მთავარი,სიახლეები

ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

05.05.2019 • 2126
ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კომპანიის ფილიალმა 167-ათასლარიანი სამუშაო ვერ შეასრულა. ფილიალის შავ სიაში მოხვედრა რუსული კომპანიისთვის ბარიერი არ აღმოჩნდა – მან საქართველოში ახალი, მუდმივი დაწესებულება დაარეგისტრირა და კვლავ მონაწილეობს ტენდერებში.

სწორედ ამ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულება მონაწილეობს ტენდერში, რომელზეც ბონის დასახლებაში მდებარე შემდეგი ქუჩების რეაბილიტაციაა დამოკიდებული: ალ. ჩხაიძის ქუჩა (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელება იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩები.

ფაქტობრივი გარემოებები „გზების“ მიერ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრიდან

[checklist]

  • 2016 წლის 31 ოქტომბერს უცხოური საწარმოს ფილიალის სტატუსით დაფუძნდა „შპს რეკონსტრუქცია XXI“-ს ფილიალი/წარმომადგენლობა“ [საწარმო], რომლის დამფუძნებელიც იყო რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შპს „რეკონსტრუქცია XXI“.
  • აღნიშნულმა საწარმომ არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მუდმივად იყენებდა შპს „რეკონსტრუქცია XXI“ [რუსეთის ფედერაცია] გამოცდილებას.
  • 2018 წლის 2 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე „შპს რეკონსტრუქცია XXI“-ის ფილიალი/ წარმომადგენლობა“ დარეგისტრირდა შავ სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთი წლით აეკრძალა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება.
  • 2019 წლის პირველ თებერვალს კი რეგისტრირდება – შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“, რომელიც ამ სამართლებრივი სტატუსით მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კვლავ იყენებს შპს „რეკონსტრუქცია XXI“ [რუსეთის ფედერაცია] გამოცდილებას.

[/checklist]

„გზები“ მიიჩნევს, რომ „კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება იმთავითვე უკანონოა, რადგან „შპს „რეკონსტრუქცია XXI“ მუდმივი დაწესებულება“ პირველ რიგში არ შეიძლება განხილული იყოს როგორც სრულუფლებიანი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, რადგან იგი არ არის დაფუძნებული კანონის იმპერატიული მოთხოვნების შესაბამისად“.

„განსაკუთრებული სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ იურიდიული პირის ქმედებას, რომელიც რეგისტრირებულია შავ სიაში, მიუხედავად ამისა, ფორმაცვლილი სახელწოდებით მონაწილეობას იღებს სატენდერო შესყიდვებში. ცხადია, ფილიალის/წარმომადგენლობის, სადამფუძნებლო ორგანიზაცია იზიარებს იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება შავი სიის სამართლებრივ სტატუსს და შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ოფისი ფილიალისგან ცალკე სამართლის სუბიექტად არ უნდა განვიხილოთ. იმ ვითარებაში, როდესაც პოზიტიურ შედეგებს თანაბრად ინაწილებდა, ნეგატიურ შედეგებზეც ანალოგიურად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს „გზები“.

„გზები“ თავისი საჩივრით ითხოვს შპს „რეკონსტრუქცია XXI“ მუდმივი დაწესებულების“ დისკვალიფიკაციას ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან. ამასთან, ითხოვს დაევალოს სატენდერო კომისიას შეაფასოს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი.

„გზების“ საჩივარი დავების საბჭოში ამ დროისთვის განხილვის პროცესშია

აღსანიშნავია, რომ მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივ დაწესებულებას“ ადრე მისცა დისკვალიფიკაცია, თუმცა მაშინ ამ კომპანიამ იჩივლა და კომისიამაც გააუქმა თავისი გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ.

კომპანია „გზები“ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბონში გზების კეთილმოწყობას 1 768 746 ლარად სთავაზობს, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ კი – 1 715 000 ლარად.

ბონის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 768 746 ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა.

ამ თემაზე:

ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: