მთავარი,სიახლეები

 გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციაზე მედიასთან საუბრის შემდეგ 28 წლის გიორგი დასაქმდა

06.05.2019 • 3995
 გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციაზე მედიასთან საუბრის შემდეგ 28 წლის გიორგი დასაქმდა

გიორგი თედეევმა სახეზე ჰემანგიომის გამო დისკრიმინაციის ფაქტებზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ონლაინმედიებსა და ტელევიზიებთან, სადაც ის ყვებოდა, როგორ ეუბნებოდნენ გასაუბრებისას დასაქმებაზე უარს გარეგნული განსხვავებულობის გამო.

გარეგნული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების გასაჯაროების შემდეგ გიორგის რამდენიმე კომპანიიდან დაუკავშირდნენ და დასაქმება შესთავაზეს. დღეს, 6 მაისს, მას პირველი სამუშაო დღე აქვს, სადაც კონტრაქტს ოფიციალურად გაუფორმებენ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მუშაკის დამხმარის პოზიციაზე საქმდება.  გარდა ამისა, კომპანია „Forever Living”-ში კოსმეტიკის გამავრცელებლის პოზიცია შესთავაზეს,  ასევე დასაქმდება დასაქმდება დაცვის სამსახურ ,,ორბშიც“, – როგორც გიორგი ამბობს, გრაფიკი სამივე სამსახურში მოქნილია და შეთავსება შესაძლებელია. გიორგი სამივე ვაკანსიაზე ოფიციალური კონტრაქტის საფუძველზე  საქმდება.

„როცა საშუალება არ მქონდა, მინანქრის სახელოსნოში ხელსაწყოების, მასალის საყიდლად არაერთხელ დამხმარებიან მასწავლებლები. ხატვაზე, ფორტეპიანოზე, სპორტზე, ანგარიშს მიწევდა ყველა, როცა საშუალება არ მქონდა. მაგრამ ადამიანი ვარ, თავმოყვარეობა მაქვს და ახლა შემეძლება ყველგან ვიარო თავისუფლად, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილად წარმომიდგენია. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც აქამდე გვერდით მედგა და რთული პერიოდი გადამატანინა, გამიმართლა, რომ ასეთი მეგობრები და გარშემომყოფები მყავს, უმუშევრობის, სირთულეების პერიოდი მათ გადამატანინეს.

პირველ რიგში, მშობლებს უნდა მივხედო, მერე საკუთარ თავს, სამსახური მომცემს შესაძლებლობას გავაგრძელო ხატვა, მინანქარზე მუშაობა, ფორტეპიანოსა და სპორტზე სიარული.

მაქვს შეგრძნება, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვარ, როგორც იქნა, შრომის თანაბარ პირობებში ჩავდექი სხვა დასაქმებულებთან ერთად. ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს გიორგი.

გარეგნული განსხვავებულობის გამო გიორგის აქამდე სისტემატურად უარს ეუბნებოდნენ დასაქმებაზე. ბანკებში, კაფე-ბარებსა და სუპერმარკეტებში.

უარი უთხრეს არაერთ რესტორანშიც მიმტანად დასაქმებაზე. ერთგან განუმარტეს, რომ მიმტანისთვის „შესაბამისი გარეგნობა და იმიჯი არ ჰქონდა“, ამიტომ ვერ დაასაქმებდნენ. უთხრეს ასევე, რომ დიდი შანსი იყო, რომელიმე კლიენტს მის წინააღმდეგ საჩივარი დაეწერა სახეზე ჰემანგიომის გამო, ასეთ დროს კი რესტორნის მეპატრონეს მაინც მოუწევდა ადრე თუ გვიან მისი სამსახურიდან დათხოვნა.

გიორგის შესახებ დეტალურ ამბავს გაეცანით აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/197658/

გადაბეჭდვის წესი