მთავარი,სიახლეები

„დაიცავი ბათუმის“ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

06.05.2019 • 2239
„დაიცავი ბათუმის“ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საინიციატივო ჯგუფი, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ ღია წერილით მიმართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილი ექვსი კოშკის მშენებლობის შესახებ.  წერილში აღნიშნულია, რომ პროექტს ახორციელებს კომპანია ”სილქ-როუდ ჯგუფი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით და სწორედ ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც.

ღია წერილის შესახებ მოძრაობის წევრებმა დღეს, 6 მაისს, რივიერასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ დუმბაძე

სწორედ ამიტომ, თავს უფლებას მივცემთ და მცირე მიმოხილვას გავაკეთებთ:

„ბათუმი რივიერად“ წოდებული სივრცე ქალაქის ისტორიულ ცენტრად მიიჩნეოდა და მიიჩნევა. ამ კონცხიდან იცავდნენ ქალაქს მომხდური მტრებისგან, აქ აშენდა პირველი საფორტიფიკაციო შენობები, უნიკალური „მიხეილის ციხე-სიმაგრე“, ორი საუკუნის წინ სწორედ აქ დაირწა ჩვენი ქალაქის პირველი აკვანი, ამ კონცხიდან დაიწყო ბათუმის განვითარება და აღმშენებლობა. ეს ღია სივრცე ქმნიდა იმ ფონს, რასაც ბათუმის ევროპული განაშენიანება მოჰყვა შედეგად. აკი, ქალაქის კლასიკური, ისტორიული ცენტრის საერთაშორისო, მეცნიერული განმარტებაც ასეთია – „ქალაქის ისტორიულ ცენტრად იწოდება ქალაქის ნაწილი, საიდანაც აღმოცენდა ქალაქი და რომელიც განლაგებულია ქალაქის დამცავი სივრცის (კედლის) ფარგლებში“.

ეს კონცხი იყო და არის ჩვენი ქალაქისათვის საჯარო სივრცე (დღეს უკვე არამხოლოდ მთავარი, არამედ ერთადერთიც), რომელიც სტრუქტურულად ერწყმის ქალაქს, უზრუნველყოფს მის მთლიანობასა და იდენტობას; ქალაქისა და ქალაქის მცხოვრებთა ზღვასა და ქალაქის გარე სივრცესთან ბმას განაპირობებს.

ბატონო ბიძინა, ჩვენ კარგად გვაქვს გათავისებული, რომ, დიახ, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ის, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ანუ ტურისტების მასპინძლებისთვის უნდა იყოს კომფორტული. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი თავის ძალას, სულს დაკარგავს, ადამიანები კი – თავიანთი ქალაქის განცდას და მასთან იდენტობას. შესაბამისად, სტუმრებსაც უხალისო, უსულო ქალაქი დახვდებათ, რადგან გამქრალი და აწმყოდანგრეული ქალაქი არა გვგონია, მიმზიდველი იყოს ტურიზმისთვის.

ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული კერძო ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებაში. მაგრამ ეს ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქისა და საზოგადოების განვითარების ინტერესებს. ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა დაპირისპირების ეს ეტაპი და მოახერხა ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესების დაახლოება, მეტ-ნაკლებად ჰარმონიული თანაცხოვრება. დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს მსგავსი რესურსი და მზაობა ამ ჰარმონიის მისაღწევად. ამისათვის მხოლოდ ნებაა საჭირო.

ჩვენთვის, როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველებისთვის, კარგადაა ცნობილი, რომ ფონდი „ქართუ“ ახორციელებს ბათუმის ცალკეული ძეგლების აღდგენა–რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით ხარჯავს დიდ თანხას, თუმცა ეს ძალისხმევა ფუჭი იქნება ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და ლანდშაფტის შენარჩუნების გარეშე.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო, ზედაპირულმა, თავნება გავლენიანმა ჯგუფებმა, ფასადური განაშენიანებისა და პიარისთვის ისტორიული ნაგებობები უკვე დაანგრიეს წლების წინ. დღეს კი, მის გადარჩენილ ფრაგმენტებს, ინვესტორი ირონიულად უწოდებს „მიწის ლაქას“ და „მინდორს“, ვგულისხმობთ „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიას.

ჩვენთვის ეს „მიწის ლაქა“ ჩვენი ქალაქი და მისი ისტორიაა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დღეს ისევ გაგრძელდებოდა ჩვენი ქალაქის ისტორიის განადგურება. მცირე დათმობების გარეშეც კი, იგნორირებული იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია და თხოვნა-მუდარა დაეტოვებინათ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი სივრცე.

ვწუხვართ, სიტყვა გაგვიგრძელდა, თუმცა გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ვთქვით,“ – ვკითხულობთ ღია წერილში.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ დუმბაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: