მთავარი,სიახლეები

“ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ არდაგანის ტბაში უცნობი სითხე ჩაიღვარა

26.04.2019 • 2102
“ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ არდაგანის ტბაში უცნობი სითხე ჩაიღვარა

ბათუმში, არდაგანის ტბაში, დღეს დილით [26 აპრილი]  უცნობი სითხე ჩაიღვარა. “ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,” – უთხრეს “ბათუმელებს” “ბათუმის წყლის” პიარსამსახურში.

„დილის საათებში დაფიქსირდა სითხის მსგავსი მასის ჩაღვრა ტბაში, რომელთან დაკავშირებითაც ამ წუთებში მიმდინარეობს  მოკვლევა, საიდან არის ეს სითხე და რა არის.  ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე მიწოდებული გვაქვს ინფორმაცია და ისინი დაადგენენ, თუ საიდან ჩაიღვარა სითხე,” – ამბობენ  “ბათუმის წყალში”.

მოგვიანებით, “ბათუმის წყალმა”  ოფიციალური განცხადება თავის ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა.

დაიწყო თუ არა მოკვლევა, ვინ დააბინძურა არდაგანის ტბა? – ამ კითხვით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მივმართეთ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე შეისწავლის სიტუაციას და კომენტარს ამის შემდეგ გაააკეთებენ.

არდაგანის ტბის გაწმენდის სამუშაოების ამსახველი ფოტო “ბათუმის წყალმა” მოგვაწოდა

ბათუმის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე პოსტი შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა.

„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – წერს ელჩი.

არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. ტბა პერიოდულად იწმინდება, თუმცა ისევ ბინძურდება.

„ბათუმის წყალმა“ 22 აპრილს,  „ბათუმელებისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა, რომ  ტბის ზედაპირული გაწმენდა  ყოველდღე მიმდინარეობს, მექანიკური გაწმენდა კი ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით ხდება. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „ბათუმის წყალს“ არ ჩაუტარებია კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვეოდა, თუ რის გამო ბინძურდება არდაგანის ტბა.

რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: