მთავარი,სიახლეები

#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე

05.05.2019 • 1445
#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე

ჯგუფი #არამონობას მას შემდეგ შეიქმნა ფეისბუქზე, რაც ორი თვის წინ მარიამ გვალიას ცნობილი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოში მარკეტების პოპულარული ქსელის ერთ-ერთ ფილიალში გაუსაძლის შრომით პირობებსა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობდა. მარიამის ვიდეოს ორიათასამდე კომენტარი, ოციათასი რეაქცია და თორმეტიათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. მარიამი თავად იყო ამ მარკეტის თანამშრომელი.

ფეისბუქჯგუფში #არამონობას ყოველდღიურად წერენ საკუთარ შრომით გამოცდილებაზე, შრომითი უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე. პოსტების ავტორთა უმრავლესობა მომსახურების სფეროში მუშაობს ან წარსულში ჰქონია ასეთი გამოცდილება.

23 წლის გ.ჯ. [რესპონდენტის თხოვნით, მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ. ის დარწმუნებულია, რომ თუ ამის შესახებ დამსაქმებელი შეიტყობს, სამსახურს დაკარგავს.] ზემოთ ხსენებული ფეისბუქჯგუფის წევრია და თბილისში ერთ-ერთ საცხობში მუშაობს კონტრაქტის გარეშე, როგორც ამბობს, მისი თანამშრომლებიც ხელშეკრულების გარეშე არიან დასაქმებულები. ის „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იძულებულია გაუსაძლის სამუშაო პირობებს დათანხმდეს, რადგან ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს.

„თბილისის ერთ-ერთ ცნობილ საცხობში ვმუშაობ, ჟანგბადით სარგებლობის უფლებაც კი არ გვაქვს სამუშაო ადგილზე, ვერ ვსუნთქავთ. იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, რომ დამსაქმებელმა ერთი პატარა ფანჯარა გამოჭრას, ჰაერი რომ შემოვიდეს. დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 3000 პურსა და 4000-6000 ფუნთუშას ვაცხობთ. საცხობში გაზზე მომუშავე ორი უზარმაზარი ღუმელი დგას, რომლებსაც გამწოვი არ უმუშავებს, სივრცე არასდროს ნიავდება. ვსუნთქავთ გაზის გამონაბოლქვს. ჯანმრთელობა ყველას შერყეული აქვს. ასეთ პირობებში ვმუშაობ ღამის ცვლაში, ყოველ ღამე – 11 საათი. ვისვენებთ თვეში მხოლოდ ორ ღამეს. ჩემი ანაზღაურება თითო 11-საათიან სამუშაო ღამეში 18 ლარია. კვებისთვის ერთ სამუშაო ღამეში 1 ლარს გვაძლევენ. კონტრაქტი არავის აქვს გაფორმებული დამსაქმებელთან. ეს საცხობი თბილისში ბევრ მაღაზიას ამარაგებს პურ-ფუნთუშეულით“, – ამბობს გ.ჯ.

კვირაში თითქმის 80 საათს მუშაობს – საქართველოს შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო დროზე ორჯერ მეტს, თუმცა მას ზეგანაკვეთური ხელფასი არასდროს დარიცხვია, არც განსხვავებულად უხდიან ხელფასს, როგორც მუდმივად ღამის ცვლაში მომუშავეს.

„1-ლარიან ხელთათმანებს არასდროს ცვლიან – გაშავებული და დახვრეტილია. როცა პური ღუმელიდან გამოგვაქვს, თითებდახვრეტილი, ჭუჭყიანი ხელთათმანებით გვიწევს თაროებზე გადმოლაგება. ერთ-ერთმა მცხობელმა მენეჯერს სთხოვა გამოეცვალათ ხელთათმანები, რაზეც მხოლოდ ირონიული ჩაღიმება მიიღო“, – ამბობს გ.ჯ.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პირობებს ის გაუსაძლისად მიიჩნევს, არასდროს მიუმართავს სახალხო დამცველის აპარატის ან შრომის ინსპექციისთვის.

გ.ჯ.-ს თქმით, პურ-ფუნთუშეულის საწარმო ერთადერთი ადგილი არ ყოფილა, სადაც მისი შრომითი უფლებები ირღვეოდა, ის მუშაობდა კირის საამქროსა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაფეშიც – მიმტანად. თუმცა დამლაგებლის, მზარეულის, მრეცხავის, პროდუქტის მიმღების, მოლარისა და ბევრ სხვა ფუნქციასაც ითავსებდა. ჰქონდა 11-საათიანი ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი დასვენების დღეების გარეშე და ხელფასი – 450 ლარი.

„არ მინდა ჩემი სახელი გათქვათ. მერე ოჯახს ვერაფრით ვარჩენ და რა ვქნა, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია უსამართლობაზე“, – ამბობს გ,ჯ.

კითხვაზე, თუ რატომ თანხმდება არასასურველ სამუშაო პირობებს, ის გვპასუხობს: „მე შემიძლია გავუძლო შიმშილს, სიცივესა და უშუქობას, მაგრამ როცა ვხედავ ოჯახის წევრს შია, ყველაფერს დავთანხმდები, უამრავ ვაკანსიაზე მაქვს გაგზავნილი სივი და სანამ რამე რეალური გამოჩნდება, არ მინდა ტყუილად ვიყო – ჩემს უბანში მდებარე საწარმოში დროებით მუშაობა ამიტომ გადავწყვიტე“.

პურ-ფუნთუშეულის საამქროში ის ერთი თვის წინ დასაქმდა.

ეკატერინე ლაშხს სხვა ისტორია აქვს. ის გლდანის თეთრ ტბაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. ამბობს, რომ მაშინ გამოუცდელი იყო და კონტრაქტის გარეშე დასაქმებაც უცნაურად არ მოსჩვენებია.

„მიმტანად დავსაქმდი და ნელ-ნელა დამეკისრა დამლაგებლის, მზარეულის, მოლარის, ფუნქცია. დილით ვიწყებდით კაფის დასუფთავებას, ავეჯის, წმენდას, ეზოს დაგვა-დასუფთავებას, ასევე ტბაში შეჭრილი პირსის გაწმენდას. ყოველ დილით ვწმენდდით მაცივრებს, ამოვალაგებდით დახლებზე გასაყიდ პროდუქციას, ვამზადებდით სალათებს, ბურგერებს და პარალელურად ვიყავით მიმტანები. კაფეში, სადაც ათი დიდი მაგიდა იდგა, ბართან სკამებიც და ყოველდღე სავსე იყო ხალხით, ვმუშაობდით მხოლოდ 2 მიმტანი. კაფეს არ ჰყავდა მზარეული, არც დამლაგებელი ან მოლარე. ვიყავით ორი ,,მიმტანი“ და დაცვის ბიჭები. ვმუშაობდით შუადღის პირველიდან შუაღამის 2, 3, 4 საათამდე. ბოლო სტუმრის წასვლამდე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ტაქსიდან სახლამდე მისვლა მიჭირდა დაღლილობისგან. როგორ გავძელი ორი თვე, არ ვიცი“, – ამბობს ეკატერინე ლაშხი.

მისი თქმით, ამავე პირობებში მასთან ერთად  მუშაობდა არასრულწლოვანიც. 12, 13, ხანაც 15-საათიან სამუშაო დღეში ეკატერინეს 10, მოგვიანებით კი 15 ლარს უხდიდნენ, კვირაში 90-საათიანი სამუშაო დრო ჰქონდა, რაც შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ დროზე ორჯერ და კიდევ უფრო მეტია. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 300-450 ლარი იყო.

გ.ჯ. – ს მსგავსად არც ეკატერინეს მიუმართავს სახალხო დამცველის ან შრომის ინსპექციისთვის.

ეკატერინეს თქმით, ამ კაფეში და არც ახლომახლო ტერიტორიაზე არ იყო საპირფარეშო. კაფეში დასაქმებულები ბუჩქებით სარგებლობდნენ. კაფის სტუმრებს კი, საჭიროების შემთხვევაში, ახლომდებარე შენობის ნანგრევებზე მიუთითებდნენ.

როგორც ეკატერინე ამბობს, მსგავს პირობებზე მუშაობას ის აღარასდროს დათანხმდება. ის ახალ სამსახურს ეძებს.

მთავარი ფოტო: ეკატერინე ლაშხი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: