მთავარი,სიახლეები

28 წლის გიორგი გარეგნობის გამო სამსახურს ვერ იწყებს – დისკრიმინაცია

23.04.2019 • 5171
28 წლის გიორგი გარეგნობის გამო სამსახურს ვერ იწყებს – დისკრიმინაცია

„ტელევიზიები ხშირად აპიარებენ სხვადასხვა კომპანიას, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ასაქმებენ, ვითომ გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დასაქმებისას და ა.შ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ტყუილია. უამრავ კომპანიაში მიცდია მუშაობის დაწყება, თუმცა ამაოდ. მიზეზი სახეზე მუქი შეფერილობის ლაქაა, რასაც ჩემთვის ბევრი პრობლემა მოაქვს სამსახურის ძებნისას და არამხოლოდ“, – ამბობს 28 წლის გიორგი თედეევი, რომელიც წლებია სამსახურს უშედეგოდ ეძებს.

13 წლიდან მამას ეხმარებოდა სამუშაოს შესრულებაში, მამამისი მეთუნუქეა და გიორგის მაღალსართულიანი სახლების სახურავის შეკეთებაზეც უმუშავია მასთან ერთად. დიდხანს მუშაობდა მესაფლავედ, მაგრამ როგორც კი შედარებით უკეთესი სამსახურის პოვნა გადაწყვიტა, რაც ხალხთან ურთიერთობას გულისხმობს, წინააღმდეგობებმაც იმატა.  

როგორც გიორგი ამბობს, მსახიობების კასტინგზე ერთხელ უთხრეს, სად გვაქვს ამდენი გრიმი, შენი სახე ყოველ ჯერზე დავფაროთო. სცადა ემუშავა კონსულტანტადაც ერთ-ერთ ბანკში, სადაც პირდაპირ უთხრეს, რომ კონსულტანტს რაც შეიძლება მეტი კლიენტის მიზიდვა ევალება და არა მათი დაფრთხობა.

უარი უთხრეს არაერთ რესტორანშიც მიმტანად დასაქმებაზე. ერთგან განუმარტეს, რომ მიმტანისთვის „შესაბამისი გარეგნობა და იმიჯი არ ჰქონდა“, ამიტომ ვერ დაასაქმებდნენ. უთხრეს ასევე, რომ დიდი შანსი იყო, რომელიმე კლიენტს მის წინააღმდეგ საჩივარი დაეწერა სახეზე ლაქის გამო, ასეთ დროს კი რესტორნის მეპატრონეს მაინც მოუწევდა ადრე თუ გვიან მისი სამსახურიდან დათხოვნა. „აბა, თქვენს გამო უფროსი რესტორანს ხომ ვერ დაკეტავსო“, – აცნობეს.

„ახალგაზრდა ვარ, თავმოყვარეობა მაქვს, ნორმალური შემოსავალი, მუშაობა, სამსახური მჭირდება. როცა 28 წლის ადამიანი ხარ ფიზიკურად განსხვავებული, ზოგი კულტურულად გეუბნება უარს სამსახურზე, ზოგი პირდაპირ გეუხეშება. არ არის ეს ნორმალური, მაგრამ საქართველოში ეს ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა“, – ამბობს გიორგი თედეევი. როგორც ის ამბობს, დარწმუნებულია, რომ საქართველოში სახეზე მუქი შეფერილობის ხალით ვერაფერს შეძლებს, ფიქრობს, რომ ოპერაცია მისთვის შვება და წინსვლის საწინდარი იქნებოდა.

გიორგი ამბობს, რომ თურქულ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად  4 000 ლირა სჭირდება, ერთი შეხედვით ბევრი არ არის, მაგრამ ამ თანხის შესაგროვებლად მან უნდა იმუშაოს, მუშაობის შესაძლებლობა კი არ ეძლევა.

„კაფე-ბარები, სწრაფი კვების თითქოს მაღალხარისხოვანი რესტორნები, საცხობები, ბანკები, დიდი და პატარა მარკეტები – ადგილი არ დამიტოვებია, სადაც დასაქმება მსურდა, მაგრამ არ მიმიღეს – მიზეზი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე იყო – სახეზე მუქი ფერის ლაქა.

თუ ვერ დავსაქმდები, უცხოეთში წასვლა მომიწევს, გაქცევის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩება. ბებია მყავს ებრაელი, ისრაელში წასვლის შანსი მაქვს. საქართველოში უკეთესი მომავალი ვეღარ წარმომიდგენია. მინდა მშობლებს კბილები ჩავუსვა, ადამიანურად ჩავაცვა, ასეთი რამეები ხომ თავმოყვარეობაზე მოქმედებს… მინდა ოჯახს დავეხმარო და მატერიალურად გავაძლიერო.

რატომ ვერ უნდა ვსაქმდებოდე –  ვაზროვნებ, ათვისება და მუშაობა შემიძლია!“ – ამბობს გიორგი.

სწავლობდა სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის მიმართულებით, უმუშევრობის მიზეზით გადასახადს ვეღარ გაწვდა და სწავლა შეწყვიტა. აქვს ბევრი სხვადასხვა უნარი, ხატავს, მინანქრისგან სამკაულებს ამზადებს, იცის კომპიუტერული, საოფისე პროგრამები, როგორც თავად ამბობს, ყველაფერს მარტივად სწავლობს.

მინანქრის ღუმელიც აქვს, თუმცა ნივთებს ვერ ამზადებს. ამისთვის აუცილებლად სჭირდება სახელოსნო, შინ ღუმელს ვერ ჩართავს, მინანქრის გამოწვის პროცესი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოა და სახელოსნო სჭირდება, სახელოსნოს – ქირა, ქირას-სამსახური, დასაქმება, სამსახურს კი ვერ პოულობს.

ტიხრული მინანქარი, გიორგი თედეევი

გიორგი თედეევი „ბათუმელებთან” ყველა იმ კომპანიას ასახელებს, სადაც, მისი თქმით, გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე არ დაასაქმეს. თუმცა გიორგის აქამდე სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

მოჯადოებული წრის გასარღვევად გიორგიმ გადაწყვიტა საჯაროდ და ხმამაღლა ელაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე, დისკრიმინაციაზე გარეგნობის ნიშნით. მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ჯგუფის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი იმის შესახებ, თუ რა დაბრკოლებები შეხვედრია სამსახურის ძებნისას. პოსტს ბევრი კომენტარი მოჰყვა. როგორც ამბობს, ამის შემდეგ მას იმ კომპანიებიდანაც დაუკავშირდნენ, სადაც სახეზე ლაქის გამო არ მიიღეს.

„20 წლის ხარ და 10 წლიან გამოცდილებას გთხოვენ, 300 ლარს გთავაზობენ და რამდენიმე ენის ცოდნაა საჭირო. მშურდა, თან მიხაროდა, როცა სტამბოლში ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ და ურთიერთობდნენ ადამიანებთან ასაკოვნები, ადამიანები სხვადასხვა შეზღუდვებით, პიგმენტური ლაქებით ან კიდურის გარეშე. თქვენ გინახავთ საქართველოში სადმე მუშაობდეს ადამიანი პიგმენტური ლაქებით? – მე არა“, – ამბობს გიორგი.

გიორგი თედეევის ნახატები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: