მთავარი,სიახლეები

რას გეგმავს ბათუმში 9 მაისს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი

06.05.2019
რას გეგმავს ბათუმში 9 მაისს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი

9 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანში, მსვლელობის ნებართვას ითხოვს პრორუსული ორგანიზაცია „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“, რომლის ხელმძღვანელი ლიკა ზახაროვაა. აღნიშნული ორგანიზაცია სხვა პრორუსულ დაჯგუფებებთან, მაგალითად, იმავე  მოძრაობა „უკვდავ პოლკთან“ ერთად პერიოდულად მართავს აქციებს. არსებობს ინფორმაცია, რომ წლევანდელ საცხრამაისო აქციას შესაძლოა შეუერთდნენ საქართველოში მყოფი რუსეთის სხვა მოქალაქეებიც.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუკი  აქციაზე გამოყენებული იქნება საბჭოთა ან რუსული ატრიბუტიკა, მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ  აქციის ორგანიზატორებს ამ საკითხზე გააფრთხილებენ.

„ჩვენ აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით მოგვმართა ლიკა ზახაროვამ. თუმცა მსგავსი ტიპის აქციები არ საჭიროებს ნებართვის გაცემას, ამიტომ ჩვენ ეს განცხადება მივიღეთ როგორც ცნობა. თუმცა ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე, მერია მისწერს განმარტებით წერილს, რომ უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა მსგავსი ტიპის აქციის ჩატარებისას“.

საქართველოს კანონმდებლობის დაცვა გულისხმობს იმას, რომ აქციის მონაწილეებმა არ უნდა გამოიყენონ საბჭოთა ატრიბუტიკა, რომლის გამოყენება კანონით აკრძალულია. მერიაში გვითხრეს, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს შესაბამისი უწყება.

რაც შეეხება მერიის აქტივობებს, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, მერია 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გმირთა ხეივანში ომის ვეტერანებს შეხვდებიან. „17 ვეტერანია მხოლოდ დარჩენილი და მათ გადავცემთ 400-ლარიან, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, ხოლო ვინც გარდაიცვალა, მათ ოჯახებს გადავცემთ ამ თანხას, მთლიანობაში 28 ოჯახია“, – განმარტეს მერიაში.

საღამოს ვეტერანებისთვის გაიმართება ვახშამი.

მთავარი ფოტო: 2018 წლის 9 მაისს ბათუმში, გეორგევსკის ლენტებით მარშირებენ.

აქ ნახეთ 2018 წელს უკვდავი პოლკის მიერ ბათუმში მოწყობილი აქცია-მსვლელობა 

„უკვდავი პოლკის“ ტრანსპარანტები ყვავილებით აჭარის მთავრობასაც შეამკობინეს – 9 მაისი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: