველებს მაქსიმალურად რთავს გაკვეთილის პროცესში, ბევრს ათამაშებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სთავაზობს.

ფრანგი სტუდენტი, მაისან ალ აზუი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად

საფრანგეთი განსაკუთრებით ზრუნავს ფრანგული ენის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაზე. ამ მიმართულებით ქვეყანა არაერთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, აფინანსებს ფრანგულ ინსტიტუტებსა და ცენტრებს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში. თუმცა ასეთი საქართველოში მხოლოდ ერთია – ფრანგული ინსტიტუტი და მედიათეკა თბილისში. მეისანი გვიყვება, რომ ბათუმელ ლექტორებთან ერთად ხშირად განიხილავს ბათუმში ფრანგული ცენტრის დაარსების იდეას, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

„კარგი იქნებოდა, არსებობდეს თუნდაც პატარა კუთხე, ბიბლიოთეკა, სადაც ენის მცოდნეებს ერთმანეთთან ექნებათ კავშირი, შეხვედრები, დისკუსიები. სხვადასხვაგვარი კავშირების გაღრმავება საფრანგეთის ქალაქებსა და ბათუმს შორის ხელსაყრელი იქნებოდა“, – ამბობს მაისანი.

ამბობს, რომ მისი მშობლიური ქალაქი, რეიმსი ბათუმივით მყუდრო და მშვიდია, იმ განსხვავებით, რომ რეიმსში ზღვა არ არის, პარიზის ჩრდილოეთითაა და შედარებით ცივა.

მაისანისთვის კულტურული შოკი ბათუმში ქუჩის მოუვლელი ძაღლები იყო.

„ძალიან მეცოდებიან, უპატრონოდ რომ ვხედავ. საფრანგეთში ასეთ ძაღლებს თავშესაფარში უვლიან, ბანენ, პატრონობენ და მკურნალობენ. ძალიან მიყვარს ძაღლები და მეცოდებიან, უპატრონოდ რომ ვხედავ“, – ამბობს მაისანი. საქართველოში ფრანგი სტუდენტი კიდევ ერთ თვეს დარჩება, შემდეგ ტაილანდში გაემგზავრება და ზაფხულში ისევ ბათუმში დაბრუნებას აპირებს.

მაროკო, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნორვეგია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტუნისი და საქართველო – ეს ის ქვეყნებია, სადაც 23 წლის მაისან ალ აზუიმ აქამდე იმოგზაურა. ამბობს, რომ საქართველო ძალიან აგონებს მაროკოს, საიდანც მისი მშობლები არიან წარმოშობით: „ხალხი იქაც უფრო ფამილარულია და უცხოებთან ახლობელივით იქცევიან. „გამარჯობა ბატონო“ – ასე გესალმებიან საფრანგეთში, მაროკოელი იტყვის ,,გამარჯობა ძმაო“ – ისევე, როგორც საქართველოში. მაროკოშიც, ისევე როგორც საქართველოში, კაფეებში ახლობლები ხშირად უმასპინძლდებიან ერთმანეთს ან ერთმანეთს შეკვეთილ კერძებს უნაწილებენ, საფრანგეთში ასე არ ხდება“, – ამბობს ფრანგი სტუდენტი.

ენმ-ის მერობის კანდიდატი ხულოში: ყველა სოფელში მინისაწარმოს ავაშენებ

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი ჯორბენაძე ყველაზე ხშირად გზების პრობლემებზე საუბრობს. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა მოუწესრიგებელი საავტომობილო გზებია. „ბათუმელებმა“ ხულოს მერობის კანდიდატს ჰკითხა, აქვს თუ არა გაანგარიშებული, რამდენი  დაჯდება ხულოს ყველა სოფელში გზების კეთილმოწყობა და სად ნახავს ამ ფულს ირაკლი ჯორბენაძე, თუკი ის ხულოს მერი გახდება. ხულოს მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ბატონო ირაკლი, თავდაპირველად გვითხარით თქვენი მთავარი გზავნილის შესახებ, რას ჰპირდებით ხულოს მოსახლეობას? 

ჩვენი მთავარი გზავნილია ის, რომ ხელისუფლება დავუბრუნოთ ხალხს. 2012 წლიდან ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, არავითარი თვითმმართველობა, არავითარი მთავრობა. ეს უნდა დავიწყოთ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობიდან. არჩევნებიც ფორმალობაა. 2017 წელს ავირჩიეთ ხულოს მერი, ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა და მოხსნა. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ხულოშიც ისევე უნდა დანიშნოს მერი, როგორც პრეზიდენტი დანიშნა, მაგრამ ეს არ გაუვა… „ოცნების“ კანდიდატის წარდგენის დროს გიორგი ვოლსკიმ ღიად თქვა, არ მოგვწონდა გოჩა მელაძე და გადავაყენეთო.

საუბრობთ იმაზე, რომ თვითმმართველობა არ გვაქვს. ამ ვითარებაში რამდენად რეალურია  მმართველ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუკი თქვენ გახდებით ხულოს მერი? 

ამ ვითარებაში ზუსტად რეალური შანსია, რომ ოპოზიციური კანდიდატები მართავდნენ თვითმმართველობას. თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი ყველა სახელმწიფო სტრუქტურისგან, მათ შორის, აჭარის მთავრობისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან. თვითვმმართველობა ცენტრალურს ექვემდებარება იმიტომ, რომ ერთპარტიულია მართვა და ხათრით, შიშით უწევენ ანგარიშს.

თქვენი კამპანიის აქტიური ნაწილი შედგება ფეისბუქლაივებისგან, სადაც, ძირითადად, სოფლებში გზების პრობლემებს აღწერთ. გაქვთ თუ არ დათვლილი, რამდენი დაჯდება იმ სოფლებში გზების კეთილმოწყობა, რაც უკვე აჩვენეთ ფეისბუქმომხმარებელს? 

მილიონ 500 ათასი ლარი მობილიზდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ეს არის ფული, რომელიც ყოველწლიურად იხარჯება ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის. არაფერი არ კეთდება ამ მილიონით, არც სოციალური, არც ეკონომიკური მიმართულებებით. ეს მილიონ ხუთასი ლარი საკმარისია, რომ ჩვენ დავიწყოთ წინსვლა… გასულ წელს, მაგალითად, 4 მილიონ 400 ათასი ლარი ვერ აითვისა თვითმმართველობამ და ცენტრალურს უკან დაუბრუნა. ეს არის უნიათობის კარგი მაგალითი. ჩვენ დროს ძირითადად არგუმენტი და პრეტენზია იყო ის, რომ ასფალტი ვჭამოთო? და ახლა პირიქით, საერთოდ არაფერს აკეთებენ. ვფიქრობ, ეს 7 წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ყველა სოფელში გაკეთებულიყო გზა. მე არ ვპირდები მოსახლეობას იმას, რომ უცებ, ერთ წელიწადში მოვაგვარებ ამ პრობლემას, მაგრამ ეტაპობრივად ამის გაკეთება შესაძლებელია.

ხელისუფლებაც ეუბნება იმავეს მოსახლეობას, ვაკეთებთ ეტაპობრივადო. თქვენი უპირატესობა რაშია? 

შვიდი წელი ჰქონდათ მათ ამისთვის და არ გააკეთეს… მე საუბარი მაქვს ძირითადად არამიზნობრივ ხარჯებზე, ეს არის ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის გამოყოფილი თანხები.

რას გულისხმობთ კონკრეტულად „ფუფუნებასა“ და „არამიზნობრივ ხარჯვაში“?

2014 წლიდან 2019 წლამდე მარტო მილიონზე მეტი ლარის კომპიუტერული ტექნიკაა შეძენილი, რომელიც დღეს გამოუსადეგარია. თავის დროზე ჩვენ მოვუწოდებდით, რომ ძვირი გადაეხადათ და ხარისხიანი ეყიდათ… მივლინებების თანხაც მაღალია. მარტო მერის ტრანსპორტირებისთვის, საწვავში 1800 ლარი იხარჯება, ასევე ამ მილიონ 500 ათას ლარში შედის წარმომადგენლობითი ხარჯები, ანუ მერს რომ ვიღაც ესტუმრება, დაპატიჟოს…

ეს ხარჯი მეტია იმაზე, რაც თქვენი პარტიის მმართველობის დროს იხარჯებოდა ხულოში? 

ჩვენ თუ მასე წარსულში ვაპირებთ დაბრუნებას, მაშინ ცოტა კიდევ უფრო უკან გადავიწიოთ. მაშინ ეს საჭიროება იყო, რადგან განადგურებული იყო საერთოდ ყველაფერი, მერია არ იყო, სკამიც კი არ იყო და ბამბებით იყო გამოტენილი ფანჯრის მინები. მოკლედ გიპასუხებთ: წარსულში თუ რამე შავდებოდა, სწორედ ამიტომ  გადაგვირჩია ხალხმა.

დღეს რატომ უნდა დაგაბრუნოთ, რა არის თქვენი უპირატესობა? 

ვერაფერი სიკეთე ხალხმა ვერ ნახა ამ ხელისუფლების პირობებში. ახლანდელი წინასაარჩევნო ვითარება ერთი-ერთში ჰგავს ასლან აბაშიძის წინასაარჩევნო კამპანიას. თუ ამობრძანდით და ნახეთ – ხალხი შეშინებულია. აშინებენ სამსახურის დაკარგვით, სოციალური დახმარების მოხსნით, ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერებით, რომელიც კონკრეტულ სოფელს სჭირდება. გარდა ამისა, აქტიური მოსყიდვა მიმდინარეობს.

დაფიქსირდა მოსყიდვის ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტული შემთხვევა?  

ჩვენ არაერთი სიუჟეტი მივუძღვენით ამ ფაქტებს… მოსყიდვის ფაქტები როგორ უნდა გითხრათ. ყველა მოსახლე, ვისთანაც მიხვალთ, ყველგან არის მოსყიდვის ფაქტი. მხოლოდ დაბა ხულოში ჰყავთ 35 კოორდინატორი, მოსყიდვა არ არის ეს? ჯამში ხულოში 1500-მდე კოორდინატორი ჰყავთ. საჯარო მოხელეებიც აქტიურად არიან ამაში ჩართულები.

თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ ახალი მინისაწარმოების მოწყობაზე ყველა სოფელში. შეგიძლიათ განმარტოთ, როგორ აპირებთ ამის მიღწევას? 

ადგილობრივი თვითმმართველობა თანადაფინანსების ფარგლებში დაეხმარება ბიზნესს, რომ გაიხსნას მინისაწარმოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არა ისე, რომ ჩეხური კარიტასის ორმილიონიანი გრანტი ოცნების დეპუტატებმა და კოორდინატორებმა გამოიყენეს. ხულოს დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძესაც ჰქონდა შეტანილი განაცხადი, ის 35 ათას ევროს ითხოვდა გრანტის სახით და დაუმტკიცდა კიდეც. მერე ჩვენ ავტეხეთ ამბავი და იძულებული გახდა, უარი ეთქვა.

თქვენ რა მოდელზე გვესაუბრებით, რომ თვითმმართველობა და მერი ბიზნესის მეწილე გახდეს? 

თვითმმართველობის კოდექსი მოიცავს ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შეწყობას.  ამ კოდექსში წერია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ფული შეიძლება დაიხარჯოს სხვა მიმართულებითაც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. თუ რამე უკანონო მოხდება, არსებობს აუდიტის სამსახური და მოხდება შემოწმება.

ლიბერალური ეკონომიკის პრინციპზე რომ არაფერი ვთქვათ, თქვენი ეს განაცხადი პირდაპირ ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას. ეს როგორ გავიგოთ? 

მე მესმის, რაც არის ლიბერალური ეკონომიკა, მაგრამ მთავარი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობა, სოციალური სფეროს გაუმჯობესება, კულტურული, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული სფეროს განვითარება. აბა, რისთვის უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ბიუჯეტის ფული, ხელფასებში? ბიზნესის ხელშეწყობა არ ნიშნავს ბიზნესში ხელის ჩაყოფას და ჩარევას. ჩვენ ბიზნესის ხელშეწყობას ვაპირებთ. თუ ეს არ გავაკეთეთ, არანაირად წინ არ წავა სოფელი.

 

 

 

 

ბათუმში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ ახალი ფილიალი ბათუმში, ბენზეს დასახლებაში დღეს, 6 მაისს, გაიხსნა. ახალი „სმარტი“რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზეა.

რიგით მეორე „სმარტი“ ბათუმში „ვისოლ ჯგუფის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც მომხმარებელს ევროპული, ამერიკული და ადგილობრივი წარმოების ხუთი ათასი დასახელების ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია დახვდება. აქვე დაგხვდებათ პატარა კაფე, სადაც „სმარტში“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს, პურფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად დააგემოვნებთ.

ბათუმში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა
ბათუმში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

„ვისოლ ჯგუფს“ ახალი ფილიალის გახსნა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიულოცა. მისი თქმით, „ეს არის ბიზნესის სწორი რეაქცია მზარდ ტურისტულ ნაკადებსა და  მზარდ მოთხოვნაზე“.

„ეს არის მე-12 ობიექტი „ვისოლის“ ინფრასტრუქტურაში. როგორც ვიცით, „ვისოლი“ არის უმაღლესი ხარისხის ბერძნული „ეკოს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საქართველოში და ჩვენც გვინდა, რომ პრემიალური ინფრასტრუქტურა ჰქონდეს მომხმარებელს სუპერმარკეტების სახით. დღევანდელი დღე ამის დასტურია – რიგით მეორე მაღაზია გავხსენით ბათუმში. ტურისტული სეზონი მოდის, ამიტომ ჩვენ გვინდა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ გადაადგილებისას, გარდა იმისა, რომ მიიღებენ უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებს. ამავე დროს, ადგილობრივ და ჩამოსულ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, რომ დააგემოვნონ „სმარტის“ წარმოებული პურფუნთუშეული და სხვა მაღალი ხარისხის იმპორტირებული პროდუქტები“, – განაცხადა „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

ბათუმში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა
ბათუმში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად, 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, ახალგახსნილ „სმარტთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელი სუპერმარკეტში საჩუქრად მიიღებს ენერგეტიკულ სასმელ XL-სა და შოკოლად „სნიკერსს“. სასაჩუქრე ვაუჩერების განაღდება 20 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

„სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას „ვისოლი“ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე, მომსახურებისა და დასვენების ცენტრებში მომავალშიც გააგრძელებს, უახლოეს მომავალში მომხმარებლისთვის კიდევ ერთ სუპერმარკეტს ავტობანზე, სოფელ არგვეთასთან განათავსებს.

რა სიმბოლოების გამოყენებას აპირებს 9 მაისს ზახაროვა-გოგიძის მოძრაობა

ვინ არის „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტი და რას საქმიანობს მისი ორგანიზაცია ბათუმში, რომელიც ყოველ წელს, 9 მაისს, გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობს. „ბათუმელები“  ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლიკა ზახაროვას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურს რევაზ გოგიძემ უპასუხა. ის ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია.

რას საქმიანობს ლიკა ზახაროვა და რა მიზნები აქვს თქვენს ორგანიზაციას საქართველოში, გარდა იმისა, რომ 9 მაისს მსვლელობებს აწყობთ? – ვკითხებთ მას. რევაზ გოგიძე ამბობს, რომ მოძრაობა – „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ ძირითადი ფუნქცია სწორედ 9 მაისის, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაა.

რაც შეეხება ლიკა ზახაროვას, ის საქართველოს მოქალაქეა, ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ უკვე ოცი წელია საქართველოში ცხოვრობს. მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა დიდი დამსახურებების გამო მისცა. ეს დამსახურება ქართულ-რუსული ურთიერთობების გაღრმავებაა. ასევე, იმ ვეტერანების მიხედვა, რომლებიც ცოცხლები არიან.

ჩვენ გვაქვს იურიდიული დახმარების ცენტრი, სადაც მაქსიმალურად ვეხმარებით  იმ ხალხს, ვისაც არ აქვს წვდომა საქართველოს კანონებთან, რომ არ დაუშვან შეცდომა“, – ამბობს რევაზ გოგიძე.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა გეორგიევსკის ლენტის ან სხვა საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას 9 მაისის აქციაზე, რევაზ გოგიძე ამბობს, რომ ისინი მხოლოდ მრგვალ ფონზე წმინდა გიორგის გამოსახულებას გამოიყენებენ. „ყველაფერი, რაც „თავისუფლების ქარტიაშია“ ჩაწერილი, რომ არ შეიძლება მისი გამოყენება, არ გამოვიყენებთ. არც გეორგიევსკის ლენტებს“, – ამბობს ის.

თუმცა გასულ წელს ამავე მოძრაობამ გამოიყენა გეორგიევსკის ლენტი, რასაც საზოგადოების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. რევაზ გოგიძე ამბობს, რომ გეორგიევსკის ლენტები გასულ წელს რუსმა ტურისტებმა გამოიყენეს. „შარშან შემოგვიერთდნენ ის ტურისტები, ვინც საქმის კურსში არ იყვნენ. ჩვენ ავუხსენით და მოვახსნევინეთ, თუმცა მანამდე შეხლა-შემოხლა მოხდა“.

კითხვაზე, ელოდებიან თუ არა წელსაც რუს ტურისტებს აქციაზე, რევაზ გოგიძე ამბობს, რომ „ალბათ შეუერთდებიან“.

„ჩვენ დავწერეთ ფეისბუკზე, რომ გვაქვს შეკრება და ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდება. რამდენი ადამიანი მოვა, ეს წინასწარ არ ვიცით“.

აღნიშნული ორგანიზაციის პროექტია ასევე „რუსული კუთხე“, რომელიც რუსული ენის უფასოდ სწავლებას ითვალისწინებდა. რუსული „სპუტნიკ საქართველოს“ ცნობით, ეს პროექტი ამ მოძრაობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.

რევაზ გოგიძე ასევე ამბობს, რომ ის არის ე.წ „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელი საქართველოში. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს ფონდ „რუსკი მირსა“ და სხვა პრორუსულ ორგანიზაციებთან.

 

 

ბათუმში მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ აუქციონზე 37 მილიონ ლარად იყიდება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. საწყისი გასაყიდი ფასი 36 750 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 490 ათასი,  საგარანტიო თანხა კი – 2 450 000 ლარი. ქონება ელექტრონულ აუქციონზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ [თბილისის სააღსრულებო ბიურომ] გაიტანა.

2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელმაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, ახალი შეთანხმება გაფორმდა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება ამ ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც.

ამ თემაზე: ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა: „კომპანიას დამფუძნებლების მიმართ საკმაო დავალიანება დაუგროვდა. აუქციონზე ქონება, მართალია, იყიდება, თუმცა იმ პირობებით და ვალდებულებებით, რაც 2019 წლის 15 აპრილის შეთანხმების აქტითაა განსაზღვრული. ქონების მყიდველს ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევს.“

აუქციონზე ორი მიწის ნაკვეთია გატანილი, მასზე მდებარე უძრავი ქონებით.

გასაყიდი ქონების აღწერილობა [აუქციონიდან]:

სარეალიზაციო უძრავი ქონება წარმოადგენს ჯამში 3703 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს და მასზე განთავსებულ მშენებარე და დამხმარე ნაგებობებს… მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმრო, კაზინოს, სავაჭრო, რესტორანი-ბარი-კაფე, საოფისე და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართობებს.

შენობა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილის მშენებლობა (შავი კარკასი) დასრულებულია თოთხმეტი სართულის ჩათვლით, მე-15 სართული დასხმულია. პირველი ნაწილი შენობის მეორე ნაწილს უკავშირდება ორსართულიანი, სტანდარტული სართულის სიმაღლის ნაგებობით. მეორე ნაწილი დაუსრულებელია, აშენებულია მხოლოდ ცხრა სართული. შენობის პირველი სართული მაღალჭერიანია, ნაწილზე განთავსებულია ანტრესოლი.

ობიექტს, ასევე, გააჩნია მიწისქვეშა (სარდაფის სართული) ავტოსადგომი. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით აშენებულია სულ 31 323,51 კვ.მ. ფართობის შენობა (სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით). სარეალიზაციო ობიექტი შავი კარკასის მდგომარეობაშია.

მრავალფუნქციური ნაგებობის მომიჯნავედ განთავსებულია დამხმარე შენობა-ნაგებობა ფართობით 29,8 კვ.მ. რომელიც წარმოადგენს ტრანსფორმატორის შენობას და მშენებარე კომპლექსის ნაწილია.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 13 მაისს დასრულდება.

ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი ორი თვით გადაიკეტა

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ორი თვით გადაიკეტა.  გადაკეტილია გორგილაძის ქუჩის ბოლო მონაკვეთიც, ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გორგილაძისა და ჯავახიშვილის კვეთიდან მოძრაობა გადაერთო ხიმშიაშვილის ქუჩისკენ [„მაკდონალდსის“ მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოიხსნა გამყოფი ზოლი გორგილაძის ქუჩიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის].

„ჯავახიშვილის ქუჩიდან  უკვე შესაძლებელია ორმხრივი მოძრაობა ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით. დაახლოებით ორი თვით იქნება გადაკეტილი ქუჩა, რადგან მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს“, – ამბობს ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში, ჯაბა ტუღუში.

შემდეგი მონაკვეთი, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დაიწყება, ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩები იქნება.

აღნიშნულ მონაკვეთებში ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რას გეგმავს ბათუმში 9 მაისს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი

9 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანში, მსვლელობის ნებართვას ითხოვს პრორუსული ორგანიზაცია „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“, რომლის ხელმძღვანელი ლიკა ზახაროვაა. აღნიშნული ორგანიზაცია სხვა პრორუსულ დაჯგუფებებთან, მაგალითად, იმავე  მოძრაობა „უკვდავ პოლკთან“ ერთად პერიოდულად მართავს აქციებს. არსებობს ინფორმაცია, რომ წლევანდელ საცხრამაისო აქციას შესაძლოა შეუერთდნენ საქართველოში მყოფი რუსეთის სხვა მოქალაქეებიც.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუკი  აქციაზე გამოყენებული იქნება საბჭოთა ან რუსული ატრიბუტიკა, მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ  აქციის ორგანიზატორებს ამ საკითხზე გააფრთხილებენ.

„ჩვენ აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით მოგვმართა ლიკა ზახაროვამ. თუმცა მსგავსი ტიპის აქციები არ საჭიროებს ნებართვის გაცემას, ამიტომ ჩვენ ეს განცხადება მივიღეთ როგორც ცნობა. თუმცა ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე, მერია მისწერს განმარტებით წერილს, რომ უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა მსგავსი ტიპის აქციის ჩატარებისას“.

საქართველოს კანონმდებლობის დაცვა გულისხმობს იმას, რომ აქციის მონაწილეებმა არ უნდა გამოიყენონ საბჭოთა ატრიბუტიკა, რომლის გამოყენება კანონით აკრძალულია. მერიაში გვითხრეს, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს შესაბამისი უწყება.

რაც შეეხება მერიის აქტივობებს, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, მერია 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გმირთა ხეივანში ომის ვეტერანებს შეხვდებიან. „17 ვეტერანია მხოლოდ დარჩენილი და მათ გადავცემთ 400-ლარიან, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, ხოლო ვინც გარდაიცვალა, მათ ოჯახებს გადავცემთ ამ თანხას, მთლიანობაში 28 ოჯახია“, – განმარტეს მერიაში.

საღამოს ვეტერანებისთვის გაიმართება ვახშამი.

მთავარი ფოტო: 2018 წლის 9 მაისს ბათუმში, გეორგევსკის ლენტებით მარშირებენ.

აქ ნახეთ 2018 წელს უკვდავი პოლკის მიერ ბათუმში მოწყობილი აქცია-მსვლელობა 

„უკვდავი პოლკის“ ტრანსპარანტები ყვავილებით აჭარის მთავრობასაც შეამკობინეს – 9 მაისი ბათუმში

 გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციაზე მედიასთან საუბრის შემდეგ 28 წლის გიორგი დასაქმდა

გიორგი თედეევმა სახეზე ჰემანგიომის გამო დისკრიმინაციის ფაქტებზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ონლაინმედიებსა და ტელევიზიებთან, სადაც ის ყვებოდა, როგორ ეუბნებოდნენ გასაუბრებისას დასაქმებაზე უარს გარეგნული განსხვავებულობის გამო.

გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების გასაჯაროების შემდეგ გიორგის რამდენიმე კომპანიიდან დაუკავშირდნენ და დასაქმება შესთავაზეს. დღეს, 6 მაისს, მას პირველი სამუშაო დღე აქვს, სადაც კონტრაქტს ოფიციალურად გაუფორმებენ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მუშაკის დამხმარის პოზიციაზე საქმდება.  გარდა ამისა, კომპანია „Forever Living”-ში კოსმეტიკის გამავრცელებლის პოზიცია შესთავაზეს,  ასევე დასაქმდება დასაქმდება დაცვის სამსახურ ,,ორბშიც“, – როგორც გიორგი ამბობს, გრაფიკი სამივე სამსახურში მოქნილია და შეთავსება შესაძლებელია. გიორგი სამივე ვაკანსიაზე ოფიციალური კონტრაქტის საფუძველზე  საქმდება.

„როცა საშუალება არ მქონდა, მინანქრის სახელოსნოში ხელსაწყოების, მასალის საყიდლად არაერთხელ დამხმარებიან მასწავლებლები. ხატვაზე, ფორტეპიანოზე, სპორტზე, ანგარიშს მიწევდა ყველა, როცა საშუალება არ მქონდა. მაგრამ ადამიანი ვარ, თავმოყვარეობა მაქვს და ახლა შემეძლება ყველგან ვიარო თავისუფლად, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილად წარმომიდგენია. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც აქამდე გვერდით მედგა და რთული პერიოდი გადამატანინა, გამიმართლა, რომ ასეთი მეგობრები და გარშემომყოფები მყავს, უმუშევრობის, სირთულეების პერიოდი მათ გადამატანინეს.

პირველ რიგში, მშობლებს უნდა მივხედო, მერე საკუთარ თავს, სამსახური მომცემს შესაძლებლობას გავაგრძელო ხატვა, მინანქარზე მუშაობა, ფორტეპიანოსა და სპორტზე სიარული.

მაქვს შეგრძნება, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვარ, როგორც იქნა, შრომის თანაბარ პირობებში ჩავდექი სხვა დასაქმებულებთან ერთად. ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს გიორგი.

გარეგნული განსხვავებულობის გამო გიორგის აქამდე სისტემატურად უარს ეუბნებოდნენ დასაქმებაზე. ბანკებში, კაფე-ბარებსა და სუპერმარკეტებში.

უარი უთხრეს არაერთ რესტორანშიც მიმტანად დასაქმებაზე. ერთგან განუმარტეს, რომ მიმტანისთვის „შესაბამისი გარეგნობა და იმიჯი არ ჰქონდა“, ამიტომ ვერ დაასაქმებდნენ. უთხრეს ასევე, რომ დიდი შანსი იყო, რომელიმე კლიენტს მის წინააღმდეგ საჩივარი დაეწერა სახეზე ჰემანგიომის გამო, ასეთ დროს კი რესტორნის მეპატრონეს მაინც მოუწევდა ადრე თუ გვიან მისი სამსახურიდან დათხოვნა.

გიორგის შესახებ დეტალურ ამბავს გაეცანით აქ:

28 წლის გიორგი გარეგნობის გამო სამსახურს ვერ იწყებს – დისკრიმინაცია

რატომ ვერ/არ შველიან არდაგანის ტბას

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა ინტენსიურად ბინძურდება. მას ასევე ინტენსიურად წმენდენ, თუმცა პრობლემა არ გვარდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის ფაქტი ორჯერ ოფიციალურად დაფიქსირდა, მიზეზი და დაბინძურების წყარო კი, დაუდგენელია.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა სჭირს ტბას, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არც მერიას და მის შესაბამის სამსახურებს აქვს და არც აჭარის სამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურებს. მეტიც, რამდენადაც გავარკვიეთ, ამის დადგენას არც ერთი უწყება არ აპირებს, უახლოეს მომავალში მაინც.

უცხო სითხის ჩაღვრის გარდა ტბა სხვა, შლამისებური მასით ბინძურდება. ეს, ვიზუალს რომ თავი დავანებოთ, ირგვლივ სპეციფიკურ უსიამოვნო სუნს წარმოშობს. არდაგანის ტბა კი, რეკრეაციულ ზონაშია და მის ირგვლივ არაერთი კვების ობიექტია განთავსებული. ამ ტბაშია მოცეკვავე შადრევანიც.

ტბა, რომლის ზედაპირის ფართობიც დაახლოებით 3,5 ჰექტარია, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ტბაში არსებული ერთ-ერთი კუნძული კი [0,5 ჰექტარი, სადაც რესტორანია განთავსებული] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ტბაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის. მერიამ მერიისავე შპს „ბათუმის წყალში“ და გარემოსდაცვით დეპარტამენტში გადაგვამისამართა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ტბაში ხუთი მილი ჩადის. ეს არის სანიაღვრეები, საიდანაც მიმდებარე ქუჩებიდან [გორგილაძის ქუჩის ბოლო, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, ხახუტაიშვილის ქუჩები] წვიმის წყალი ტბაში ხვდება. ამ ქუჩებზე ინტენსიური მშენებლობებიც მიმდინარეობს. „ბათუმელებმა“ ვერ მიაკვლია უწყებას, რომელიც აკონტროლებს სამშენებლო მოედანს, თუ რამდენადაა ის ტექნოლოგიურად მოწყობილი ისე, რომ ნარეცხი თუ სხვა ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი სანიაღვრეში, იქედან კი ტბაში არ აღმოჩნდეს.

„ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტებიდან დაბინძურებული წყლის სანიაღვრეში ჩაღვრა არ ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რეაგირების ვალდებულება აქვს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს და  გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე შესაბამის სამსახურებს“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

აჭარის მთავრობასთან არსებულ გარემოს დაცვის სამმართველოში გვითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის სამშენებლო მოედნების კონტროლი: „კანონით, კერძო კომპანიებს ჩვენ კონტროლს არ ვუწევთ. კერძო საკუთრებაში ექსპერტირებას არ ვახდენთ“.

ნატო დავითაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უშუალოდ სამშენებლო მოედანზე [კერძო საკუთრებაში] კონტროლს არც მათი სამსახური ახორციელებს, თუმცა იყო ფაქტი, როცა დაბინძურებული წყლის სანიაღვრე არხში ჩაშვებისთვის „ორბი ჯგუფი“ ორჯერ დააჯარიმეს.

ამავე სამსახურმა ჯარიმის ოქმი იმ სახლის ამხანაგობის მიმართაც შეადგინა, რომლის სარდაფშიც ნავთობისმაგვარი სითხე გროვდება. ეს სახლი ტბასთან ახლოსაა. „ადრე ოქმი შევადგინეთ იმიტომ, რომ სარდაფიდან ამოტუმბული დაბინძურებული წყალი სანიაღვრე არხში ჩაუშვეს, თუმცა გადაიხადა თუ არა ჯარიმა ამხანაგობამ, ინფორმაცია არ გვაქვს. ამ დროისთვის მცირე დოზითაა სარდაფში ეს წყალი“, – გვითხრეს ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოში.

ამ თემაზე: ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნავთობპროდუქტების მოხვედრა ბენზინგასამართი სადგურიდან არ დადასტურდა. თუმცა სამმართველოში ისიც გვითხრეს, რომ მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურის მიერ მიწოდებული ტექნიკური დოკუმენტები და მათ მიერვე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები შეისწავლეს. საიდან ხვდება ამ სახლის საძირკველში ნავთობპროდუქტების მსგავსი სითხე, ამ დრომდე დაუდგენელია.

მიმდინარე წლის 26 აპრილს „ბათუმის წყალმა“ განაცხადა, რომ ტბაში ნავთობისმაგვარი სითხის ჩაღვრის ფაქტი დაფიქსირდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაშია, თუმცა საიდან აღმოჩნდა უცხო სითხე ტბაში, ჯერ დადგენილი არ არის.

„ჩვენ ასევე ვსწავლობთ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის დაღვრის ფაქტს. არსებული ინფორმაციით, დაიღვარა დაახლოებით 30 ლიტრი დიზელი, რომელიც აქ არსებული სანიაღვრეებით, ადვილი შესაძლებელია მოხვედრილიყო ტბაში. საწვავის დაღვრის ფაქტი 25 აპრილს დაფიქსირდა, ტბის დაბინძურებაზე კი „ბათუმის წყალმა“ მეორე დღეს განაცხადა, თუმცა, მოკვლევის გარეშე, პირდაპირ ამ ორ ფაქტს ერთმანეთს ვერ დავუკავშირებთ“, – განაცხადეს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში.

ტბაში უცხო სითხის ჩაღვრის მორიგი ფაქტის შესახებ „ბათუმის წყალმა“ გუშინ, 5 მაისსაც განაცხადა. „ადგილზე რეგულარულად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები მობილური ჯგუფების და სპეცტექნიკის მეშვეობით. ტბის დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებულია შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურისთვის. ამჟამად მიმდინარეობს დაბინძურების წყაროს მოკვლევა შემდეგი რეაგირებისთვის“.

„ბათუმელებმა“ ტბა 5 მაისს დილით იმ დროს დაათვალიერა, სანამ „ბათუმის წყალი“ მასში უცხო სითხის ჩაღვრის შესახებ განაცხადებდა. ამ დროისთვის ტბა ისევ იყო დაბინძურებული არა უცხო სითხით, არამედ შლამისმაგვარი და სხვა ნივთიერებებით.

„არდაგანის ტბაში წყალი უნდა შედიოდეს მუდმივად და გადიოდეს, ეს ციკლი აუცილებელია ტბისთვის. ტბაში რამდენიმე სანიაღვრე არხი ჩადის, მაგრამ ამ არხებიდან უნდა შედიოდეს სუფთა წყალი. თუ მშენებლობებიდან გაუფილტრავი წყალი მოხვდება ტბაში, ეს არის ცუდი. რამდენადაც ვიცი „ბათუმის წყალი“ აკონტროლებს ამას. რაც შეეხება ტბის წყლის ზღვაში გასასვლელს, ასეთი ორია – ერთი არხი არის „აჭარულ სახლთან“, მეორე იყო „მაგნოლიას“ მხარეს, რომელიც ამჯერად, იქ სატუმბი სადგურის მშენებლობის გამო, ჩაკეტილია. რა აბინძურეს ტბას, ამას შესწავლა სჭირდება“, – გვითხრა ზაურ ფატლაძემ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის მერიაში ინფრასტრუქტურის კუთხით, ის „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორიც იყო.

„ჩემი აზრით, ტბას სჭირდება გამოკვლევა სპეციალისტების ჩართულობით, რათა დადგინდეს დაბინძურების რეალური მიზეზი. ტბის ფსკერის პრობლემა უნდა იყოს და ალბათ, საჭირო იქნება მისი მოწყობა სპეციალური ბალასტით“, – ეს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის აზრია, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ დააფიქსირა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მათ ასეთი კვლევის შედეგი არ აქვთ და არც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი ტბის შესწავლა ამ კუთხით.

ამ თემაზე: რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

მშრალ ამინდში სანიაღვრე არხიდან ტბაში დაბინძურებული წყლის ჩაღვრის ფაქტი „ბათუმელებმა“ 2017 წელშიც დააფიქსირა:

ამ თემაზე: რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

დაბინძურებული არდაგანის ტბა:

დაბინძურებული არდაგანის ტბა / 5.05.2019
მშენებლობები არდაგანის ტბასთან / 5.05.2019
დაბინძურებული არდაგანის ტბა. ფაქტია, რომ ასეთ დაბინძურებას მხოლოდ ნავთობპროდუქტების ტბაში მოხვედრა არ იწვევს. რატომ ბინძურდება ასე ტბის ზედაპირი, უცნობია / 3.05.2019
ერთ-ერთი მილი, რომლითაც სანიაღვრე არხებიდან წყალი არდაგანის ტბაში ჩაედინება / 3.05.2019
როცა ბადეებით და ნიჩბებით ვერაფერს ხდება, „ბათუმის წყალი“ ტბის ზედაპირის გასაწმენდად სპეცტექნიკასაც იყენებს, თუმცა „გაწმენდილი“ ტბა მალევე ბინძურდება / 3.05.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო

 

„დაიცავი ბათუმის“ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საინიციატივო ჯგუფი, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ ღია წერილით მიმართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილი ექვსი კოშკის მშენებლობის შესახებ.  წერილში აღნიშნულია, რომ პროექტს ახორციელებს კომპანია ”სილქ-როუდ ჯგუფი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით და სწორედ ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც.

ღია წერილის შესახებ მოძრაობის წევრებმა დღეს, 6 მაისს, რივიერასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ დუმბაძე

სწორედ ამიტომ, თავს უფლებას მივცემთ და მცირე მიმოხილვას გავაკეთებთ:

„ბათუმი რივიერად“ წოდებული სივრცე ქალაქის ისტორიულ ცენტრად მიიჩნეოდა და მიიჩნევა. ამ კონცხიდან იცავდნენ ქალაქს მომხდური მტრებისგან, აქ აშენდა პირველი საფორტიფიკაციო შენობები, უნიკალური „მიხეილის ციხე-სიმაგრე“, ორი საუკუნის წინ სწორედ აქ დაირწა ჩვენი ქალაქის პირველი აკვანი, ამ კონცხიდან დაიწყო ბათუმის განვითარება და აღმშენებლობა. ეს ღია სივრცე ქმნიდა იმ ფონს, რასაც ბათუმის ევროპული განაშენიანება მოჰყვა შედეგად. აკი, ქალაქის კლასიკური, ისტორიული ცენტრის საერთაშორისო, მეცნიერული განმარტებაც ასეთია – „ქალაქის ისტორიულ ცენტრად იწოდება ქალაქის ნაწილი, საიდანაც აღმოცენდა ქალაქი და რომელიც განლაგებულია ქალაქის დამცავი სივრცის (კედლის) ფარგლებში“.

ეს კონცხი იყო და არის ჩვენი ქალაქისათვის საჯარო სივრცე (დღეს უკვე არამხოლოდ მთავარი, არამედ ერთადერთიც), რომელიც სტრუქტურულად ერწყმის ქალაქს, უზრუნველყოფს მის მთლიანობასა და იდენტობას; ქალაქისა და ქალაქის მცხოვრებთა ზღვასა და ქალაქის გარე სივრცესთან ბმას განაპირობებს.

ბატონო ბიძინა, ჩვენ კარგად გვაქვს გათავისებული, რომ, დიახ, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ის, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ანუ ტურისტების მასპინძლებისთვის უნდა იყოს კომფორტული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი თავის ძალას, სულს დაკარგავს, ადამიანები კი – თავიანთი ქალაქის განცდას და მასთან იდენტობას. შესაბამისად, სტუმრებსაც უხალისო, უსულო ქალაქი დახვდებათ, რადგან გამქრალი და აწმყოდანგრეული ქალაქი არა გვგონია, მიმზიდველი იყოს ტურიზმისთვის.

ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული კერძო ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებაში. მაგრამ ეს ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქისა და საზოგადოების განვითარების ინტერესებს. ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა დაპირისპირების ეს ეტაპი და მოახერხა ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესების დაახლოება, მეტ-ნაკლებად ჰარმონიული თანაცხოვრება. დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს მსგავსი რესურსი და მზაობა ამ ჰარმონიის მისაღწევად. ამისათვის მხოლოდ ნებაა საჭირო.

ჩვენთვის, როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველებისთვის, კარგადაა ცნობილი, რომ ფონდი „ქართუ“ ახორციელებს ბათუმის ცალკეული ძეგლების აღდგენა–რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით ხარჯავს დიდ თანხას, თუმცა ეს ძალისხმევა ფუჭი იქნება ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და ლანდშაფტის შენარჩუნების გარეშე.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო, ზედაპირულმა, თავნება გავლენიანმა ჯგუფებმა, ფასადური განაშენიანებისა და პიარისთვის ისტორიული ნაგებობები უკვე დაანგრიეს წლების წინ. დღეს კი, მის გადარჩენილ ფრაგმენტებს, ინვესტორი ირონიულად უწოდებს „მიწის ლაქას“ და „მინდორს“, ვგულისხმობთ „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიას.

ჩვენთვის ეს „მიწის ლაქა“ ჩვენი ქალაქი და მისი ისტორიაა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დღეს ისევ გაგრძელდებოდა ჩვენი ქალაქის ისტორიის განადგურება. მცირე დათმობების გარეშეც კი, იგნორირებული იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და თხოვნა-მუდარა დაეტოვებინათ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი სივრცე.

ვწუხვართ, სიტყვა გაგვიგრძელდა, თუმცა გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ვთქვით,“ – ვკითხულობთ ღია წერილში.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ დუმბაძე

 

რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ, წაშალონ ან დაამატონ საგანი და აირჩიონ შემოქმედებითი ტური.

„მაგალითად, თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც. მაგალითად, ქართულად ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.“

ცენტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპის ანუ 7 მაისის შემდეგ, საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. „რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“.

სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა

ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.

სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას ტერაბანკი არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს.

„გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა მარტო სესხის მიღების პირობებს გაუმარტივებდა, არამედ უფრო დიდი მოცულობით თანხის მიღების შესაძლებლობასაც მისცემდა. პროდუქტს ბაზარზე ანალოგი არ აქვს და ვფიქრობთ, მას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ეყოლება“,- აღნიშნავენ ტერაბანკში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ტერაბანკმა ახალი პროდუქტი სპეციალურად ემიგრანტებისთვისაც შექმნა. იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურებისა და დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენის ბარიერს სრულიად უხსნის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 00.

როგორ წაიღეს ორი ხე ბათუმიდან ივანიშვილის პარკში [ფოტო]

დღეს, 6 მაისს, ბათუმიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ორი ძირი ქაფურის ხე წაიღეს. ხეები ჯერ რკინიგზაზე გადაიტანეს, შემდეგ კი – ცენტრალური მაგისტრალიდან ზღვის სანაპიროზე მდგარ ბარჟაზე. რკინიგზაზე ხის გადასატანად ჩახსნეს სარკინიგზო  ხაზებიც, რომელიც მალევე აღადგინეს.

დილის ხუთი საათიდან ექვს საათამდე თამარ მეფის გამზირზე, ბათუმის შემოსასვლელთან, საავტომობილო მოძრაობა  შეზღუდული იყო. რკინიგზის გადაკვეთის შემდეგ, ხე ნახევარი საათით გაიჭედა, მის გასატარებლად კი ელექტროენერგიის ბოძის მოთხრა გახდა საჭირო.   ხე ბათუმიდან დილის შვიდ საათზე წაიღეს.

ხის გადატანა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ძაღლი უყურებს, როგორ მიაქვთ ხე ზღვით. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ძიალოგი“ – რა მოიფიქრეს სტუდენტებმა პოლიტიკური ოპონენტების დასამეგობრებლად

„ამ აპლიკაციით თქვენი პოლიტიკური ოპონენტი შესაძლოა თქვენი მეგობარი გახდეს,“ – ამბობს მარიამ ცერცვაძე. მან ხუთ მეგობართან ერთად მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაცია პოლიტიკური პოლარიზების შემცირების პროექტის ფარგლებში გაკეთდა Democracy Reporting International Georgia-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „ფორსეტის“ ორგანიზებით გამართულ ჰაკათონზე.

აპლიკაცია პოლარიზებულ პოლიტიკურ რეალობაში საერთო ინტერესების მქონე პოლიტიკური ოპონენტების დაახლოების შესაძლებლობას იძლევა. აპლიკაციით სარგებლობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი და მას „ძიალოგი“ ერქმევა.

„ასე მოვიფიქრეთ მეგობრებმა. თავიდან ვთქვით, დიალოგი დავარქვათო. ბოლოს გადავწყვიტეთ, ძიალოგი დაგვერქმია. ეს უკეთესია,“ – ფიქრობს მარიამი, რომელიც ლევან ბეროშვილთან ერთად აპლიკაციის შესახებ მოგვიყვა. აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია 3 მაისს, საია-სა და აჭარის ტელევიზიის ორგანიზებით ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე გაჟღერდა.

„მარტივად იქნება შესაძლებელი „ძიალოგის“ ჩამოტვირთვა. აპლიკაციაში თავდაპირველად დაგხვდებათ კომპასი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში განსაზღვრავს, საითკენ იხრება თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია. აპლიკაცია დღეში ერთხელ დაგისვამთ შეკითხვას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და კომპასზეც თქვენი ადგილი ამის მიხედვით განისაზღვრება. თქვენ ანონიმური რჩებით, ვიდრე ვინმეს გაცნობას და მასთან დამეგობრებას არ მოინდომებთ,“ – გვიყვება ლევან ბეროშვილი. ის და მარიამიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი პროგრამისტებად უკვე მუშაობენ კერძო კომპანიაში.

როგორ შეხვდებიან და დაუმეგობრდებიან ოპონენტები ერთმანეთს? – მარიამ ცერცვაძე განმარტავს, რომ ალგორითმი ავტომატურ რეჟიმში შემოგთავაზებთ დაახლოებით 20 ადამიანს, ვინც თქვენი პოლიტიკური ოპონენტია, მაგრამ საერთო ღირებულებები გაქვთ.

„წინასწარ შევსებული კითხვარით ალგორითმმა იცის, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკა და ასე შემდეგ… წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს პოლემიკა ადამიანთან, რომელსაც ზუსტად ის წიგნი უყვარს, რაც შენ, რომელიც ისევე გიჟდება ფეხბურთზე, როგორც შენ. აპლიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდის თქვენს პერსონალურ მონაცემს მეორე ადამიანს, თუკი თანახმა იქნებით,“ – გვიყვება მარიამ ცერცვაძე.

აპლიკაციის ავტორები „ძიალოგში“ შესულ ოპონენტებს დიალოგის თემებსაც შესთავაზებს. „მიზანია რადიკალიზმის შემცირებაა. მათ უნდა დაინახონ, რომ რეალურად მტრები არ არიან,“ – დასძენს ლევან ბეროშვილი.

აპლიკაციის მართვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით დაფინანსდება პროექტის ფარგლებში. აპლიკაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ძიალოგი“ პროექტის დასრულების შემდეგაც იფუნქციონირებს.

 

 

 

ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კომპანიის ფილიალმა 167-ათასლარიანი სამუშაო ვერ შეასრულა. ფილიალის შავ სიაში მოხვედრა რუსული კომპანიისთვის ბარიერი არ აღმოჩნდა – მან საქართველოში ახალი, მუდმივი დაწესებულება დაარეგისტრირა და კვლავ მონაწილეობს ტენდერებში.

სწორედ ამ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულება მონაწილეობს ტენდერში, რომელზეც ბონის დასახლებაში მდებარე შემდეგი ქუჩების რეაბილიტაციაა დამოკიდებული: ალ. ჩხაიძის ქუჩა (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელება იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩები.

ფაქტობრივი გარემოებები „გზების“ მიერ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრიდან

[checklist]

  • 2016 წლის 31 ოქტომბერს უცხოური საწარმოს ფილიალის სტატუსით დაფუძნდა „შპს რეკონსტრუქცია XXI“-ს ფილიალი/წარმომადგენლობა“ [საწარმო], რომლის დამფუძნებელიც იყო რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შპს „რეკონსტრუქცია XXI“.
  • აღნიშნულმა საწარმომ არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მუდმივად იყენებდა შპს „რეკონსტრუქცია XXI“ [რუსეთის ფედერაცია] გამოცდილებას.
  • 2018 წლის 2 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე „შპს რეკონსტრუქცია XXI“-ის ფილიალი/ წარმომადგენლობა“ დარეგისტრირდა შავ სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთი წლით აეკრძალა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება.
  • 2019 წლის პირველ თებერვალს კი რეგისტრირდება – შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“, რომელიც ამ სამართლებრივი სტატუსით მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კვლავ იყენებს შპს „რეკონსტრუქცია XXI“ [რუსეთის ფედერაცია] გამოცდილებას.

[/checklist]

„გზები“ მიიჩნევს, რომ „კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება იმთავითვე უკანონოა, რადგან „შპს „რეკონსტრუქცია XXI“ მუდმივი დაწესებულება“ პირველ რიგში არ შეიძლება განხილული იყოს როგორც სრულუფლებიანი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, რადგან იგი არ არის დაფუძნებული კანონის იმპერატიული მოთხოვნების შესაბამისად“.

„განსაკუთრებული სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ იურიდიული პირის ქმედებას, რომელიც რეგისტრირებულია შავ სიაში, მიუხედავად ამისა, ფორმაცვლილი სახელწოდებით მონაწილეობას იღებს სატენდერო შესყიდვებში. ცხადია, ფილიალის/წარმომადგენლობის, სადამფუძნებლო ორგანიზაცია იზიარებს იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება შავი სიის სამართლებრივ სტატუსს და შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ოფისი ფილიალისგან ცალკე სამართლის სუბიექტად არ უნდა განვიხილოთ. იმ ვითარებაში, როდესაც პოზიტიურ შედეგებს თანაბრად ინაწილებდა, ნეგატიურ შედეგებზეც ანალოგიურად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს „გზები“.

„გზები“ თავისი საჩივრით ითხოვს შპს „რეკონსტრუქცია XXI“ მუდმივი დაწესებულების“ დისკვალიფიკაციას ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან. ამასთან, ითხოვს დაევალოს სატენდერო კომისიას შეაფასოს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი.

„გზების“ საჩივარი დავების საბჭოში ამ დროისთვის განხილვის პროცესშია

აღსანიშნავია, რომ მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივ დაწესებულებას“ ადრე მისცა დისკვალიფიკაცია, თუმცა მაშინ ამ კომპანიამ იჩივლა და კომისიამაც გააუქმა თავისი გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ.

კომპანია „გზები“ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბონში გზების კეთილმოწყობას 1 768 746 ლარად სთავაზობს, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ კი – 1 715 000 ლარად.

ბონის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 768 746 ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა.

ამ თემაზე:

ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

საქართველოს 4 თვეში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

2019 წლის აპრილში საქართველოში 647 770 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი  348 519 შეადგინა, რაც 14 018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ტურისტების ვიზიტების ზრდის კუთხით 2019 წლის აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%, ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.

2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველოში 2 265 318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.9%. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1 230 649 შეადგინა, რაც 56 608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე [ზრდა +4.8%].

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარ-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს [ზრდა +5%], რაც 28 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოში – საფრთხე ბავშვებისთვის

ავტორი: ნესტან ზოიძე

ბათუმში, ტაბიძის ქუჩის #7-ში, საერთო საცხოვრებლად წოდებული კორპუსის მცხოვრებლები „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ მათი ხმა მიგვეწვდინა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“. აქ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ კორპუსში ელექტროსადენები მოუწესრიგებელი და სიცოცხლისთვის საშიშია.

მოქალაქეების თქმით, ელექტროსადენები სადარბაზოში ქაოსურად არის გაყვანილი და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ ამ სადენების სრული უმრავლესობა ელექტრომრიცხველებთან არის დაკავშირებული.

„ბათუმელები“ აღნისნულის თაობაზე დაუკავშირდა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“.  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საკითხზე განმარტება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, როცა ფოტომასალები მივაწოდეთ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაქსიმალურად ცდილობს მოაგვაროს მსგავსი პრობლემები და სწორედ ამ მიზნით სისტემატურად ამოწმებს კორპუსებს პრობლემების აღმოსაფხვრელად.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა რომანაძე აქვე დასძენს: „ამ შემთხვევაში [ტაბიძის #7-ში], რასაც ჩვენ დავაკვირდით, ჩვენი სადენები მოწესრიგებულია და არანაირ პრობლემას არ ქმნის. ხოლო სხვა კომპანიების სადენებთან დაკავშირებით – ეს იქნება ტელევიზია, ინტერნეტი თუ სხვა, პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ. აქ ჩანს, რომ 80% სხვა კომპანიების სადენებია, რაზეც პასუხს ჩვენ არ ვაგებთ“.

შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოებში

140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება

2019 წლის 5 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ.

მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საზღვაო განათლების პოპულარიზაციას და კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი კურსები, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.

„საქართველოში საზღვაო განათლებას თითქმის 140 წლის წინ სწორედ ფოთში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ორი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური სწორედ სამეგრელოს ტერიტორიაზეა განლაგებული: ფოთი და ანაკლია.

ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია იმისათვის, რომ ახლო მომავალში არ შეიქმნას მუშა-ხელის დეფიციტი და შევძლოთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც საზღვაო ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღებთ“ – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, სსიპ – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ყოფილი და მოქმედი სამხედროები თავდაცვის სამინისტროსგან ბინების დაკანონებას ითხოვენ

მახინჯაურში, თამარის დასახლებაში, დღეს, 5 მაისს, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მათ საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მორიგ აქციას გამართავენ და ავტომაგისტრალს გადაკეტავენ.

„2009 წელს შემოგვასახლა თავდაცვის სამინისტრომ ამ შენობაში ყოფილი და მოქმედი სამხედროები, სულ 44 ოჯახი. დაგვპირდნენ, რომ საკუთრებაში გადმოგვცემდნენ ბინებს, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს. 2014 წელს თავდაცვის სამინისტრომ გამოუშვა ჯგუფი და მოგვთხოვეს ბინების დაცლა. ეს მოთხოვნა დღემდე ძალაშია. რამდენჯერმე გამოუშვეს ჯგუფები და გვითხრეს ბინები გადაგვეცა თავდაცვისთვის. ჩვენ ვითხოვთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეასრულოს თავისი დანაპირები და დაგვიკანონოს ეს ბინები,” – ამბობს როინ ბერიძე, ყოფილი სამხედრო.

აქცია მახინჯაურში / 5.05.2019 /

თამარ მეფის 54 ნომერში არსებულ ძველ კორპუსში სამხედროები და მათი ოჯახები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ. კორპუსი  სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო.

ამავე თემაზე:

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს

ხულოში, მწვანე ტბასთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მარდი“ სამინისტროს 1 036 363 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კომპანია დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს.

2019 წლის 18 მაისამდე კომპანიამ სატენდერო კომისიაში უნდა წარადგინოს 51 498 ლარის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს.

ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია „ალიგატორი 1“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 მილიონ 29 ათას 970 ლარად სთავაზობდა. ეს იყო ტენდერში მონაწილე კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, თუმცა მას კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ამ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომისიის გადაწყვეტილების დავების საბჭოში გასაჩივრებას არ აპირებენ.

მომდევნო კომპანია, რომელმაც „ალიგატორი 1“-ის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, იყო სწორედ შპს „მარდი“ [1 მილიონ 36 ათას 363 ლარი]. ეს კომპანია 1998 წელს დაარეგისტრირეს ქობულეთში. მისი 100% წილის მფლობელიც და დირექტორი ომარ ქათამაძეა.

მონაწილეობდა თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები, ჯერ უცნობია, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა, ამიტომ ყველა პრეტენდენტი შესყიდვების გვერდზე მას შემდეგ გამოჩნდება, რაც სამინისტრო გამარჯვებულთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს, თუმცა მიმწოდებელმა ნავმისადგომებისა და ფანჩატურების მშენებლობა უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს პირველ აგვისტომდე.

ამ თემაზე:

ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე

ჯგუფი #არამონობას მას შემდეგ შეიქმნა ფეისბუქზე, რაც ორი თვის წინ მარიამ გვალიას ცნობილი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოში მარკეტების პოპულარული ქსელის ერთ-ერთ ფილიალში გაუსაძლის შრომით პირობებსა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობდა. მარიამის ვიდეოს ორიათასამდე კომენტარი, ოციათასი რეაქცია და თორმეტიათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. მარიამი თავად იყო ამ მარკეტის თანამშრომელი.

ფეისბუქჯგუფში #არამონობას ყოველდღიურად წერენ საკუთარ შრომით გამოცდილებაზე, შრომითი უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე. პოსტების ავტორთა უმრავლესობა მომსახურების სფეროში მუშაობს ან წარსულში ჰქონია ასეთი გამოცდილება.

23 წლის გ.ჯ. [რესპონდენტის თხოვნით, მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ. ის დარწმუნებულია, რომ თუ ამის შესახებ დამსაქმებელი შეიტყობს, სამსახურს დაკარგავს.] ზემოთ ხსენებული ფეისბუქჯგუფის წევრია და თბილისში ერთ-ერთ საცხობში მუშაობს კონტრაქტის გარეშე, როგორც ამბობს, მისი თანამშრომლებიც ხელშეკრულების გარეშე არიან დასაქმებულები. ის „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იძულებულია გაუსაძლის სამუშაო პირობებს დათანხმდეს, რადგან ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს.

„თბილისის ერთ-ერთ ცნობილ საცხობში ვმუშაობ, ჟანგბადით სარგებლობის უფლებაც კი არ გვაქვს სამუშაო ადგილზე, ვერ ვსუნთქავთ. იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რომ დამსაქმებელმა ერთი პატარა ფანჯარა გამოჭრას, ჰაერი რომ შემოვიდეს. დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 3000 პურსა და 4000-6000 ფუნთუშას ვაცხობთ. საცხობში გაზზე მომუშავე ორი უზარმაზარი ღუმელი დგას, რომლებსაც გამწოვი არ უმუშავებს, სივრცე არასდროს ნიავდება. ვსუნთქავთ გაზის გამონაბოლქვს. ჯანმრთელობა ყველას შერყეული აქვს. ასეთ პირობებში ვმუშაობ ღამის ცვლაში, ყოველ ღამე – 11 საათი. ვისვენებთ თვეში მხოლოდ ორ ღამეს. ჩემი ანაზღაურება თითო 11-საათიან სამუშაო ღამეში 18 ლარია. კვებისთვის ერთ სამუშაო ღამეში 1 ლარს გვაძლევენ. კონტრაქტი არავის აქვს გაფორმებული დამსაქმებელთან. ეს საცხობი თბილისში ბევრ მაღაზიას ამარაგებს პურ-ფუნთუშეულით“, – ამბობს გ.ჯ.

კვირაში თითქმის 80 საათს მუშაობს – საქართველოს შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო დროზე ორჯერ მეტს, თუმცა მას ზეგანაკვეთური ხელფასი არასდროს დარიცხვია, არც განსხვავებულად უხდიან ხელფასს, როგორც მუდმივად ღამის ცვლაში მომუშავეს.

„1-ლარიან ხელთათმანებს არასდროს ცვლიან – გაშავებული და დახვრეტილია. როცა პური ღუმელიდან გამოგვაქვს, თითებდახვრეტილი, ჭუჭყიანი ხელთათმანებით გვიწევს თაროებზე გადმოლაგება. ერთ-ერთმა მცხობელმა მენეჯერს სთხოვა გამოეცვალათ ხელთათმანები, რაზეც მხოლოდ ირონიული ჩაღიმება მიიღო“, – ამბობს გ.ჯ.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პირობებს ის გაუსაძლისად მიიჩნევს, არასდროს მიუმართავს სახალხო დამცველის აპარატის ან შრომის ინსპექციისთვის.

გ.ჯ.-ს თქმით, პურ-ფუნთუშეულის საწარმო ერთადერთი ადგილი არ ყოფილა, სადაც მისი შრომითი უფლებები ირღვეოდა, ის მუშაობდა კირის საამქროსა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაფეშიც – მიმტანად. თუმცა დამლაგებლის, მზარეულის, მრეცხავის, პროდუქტის მიმღების, მოლარისა და ბევრ სხვა ფუნქციასაც ითავსებდა. ჰქონდა 11-საათიანი ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი დასვენების დღეების გარეშე და ხელფასი – 450 ლარი.

„არ მინდა ჩემი სახელი გათქვათ. მერე ოჯახს ვერაფრით ვარჩენ და რა ვქნა, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია უსამართლობაზე“, – ამბობს გ,ჯ.

კითხვაზე, თუ რატომ თანხმდება არასასურველ სამუშაო პირობებს, ის გვპასუხობს: „მე შემიძლია გავუძლო შიმშილს, სიცივესა და უშუქობას, მაგრამ როცა ვხედავ ოჯახის წევრს შია, ყველაფერს დავთანხმდები, უამრავ ვაკანსიაზე მაქვს გაგზავნილი სივი და სანამ რამე რეალური გამოჩნდება, არ მინდა ტყუილად ვიყო – ჩემს უბანში მდებარე საწარმოში დროებით მუშაობა ამიტომ გადავწყვიტე“.

პურ-ფუნთუშეულის საამქროში ის ერთი თვის წინ დასაქმდა.

ეკატერინე ლაშხს სხვა ისტორია აქვს. ის გლდანის თეთრ ტბაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. ამბობს, რომ მაშინ გამოუცდელი იყო და კონტრაქტის გარეშე დასაქმებაც უცნაურად არ მოსჩვენებია.

„მიმტანად დავსაქმდი და ნელ-ნელა დამეკისრა დამლაგებლის, მზარეულის, მოლარის, ფუნქცია. დილით ვიწყებდით კაფის დასუფთავებას, ავეჯის, წმენდას, ეზოს დაგვა-დასუფთავებას, ასევე ტბაში შეჭრილი პირსის გაწმენდას. ყოველ დილით ვწმენდდით მაცივრებს, ამოვალაგებდით დახლებზე გასაყიდ პროდუქციას, ვამზადებდით სალათებს, ბურგერებს და პარალელურად ვიყავით მიმტანები. კაფეში, სადაც ათი დიდი მაგიდა იდგა, ბართან სკამებიც და ყოველდღე სავსე იყო ხალხით, ვმუშაობდით მხოლოდ 2 მიმტანი. კაფეს არ ჰყავდა მზარეული, არც დამლაგებელი ან მოლარე. ვიყავით ორი ,,მიმტანი“ და დაცვის ბიჭები. ვმუშაობდით შუადღის პირველიდან შუაღამის 2, 3, 4 საათამდე. ბოლო სტუმრის წასვლამდე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ტაქსიდან სახლამდე მისვლა მიჭირდა დაღლილობისგან. როგორ გავძელი ორი თვე, არ ვიცი“, – ამბობს ეკატერინე ლაშხი.

მისი თქმით, ამავე პირობებში მასთან ერთად  მუშაობდა არასრულწლოვანიც. 12, 13, ხანაც 15-საათიან სამუშაო დღეში ეკატერინეს 10, მოგვიანებით კი 15 ლარს უხდიდნენ, კვირაში 90-საათიანი სამუშაო დრო ჰქონდა, რაც შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ დროზე ორჯერ და კიდევ უფრო მეტია. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 300-450 ლარი იყო.

გ.ჯ. – ს მსგავსად არც ეკატერინეს მიუმართავს სახალხო დამცველის ან შრომის ინსპექციისთვის.

ეკატერინეს თქმით, ამ კაფეში და არც ახლომახლო ტერიტორიაზე არ იყო საპირფარეშო. კაფეში დასაქმებულები ბუჩქებით სარგებლობდნენ. კაფის სტუმრებს კი, საჭიროების შემთხვევაში, ახლომდებარე შენობის ნანგრევებზე მიუთითებდნენ.

როგორც ეკატერინე ამბობს, მსგავს პირობებზე მუშაობას ის აღარასდროს დათანხმდება. ის ახალ სამსახურს ეძებს.

მთავარი ფოტო: ეკატერინე ლაშხი

შუახევში გოგინაურიჰესის მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაურიჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გოგინაურიჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ  საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით:

„ალტერ ენერჯიმ“ საქმიანობის განხორციელება უნდა უზრუნველყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ტექნოლოგიური სქემის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად;

კომპანიამ, მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს ფაუნის დამატებითი კვლევის ჩატარება საპროექტო არეალში „წითელი ნუსხის“ სახეობების გამოვლენის მიზნით;

ასევე კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს სათანადო კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული, განახლებული ბიომრავალფეროვნების ნაწილის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • კუმულაციური ზემოქმედების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და შესაბამის დასაბუთებას;
  • მდინარე  ჩირუხუსწყლის 300-მეტრიან მონაკვეთში წყლის შემცირების გამო ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებას;
  • საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებული ბერნის კონვენციით და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: სვავი, მთის არწივი, ევროპული მაჩქათელა, ბატკანძერი, ორბი, სამხრეთული ცხვირნალა, ცხვირნალა, დათვი, კავკასიური გველგესლა და ა.შ.
  • „ზურმუხტის ქსელის“ საიტში მოქცეული უხერხემლოების შესახებ ინფორმაციას.
  • „ალტერ ენერჯიმ“ საპროექტო ტერიტორიაზე ხე-მცენარეების ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, უნდა მოახდინოს აღნიშნული საკითხის შეთანხმება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან და შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში სამინისტროში წარადგინოს შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი; მდინარე მოდულისწყალის დაბინძურების პრევენციის მიზნით სადერივაციო მილსადენის მშენებლობის პერიოდში უზრუნველყოს პროექტით განსაზღვრული ყველა პარამეტრების, მათ შორის დაბინძურებისაგან დაცვის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება;
  • მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს სათავე ნაგებობაზე თევზდამცავი და თევზამრიდი ღონისძიებების/ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა და სხვ.
    მოიცავდეს

[/checklist]

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება ძალაში შედის შპს „ალტერ ენერჯის“ მიერ მისი გაცნობისთანავე. ბრძანებას მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხელი 2019 წლის პირველ მაისს მოაწერა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი ძალაში შესვლიდან ხუთი დღის ვადაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა განთავსდეს შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საინფორმაციო დაფებზე.

გოგინაური ჰესის სქემის მეტნაკლებად რეალისტური ალტერნატიული ვარიანტები [წითელი და მწვანე ფერის ხაზები] და გვირაბის ვარიანტი [ლურჯი ფერის ხაზი] / წყარო: გზშ
ამ თემაზე: 

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსი სითბო, ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსი.

6, 7, 8 და 9 მაისს ბათუმში და მთლიანად აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან ხანმოკლე წვიმა, იქნება. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 17-25 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბ]. ზღვის წყალი 17 გრადუსამდე გათბება. ატმოსფერული წნევა 759 მმ ვწყ.სვ.

ქალები საქართველოდან სამუშაოდ თურქეთში

ათეულობით ქალი ყოველ დილით სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს და სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. საღამოს იგივე გზის გავლა უკან – საქართველოსკენ უწევთ. ეს ქალები ცდილობენ საზღვართან ახლოს იცხოვრონ. ზოგს ბინა აქვს ნაქირავები, ზოგიც საკუთარ სახლში ცხოვრობს. მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებში დასაქმებული ქართველების პოვნა ნამდვილად არ არის რთული საქმე, მაგრამ ინტერვიუზე თითქმის ყველა უარს ამბობს. მიზეზი – არ სცალიათ. ბოლოს ერთ-ერთი ლაზი ბიჭი დამტვრეული ქართულით მთავაზობს მეგზურობას – სწორედ მისი დახმარებით ვპოულობთ რესპონდენტს, რომელიც სამუშაო საათებში ინტერვიუსთვის დროის გამონახვას ახერხებს.

ეს რესპონდენტი ოზურგეთელი ნათია ბერიძეა. ქემალფაშაში მეუღლესთან ერთად მუშაობს. რადგან ყოველდღე ოზურგეთიდან სიარული შეუძლებელი იყო, ბინა სარფში იქირავეს.

“ნათია, უთხარი, რას ფიქრობ შენს უფროსზე, როგორი უფროსი ვარ? კარგი ბიჭი ვარ ხომ მე?” – ეკითხება რიფათ ბაშარი ნათიას ქართულად, ლაზური აქცენტით. რიფათი იმ თევზის მაღაზიის მეპატრონეა, რომელშიც ნათია მუშაობს.

„ძალიან კარგი ხალხია, როცა გვჭირდება ყველაფერში გვეხმარებიან და ხელს გვიწყობენ. მეგობრები ვართ,“ – ამბობს ნათია, იღიმის, თევზის რჩევას აგრძელებს და თან თავის ისტორიას ყვება.

ნათია ბერიძე, რიფათ ბაშარი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„პირველად 13 წლის წინ წამოვედით თურქეთში სამუშაოდ. სეზონურად დავდიოდით ჩაის საკრეფად. ექვსი თვეა, რაც ქემალფაშაში დავიწყე მუშაობა. კი, საქართველოში ყოველდღე გადავდივარ, მაგრამ ძალიან რთულია, მაინც ემიგრანტი გქვია, წამოსული ვართ ოჯახიდან“, – იწყებს ნათია თავისი ამბის მოყოლას.

ნათიას ისტორიას ისმენს რიფათ ბაშარიც, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გრძელდება – ის ტერიტორიას ტოვებს. ცოტა ხანში კი ისევ ბრუნდება ჭიბონით ხელში და ლაზური ფოლკლორის შესრულებას იწყებს. თანდათან მუსიკის ხმაზე სხვა ადამიანებიც გროვდებიან. ნათიას დამსაქმებლის რეპერტუარიც იცვლება…

ნათია ბერიძე კი ერთგვარი კონცერტის ფონზე აგრძელებს თავისი ისტორიის მოყოლას: „ჩემთვის მთავარი სირთულე საზღვრის გადაკვეთაა – დილას მოდიხარ აქეთ შვიდ საათზე, საღამოს მიდიხარ დაღლილი, არაფრის თავი აღარ გაქვს. მაგრამ რა უნდა ქნა? პენსიონერები ჩვენ არ ვართ, სხვა შემოსავალი და სამუშაო ჩვენ არ გვაქვს და ხომ უნდა ვირჩინოთ თავი რაიმეთი?

კი გითხარით, კარგ ხალხთან ვმუშაობ, კარგი უფროსები მყავს, მაგრამ რომ შემეძლოს, არჩევანის საშუალება რომ იყოს, დავსაქმდებოდი ჩემს ქვეყანაში. დღიურად  30 ლარი რომ მრჩებოდეს, არც ვიყოყმანებ ისე დავტოვებ აქაურობას და წავალ საქართველოში“.

ლია ტუღუში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„რობოტად ვარ გადაქცეული – დილის შვიდის ნახევარზე ვდგები და აქეთ მოვდივარ. სახლში რომ ვბრუნდები ღამის 11-ის ნახევარია. ბალიშის დანახვის მეტი არაფერი მინდა. ფიქრის დროც კი არ მაქვს. ჩემი ერთადერთი სურვილი დედაჩემის გვერდით ყოფნაა. ასაკოვანი დედა მყავს. მინდა ამ ასაკში მაინც შევუმსუბუქო ყოფა,“ – ეს ლია ტუღუშის ისტორია.

ლია ტუღუშის დამსაქმებელი ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თარჯიმნის მეშვეობით გვთხოვს, რომ თუკი ლიას ჩავწერთ, მაშინ მისი „ლოკანტას“ ფასადიც გადავიღოთ – გეგმავს უფასო რეკლამის შანსი ხელიდან არ გაუშვას. აშკარაა, რომ საქართველოდან ჩასული კლიენტურა მის ბიზნესისთვის არ არის უმნიშვნელო.

ლია 49 წლისაა. თბილისში ცხოვრობდა. ეკონომიურად გაუჭირდა. უთხრეს, რომ შეეძლო ბათუმში ჩასულიყო და საზღვართან ახლოს, დაბაში მუშაობა დაეწყო. მართლაც, რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა ბათუმში, ბინა დაიქირავა და ახლა ყოველდღე, ბათუმიდან ქემალფაშაში დადის სამუშაოდ.

ლია ჭურჭლის მრეცხავია. ქემალფაშაში, პატარა სასადილოში მუშაობს დილიდან საღამომდე. ზოგჯერ 12 საათიც კი უწევს მუშაობა.

„ძალიან მძიმეა ყოველდღიურად საზღვრის კვეთა. ჯერ რიგები, მერე სამუშაო, მაგრამ ესაა ჩვენი ყოფა, რა უნდა ქნა. დალაგება, დასუფთავება. საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება მიწევს ყოველდღიურად. დღის მანძილზე 70 ლირას მიხდიან, დღეში 30-32 ლარი გამოდის,“ – ამბობს ლია.

ზოგჯერ ფიქრობს, რომ ყველაფერი მიატოვოს და დედასთან ერთად იცხოვროს, თუმცა იმის გამო, რომ საარსებო ფული სჭირდება, ამ ნაბიჯს ჯერ ვერ დგამს.

„არანაირად არ ვხედავ, რომ რამე შეიცვლება, ალბათ ესაა ჩემი ყოფა… თუმცა საბოლოოდ ვაპირებ ყველაფერი მივატოვო, სოფელი მაქვს, ჩემს სოფელს, ჩემს მეურნეობას მივხედავ. ალბათ რაღაც გამომივა…“ – ამბობს ის.

„იცით რა არის ყველაზე რთული? საბაჟო და დილით რიგი საბაჟოზე,“ – ამბობს ნონა ხორავა. ის ქემალფაშაში ერთ-ერთ კაფეში მუშაობს მიმტანად. ნონასთან ინტერვიუის ჩაწერის დროს კაფე სრულიად შეივსო სტუმრებით. ინტერვიუს დასრულების შემდეგ კი ბევრი დაინტერესდა, თუ რომელ ვებგვერდზე გამოქვეყნდებოდა მათ ქალაქში დასაქმებულ ქართველებთან ინტერვიუ.

თავად ნონას წუხილი, სხვა ქალების მსგავსად, ძირითადად, სამუშაოს სიშორეს უკავშირდება. „ყოველდღე, დილის შვიდი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე აქეთ [ქემალფაშაში] ვარ. დილას გადმოვდივართ, საღამოს გადავდივართ. ასე ვართ აქ მომუშავე ქალების უმრავლესობა,“ – ამბობს ის.

ნონა, ისევე როგორც ათეულობით სხვა ქალი საქართველოდან სიღარიბეს და უმუშევრობას გამოექცა.

„საქართველოში დღეს 700-800 ლარი ხელფასი უმაღლეს დამთავრებულებს არ აქვთ. აქ კიდევ უბრალო ჭურჭლის მრეცხავსაც კი შეუძლია ეს თანხა აიღოს ხელფასის სახით. საქართველოში რომ იპოვო სამსახური ჯერ ისაა რთული და მეორეც, რომც იყოს, ასეთი ხელფასი მაინც არ იქნებოდა,“ – ამბობს ნონა.

„სამსახური რომ მეპოვა ჩემს ქვეყანაში, უფრო ადვილი იქნებოდა,“ – ამბობს ლია ჯიჯავაძე. ისიც იმ კაფეში მუშაობს, სადაც ნონაა დასაქმებული. ნონას მსგავსად ისიც ყოველდღე კვეთს საზღვარს. ქალებს ყოველდღე დატვირთული სამუშაო დღე აქვთ.

ლია ჯიჯავაძე და ნონა ხორავა

ლელა ცინცაბაძე უკვე 7 წელია ქემალფაშაში მუშაობს. ადრე საჯარო მოხელე იყო, თუმცა რეორგანიზაციის შემდეგ სამსახური დაკარგა.

„საჯარო მოხელე აღარ ვარ. თან ჩემი ასაკის ადამიანისთვის რთულია საქართველოში სამსახურის შოვნა. ამ მაღაზიაში გამყიდველად ოთხი წელია ვმუშაობ. ჩემი უფროსი ქალია. არ მახსოვს რამე დამჭირვებოდა და არ დამხმარებოდა. გვერდში დგომა იციან სასწაული. ერთი ოჯახივით ვართ. საჩუქრები გინდა, კვება გინდა, ყველანაირად გვეხმარებიან დასაქმებულებს.

სამომავლოდ ბათუმში მსგავსი ანაზღაურებით რამეს  თუ ვიპოვი, ალბათ გადავალ, მაგრამ ახლა არსად არ ვფიქრობ წასვლას. აქაურ სიტუაციას შევეჩვიე, ურთიერთობას შევეჩვიე, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი. მათ შორის ბათუმელები. ჩემთვის ეს მარტო სამსახური არაა. ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ყოველ შემთხვევაში სხვაგან წასვლას და შორს მუშაობას, მირჩევნია აქ გადმოვიდე ყოველდღე,“ – ამბობს ლელა.

ლელა ცინცაბაძე

ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი ადამიანი გადადის ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად საქართველოდან თურქეთში, არ არსებობს.

ამავე თემაზე:

აბრები ქართულად ქემალფაშასა და ხოფაში სავაჭრო ობიექტებზე

საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 4.1 % იყო

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

[checklist]

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
  • ფასები გაიზარდა ასევე შემდეგ ჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რამაც 0.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმელზე (1.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (1.1 პროცენტი);
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით, ხოლო ღამის გასათევით მომსახურებაზე 2.8 პროცენტით.

[/checklist]

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

[checklist]

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.82 პროცენტული პუნქტით აისახა.ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი), თევზეული (13.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-22.3 პროცენტი)
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.4 პროცენტი);
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.2 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
  •  ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.7 პროცენტი);
  • ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაში.  ჯგუფში ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5 პროცენტი).

[/checklist]

 

ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ  აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

“ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი „მეტადონი“,” – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტურისტული ავტობუსი ბათუმში ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტურისტული ავტობუსი ახალი ბულვარიდან მწვანე კონცხამდე [ბოტანიკურ ბაღამდე] იმოძრავებს. ამ მარშრუტზე სულ 5 ტურისტული ავტობუსი ივლის. მერია თავდაპირველად გეგმავდა, რომ ახალი მარშრუტი თამარ მეფის ქუჩაზე, ხელოვნების ცენტრამდე იქნებოდა, თუმცა საკრებულოში განხილვის დროს გადაწყდა, რომ მარშრუტი მწვანე კონცხამდე გაგრძელებულიყო.

ტურისტული ავტობუსის მარშრუტი – მოძ­რაო­ბის სქემა:

ახალი ბულვარი – შ. ხიმშიაშვილის ქუჩა [აკვა-პარკი] – რუსთაველის ქუჩა [დელფინარიუმი] – ვაშა-ფშაველას ქუჩა [ხელოვნების მუზეუმი] – ზუბალაშვილის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა [ევროპის მოედანი] – მ.აბაშიძის ქუჩა – კ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის ქუჩა [საოცრებათა მოედანი] – გოგებაშვილის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – თამარ მეფის გამზირი – მწვანე კონცხი [ბოტანიკური ბაღი].

უკუმიმართულება იქნება იგივე – მწვანე კონცხიდან ახალ ბულვარამდე.

ტურისტული ავტობუსების მარშრუტი

საკრებულოს შესაბამისი დადგენილება ძალაში 2019 წლის 2 მაისს შევიდა. შესაბამისად, როგორც მერიის მუნიციპალური სამსახურის სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა, ემზარ ქავჟარაძემ გვითხრა, დაიწყება მუშაობა ავტობუსების შესარჩევად კონკურსის გამოსაცხადებლად. ამ პროცესში კი დაზუსტდება დეტალები, მათ შორის აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის საფასურის ოდენობაც.

ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, მერია, სავარაუდოდ, აპირებს შეარჩიოს ის მიკროავტობუსები, რომლებსაც ექნება პანორამული ჭერი და ტურისტული მომსახურებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა.

ამ თემაზე:

ახალი სერვისი ტურისტებისთვის – ბათუმში პანორამული ჭერით ტრანსპორტი იმოძრავებს

მთავარი ფოტო: ბათუმი, მწვანე კონცხი / „ბათუმელების“ არქივიდან

საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე.

ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. არსებითი განხილვა ამ საქმეზე ჯერ არ დაწყებულა. ნათია კაპანაძე შუამდგომლობით ასევე ითხოვდა უკვე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ამ კონკრეტულ საკითხზე იმსჯელა დღეს სასამართლომ.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ, ფაქტობრივად, უარი უთხრა ნათია კაპანაძეს. უარი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი სარჩელი დაკმაყოფილდება,“ – ამბობს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი. მისი განმარტებით, ვიდრე სასამართლო განხილვა დასრულდება, კონკურსის წესით ტელევიზიაში ახალი დირექტორი შეირჩევა. ნათია კაპანაძე კი ტელევიზიის დირექტორად ვეღარ დაბრუნდება მაშინაც კი, თუკი ის სასამართლოს მოიგებს.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა, ასეთია: ნათია კაპანაძეს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს.

„ეს ხომ არალოგიკური მსჯელობაა? როგორ შეიძლება ნათია კაპანაძე დირექტორად აირჩიოს ბორდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას უნდობლობა გამოუცხადა?“ – უკვირს მოსამართლის დასაბუთება საია-ს იურისტს.

ამ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც ახლდა. შესაბამისად, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნახა, როგორ შეაჩერა კონკურსი მისმა კოლეგა მოსამართლემ ანალოგიურ ვითარებაში. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი 2013 წელს მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. მაშინ სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

რას ნიშნავს ერთგვაროვანი პრაქტიკის დარღვევა თავად ეფექტური მართლმსაჯულებისა და ამ სისტემის სანდოობისთვის?

მარიამ გოგოსაშვილი მიჩნევს, რომ ჯუმბერ ბეჟანიძის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს სასამართლო სისტემის მიმართ.

„განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია შეცვალოს პრაქტიკა, თანაც როცა არ არსებობს რაოდენობრივად ბევრი გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ პრაქტიკის შეცვლა სჭირდება შესაბამისი დასაბუთება და იგი უნდა იყოს მიმართული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ და არა პირიქით… ამ შემთხვევაში კონკურსის შეჩერება არავითარ ზიანს არ იწვევდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება. ვნახოთ. ეს ალბათ გამოვლინდება,“ – გვითხრა იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ კონკურსი არ შეაჩერა, საჯარო ინტერესია, ანუ ტელევიზია რამდენიმე თვით დირექტორის გარეშე რჩებოდა. იურისტი ვერც ამ მიზეზის ლოგიკურობას ხედავს, რადგან ტელევიზიას ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ტელევიზიის მუშაობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

 

 

 

 

 

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს იძენს ეს ინიციატივა და ვინ ითხოვს? 

ყოველთვის, როცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი, საზოგადოებას უხატავენ კეთილშობილურ  მიზნებს, რომ თითქოს ამის გამო უნდა დაწესდეს შეზღუდვები. სინამდვილეში კი, სიტყვის თავისუფლებაა თავად კეთილშობილება და მისი შეზღუდვა განსაკუთრებულია ისეთი წარსულისა და გამოცდილების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. როცა საუბრობენ იგივე ცილისწამების კუთხით რეგულაციების დაწესებაზე, ამბობენ, რომ ცილისწამება დასჯადი არ არის, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ის სამოქალაქო პასუხისმგებლობას იწვევს. საუბარია ასევე დეზინფორმაციაზე, როგორც საფრთხეზე, თუმცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კრიმინალიზებით და დასჯადობის შემოტანით დაუშვებელი და გაუმართლებელია. მესამე, რაზეც ხშირად საუბრობენ, ესაა სიძულვილის ენა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ხშირად ურევენ რეალურად სიძულვილის ენის გამოყენებას პოლიტიკურ კულტურაში. სიძულვილის ენა გულისხმობს რასის, ენის, კანის ფერის, სქესის, ან სხვა მიზეზების გამო ადამიანთა შევიწროებას და დევნას. პოლიტიკოსებს კი ხშირად სიძულვილის ენაზე შეზღუდვების დაწესება წარმოუდგენიათ ისე, რომ მათ პოლიტიკურ ოპონენტს აღარ ექნება მისი მკაცრად გაკრიტიკების უფლება. ეს პოლიტიკური ლექსიკა პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რაც კანონით ვერ დარეგულირდება.

მაგრამ არსებობს რეალური პრობლემებიც, მაგალითად, დეზინფორმაცია. როგორ უნდა დადგინდეს, როდის ამოძრავებს ხელისუფლებას „კეთილშობილური მიზანი“, როცა ის რეგულაციის დაწესებას აპირებს? 

როცა ავტომანქანები გამონაბოლქვით აბინძურებენ ქალაქს, ჩვენ ავტომობილებს კი არ ვკრძალავთ, არამედ გამონაბოლქვზე ვზრუნავთ. როცა ვსაუბრობთ, რომ  სიძულვილის ენა არის ცუდი, ამის მოგვარების გზა არის განათლება და არა აკრძალვა და დასჯა. სინამდვილეში ვინ ითხოვს საქართველოში სიძულვილის რეგულირებას? ითხოვს ის ჯგუფი, რომელიც ხშირად თავად არის შემჩნეული სიძულვილის ენის ტირაჟირებაში, მაგალითად, საპატრიარქო და მასთან დაახლოებული ჯგუფები. სასულიერო იერარქიის მაღალი პირები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და ამავე დროს ითხოვენ, რომ უნდა შეიზღუდოს სიძულვილის ენა. სინამდვილეში მათ მიერაა წახალისებული ძალადობა და არავინ ისჯება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში რეგულაციები გამოყენებულია არა უმცირესობების და ჩაგრული ჯგუფების დასაცავად, არამედ პირიქით, დომინანტი ჯგუფების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

რატომ ხდება ასე, როცა ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ბოლომდე მაინც ვერ მიდის? 

ვფიქრობ, რომ ხვდებათ მათ წინააღმდეგობა… რამდენიმე წლის წინ მიიღეს მაინც ერთი კანონი, რომელსაც შურის გაღვივების კანონს ეძახდნენ. მე არ მახსოვს, რომ ამ მუხლით ვინმე გასამართლებულიყო. ხშირად არის ხოლმე, რომ კანონის მიღება თვითმიზანი უფროა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ძირითადად აქვს მსუსხავი ეფექტი, რომ ვიღაცები ენას კბილს დააჭერენ.

როგორია სასამართლოს როლი? რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია ბათუმის პარკის კოლონადებთან ფერადი საღებავით ნახატის შესრულება იმის მიუხედავად, რომ ის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს არ იყო.  

ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის საკმაოდ მოძველებული. რთულია დაადგინო, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის. წლებია ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად გვქონია შემთხვევა, როცა ქუთაისში, თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო სასამართლომ თქვა, რომ ეს არაა სამართალდარღვევა, თუკი იგი გამაფრთხილებელი იყო და შეწყვიტა საქმე. ახლა გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი საქმე ისევ ქუთაისში: კაფის მესაკუთრემ ვიტრინებზე გამოაკრა მერის სურათი საპროტესტოდ. იგი მიიჩნევს, რომ უკანონოდ ართმევენ კაფეს და ამის გამო შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ასეთი პრეცედენტები არის ხელისუფლების ხელში საშუალება, რომ გარკვეულ საკითხებზე უზრუნველყოს დუმილის დაწესება, ხშირად ეს გამოყენებულია, როგორც სიტყვის თავისუფლებაზე ბორკილების დამდები. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ქალაქის ბოძზე ვაკრავთ განცხადებას ბინის გაქირავების შესახებ, ამაზე როგორია ხელისუფლების რეაქცია და როგორი იქნება, თუკი იმავე ბოძზე გავაკრავთ ოპოზიციური ხასიათის პლაკატს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელსაა მიღებული. სიმბოლურია ეს და იგი ორუელისეულ სახელმწიფოზეა შექმნილი. წლებია ვსაუბრობთ, რომ, პირველ რიგში, ეს კანონია შესაცვლელი.

 

ბათუმში ძეგლების რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ 3,5 მილიონით დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ-ნახევარ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა განაცხადა ბრიფინგზე.

ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, პირველ რიგში, დაიწყება იმ სახლების რებილიტაცია, რომელთა რესტავრირების პროექტები უკვე შესყიდულია. საუბარია რვა სახლზე.

თავად სააგენტო წელს ორი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამისთვის საჭირო თანხა სააგენტოს ამ წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.

ფონდი „ქართუ“ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაარსებული.

„ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული იქნება:

[checklist]

  • ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესია
  • ეფენდიევის ვილა ქობულეთში
  • ჟორნადიას #14
  • მაზნიაშვილის #6
  • კომახიძის #4
  • „პროფკავშირის შენობა“ – გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის N23

[/checklist]

 

 

Exit mobile version